8000 მოსავალი

რჩეული ქართული ღვინოები 

ღვინო შერჩეულია 8000 მოსავალის მიერ

Culinart_N13_PRINT10

#აჩუქეღვინო არის ახალი კამპანია, რომელიც 8000 მოსავალმა წამოიწყო. ღვინო, რომელსაც ჩუქნით, აუცილებლად უზადო და რუდუნებით შერჩეული უნდა იყოს. ღვინის მაღაზია/ბარში, რომელიც 3 თვის წინ გაიხსნა, ყველა ღვინოს აქვს ნიშნული: შერჩეულია 8000 მოსავალის მიერ. მათ მიერ დაარსებული დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომისია აერთიანებს პროფესიონალ დეგუსტატორებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის, ფარული გასინჯვის წესით არჩევენ ღვინოებს. აქ ყველა ღვინო უზადო და ორგანოლეპტიკურად დახვეწილია.

8000 მოსავალი გამორჩეულია ინტერიერით და შესვლისთანავე გრძნობ, რომ აქედან ხელცარიელი ვერ გახვალ. დიდ, ხის თაროებზე კოხტად დალაგებული ღვინოები, მაშინვე დაგემოვნების სურვილს გიჩენს. ჩვენი ინტერვიუც სწორედ აქ შედგა, კომპანიის დირექტორთან და თანადამფუძნებელთან ირაკლი ჩხაიძესთან ‒ რა თქმა უნდა, ჭიქა ღვინოსთან ერთად:

– ირაკლი, პირველ რიგში მოგვიყევით კომპანიის შესახებ:

– ღვინის მაღაზია/ბარი 8000 მოსავალი, რომლის მთავარი საქმიანობა ქართული ღვინის რითეილია, „ქართული ღვინის კოოპერაციის“ პირველი პროექტია. კომპანიის მისიაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო, ამასთან ავამაღლოთ და პოპულარული გავხადოთ ღვინის სმის კულტურა საქართველოში. მთავარი, რაზეც ვდგავართ, არის ღვინის ხარისხი. ჩვენთან ღვინო შემოდის მხოლოდ ფარული დეგუსტაციის შემდეგ. ღვინოებს პროფესიონალი დეგუსტატორები აგემოვნებენ. შერჩევის პროცესში ბოთლები სპეციალურად გაზეთებშია შეხვეული, იმისთვის, რომ არ იცოდეს დეგუსტატორმა რომელი კომპანიის პროდუქტს სინჯავს. ამ ეტაპზე დააგემოვნეს 750 და შეირჩა 85 მეღვინეობის 310 ღვინო. მაღაზიამ უკვე შეიძინა ერთგული სტუმრები და ძალიან გვახარებს, რომ უმეტესობა მათ შორის თბილისის მაცხოვრებელია და არა ტურისტი.

ასევე ვთანამშრომლობთ ადგილობრივ რესტორნებთან და მაღაზიებთან, რომლებმაც თავად გამოიჩინეს ინიციატივა, რომ ჩვენი დეგუსტატორების დაგემოვნებული ღვინო, მათთანაც გაიყიდოს. ჩვენთან თანამშრომლობა მათთვის ნიშნავს ხარისხის გარანტიას, დროისა და რესურსების დაზოგვას მწარმოებლებთან ურთიერთობებისა და ღვინის შერჩევის მიმართულებით. ღვინის მიწოდებასთან ერთად, ჩვენ მათ თანამშრომლებს ვუტარებთ ღვინის კლასს და ვაწვდით ინფორმაციას თითოეულ ღვინოზე, რადგან მნიშვნელოვანია იცოდნენ, როგორ წარუდგინონ თითოეული ბოთლი თავიანთ კლიენტებს. საბითუმო გაყიდვები კიდევერთი შესაძლებლობაა, რომ უფრო მეტ ადამიანთან მოხვდეს უზადო ღვინო და შედეგად დაიხვეწოს ღვინის მომხმარებლების გემოვნება.

ყველა ბოთლს, რომელსაც დეგუსტატორები ანიჭებენ უპირატესობას ეკრობა სპეციალური სტიკერი, რაც იმას ნიშნავს რომ „8000 მოსვალის“ მიერ არის არჩეული. ეს ერთგავარად ჩვენი ბრენდის ცნობადობასაც ზრდის და მომხმარებელიც ყოველთვის დარწმუნებულია, რომ საუკეთესო ღვინოს მიირთმევს.

