Kids Menu – რუსკა ქარქაშაძე

IMG_9250

მელანო ‒ ამ სახელით გაიცნო მაყურებელმა 13 წლის რუსკა ქარქაშაძე, სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“.
რუსკამ, ისევე როგორც სერიალმა, დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა მაყურებლისგან.
ჩვენი დღევანდელი სტუმარი მე-8 კლასში გადავიდა, გვითხრა, რომ კარგად სწავლობს, და ყველა საგანში 10 ქულა აქვს, არის ჩოგბურთელი, 8 წელი დადიოდა ცეკვაზე, რომელსაც ამჟამად თავი დაანება დროის უქონლობის გამო და ჩოგბურთს და გადაღებებს კი ერთმანეთს უთავსებს.

IMG_9181

სერიალში როგორ მოხვდი?

მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა. პატარა რომ ვიყავი თეატრალურ სტუდიაში მიმიყვანეს, შემდეგ ერთ-ერთ რეჟისორს მოვეწონე და მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიმიწვია. თეატრში რამდენიმე სპექტაკლში ვთამაშობ, რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული და ასევე, კომედი ქიდსში.

სერიალის ქასთინგის შესახებ თეატრში მითხრეს, ისე მივედი, არც კი ვიცოდი რა სერიალსა და როლზე იყო საუბარი. ბოლოს გავიგე, რომ მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდნენ. ჩემ გარდა 500 ბავშვი იყო და არ მეგონა რომ მე ამირჩევდნენ… სასიამოვნოდ გაოგნებული დავრჩი როცა გავიგე, რომ მთავარ როლზე დამამტკიცეს. ხშირად გადაღებების გამო ღამეების თენებაც კი გვიწევს, მაგრამ ამით არ ვიღლები. დიდ გამოცდილებას ვიღებ, ვიზრდები როგორც მსახიობი და იმ წრეში ვტრიალებ, რომელთან ერთადაც მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სერიალში არის ერთი მომენტი, როდესაც მამისთვის საჭმელს ამზადებ, ამის გაკეთება პირველად მოგიწია როლის გამო, თუ ინტერესდებოდი კულინარიით?

არა, რას ამბობთ, აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება ვიცი და საბედნიეროდ, ძალიან გემრიელი გამომდის. დედაჩემი ძალიან კარგი კულინარია, სულ ვუყურებდი მზადების პროცესს და ვისწავლე. ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი, საჭმლის მომზადება, შემდეგ დალაგებაც, სახლში ჩემი საყვარელი ადგილი ‒ სამზარეულოა.

არ არსებობს საჭმელი, რომელიც არ მიყვარს. ბავშვობიდანყველაფერს ვჭამ, პრეტენზიული არასოდეს ვყოფილვარ. რომ ამბობენ ბავშვები აჯაფსანდალს, ბორშს, ან მსგავს საჭმელებს არ ჭამენო, მე ყველაფერს ვჭამდი და ასევე ყველაფერი გამიკეთებია ერთხელ მაინც.

საყვარელი სამზარეულო…

ძალიან მომწონს იტალიური სამზარეულო ‒ სპაგეტი, პიცა. ქართული სამზარეულოც მიყვარს.

საყვარელი ქართული კერძი, რომლის გაკეთება თავადაც იცი?

ხინკლის გაკეთებაც ვიცი, ქაბაბისაც, მწვადს რა გაკეთება უნდა, მაგრამ ამასაც ვაკეთებ სიამოვნებით.

საყვარელი რესტორანი თბილისში?

ასე კონკრეტულად ვერ გამოვყოფ… უფრო ხასიათზეა დამოკიდებული, შეიძლება მაკდონალდსი მომინდეს და შეიძლება ქართული ტრადიციულიც …

დიეტა?

რადგან ბავშვობიდან სპორტით ვარ დაკავებული, არასოდეს დამჭირვებია დიეტის დაცვა, უფრო მეტად ვზრუნავ იმაზე, რომ სწორად ვიკვებო.

საყვარელი დესერტი და თავად თუ გიცდია გამოცხობა?

კი, ძალიან მიყვარს ცხობა, თან ცოტა ხატვაც მეხერხება და ძალიან მიყვარს, როცა ჩემს გამომცხვარ ტორტებს ვაფორმებ ხოლმე. ჩემი საყვარელი დესერტი შოკოლადის ტორტია. ხილისაც მიყვარს, მაგრამ შოკოლადის მირჩევნია. ზოგჯერ ბრაუნს ვაცხობ და მეგობრებს ვეპატიჟები. ხშირად გვაქვს შეკრებები ჩემთან სახლში, ზოგჯერ მეგობრებთან მივდივარ და იქ ვაცხობ. ჩემს მეგობრებს ძალიან უყვართ ჩემი გაკეთებული შოკმანჟე.

