კაცები ზრუნავენ / გელა ჩარკვიანი

კამპანია, სახელწოდებით „კაცები ზრუნავენ“ საქართველოში, 2016 წლის ივლისიდან, შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში დაიწყო. კამპანიას გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-თან თანამშრომლობით ახორციელებს.

ამ კამპანიის წამოწყებას საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს გუნდისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მრავალწლიანი სამუშაო უძღოდა წინ. ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მიერ 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ აჩვენა, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული „მამაკაცური“ და „ქალური“ საქმეების დეფინიციები ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ სტერეოტიპული და დაუბალანსებულია. საუკუნეების განმავლობაში სოციუმში გაბატონებული ეს სტერეოტიპები და კლიშეები ოჯახური საქმის ტვირთს, ფაქტობრივად, მთლიანად ქალს აკისრებს, მამაკაცებს კი ხელს უშლის პასუხისმგებლობა აიღონ, მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ საქართველოში მცხოვრებ იმ კაცებს გააერთიანებს, ვისთვისაც გენდერული თანასწორობა პასუხიმგებლობებისა და ვალდებულებების, სარგებლისა და შესაძლებლობების თანაბარ განაწილებას ნიშნავს; ვინც მზადაა, თავისი ცხოვრების წესითა და საქმიანობით სხვებს მაგალითი მისცეს; ვისთვისაც მამობა ბედნიერებაა, ოჯახი კი ‒ თანასწორუფლებიანობა. უკვე მიმდინარე თუ დაგეგმილ ფოტოპროექტებს, ბლოგებს, ვიდეოსიუჟეტებს, სოციალურ ექსპერიმენტებს, საჯარო დისკუსიებსა და სხვა ღონისძიებებს ჟურნალი კულინArt-იც უერთდება სპეცპროექტით ‒ „კაცები ზრუნავენ.“

3

გელა ჩარკვიანი

„ძნელი სათქმელია, როგორი ვიქნებოდი, გარემოებებს ჩემთვის ტრადიციულისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული როლი რომ არ მოეხვია თავზე. ეს გარემოებები გახლავთ, კერძოდ, ის, რომ გარდაიცვალა ჩემი შვილი, ირაკლი, და მისი ქალიშვილი ნანა, რომელიც მაშინ 2 წლისაც არ იყო, მამით დაობლდა. ბუნებრივია, დედა ყველაფერს აკეთებდა, რაც დედამ უნდა აკეთოს, მაგრამ ის მამას ვერ შეცვლიდა. ამიტომ მიზნად დავისახე ბავშვს უმამობა არ ეგრძნო და მის ცხოვრებაში ყოფილიყო მზრუნველი მამაკაცი. მაშინ ლონდონში ვმუშაობდი, ჩემი მეუღლეც ჩემთან იყო. როცა ნანა 5 წლის გახდა, ჩემთან წავიყვანე. საზღვარგარეთ ელჩს, მოგეხსენებათ, კარგი საცხოვრებელი პირობები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა მემსახურებოდა და შემეძლო სკოლაში მძღოლისთვის გამეტანებინა ბავშვი, არცერთი დღე არ ყოფილა ისე, რომ მე არ წამეყვანა და არ წამომეყვანა ნანა. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მანქანით ან ფეხით, მაგრამ სკოლაში მასწავლებელს ყოველ დღე მე თვითონ ვაბარებდი ბავშვს და გაკვეთილების შემდეგ უკანაც თვითონ მომყავდა.

