მაწანწალა რასმუსის სხოდენები

2xYWjGWUPasjp16Owo7yPq9FZiS

შვედეთის სურნელი

მთავარია უჩუმრად გაიხურო კარი. ამ მოღუშული შენობის მიღმა ივნისის ღამე და ცარიელი გზებია, სამუდამოდ რომ გაგაშორებს თავშესაფრის ერთფეროვან, უსიხარულო ყოფას. 

იმაზე ფიქრი, რომ რამდენიმე წუთში ყველაფერს უკან მოიტოვებდა, რასმუსს ერთდროულად სიხარულსაც გვრიდა და მღელვარებასაც. ასევდიანებდა იმის წარმოდგენა, რომ ვეღარასდროს ნახავდა მეოცნებე ალბინს, კეთილ გუნარსა და უტიფარ სტურე-პეტერსაც კი. ვეღარასდროს ნახავდა აუტანელ ხუჭუჭთმიან გოგონებს, ერთთავად გამოწკეპილები რომ დადიან, გახამებული წინსაფრები აუკრავთ და დარიჩინის სურნელს აფრქვევენ. და ფრეკენ ხიოკი? აღმზრდელზე ფიქრი რასმუსს გაურკვეველ გრძნობას აღუძრავდა – სიყვარულის მაგვარს არაფერს გრძნობდა, თითქოს გასახსენებელიც არაფერი ჰქონდა. თუმცა, არა, რასმუსს ახსოვდა ერთი შემთხვევა, როცა ყურის ანთება ჰქონდა და ფრეკენ ხიოკმა კალთაში ჩაისვა. ბიჭმა მტკივანი ყური მის ხელს მიადო. რასმუსს იმ წუთში ძალიან უყვარდა ფრეკენ ხიოკი. შემდეგშიც ძალიან დიდხანს გაჰყვა ეს სიყვარული.
ბიჭი სულ იმას ნატრობდა, კიდევ დამართნოდა ყურის ანთება.

თავშესაფრის ბავშვებს არც სათამაშოები ჰქონდათ, არც რაიმე სხვა სიხარული. იმედის ნაპერწაკლი მხოლოდ მაშინ ჩაესახებოდათ ხოლმე, როცა ვესტერჰაგს შვილის აყვანის მსურველი უშვილო წყვილები მიაკითხავდნენ. მდიდარი ბატონები ფრაკებით და ქალბატონები – ბუმბულებიანი ცისფერი შლიაპებით. მაგრამ მათ ყოველთვის ხუჭუჭთმიანი გოგონები მიჰყავდათ.

თუ შენ მხოლოდ თავშესაფრის სწორთმიანი ბიჭუნა ხარ, რომლის შვილად აყვანა არავის უნდა, ისღა დაგრჩენია ერთ მშვენიერ დღეს აუჯანყდე ბედისწერას და გაიქცე ამ სევდიანი ვესტერჰაგიდან. გაიქცე იმ შემთხევაშიც კი, თუ არა ფერებით არ გესახება მომავალი.

მთავარია უჩუმრად გაიხურო კარი, უხმაუროდ შეერიო ღამეს და როგორმე სძლიო ტყეში აქა-იქ გამკრთალი ჩრდილების პანიკურ შიშს.

ზაფხულის ღამე გრილია და თუ სირბილისგან გულს ბაგაბუგი გააქვს, – უსაშველოდ დამქანცველიც. წარმოუდგენელ შვებას იგრძნობ, თუ მდელოს შუაგულში პატარა ნაცრისფერი ფარდული გამოჩნდება. სწორედ ისეთი, მაწანწალებს რომ უყვართ დაძინება. ზაფხულობით ასეთი ფარდულები თივითაა სავსე. ხმელ, ჩხვლეტია და სურნელოვან ბალახში ღრმად ჩაეფლობი და იმავე წამში ჩაგეძინება.

რასმუსმა თვალი გაახილა თუ არა, ღამით განცდილი მღელვარება ისეთი სიცხადით გაახსენდა, ტანში გააჟრჟოლა. თუმცა სანამ მარტოობა და შიში ხელახლა დააცხრებოდა, მის გვერდით თივა შეირხა და ახალგაზრდა კაცის მრგვალი, გაუპარსავი სახე გამოჩნდა. აშკარა იყო, კიდევ ვიღაცას გაეთია საბძელში ღამე.

