„ჩირიფრუტი“ – მეტი, ვიდრე ჩირი

DSC_7783

„ყოველთვის მჯეროდა, რომ რაღაც უფრო მეტი შემეძლო,“ ‒ ასე იწყებს ამბის თხრობას.

სჯეროდა იმის მიუხედავად, რომ არარეალიზებულობის განცდას არასდროს შეუწუხებია; საკუთარი საქმე სულ ჰქონდა; წლებია სასულიერო აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგის მოადგილედ მუშაობს,
ბოლო ორი წელია უკვე საკუთარი ბიზნესსაქმიანობის პარალელურად.

„რაღაც უფრო მეტი“ მის ცხოვრებაში მოულოდნელად გაჩნდა, თითქმის თავისით. მაგრამ იქამდე, ვიდრე წამიერად გაელვებული იდეა ხის გობზე გაშლილი ფერადი ჩირის თვალისმომჭრელ გამად ტრანსფორმირდებოდა, თავდაუზოგავი შრომის არაერთმა თვემ ჩაიარა.

დღეს, როცა მის ბიზნესს უკვე თამამად შეიძლება წარმატებული ეწოდოს, კომპანია „ჩირიფრუტის“ დამფუძნებელი სოფო ჯიქია საკუთარი ბრენდის ისტორიას მშვიდად და მოკრძალებულად ჰყვება. და ეს ის შემთხვევაა, როცა მოკრძალება ამბავს არაფერს აკლებს, პირიქით! წარმატების საიდუმლოზე ყველაზე თამამად
და ამომწურავად თავად „ჩირიფრუტის“ ნატურალური, ჯანსაღი და შეუდარებელი საგემოვნო თვისებების მქონე ქართული ტკბილეული საუბრობს.

DSC_65121

შემთხვევით დაწყებული ბიზნესი

„ჩვენი და ჩვენი ბრენდის წარმოშობის ისტორიაც სამეგრელოსთანაა დაკაშირებული. არავითარი წინასწარი გათვლა, იდეაზე ფიქრის ან მოსამზადებელი სამუშაოების პერიოდი არ გვქონია. „ჩირიფრუტის“ დაარსება უბრალო შემთხვევითობამ განსაზღვრა. მამამ ზუგდიდიდან კივი გამოგვიგზავნა. მუდმივად გვიგზავნის ხოლმე, მაგრამ ამჯერად ისე მოხდა, რომ გარკვეული რაოდენობა ღუმელთან მოხვდა და გამოშრა. პრაქტიკულად ჩირად იქცა. იმდენად პიკანტური და განსხვავებული გემო შეიძინა, მივხვდი, რომ საინტერესო რამეს მივაგენი. ასე გაჩნდა ბიზნესიდეა, რომელიც ჩემს დას, მარის,გავუზიარე. მასაც მოეწონა და გადაწყდა, რომ ჩირის წარმოება დაგვეწყო. სახლში სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარება დავიწყეთ, მთელი ოჯახი ჩავებით ‒ მე, ჩემი დები,
დედაჩემი. სახელი ‒ „ჩირიფრუტი“ ჩემმა დამ მოიფიქრა, ისეთი სახელწოდება გვინდოდა, რომ ქართველი და უცხოელი მომხმარებლისთვის ერთნაირად საინტერესო ყოფილიყო.

ეს იყო, ფაქტობრივად, ნულიდან დაწყებული საქმე. არც პრაქტიკული გამოცდილება გვქონდა და არც საჭირო ტექნიკური ცოდნა გვიმაგრებდა ზურგს. ამდენად, ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე თეორიულად წარმოვიდგინეთ. ჩირის წარმოება ტექნოლოგიურად ურთულესია. ბევრჯერ შემეშინდა კიდეც, რომ უტოპიურ საქმეს შევეჭიდე, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ დავნებდი. ერთდროულად ინტერესიც მქონდა და ჩემი თავის გამოცდის სურვილიც ‒ რა გამომივიდოდა.

საწყის ეტაპზე ელექტროდანადგარის ძებნა დავიწყეთ, რომელიც ჩირის დასამზადებლადაა საჭირო. მისი შოვნა იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ ბოლოს მამა დაგვეხმარა, ინტერნეტიდან ნახაზები ამოიღო და უჟანგავი ფოლადისგან კუსტარული დანადგარი დაგვიმზადა. ბევრი ძებნის მიუხედავად, ვერც ამ სფეროს ტექნოლოგებს მივაკვლიეთ, რომლებიც თეორიულ ცოდნას გაგვიზიარებდნენ.