– რაზე აკეთებდით გათვლას, მაღაზიის კეთების დროს?

– მაღაზიის გახსნამდე, ჩვენ გარშემო მუდმივად ისმოდა კითხვა, თუ რატომ არ გავხსენით მაღაზია ტურისტულ ქუჩაზე და რატომ უნდა მოვიდეს მომხმარებელი ქალაქის შუაგულში – საბურთალოს ქუჩაზე. პასუხი მარტივია, ჩვენი სივრცე განკუთვნილია ქართველებისთვის. დღესდღეობით, ჩვენი სტუმრები ხშირად არიან ქართველები, რომლებსაც თავიანთი უცხოელი სტუმრები მოჰყავთ. ჩვენმა სტუმრებმა იციან, რომ აქ ყოველთვის პროფესიონალების მიერ შერჩეული, კარგი ღვინო და შესაბამისი საკვები დახვდებათ. ამ მიდგომით ქართული ღვინის ხარისხის თამასას ვწევთ, რადგან თუ ქართველიც და უცხოელიც შეეჩვევა კარგი ქართული ღვინის სმას, ის ცუდ ღვინოს აღარ გასინჯავს, შესაბამისად ყველა მწარმოებელი ვალდებული გახდება კარგი და ხარისხიანი ღვინო დააყენოს. ზოგადად, სასიხარულო ფაქტია, რომ ყოველ წელს უკეთესი და უკეთესი ღვინოები გვხვდება. ფაქტია, რომ თუ ქართველი კაცი დაიწყებს ღვინის სწორად სმას, არსებული ვენახების რაოდენობიდან გამომდინარე, საექსპორტოდ ღვინო აღარ დარჩება და სრულიად ამოიწურება ადგილობრივი მოხმარებით. საექსპორტო წარმოებისთვის კი ახალი ვენახების გაშენება იქნება საჭირო. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ღვინოს სვამს წინასწარ დაგეგმილად და დიდი რაოდენობით, როცა შეიძლება დალიო სპონტანურად და ცოტ-ცოტა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მომხმარებელი სმისგან იღებდეს სიამოვნებას და არ იყოს ღვინო მხოლოდ თრობისთვის.

Culinart_N13_PRINT11

– მაღაზიის სახელზე მინდა გკითხოთ, რატომ დაარქვით „8000 მოსავალი“?

– საქართველოს 8000 წლიანი ღვინის ისტორია აქვს. 8000 წელია საქართველო უწყვეტად იღებს ყურძნის მოსავალს, ეს არქეოლოგიურადაცაა დადასტურებული. ბევრი ვიფიქრეთ სახელზე და ბოლოს „8000 მოსავალზე“ შევთანხმდით. ყურადღებას იქცევს, ზოგი 8000-ს ეძახის, ზოგიც მხოლოდ მოსავალს. ინგლისურად „8000 Vინტაგეს”-ს ჰქვია, რაც ქართულად ყურძნის მოსავალს ნიშნავს.

– ამ მოკლე პერიოდში რამდენიმე საინტერესო კამპანიაც წამოიწყეთ, მოგვიყევით მათ შესახებ…

– დიახ, სულ ახლახანს გაჩნდა იდეა: #აჩუქეღვინისკლასიმამას – ჩვენ მამებს ღვინის სმის სხვა კულტურა აქვთ, რაც კომუნისტების დროს ჩამოყალიბდა. ვფიქრობ ჩვენმა თაობამ, რომელიც უკვე ნელ-ნელა ერკვევა ღვინოში თავიანთი მშობლებიც უნდა ჩართონ ამ პროცესში. ღვინის სმა მხოლოდ დიდი ყანწი არ არის, როცა არ იცი შიგნით რა ასხია და რას სვამ. ამიტომ ჩვენ ძალიან გვინდა რომ ამ კამპანიაში მამები ჩავითრიოთ და შევუცვალოთ წარმოდგენა ღვინის სმის შესახებ. სხვათა შორის, ამ წამოწყებამ უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია. მეორე კამპანია, რომელსაც სექტემბრიდან უფრო აქტიურად ჩავუშვებთ, არის #აჩუქეღვინო. ზოგადად, ევროპასა და ამერიკაში, კარგ ტონად ითვლება ღვინის ჩუქება. ღვინის შერჩევა კი ცალკე პროცედურაა, რომელსაც გულისყურით ეკიდებიან. მინდა, რომ ჩვენთანაც ასე ხდებოდეს, ამიტომ სასაჩუქრე შეფუთვაზე აქტიურად ვმუშაობთ. დიდი მნიშვნელობა აქვს ღვინის მაღაზიაში შერჩევის პროცესში დახმარებას. ჩვენ მაღაზიაში გვყავს პროფესიონალი სომელიე და კონსულტანტები, რომლებიც სიღრმისეულად ერკვევიან ღვინოებში და მუდმივად ვსწავლობთ ახალს თითოეულ ღვინოზე.

