ჟოლოს მინი ტარტები

ჟოლოს მინი ტარტები

IMG_3156

თეთრი შოკოლადის მუსი და ორცხობილა, არაჩვეულებრივად ეხამება არომატულ ჟოლოს პიურეს. მოკლედ, გირჩევთ მოამზადოთ და ზაფხულის ცხელ დღეებში ისიამოვნოთ ცივ-ცივი დესერტით.

კულინარია ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ რაც დრო გადის, ვხვდები, რომ კონდიტერია ისაა, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი და ვიპოვე. ამ დროს თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში 🙂 მაღაზიაში პურის საყიდლად გასული თვალებით მაინც ნაღებს, ფქვილს, კარაქსა და სხვადასხვა საკონდიტრო ინგრედიენტებს ვეძებ, როგორც მსხვერპლს კლანჭებში, ისე მოვიგდებ ხოლმე და სახლისკენ მივაქანებ. მერე შევიკეტები სამზარეულოში და ვიწყებ თქვეფას, ცხობას, ფქვილიანი ხელებით ვპოსტავ და მიხარია, რომ ვიპოვე საქმე, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს და ზუსტად ვიცი, ვეღარასდროს შევეშვები 🙂

არ მიყვარს ერთი და იგივე რეცეპტის ბევრჯერ გამეორება. არ ვუბრუნდები იგივეს და ვცდილობ რამე ახალი მოვძებნო და გავაკეთო. ასე გავაკეთე ჟოლოს მინი ტარტები და მას მერე აღარასოდეს გამიმეორებია, თუმცა ვაღიარებ, ყველაზე სიტყვაძუნწ მამაჩემსაც კი, რომელიც თითქმის არასდროს მაქებს, როგორც იქნა აღმოხდა, რომ ყველაზე გემრიელი დესერტია, რომელიც ოდესმე გაუსინჯავს.

* მომზადება *

ჟოლოს ფენა
* 150 გრ. ჟოლო
* 25 გრ. შაქარი

1. ჟოლოს დავაყაროთ შაქარი, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ შაქარი ბოლომდე გადნება.

* 5 გრ. ჟელატინი
* 30 გრ. ცივი წყალი

2.ჟელატინს დავასხათ წყალი და გავაჩეროთ 5-10 წთ. შემდეგ დაბალ ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე. გამდნარი ჟელატინი ჩავასხათ დაბლენდერებულ ჟოლოს, მოვურიოთ და ოთახის ტემპერატურაზე დავდგათ, სანამ ბოლომდე გაცივდება.

ბისკვიტის ფენა
* 125 გრ. ფხვიერი ნამცხვარი
* 40 გრ. გამდნარი კარაქი

3.ფხვიერი ნამცხვარი დავფშვნათ და დავამატოთ კარაქი. შევურიოთ კარგად. გასახსნელ ფორმაში ჩავტკეპნოთ ეს მასა და გავაჩეროთ მაცივარში მანამ, სანამ მოვამზადებთ შოკოლადის მუსს.

შოკოლადის ფენა
* 200 გრ. თეთრი შოკოლადი
* 150 გრ. ნაღები

4.შოკოლადს დავამატოთ ნაღები, დავდგათ ორთქლის აბაზანაზე, სანამ შოკოლადი გადნება ბოლომდე.

* 5 გრ. ჟელატინი
* 30 გრ. ცივი წყალი

5. ჟელატინს დავასხათ წყალი და გავაჩეროთ 5-10 წთ. შემდეგ დაბალ ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე. გამდნარი ჟელატინი ჩავასხათ შოკოლადის მასაში, მოვურიოთ და ოთახის ტემპერატურაზე დავდგათ, სანამ ბოლომდე გაცივდება.

ფინალური ეტაპი:
თეთრი შოკოლადის მასის ნახევარი დავასხათ ბისკვიტის ფენას, გავასწოროთ სილიკონის ნიჩბით და შევდგათ საყინულეში 15 წუთით, შემდეგ ფენას ვასხამთ ჟოლოს პიურეს, ისევ საყინულეში 15 წუთი, ბოლოს
დარჩენილი თეთრი შოკოლადი. 

სასურველია ნამცხვარი მთელი ღამით გააჩეროთ მაცივარში და ბოლოს გააფორმოთ ცოცხალი ჟოლოთი☺

ავტორი: თეა ედიშერაშვილი – სამადაშვილი

ფუდბლოგერი : www.ratatui.ge

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com