რასმუსი უცნობს მიაჩერდა – მომლოდინე და ერთიანად დაძაბული. უფრო უშიშარი ვერც იქნები, როცა 9 წლის გამხდარი ჭორფლიანი ბიჭი ხარ და გული გისკდება შიშისგან – შემიტყობენ გამოქცეული რომ ვარ და ისევ ვესტერჰაგში მიკრავენ თავსო.

თუმცა უცნობი არც ისე საშიში ჩანდა, როგორც რასმუსს უცებ მოეჩვენა. პირიქით, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს სიცილს ძლივს იკავებსო. ისიც რომ დაამატა, „ოსკარ-სამოთხესა“ და „ალალ გუგულს“ მეძახიანო, რასმუსმა გაიფიქრა, ნეტა სრულ ჭკუაზე თუა ეს კაციო.

საბძელში ციოდა. ვესტერჰაგში ალბათ გაიღვიძეს და ფაფას მიირთმევენ. რასმუსს შიმშილისგან ისე ეწვოდა კუჭი, ლამის თივა ეჭამა. ოსკარმა საიდანღაც ტომარა გამოაძვრინა, გახსნა და გაზეთში გახვეული დიდი პაკეტიდან ჭვავის პურის სქელი სხოდენები ამოალაგა. ეს იყო ტრადიციული შვედური გრძელი ბუტერბროდი ღორის ქონის ნაჭრებით. რასმუსს ღორის ქონზე უფრო გემრიელი საჭმელი დედამიწაზე არ ეგულებოდა და სიხარულისგან ლამის გადაირია, როცა ოსკარმა კარგა მოზრდილი ბუტერბროდი გაუწოდა. ოჰ, როგორ ჩაიგემრიელა პირი! როგორ უხდებოდა მარილიანი ღორის ქონი და სურნელოვანი ჭვავის პური ერთმანეთს!

რასმუსი ოსკარს თავის ოცნებას გაანდობს – იქნებ ვიპოვო ადამიანები, რომლებსაც სწორთმიანი ბიჭის შვილად აყვანა ენდომებათო. ოსკარიც დააიმედებს, სადმე აუცილებლად იქნება ასეთი წყვილიო და ნებას დართავს რასმუსს, მასთან ერთად იხეტიალოს, სანამ მშობლებს იპოვიდეს.

რამდენი საარაკო თავგადასავალი გადახდებათ ერთად! ნამდვილ დეტექტივსაც კი შეშურდებოდა მათი ფათერაკების! პატარა ამბავი ხომ არაა პოლიცია მძარცველების კვალზე დააყენო და კეთილ მოხუცს, ფრუ შიობლუმს თავისი ძვირფასეულობა დაუბრუნო. საამაყოა ფიქრი, რომ შენი წყალობით ბოროტმოქმედები თავისუფლად ვეღარ იპარპაშებენ, ფრუ შიობლუმის ქალიშვილი კი ამერიკაში საგვარეულო ზურმუხტის ყელსაბამს მიიღებს და ცას ეწევა სიხარულისგან!

რასმუსს ყოველთვის ემახსოვრება ეს მზიანი, ოცნებითა და ფათერაკებით სავსე დღეები. ემახსოვრება ის საღამოც, როცა ოსკარი უშვილო მდიდარ მემამულეებს გააცნობს, ისინი კი მის შვილად აყვანას სიხარულით მოინდომებენ. რასმუსი ახლად შეძენილი მშობლების სახლში დაიძინებს, ოსკარი კი, ჩვეულებრივ, საბძელში დაბინავდება.

და, აი, გათენდა უამრავჯერ, უთვალავჯერ ნანატრი დილა. რასმუსმა ლამაზ და მყუდრო ოთახში, ფუმფულა ლოგინში გაიღვიძა. ლურჯი შტორებიდან ოთახში მზის პირველი სხივი შემოპარულიყო. სამზარეულოდან დილის ფუსფუსი ისმოდა. ყავას ფქვავდნენ. ფეხაკრეფით დააბიჯებდნენ. დაუჯერებელია, მაგრამ ეს შენი მშობლების ხმებია. იმ მშობლების, რომლებსაც, რაც თავი გახსოვს, ნატრობდი. ლამაზი და ალერსიანი დედა, ჭკვიანი მამა. ახლა გასაუზმებენ და მერე მამასთან ერთად ლეკვების სანახავად წახვალ. რძეს წაიღებენ და წაყვები, ცხენებს თვითონ გაუძღვები…

