გიგანტური, ულტრათანამედროვე ქალაქი, რომელშიც მოხვედრისთანავე თავბრუ გეხვევა და თუ მის რიტმს არ აჰყევით, ჩათვალეთ, რომ ამ ქალაქში აუცილებლად დაიკარგებით!
ტოკიოში მოგზაურობა გადაადგილების საშუალებაზე ფიქრით უნდა დაიწყოთ. ამ ქალაქში საუკეთესო სატრანსპორტო საშუალება – მეტროა. აქაურობა იმდენად დიდია, რომ თუ მარშრუტი წინასწარ არ დაგეგმეთ, შეიძლება ერთი უბნიდან მეორეში ისე მოხვდეთ, თვალის დახამხამებაც ვერ მოასწროთ. გამგზავრებამდე ტელეფონში ტოკიოს მეტროს აპლიკაცია გადმოვწერე, მაგრამ სქემა იმდენად ჩახლართულია, რომ ვამჯობინე მოგზაურობის დროს ბედს მივნდობოდი და ადგილზე გამერკვია ყველაფერი.
ერთი შეხედვით მეტროში გზის გაგნება შეიძლება რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ. თუ ჩამოტვირთულ აპლიკაციას თქვენც ვერაფერს გაუგებთ, გახსოვდეთ – ნებისმიერი იაპონელი, ინგლისური ენის ცოდნის გარეშეც, გულისხმიერად და მარტივად დაგეხმარებათ. თავად იაპონელებიც ძირითადად მეტროთი გადაადგილდებიან – ასე დანიშნულების ადგილზე ბევრად უფრო სწრაფად მიდიან, ვიდრე მანქანით.
პირველი გაჩერება შიბუაზე, იმპერატორ მეიჯის სასახლეში გადავწყვიტეთ. სანამ ტაძარში მოხვდებით, ფეხით ბევრია სასიარულო. გზად იაპონური ბაღები, თაღოვანი ნაგებობები და ტრადიციული იაპონური სასმელის – საკეს ნაირსახეობების გამოფენა შეგხვდებათ. მოპირადაპირე მხარეს კი ფრანგების ნაჩუქარი ღვინის კასრები ინახება. ამ ბაღში ტურისტების ნაკადი არასდროს წყდება, თავად ადგილობრივებიც ხშირად მოდიან, განსაკუთრებით კი – ზაფხულში. მაშინაც კი, როცა ქალაქში აუტანლად ცხელა, აქ ყოველთვის სასიამოვნო სიგრილეა. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ტაძარში შესვლამდე აუცილებელია განწმენდა. ეს ტრადიცია ნებისმიერი რელიგიის მიმდევარზე ვრცელდება. რა თქმა უნდა, ჩვენც ვიცავთ აუცილებელ რიტუალს და შესვლამდე ხელებსა და სახეს ვიბანთ. ტაძრის მისადგომებთან ლამაზ და უცხო იაპონურ ნატვრის ხეს შენიშნავთ, სადაც სურვილების დაწერაა შესაძლებელი. ამ შანსის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ ღირს! იაპონელებს სჯერათ, რომ თუ რამეს გულით ჩაიფიქრებ, ნატვრა აუცილებლად ახდება. როგორც ადგილზე გავარკვიეთ, ტაძარში ტურისტებს არ უშვებენ. ამიტომ სპეციალური რიტუალის შესრულება აქ მხოლოდ შესასვლელთანაა შესაძლებელი.
იმპერატორის სასახლის შემდეგ ყველაზე მრავალფეროვან და უცნაურ ქუჩაზე – ჰარაჯუკუზე გასერინება გადავწყვიტეთ. სანამ იაპონიაში გავემგზავრებოდი, მანამდე ბევრად ადრე ინსტაგრამზე TokyoFashion-ის Follower-ი გავხდი, თუმცა მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ სულ მალე ამ უჩვეულო სანახაობის მომსწრე თავად გავხდებოდი.
ჰარაჯუკუ -原宿
ტოკიოს ახალგაზრდებს ყველაზე უცნაური სურვილები აქვთ, რაც საუკეთესო ჩაცმის სტილზე აისახება. ჰარაჯუკუ ამ სურვილების საილუსტრაციოდ იდეალური სივრცეა. აქ იაპონელი გოგო-ბიჭები თავიანთი განსხვავებული სამოსის დემონსტრირებას მთელი დღის განმავლობაში ახდენენ. სტილი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს, ჰარაჯუკუს ქუჩის დრესკოდია. ამ ქუჩაზე მოხვედრისთანავე თავი იაპონურ ანიმაციაში მეგონა. იმ აზრის არსს, რომ წაკითხულს საკუთარი თვალით ნანახი ჯობს, აქ ყველაზე კარგად ჩავწვდი.