ჩირის დამზადებისა და შენახვის მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ის მალფუჭებადი პროდუქტია. განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმის პირობებში ინახება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გავემგზავრეთ სომხეთში, სადაც ჩირის დამზადების მდიდარი ტრადიცია
აქვთ. ადგილობრივმა სპეციალისტებმა ჩირის საწარმოში ერთი კვირის განმავლობაში გვიმასპინძლეს, გაგვატარეს პრაქტიკული კურსი, უსაყიდლოდ და დიდი სიამოვნებით გაგვანდეს ტექნოლოგიური ნიუანსები, რამაც არსებითად განსაზღვა ჩვენი ბიზნესსაქმიანობის წარმატება.

ელექტროდანადგარიც, რომელსაც დღეს წარმოებაში ვიყენებთ, სომხეთიდან ჩამოვიტანეთ. იქ მიღებული ცოდნა და რეკომენდაციები საკუთარ იდეებს მოვარგეთ და, ამავე დროს, ჩვენს პროდუქციას ადგილობრივი, ქართული შტრიხები შევმატეთ. ახლა, როცა ჩვენი პროდუქტი სხვადასხვა გამოფენაზე გაგვაქვს, ვაკვირდებით, რა იმსახურებს განსაკუთრებულ ინტერესსა და მოწონებას და ვცდილობთ იმის მიხედვით დავსვათ აქცენტები.“

წარმატების გზა

„იმის გამო, რომ დიდი საწარმო არ გვაქვს და პროდუქტს მცირე რაოდენობით ვამზადებთ, მასალის თვითღირებულება უფრო მაღალია.როცა ხილს ტონობით იძენ, ის გაცილებით ხელმისაწვდომია. პლუს ამას ტექნოლოგიის ხარჯიც ემატება. საერთოდ, ჩირის დასამზადებლად დიდი რაოდეობით ხილია საჭირო. მაგალითად, 10 კილო ვაშლისგან მხოლოდ 1 კილო ჩირი მიიღება. ამიტომ ჩირი, მთელ მსოფლიოში, ფუფუნების პროდუქტია. მათ შორის, სომხეთშიც, სადაც მისი დამზადების მდიდარი ტრადიციაა. ჩვენი პროდუქტი პრეზიდენტის სასახლეში, ამერიკის საელჩოში ყველა ღონისძიებაზეა წარმოდგენილი და აღფრთოვანებას იმსახურებს.

წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო, პირველ რიგში, ქართულ ხილშია. ის განსაკუთრებული საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა. ჩვენი მხრივ, მას გემოსა და ფერს მაქსიმალურად ვუნარჩუნებთ. იმის მიუხედავად, რომ დღეს საქართველოში ჩირის საწარმოების ბუმია, ჩირის კულტურა მაინც დაბალია, პოპულარიზაციას საჭიროებს, თუმცა სფერო ძალიან პერსპექტიულია.

ვთანამშრომლობთ ასოციაციასთან „ქალები მომავლისთვის.“ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რამდენადაც მანამდე, ბიზნესთან არცერთს არანაირი შეხება არ გვქონია. პროდუქტის წარმოება ერთია და ბიზნესის მართვა კიდევ სხვაა. ამიტომ ამ ეტაპზე დეტალურად ვსწავლობთ, რა მიმართულებით გადავდგათ ესა თუ ის ნაბიჯი, რაზე გავაკეთოთ აქცენტი, რათა ჩვენი ენთუზიაზმი წარმატებულ ბიზნესად იქცეს.

ამასთან, აქტიურად ვთანამშრომლობთ USAID-თან, „გენდერული პლატფორმის“ წევრები ვართ. მარკეტინგის, სურსათის უვნებლობის კუთხით რაც კი ტრენინგი ტარდება, ყველაფერს ვესწრები. ისინიც დიდ პერსპექტივას ხედავენ ჩვენს საქმიანობაში.“

DSC_6533

ფერთა ბუნებრივი გამა

„მომავლის გეგმებში პირველი ადგილი წარმოების გაფართოებას უკავია. გვინდა რომ „ჩირიფრუტის“ პროდუქცია მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი იყოს. ვფიქრობთ, ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება, იმის გათვალისწინებით, რომ ტექნოლოგიები როგორც ჩვენთან, ისე გლობალური მნიშვნელობით, დღითიდღე იხვეწება.

