ეს არის კულინარიული წიგნი საქართველოზე, რომელიც გაჟღენთილია ჩემი ბავშვობისდროინდელი
ნოსტალგიური არომატებით და გემოებით ჩემი ახალგაზრდობიდან.
ეს არის წიგნი ზოგადად ქართულ გემოზე. ჩემი აზრით, საქართველოს უნიკალურობის შესაცნობად მის სამზარეულოს უნდა მიაშუროთ, გაიგოთ რა სხვაობაა რეგიონებს შორის და რაღა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ სახელგანთქმული ქართული სუფრა.
ამ წიგნის მეშვეობით თქვენ დროში იმოგზაურებთ, გასინჯავთ სხვადასხვა ისტორიისა თუ ლეგენდის გემოს. თითოეულ ამბავს საკუთარი სუნი და გემო აქვს, ყოველ კერძს კი თავისი პირადი ისტორია.
ძალიან კარგად მახსოვს ვანილის სუნი ბებიას ხელებიდან, სოფლის კარაქში შემწვარი ტოლმის გემო, დედის მიერ ტაფაზე შემწვარი კარტოფილის სასიამოვნო ხმა და მამაჩემის ჩაქაფული, რომელიც საკმაოდ კრეატიულად მზადდებოდა მშიერ 90-იან წლებში…
ეს წიგნი, დროის მანქანის მსგავსად, არა მხოლოდ წარსულში მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ, არამედ აწმყოსა და მომავალსაც შეიგრძნობთ გემოებისა და სუნების, ამბებისა და ლეგენდების დახმარებით.
წიგნის „გრუზინსკი სმაკ“ მეშვეობით თქვენ არა ტურისტულ, არამედ რეალურ საქართველოს გაიცნობთ ნამდვილი ადამიანებით, ნამდვილი ამბებითა და ნამდვილი ქართული გემოებით. ჩვენ შევეცდებით ამ წიგნით ის გამორჩეული საქართველო დაგანახოთ, როგორსაც არ იცნობდით ადრე. წიგნში 40 რეცეპტზე მეტია თავმოყრილი და თითოეულ მათგანს საკუთარი ისტორია აქვს ქართული გემოთი…
გაგვიმარჯოს!
ჩემთვის კულინარია ხელოვნებაა და ეს არ არის მხოლოდ კლიშე წინადადება „კულინარია არის ხელოვნება“… მე პროფესიონალი მუსიკოსი გახლავართ და კარგად ვიცი როგორ ხდება მუსიკაში როდესაც იდეა ჯერ კიდევ ჰაერშია, როგორ გარდაიქმნება ის ნოტად, ხმად, კომპოზიციად, ჩანაწერად… ზუსტად იგივეა კულინარიაშიც.
პოლონელმა პროფესიონალმა ფოტოგრაფმა რადელ პოლაკმა და მე, ორმა სხვადასხვა არტისტმა გადავწყვიტეთ გვეთანამშრომლა ქართული გემოს შესასწავლად. ჩვენთვის ეს ნამდვილად დიდი გამოწვევაა, რომ რაღაც უნიკალური შევქმნათ და ქართული გემო აღმოვაჩინოთ!