ჰარაჯუკუზე ყველა იღიმის, მათი საინტერესო და უცნაური ვიზუალი ტურისტებისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავია. რამდენიმე იაპონელ ახალგაზრდას გავესაუბრე და მათგან გავიგე, რომ მათი ჩაცმის სტილი ძირითადად კომიქსებიდან, მოდის ჟურნალებიდან და ანიმაციებიდან იბადება და ის ყოველ წელს განსხვავებულია. შარშანდელი სამოსით წელს აქ არავინ გაივლის. მაღაზიის გამყიდველმა კი გვითხრა, რომ წლის მთავარი ფერი – თეთრია. აქ დიზაინერები თავიანთი გემოვნებით არ ქმნიან სამოსს, ისინი მხოლოდ ახალგაზრდების სურვილებს ითვალისწინებენ.
ტოკიოში შოპინგი რომ ხელოვნებასთანაა გაიგივებული, ყველაზე კარგად ამ ქუჩაზე იგრძნობა. ჰარაჯუკუს პარალელურად კიდევ ერთი ქუჩა – ტაკეშიტაა, სადაც მხოლოდ მაღაზიებია განლაგებული. აქ ერთმანეთში ირევა თანამედროვე და ვინტაჟური სტილი. მეორად მაღაზიებში კი შეიძლება ყველაზე უცნაურ აქსესუარებსაც წააწყდეთ. ვინც აქ მთელ დღეს ატარებს, მათთვის კაფე-ბარები, ტკბილეულის მაღაზიები და დიდი მარკეტებია. რაც ყველაზე საინტერესოა, თითოეულ მათგანში ნებისმიერი სასურველი კერძი ვიტრინაშია დემონსტრირებული, რაც არჩევანთან დაკავშირებულ მოულოდნელობებს გამორიცხავს.
ჰარაჯუკუდან ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან უბანში – შიბუაზე წავედით. აი, აქ კი ნამდვილად იგრძნობა, რომ რამდენიმე მილიონიან ქვეყანაში ვართ! სუნთქვისშემკვრელი ემოციის შემდეგ საბოლოოდ მეც იმ ადამიანების რიცხვს ვუერთდები, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გადასასვლელზე ერთმანეთში ირევიან. ამ ადგილის მასშტაბურობას უფრო კარგად მიხვდებით, თუ ფილმ „ტოკიო დრიფტ“-ს გაიხსენებთ. ჩემთვის შიბუა – ერთი დიდი მოედანია, სადაც ყველაფრის პოვნაა შესაძლებელი. უზარმაზარი შენობები, ნეონის განათებებში გახვეული სხვადასხვა სავაჭრო ცენტრები, სათამაშო აპარატები, კარაოკეს ბარები და უამრავი მარკეტი – აი, ასეთი სანახავია შიბუა ღამით და ის, ძირითადად, ახალგაზრდებზეა გათვლილი. აქაურ მეტროს სადგურს „ჰაჩიკო“ ჰქვია – სწორედ ამ ტერიტორიაზე დგას მსოფლიოში ყველაზე ერთგული ძაღლის – ჰაჩიკოს ქანდაკება. ამ ძეგლთან დღის განმავლობაში უამრავი ტურისტია შეკრებილი.
კიდევ ერთი სასიამოვნო დეტალი, რასაც შიბუაზე წავაწყდი – მოსაწევი ადგილია, სადაც ოფიცერი დგას და ყველას, ვინც მხოლოდ მწეველებისთვის განკუთვნილ ზონაში ეწევა, მადლობას უხდის. ზოგადად, ტოკიოში და მთელ იაპონიაში სადაც მოგესურვებათ, იქ სიგარეტს ვერ მოწევთ. ქალაქში სპეციალური ადგილებია გამოყოფილი, სადაც თამაქოს მოწევაა შესაძლებელი.
დღე II
ტოკიოს ულტრა თანამედროვე უბნის შემდეგ მეორე დღეს რადიკალურად განსხვავებულ გარემოში გადავწყვიტეთ მოგზაურობა. ასაკუსა ერთი დიდი გაჩერებაა. ესაა უბანი, სადაც გასეირნება წარსულში მოგზაურობას ჰგავს. ჩვენამდე ლეგენდად მოღწეულ იაპონურ კულტურას აქ საუკეთესოდ შეიგრძნობთ.
იაპონიის ტრადიციებში მოგზაურობა ბუდისტური ტაძრიდან იწყება, რომელიც იაპონური კულუტურის კარიბჭედ მიიჩნევა. ფერადი კიმონოები, მარაოები, იაპონური ტრადიციული ქოლგები, ნათურები, აქსესუარები… ამ ქუჩაზე ყველაფერია, რაც კი იაპონიასთან ასოცირდება. აქვე დააგემოვნებთ იაპონურ ტკბილეულს, რომელიც გემოთი არც ჩვეულებრივ შოკოლადს ჰგავს და არც ნამცხვარს, თუმცა აუცილებლად მოხიბლავს სპეციფიკური გემოვნების ადამიანებს. ბოლო დანიშნულების ადგილი – სენსოჯის ტაძარია. ირგვლივ მიმოიხედავთ და კიდევ რამდენიმე ტრადიციულ შენობას დაინახავთ. აქვე ახლოს ბუდას ქანდაკება და იაპონური ბაღია, რომელიც გამორჩეულია თავისი სილამაზით. იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლათ და იაპონიაში გაზაფხულზე მოხვდით, საკურას ყვავილობის მომსწრეც გახდებით.