სამი და ვართ ჩართული ამ საქმეში. ერთი და კარგად ხატავს, მას ვიზუალური მხარე, შეფუთვა და სხვა დეტალები აბარია; მე ბიზნესისა და მარკეტინგის საკითხებს ვხელმძღვანელობ. მესამე და ინტერნეტში მასალების მოძიებაში გვეხმარება. მეოთხე დაც გვყავს, რომელიც ოპერის მომღერალია და იტალიაში ცხოვრობს. აქედან ჩვენი ნაწარმი რომ მიაქვს, იტალიელები აღტაცებას ვერ მალავენ, კითხულობენ, სად შეიძლება ქართული ჩირი შევიძინოთო.

ჩვენი პროდუქცია მხოლოდ მშრალი ხილი არაა, ტკბილეული უფროა. წარმოებაში ვიყენებთ შოკოლადს, ვამზადებთ ფორთოხლის ცუკატსა და ალუბლის კერკს. საქართველოში ინოვაციაა გოგრის ტყლაპიც. განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს კივის, ფეიხოას, შავი ქლიავისა და ხურმის ჩირი, ოღონდ ჩვენ განსხვავებულად ვჭრით ამ ხილს.

ახლა მინდა თუთის ჩირიც შევმატოთ ჩვენს პროდუქციას. ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ჩირია, ჩვენ კი უნიკალური ქართული ჯიშები გვაქვს და თამამად შეიძლება ამაზე ფიქრი.

საერთოდ, ჩვენი პროდუქცია არამარტო გემრიელია, ვიზუალურადაც მიმზიდველია. შეფუთვას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ვცდილობთ, ის გასხვავებული და საინტერესო იყოს. ბუნება ფერების საოცარ გამას გთავაზობს და საიდუმლო სწორედ მის შენარჩუნებაშია.“

არასაკმარისი 24 საათი

„იმის გათვალისწინებით, რომ ოთხი შვილის დედა ვარ, ჩემი და კი ‒ ექვსის, დროის განაწილება ბევრ რამეზე
გვიხდება. ამ საქმეს ძალიან დიდი დრო მიაქვს, მუდმივად რაღაცაა გასაკეთებელი. ამ ბიზნესს სეზონურობა არ ახასიათებს. ხილის გაშრობა და ჩირის წარმოება მთელი წლის განმავლობაში ხდება. სულ ვამბობთ, რომ 24 საათი არ გვყოფნის. ის, რომ ბიზნესსაქმიანობა წარმატებით დავიწყეთ, მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. ძალიან რთულია, მაგრამ მიზანი მეტია, ვიდრე ბარიერი. უნდა გადალახო და წინ წახვიდე. მეამაყება, რომ მაღალი ხარისხის ჯანსაღ ქართულ პროდუქტს ვქმნი!

თავიდანვე, როცა ამ ყველაფერს ჯერ მხოლოდ ვიწყებდით, შვილებისთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნა იყო მთავარი იმპულსი ჩვენთვის. ეს იმდენად დიდ სტიმულს გაძლევს, გგონია, რომ წინ ვერაფერი აღგიდგება, მთებს გადადგამ! გვინდოდა შვილებისთვის იმის მაგალითი ვყოფილიყავით, რომ შრომასა და თავდადებას წარმატება აუცილებლად მოაქვს. ვგრძობ, რომ ამაყობენ ჩემით! ეგოისტურად არც იმას აღიქვამენ, რომ საქმის გამო საღამოს გვიანობამდე ვერ მივდივარ სახლში. უდროობის გამო ბავშვებთან სკოლაშიც ძალიან იშვიათად მხედავენ. წლის ბოლოს რომ მივედი, მასწავლებლებიც, კლასელების მშობლებიც მეკითხებოდნენ, როგორ მიდის საქმეები. მივხვდი, რომ ჩემი შვილი ყველას უყვება ჩემზე. საოცრად გულის ამაჩუყებელი იყო! მჯერა, რომ ეს შრომა ტყუილად არ ჩაივლის!“

1

ფოტო: ანა ყაჯეიშვილი, თამარ ზარქუა

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com