გვაქვს ყოველკვირეული შეთავაზება, რომლის დროსაც ერთ კონკრეტულ ღვინოზე 30-50 პროცენტიან ფასდაკლებას ვაკეთებთ.

– ირაკლი, რა არის „8000 მოსავლის“ პრიორიტეტები?

– ჩვენი პირველი პრიორიტეტია მაღაზია. თუ ვინმეს კარგი ღვინის ყიდვა მოუნდება პირველად უნდა ახსენდებოდეს 8000 მოსავალი. მეორე პრიორიტეტს რაც შეეხება, ეს არის საგანმანათლებლო მიმართულება.
სულ ვამბობთ, რომ ღვინის ქვეყანა ვართ, თუმცა ღვინის შესახებ ცოდნა ძალიან ცოტას აქვს. ამისთვის ჩვენ ყოველ ხუთშაბათს გვაქვს 2 საათიანი ერთჯერადი ლექციები, სადაც მოყვარულები ეცნობიან ღვინის ისტორიას,
ერკვევიან ღვინის ტიპებში, ჯიშებში და ა. შ. ჩვენი მიზანია მეტი ინტერსი გავუჩინოთ ჩვენს მომხმარებლებს. ალბათ შეამჩნევდით, თაროებზეც ღვინოები არა კომპანიების, არამედ ჯიშების მიხედვით არის დალაგებული, ამით ამ ჯიშებს და ადგილწარმოშობებს კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას ვუწევთ. მესამე ჩვენი პრიორიტეტი
არის ბარი, რომელიც ერთ სივრცეშია მაღაზიასთან ერთად, ჩვენთან ვერ ნახავთ ცხელ კერძებს, მხოლოდ ცივი კერძებით ვუმასპინძლდებით მომხმარებლებს, იმით, რაც ღვინოს უხდება, თუმცა, ღვინის გემოს არ თრგუნვს. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ღვინოს ბარში ვყიდით მაღაზიის თაროს ფასით, ზოგადად რესტორნებსა და ბარებში ბოთლის ღვინოს ძალიან დიდი ფასნამატით ყიდიან, ამიტომ კლიენტი იძულებულია არაყი, ლუდი ან ჩამოსასხმელი ღვინო დალიოს. ჩვენთან ბარშიც და მაღაზიის თაროზეც ერთი და იგივე ფასია.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ეს კომპანია „ქართული ღვინის კოოპერაცია“ – დავაფუძნეთ ჩემს პარტნიორებთან საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფთან“ და გიორგი კვირიკაძესთან ერთად. როცა მაღაზიის გახსნის იდეა გაგვიჩნდა, რა თქმა უნდა, თავიდანვე ვფიქრობდით ქსელზე, რადგან ქსელით არის შესაძლებელი, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ ქართული ღვინო. შემდეგი ქვეყანა ჩინეთი იქნება, თუმცა ასევე ვაპირებთ თბილისშიც კიდევ გახსნას. ჩინეთში დღეს ღვინის ბუმია და მოხმარების მხრივ მე-5 ადგილზეა, 2020 წელს კი ვარაუდობენ, რომ პირველ ადგილზე გადავა. ასევე ვავითარებთ ფრანჩაიზის მიმართულებას, რათა იგივე ჩინეთში და ჩინეთის გარეთაც უფრო მეტ ადგილას გამოჩნდეს ქართული ღვინის მაღაზიები.

Culinart_N13_PRINT15Culinart_N13_PRINT16

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com