ასაკუსადან გინზაზე გადავინაცვლეთ, რომელიც თანამედროვე უბანია, და ჯერ კიდევ შენდება. მაღალსართულიანი შენობებით, ექსკლუზიური მაღაზიებით, ლეგენდარული დიზაინერების უახლესი ნამუშევრებით – გინზა „შოპოჰოლიკების“ მექად იწოდება. გაივალისწინეთ, რომ იაპონია ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანაა. თავიდანვე გაფრთხილებული ვიყავი, რომ შოპინგზე არც უნდა მეფიქრა. ამიტომ გინზა მალე დავტოვეთ. კიდევ ერთი უბანი გვაქვს სანახავი.
როპონგი ჰილზე ბევრი მსხვილი კომპანიის ოფისს, დიდ კინოდარბაზებს, კარაოკე ბარებსა და რა თქმა უნდა, ძვრადღირებულ მაღაზიებს ნახავთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანია მთელ ტოკიოში. როპონგი ჰილს უქმეებზე 300 000-ზე მეტი ტურისტი სტუმრობს. მისი სავიზიტო ბარათი – ობობის უზარმაზარი ქანდაკებაა, ლუი ბერჟესის „მამან“ თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთოსო ნიმუში, რომელიც უბნის უდიდესი შენობის შესასვლელს ამშვენებს. ობობის მოპირდაპირე მხარეს კი ტოკიო თაუერი მოჩანს.
როპონგი ჰილზე ბევრ ნიჭიერ ქუჩის მუსიკოსს შეხვდებით. ბარებიდან კი ბოლო ხმაზე აწეული მუსიკა ისმის. ჩვენ ერთ-ერთ ბარში შევედით, სადაც გემრიელი მოჰიტო მივირთვით.
იაპონიის დატოვება ისე არ შეიძლება, რომ აქაური სუში არ დააგემოვნოთ. უმრავლესობა იაპონიას სწორედ სუშისთან აიგივებს. ჩვენც გადაწყვიტეთ ეს სიამოვნება იოკოჰამაში, კერძოდ, ჩაინათაუნში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სუში ბარში – "Zanmai"-ში განგვეცადა.
ერთი შეხედვით "Zanmai" ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული სუში-ბარია. თუმცა საკმარისია შიგნით შეხვიდეთ, მაშინვე მიხვდებით, თუ რატომ ითვლება ეს ბარი ამ ქალაქში საუკეთესოდ.
აქ მზარეულები მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგანან და შეუჩერებლად მუშაობენ. ამ პროცესის ყურება ყველა სტუმარს შეუძლია – ყველაზე გემრიელი სუში სწორედ მომხმარებლების თვალწინ მზადდება.
ჩვენ გადავწყვიტეთ მეორე სართულზე, მშვიდ გარემოში გვესადილა. პირველ რიგში, საკე მოგვიტანეს. შემდეგ უკვე მთავარი კერძი შევუკვეთეთ. კიდევ კარგი, ჩვენს მასპინძლებთან ერთად ვიყავი, თორემ ვერასდროს მივხვდებოდი, რა უნდა ამერჩია.
რამდენიმე წუთში ჩვენი სუფრა სუშის ნაირ-ნაირი სახეობით გაივსო: ორაგული, ტუნა, სკუმბრია და გველთევზა. თითოეულ მათგანს კიდევ უფრო განსაკუთრებულ გემოს სძენს სოიოს სოუსი და ვასაბი. თევზი სუფრაზე უმი ან ნახევრადშემწვარი მოაქვთ. ყველაზე დიდი მოწონება გველთევზამ დაიმახურა. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო სუში დავაგემოვნეთ მთელ იაპონიაში. სადილის დასასრულს უგემრიელესი დესერტიც მოგვიტანეს, რომელიც ვაფლის ბურთულებისგან, ნაყინისგან და მოცხრისგან იყო დამზადებული.
ეს რესტორანი კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ მისი მფლობელი მილიონებს ხარჯავს სასურველი თევზის შესაძენად. ფასი მოლოდინს ნამდვილად ამართლებს! ფაქტია, რომ – "Zamnai" ყოველთვის სავსეა სუშის მოყვარულებით. ამ რესტორნის მფლობელმა ისიც კარგად იცის, როგორი რეკლამა გაუკეთოს თავის რესტორანს.
იმავე საღამოს დავტოვეთ იაპონია. იმ იმედით, რომ მომავლის ქალაქში ისევ დავბრუნდებით. მანამდე კი მხოლოდ ის დამრჩენია, რომ ამ ქვეყნის დაუვიწყარი შთაბეჭდილებები რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიარო.