ანიტა რაჭველიშვილი
მიუხედავად იმისა, რომ ხშირი მოგზაურობა ახალ შთაბეჭდილებებთან ერთად, კულინარიულ გამოცდილებებსაც ამდიდრებს, უცხოეთში ყოფნისას საჭმლის მომზადებაზე არც თავად ამბობს უარს. როგორც აღნიშნავს, ამას ორი მიზეზი აქვს: „ძალიან მიყვარს საჭმლის მომზადება და ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. გარდა ამისა, ყოველთვის არ მომწონს ის, რასაც გარეთ მთავაზობენ. იმდენად ხშირად ვიცვლი ქალაქებს მოგზაურობის დროს, რომ თითოეული მათგანის კვების ობიექტებს შორის ორიენტირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად, ყოველთვის არ მაქვს გარანტია, რომ რესტორანში, სადაც შევალ, ერთმნიშვნელოვნად კარგი საკვები დამხვდება. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ‒ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში ყოფნისას ‒ სახლში თვითონ ვამზადებ. თუმცა მოგზაურობების ერთ-ერთი დადებითი შედეგი ისიცაა, რომ ჩემი კულინარიული ცოდნა მხოლოდ ქართული სამზარეულოთი არ შემოიფარგლება. იტალიური, ფრანგული, იაპონური კერძების მომზადებაც ვიცი. ცოტა-ცოტა ყველაფერი ვისწავლე წლების განმავლობაში მოგზაურობისას და ახლა, თუ სახლში თავისუფალი მაქვს, მას სიამოვნებით ვატარებ სამზარეულოში.“
კვების მიმართ ფრთხილი და დელიკატური დამოკიდებულების ფონზე ზედმიწევნით ზუსტად აღწერს ადგილებს, რომლებმაც მისი კულინარიული ბიოგრაფია ახალი შტრიხებით გაამდიდრა. საყვარელი კვების ობიექტების დასახელებას ქართული რესტორნებით იწყებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადგილობრივ სამზარეულოს არცერთი ქვეყნის კერძები არ ურჩევნია. ამერიკაშიც კი, სადაც რამდენიმე საყვარელი რესტორანი ეგულება, პირველ ადგილს ნიუ იორკის ქართულ რესტორანს ‒ „Oda House“-ს მიაკუთვნებს.
"ბარბარესთან"
ესაა რესტორანი, სადაც მართლა ძალიან საინტერესოდ და განსხვავებულად ამზადებენ ქართულ კერძებს. რამდენადაც ვიცი, ძველი, ბებიისდროინდელი რეცეპტები აქვთ ამოღებული, საოცარი საკვები აქვთ! ერთ-ერთი, რაც განსაკუთრებული გამისინჯავს და მართლა წარმოუდგენლად გემრიელადაა მომზადებული ‒ ესაა ჭარხალი ტყემალში. კიდევ ერთი კაფე, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს, „ლეილაა.“ იქაც გამორჩეულად გემრიელად ამზადებენ.
„გაბრიაძის კაფე“
ესაა კაფე, რომელიც ძალიან მიყვარს და მარტივად შემიძლია ჩემს რჩეულ კვების ობიექტებში დავასახელო. შეფასება როგორც კაფის გასტრონომიულ მხარეს, ისე მის ზოგად კონცეფციას შეეხება. თუ კონკრეტულ კერძებზე ვისაუბრებთ „გაბრიაძის კაფე“-ში გამოვარჩევდი მათ ლობიოსა და მწნილს, რომელსაც მენიუში ასეთი ორიგინალური სახელი აქვს: „მწნილი ბებიას სარდაფიდან.“ აქვე ამზადებენ მჭადის რგოლებს ‒ საოცრებას, რომლის მსგავსიც არასდროს არსად არ მიჭამია! საერთოდ, ამ კაფეში ყველა კერძი გემრიელი აქვთ, მაგრამ, როგორც რაჭველი, ლობიოსა და მწნილზე შევჩერდი.