რომელი უფრო გსიამოვნებს ცხობა, თუ საჭმელების კეთება?

ასე ვერ გამოვარჩევ, ზოგჯერ რამე ორიგინალურის გამოცხობა მომინდება, ზოგჯერ კი მინდა, რომ დიდი ხანი ვიტრიალო სამზარეულოში და კეთების პროცესი ხანგრძლივი იყოს, ამისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ჩემითაც ვიგონებ კერძებს, ისეთ ინგრედიენტებს ვურევ ერთმანეთს, რომელიც თითქოსდა არ უხდება ერთმანეთს, დედაჩემი გაკვირვებული მიყურებს ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ გემრიელი და უცხო გამოდის. ვიგონებ სხვადასხვა სოუსებს პასტისთვის, რომელიც ძალიან გემრიელია.

ნამცხვრებსაც ვაკეთებ ხოლმე, მაგალითად ცოცხალი ხილის ნაცვლად ზოგჯერ მურაბებს ვიყენებ, თუ მურაბა კურკიანი ხილისაა, ვაცლი კურკებს და ასე ვიყენებ ნამცხვარში, ძალიან გემრიელი გამოდის. ასევე მაინტერესებს უხდება თუ არა ისეთი ინგრედიენტები ერთმანეთს, რომელთაც ტრადიციულად ერთად არ მიირთმევენ ხოლმე. მომწონს ტკბილი და მწარე ერთად… თაფლი და ყველი, ყველი და შოკოლადი, ვაშლი და პური, საზამთრო და პური, არაჟანი და მჟავე კიტრი…

IMG_9173-copy

ისეთი აღფრთოვანებით ყვები შენს შესაძლებლობებზე და კულინარიის მიმართ სიყვარულზე, რომ ხომ არ არის შანსი ამ სფეროში წახვიდე?

ნამდვილად ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ჰობია, მსახიობობისადმი ჩემს სურვილს ვერ გადაწონის. ვთვლი, რომ ყველა გოგომ უნდა იცოდეს საჭმელების კეთება.

სადღესასწაულო კერძებიდან რომელია შენი საყვარელი?

ძალიან მიყვარს გოზინაყი და მისი გაკეთებაც ვიცი. ძალიან გემრიელი გამომდის. მე და დედა ერთადაც ვამზადებთ ხოლმე. დედას იმდენი დრო არა აქვს და ხშირად მეუბნება მოდი მე უცებ გავაკეთებ, მაგრამ ზოგჯერ ვთხოვ ხოლმე და მე მითმობს სამზარეულოს.

შენი კულინარიული შესაძლებლობების ყველაზე დიდ შემფასებლად ვის თვლი?

მამას. ძალიან მიყვარს როცა დადებითად მაფასებს მამა, დედის აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დედამ ასე თუ ისე იცის ჩემი შესაძლებლობები და მამისთვის უფრო მოულოდნელია და ხშირად სიურპრიზია როცა რაიმე განსაკუთრებულს და გემრიელს ვაკეთებ.

კულინარიული კრახი თუ მოგსვლია?

საბედნიეროდ, ჯერ-ჯერობით არა. კეთების დროს ვსინჯავ ხოლმე და იმპროვიზაციაც მეხმარება, ვიგონებ, ვაგემოვნებ და თითქმის ყოველთვის კარგად გამომდის.

ზოგჯერ ადამიანები ამზადებენ კერძებს და შემდეგ თავად არ მიირთმევენ საკუთარ გაკეთებულს, შენ ხომ არ გაქვს ასეთი მომენტი?

არა, იმისთვის ვაკეთებ, რომ ვჭამო, სიამოვნებით ვიღლები და შემდეგ უფრო სიამოვნებით ვაგემოვნებ ჩემს შექმნილ კერძებს სხვებთან ერთად.

პიცა „ვეგეტარიანა“

ინგრედიენტები:
• 250 გრ. – პიცის ცომი
• 100 გრ. – ტომატი
• 50 გრ. – წითელი ბულგარული
• 50 გრ. – მწვანე ბულგარული
• 20 გრ. – ჩერი პომიდორი
• 30 გრ. – შავი ზეთის ხილი
• 100 გრ. – ყველი მოცარელა

IMG_9200

ფოტო: თინა შაბურიშვილი

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com