დიაბეტური MENU

DSC_8576

თამუნა თანდაშვილი – ავიაკომპანია „ატლასგლობალის“ კომერციული დირექტორი საქართველოში

IN სულ IN რეჟიმი 

საუზმე 7 სთ-ზე იწყება და 11 სთ-მდე გრძელდება, ზარმაცი დამსვენებლებისთვის.

მე 8 სთ-ზე ატუზული ვარ ტკბილეულით დახუნძლულ ზვირთთან, ოპერატიულად ვმოძრაობ, ვიყურები აქეთ-იქით. ხალხი ირევა. ჩემი მეგობრები გვიან იღვიძებენ, საუკეთესო დროა ტკბილეულით ამოვსკდე. თვალი მაინც ჰოლისკენ მიჭირავს. სელექციაში კრემიანი, ფუმფულა, გაპრანჭული, ეგზოტიკური მოყვანილობის ტორტმფრქვევები მხვდება.

ჩემი მეგობრები პატრულირებენ, განსაკუთრებით ერთი გენ ინსპექციაა. ამიტომ თუ დავლანდე ეგრევე ვდებ თეფშს და უდანაშაულო სახის ნიღაბს ვითხიპნი.

ჩემს თეფშზე ადგილი არ ჩანს, არ მრცხვენია, აქ ყველა ღორმუცელაა, მათ თეფშებზე უგემოვნოდ დაყრილი ხორცებია სოუსებში მოცურავე, დაგოზილი ცხიმიანი ვეშაპები. თევზი, ქათამი, იხვი, ბატი და ზოოპარკი.

ღმერთო სად ეტევათ?! ვფიქრობ და ბედნიერი ვარ!

მე, ტკბილი ქვეყნის მოქალაქე ვარ. ყველაფერი გამომცხვარი მიყვარს, ფერადი, ათქვეფილი, ხილით გაჯერებული, ვარდისფერი, პრინცესების კაბებს რომ ჰგავს, სართულიანი…

აქ ბევრი მუსულმანია, ხანდახან ვფიქრობ, რომ რომელიმემ შეიძლება გასძახოს „ალაჰ აკბარ” და ეს რესტორანი
ზეცაში აწიოს. დებილური აზრები მაწუხებს, ბოლო წელს განვითარებული მოვლენების ფონზე. თუმცა, ეს ჩემი
ტკბილეულით სავსე თეფში ჩემი პირადი „ალაჰ აკბარია”, ბომბი, რომელიც სისრულეში მომყავს ყველა ჯერზე,
როცა უკონტროლოდ ვასკდები და მივირთმევ. მე, შეძენილი დიაბეტი მაქვს, ყველა ზედმეტი ლუკმა ჩემი
ჯანმრთელობისთვის ნაღმია!

ზოგადად, რეჟიმი მძულს, ნებისმიერი ფორმის. მგონია, რომ რეჟიმი ითვლის ჩემი სიცოცხლის წამებს. რეჟიმში
ჭამა არის ჩემი სიცოცხლის გარანტია, ხარისხიანი სიცოცხლის.

დიაბეტი საქართველოში ‒ „საწყალი დიაბეტი აქვს“ ‒ სტატუსთან თანაბრდება. ეს იმიტომ კი არა, რომ ადამიანები
ხვდებიან, რა რთულია უარი თქვა რამე შენთვის ღირებულზე, რა რთულია იცხოვრო რეჟიმში, უყურო როგორ
მიდიან შენი მეგობრები სამსახურის შემდეგ დესერტის დასაგემოვნებლად და გამოტოვო დაბადების დღის ტორტი, არამედ შიში ზარავთ. კიბოს ტოლფასია მათთვის.

შეყვარებულის ფაშისტი დედისთვის ‒ პერსონა ნონ გრატა შეიძლება აღმოჩნდე, სამსახურში შეიძლება
არასრულფასოვან ჯანმრთელობად ჩაგითვალონ, შვილისთვის მუდამ საშიში იყო გენეტიკით.

მე, ავიაკომპანიაში ვმუშაობ. ჩემი ცხოვრების გრაფიკი არაპროგნოზირებადია. საათის მექანიზნია. შეცდომის
დაშვების უფლება მინიმუმამდე უნდა გქონდეს დაყვანილი, ჩემოდანი მუდამ ჩალაგებული და ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის მზაობა 24/7.

ბოლო დროს, თურქეთში განვითარებული მოვლენების დროს, მაღალი სტრესის პირობებში მომიწია მუშაობა.
წამებში რომ წყდება ბევრი ადამიანის სიცოცხლის საკითხი. ერთდროულად უამრავ სატელეფონო ზარს უნდა
უპასუხო და შეშინებული ადამიანი უნდა დაამშვიდო. მიიღო სწრაფი გადაწყვეტილებები და მაქსიმალური მობილიზაცია.

ჩემმა ურეჟიმო კვებამ და უკონტროლობამ 17 საათიან გაუჩერებელ მუშაობას ვერ გაუძლო და 20 წუთით მიმტყუნა, ნაღმი აფეთქდა.

მაშინ მივხვდი, რომ თუკი ამბიცია მაქვს, რომ ვინმეზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, პირველ რიგში, ჩემი ჩუმი
ბომბი უნდა გავაუვნებელყო და გამოვრთო სიცოცხლის ამთვლელი ჩართული წამზომი.

DSC_8661

ავტორი: თამუნა თანდაშვილი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com