ცხოვრების კიდევ ერთი განსაცდელი ჩემს მეუღლეს უკავშირდება. ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ნანა ფიზიკურად ძალიან მოტყდა, სიარული უჭირდა. ართროზი ჰქონდა, ხელოვნური სახსარიც ჩაუდგეს, მაგრამ დიდი შეღავათი არ აღმოჩნდა. როცა ჩვენ ლონდონში წავედით, უკვე ასე იყო. მე კი ძალიან მინდოდა ჩემს მეუღლესაც სოციალური ცხოვრებით ეცხოვრა, რომელიც ძალიან აქტიურია უცხოეთში. ელჩები, მეუღლეებთან ერთად, წელიწადში 4-5-ჯერ ესწრებიან დედოფლის მიღებებს. ამას ემატება პრაქტიკულად ყოველდღიური ოფიციალური ღონისძიებები, სადაც ყოველთვის მეუღლესთან ერთად გეპატიჟებიან. იქ ყველა პირობაა შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ორსართულიან შენობებშიც არის ლიფტი, თუმცა, მახსოვს, ბუკინგემის სასახლეში როცა მიმყავდა მეუღლე, დერეფნებიც ხომ უნდა გაგვევლო და მე მეყრდნობოდა ხოლმე. როცა იქ მივდოდით, უმეტესობამ უკვე იცოდა მისი მდგომარეობა. სხვები რომ იდგნენ, ნანა იჯდა ხოლმე, მიდიოდნენ და ელაპარაკებოდნენ. ელჩების მეუღლეებს შორის ჯოხი მხოლოდ ნანას ეჭირა ხელში. დედოფალი ცნობდა და ყოველთვის ეკითხებოდა: „როგორაა თქვენი ფეხი?“ ეს მაშინ, როცა მისი მეუღლე მე მისვამდა კითხვას: „როგორაა საქმე აფხაზეთში?“

ზოგადად, ჩვენ საკმაოდ კარგ პირობებში ვცხოვრობდით. ჩემს მეუღლეს ყოველთვის ჰყავდა დამხმარე, დიდხანს ჩვენთან ცხოვრობდა მისი დედაც. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, როცა სტუმრებს ველოდებოდით, მეც მის გვერდით ვიყავი. მით უფრო, რომ კულინარია ყოველთვის მიტაცებდა. ფანტაზიაც კარგი მაქვს ამ თვალსაზრისით და ბევრი მოგზაურობის შედეგად სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოსაც კარგად ვიცნობ. უცხოეთში ყოველთვის ვინტერესდებოდი ადგილობრივი სამზარეულოთი, რეცეპტებს ვიწერდი.

ბოლო წლებია მარტო ვცხოვრობ და ეს ცოდნა კიდევ უფრო გამომადგა. როცა ჩემი ქალიშვილი, თეონა, თბილისშია, ის მეხმარება, კიდევ ერთი ქალბატონიც მოდის ხოლმე, მაგრამ, ძირითადად, მარტოს მიწევს ყველაფრის კეთება. დაბალანსებულად კვება მიყვარს, დილას შვრიის ფაფით ვიწყებ, წვნიანი, თევზი, ბოსტნეულის სალათი-ყველაფერს ვამზადებ.

ის, რაც მამაკაცს არაფრით გამოუვა, მხოლოდ ბავშვის გაჩენა და მისთვის ძუძუს წოვებაა, ანუ რაც ქალსა და მამაკაცს წმინდა ფიზიოლოგიური თვალსაზრისით განასხვავებს ერთმანეთისგან.

ჩემს წიგნშიც მიწერია, რომ დღევანდელი ევროპელი ქალებისთვის სექსუალურად მიმზიდველები ის მამაკაცები არიან, რომლებიც მათ საოჯახო საქმეებში ეხმარებიან. როლები ტრანსფორმირდა, მამაკაცის მოვალეობა ნადირობა აღარაა. ქალიც ბევრ ისეთ ფუნქციას ასრულებს, რაც მას ისტორიულად არ ჰქონდა დაკისრებული. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, მამაკაცი ყველა საოჯახო ვალდებულებას უნდა ინაწილებდეს. წიგნშიც ამას ვამბობ: „თუ ევროპელი ქალბატონების გულებზე ნადირობთ, კუნთების ზრდაზე ზრუნვას შეეშვით და გარეცხეთ ჭურჭელი!“

ბოსტნეუულის სალათი

„სალათის ფურცლებს, ჩინურ კომბოსტოს, რუკოლას, რეჰანს, მწვანე ხახვს, მწანე და წითელ ბულგარულ წიწაკას, კიტრსა და პომიდორს ავურევთ. მარილს მოვაყრით, სიმინდის ზეთს, ბალზამის ძმარსა და უსტერშირის სოუსს მოვასხამთ. მივირთმევთ სულგუნთან ან როკფორთან და კრეკერებთან ერთად.“

Culinart_N13_PRINT_Page_045

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com