სტრადა თბილისი
ზოგადად, „სტრადა“ ძალიან მიყვარს და ხშირად ვარ იქ. არა იმიტომ, რომ უახლოესი მეგობრების გახსნილი რესტორანია, არამედ იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, თუ ევროპული სამზარეულოს დაგემოვნება გინდა, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თბილისში სწორედ „სტრადაა“. სტეიკ-სალათს გამოვარჩევდი მათთან და ასევე კორეულ სამზარეულოს, რომელსაც საუკეთესოდ ამზადებენ! კორეული კერძები ბევრგან დამიგემოვნებია, მაგრამ „სტრადაში“ ამ მხრივ ყოველთვის სასიამოვნოდ განცვიფრებული ვრჩები ხოლმე.
"Don Antonio"
იტალიის ძალიან ბევრ ქალაქში მიცხოვრია. იქ, ფაქტობრივად, შეუძლებელია ცუდ რესტორანს წააწყდე. საერთოდ, ტურისტულ ზონებში განთავსებულ რესტორნებს დიდად არ ვენდობი და იქ არც არავის ვურჩევდი წასვლას, მაგრამ მილანში, ლა სკალას მოედნის მიმდებარედ, არის ერთი რესტორანი "Don Antonio", რომელიც ჩემთვის გამონაკლისია ამ თვალსაზრისით.
საერთოდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მოგზაურობენ, ვურჩევდი, რომ თუ კაფეში კარგი საკვებისთვის შედიან და არა, დავუშვათ, ინტერიერისთვის, ყოველთვის ისეთი ადგილი შეარჩიონ, სადაც უბრალო ადამიანები დადიან, თუნდაც მუშები. სწორედ ამ ტიპის კვების ობიექტებშია ყველაზე გემრიელი საკვები.
რომთან ახლოს, სულ რამდენიმე კილომეტრში, არის ერთი რესტორანი, რომელსაც სახელიც კი არ აქვს. უბრალო, გზაზე აშენებული სასადილოა. იქ ერთხელ მოვხვდი და რაც მივირთვი, არასდროს დამავიწყდება! საერთოდ, იტალიაში, როცა რესტორანში შედიხარ, იდეალური ვარიანტია, თუ მეპატრონის დედა დგას სამზარეულოში და ის ამზადებს საკვებს, რადგან ამ შემთხვევაში გარანტირებული გაქვთ, რომ გემრიელად მიირთმევთ.
მსგავსი რჩევა მექნება მათთვისაც, ვინც ტოკიოში მოხვდება. კვების ობიექტის არჩევისას ოფისის მუშაკების მარშრუტს მისდიეთ ‒ მათ იციან ის პატარა რესტორნები, სადაც ყველაზე გემრიელად ამზადებენ. იქ დააგემოვნებთ თევზს, რომლის მსგავსს ვერსად გასინჯავთ. ასეთი რესტორანი ძალიან ბევრია არამარტო ტოკიოში, ზოგადად, მთელ იაპონიაში. ეს ძალიან ძლიერი კულტურის მატარებელი ერია და მისი წარმომადგენლები თავიანთ თავს არასდროს აკადრებენ უხარისხო საკვების მომზადებას. მათ ეს დამოკიდებულება, ზოგადად, არამარტო საკვების მიმართ აქვთ. იაპონელები უცხოელს ისეთს არაფერს შესთავაზებენ, რითიც შეიძლება თავიანთი იმიჯი შელახონ. აქედან გამომდინარე, ტოკიოში ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ მშვიდად და გემრიელად მიირთვათ.
"Churrascaria"
სამხრეთ ამერიკაში, მაგალითად, რიო დე ჟანეიროში არის რესტორანი "Churrascaria", რომელსაც ნებისმიერი ადგილობრივი მიგასწავლით. შედიხარ, მაგიდაზე გხვდება რგოლი, რომელსაც მწვანე და წითელი მხარეები აქვს. თუ რგოლს მწვანე მხრიდან დადებ, ეს ნიშნავს, რომ ხორცი გსურს. დიდი რაოდენობით მოაქვთ ძროხის, ცხვრის, ღორის, ქათმის ხორცის სხვადასხვა ნაჭერი. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ხორციანი კერძების მოტანა არ წყდება მანამ, ვიდრე მაგიდაზე რგოლი მწვანე მხრიდან გიდევს. მახსოვს, ამ რესტორანში ორი ვიზიტის შემდეგ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხორცი აღარ მიჭამია.
"Don Alfonso "
ამსტერდამში, პირდაპირ ოპერის თეატრთან, სიცილიელების რესტორანია, "Don Alfonso" ჰქვია. საოცარ კერძებს ამზადებენ, იქ დავდიოდით ძალიან ხშირად. ზოგადად, ჰოლანდიური სამზარეულო არ მიყვარს, ამიტომ ადგილობრივი საჭმელი არ გამისინჯავს, მაგრამ ქალაქში, საბედნიეროდ, ძალიან ბევრი იტალიური, იაპონური და კორეული რესტორანია.
სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, ყველაზე ჯანმრთელად და გემრიელად ცხოვრებაში, მე მგონი, ტაილანდში მივირთვი. მათ განსაკუთრებული კერძები აქვთ, ძალიან ცხარე წვნიანები, თუმცა სურვილის შემთხვევაში ნაკლებად ცხარესაც მოგიმზადებენ. იქ ყველაფერი ძალიან გემრიელია და, რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, რადგან ყველა კერძი უცხიმოდ და ძირითადად, ზღვის პროდუქტებით მზადდება. ვფიქრობ, ტაილანდური სამზარეულო ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში. ისევე, როგორც, ალბათ, სუში, რომელიც ძალიან ჯანსაღ საკვებად ითვლება.
კანადური საუზმე
კანადა, კერძოდ, ტორონტო ‒ ჩემთვის ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც ცუდ რესტორანში ნამყოფი არ ვარ. აქ ბევრი სხვადასხვა კულტურის სამზარეულოა თავმოყრილი, მაგალითად, ლიბანური, ბერძნული, ტაილანდური, იაპონური, სომხური, ქართული. ტორონტოს რესტორნებში საკვები წარმოუდგენლად გემრიელია და, ამასთან, პატარა პორციებით ის არასდროს მოაქვთ.
ერთი ადგილი ამ ქალაქში მაინც გამორჩეულად დამამახსოვრდა. ესაა პატარა რესტორანი, რომელიც ქოხს წააგავს, უბრალო ავეჯითაა გაწყობილი. იქ საოცრად გემრიელ საუზმეს ამზადებენ. ორცხობილებით დაწყებული დილა სამუდამოდ შემორჩება თქვენს გასტრონომიულ მეხსიერებას.
"Bistrot des Dames"
პარიზში ზღვის პროდუქტების რამდენიმე რესტორანს გამოვარჩევდი. ერთ- ერთია "Le Bistrot des Dames". ზოგადად, პარიზში რეკომენდაციას ზღვის პროდუქტების რესტორნებს გავუწევდი. ამ ქალაქში სუშის მოყვარულებიც ძალიან ისიამოვნებენ. "Notre-Dame de Paris"-ის პირდაპირ, გზის მარცხენა მხარეს, რამდენიმე იაპონური რესტორანია. პარიზელებს ბოლო დროს იაპონური და ჩინური სამზარეულოს ერთად, შერეულად მზადება დასჩემდათ. ეს თავისებურად საინტერესოა, რადგან ყველაფრის ერთ სივრცეში დაგემოვნების საშუალება გაქვს.
ფოტო: გრეგორი რეჯინი