მაგრამ რა უცნაურია, როცა ეს ყველაფერი სიხარულის განცდას არ იწვევს შენში. მეტიც – ვერაფერს უხერხებ ყელში მოწოლილ ცრემლებსა და სევდას. მიზეზსაც ვერ აგნებ, სასოწარკვეთილი დაეძებ ტანჯვის საგანს, მიჰყვები ფიქრის აბურდულ გორგალს და ბოლოს ენით აუწერელი ტკივილით არქმევ სახელს ამ აუხსნელ სევდას.

new_Rasmus-pienennetty

ოსკარი

… ოსკარი, რომელსაც, ალბათ, ქურთუკი მხარზე დაუდევრად აქვს გადაგდებული და აუჩქარებლად მიაბიჯებს დილის მზით განათებულ შარაგზაზე.

ამის წარმოდგენაზე რასმუსს აჟრჟოლებს, არა, არა! იქნებ ჯერ კიდევ ყველაფერი არაა დაკარგული. ბიჭი ყვირილით წამოიჭრება ლოგინიდან, აკანკალებული ხელებით იცვამს და უკანმოუხედავად გარბის ოთახიდან.

საბძლის კარი ჭრიალაა, მძიმედ ტრიალებს ანჯამებზე. გარედან შემოსული მზის შუქი თივას ანათებს და თავზარდამცემი ვარაუდი მართლდება – აქ აღარავინაა, ოსკარი წასულა, ყველაფერი დამთავრებულია!

რასმუსი შუბლით მიეყრდნობა კედელს – ბოლო წვეთამდე სასოწარკვეთილი – თითებს შორის ღვარად ჩამოსდის ცრემლები, ტირილისგან ცახცახებს, ვერაფერს ხედავს და ვერაფერს გრძნობს მარტოობის ტკივილის გარდა… ასეა, სანამ ზურგსუკან კარი არ გაიჭრიალებს და უსაშველოდ ნაცნობი ხმა არ შემოესმება – „ეს რა ნაღვლიანი ჰანგები მესმის ამ დილაადრიან?!“

2xYWjGWUPasjp16Owo7yPq9FZiS

ოსკარია!

ისღა დაგრჩენია აუხსნა, რომ არ გინდა უცნობი მდიდარი მშობლები, დიდი ხუტორი და საძოვრები. ერთადერთი, რაც გინდა, ისაა, რომ ოსკარმა ისევ თან წაგიყვანოს გზებზე სახეტიალოდ! რომ შენ სწორედ ასეთი მამა გინდა- მაწანწალა მამა! …

ღამე იწვიმა. ბოლო არ უჩანს შარაგზებს. ერთმანეთს ენაცვლება, იკვეთება და წინ ახალ შარაგზად იშლება. ასობით ხუტორი მოიტოვეს უკან. აბღავლებული ძროხების, მოქოთქოთე ქათმების ხმებით; ყავისა და შებოლილი სალაკის სუნით.

რასმუსი პირდაპირ ტოპავდა გუბეებში. თითებს შორის ტალახი გამოდიოდა. „რა დროს ატარებენ ფეხები, – იცინოდა ბიჭი – „და, საერთოდ, მე ძალიან ბედნიერი ვარ!“

რასმუსმა იცოდა – ცოტა ხანში მოშივდებოდათ, ის და ოსკარი გარმონზე დაამღერებდნენ ნაღვლიან ოდებს და გულუხვი შვედი დიასახლისები აუცილებლად გამოუტანდნენ ხუთერიან მონეტებს, ან კიდევ რძესა და სხოდენებს. გამოუტანდნენ თავიანთი ნაცრისფერი გლეხური სახლებიდან. რასმუსმა ინატრა კიდეც, ნეტავ ერთი პატარა სახლი ჩვენც მოგვცა სადმე, მხოლოდ იმისთვის, რომ ზამთარში ფეხზე თითები არ წაგვეყინოსო.

ინატრა და მორჩა. მაგრამ ზოგჯერ ნატვრა სრულდება. მეტიც, ზოგჯერ ყველა ნატვრა სრულდება. ბიჭს კი, აბა, საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ოსკარს, რომელიც თავის ნებაზე დაეხეტებოდა აღმა-დაღმა, სახლიც ჰქონდა, ცოლიც ჰყავდა და კატაც, რომელიც რასმუსს ყველა შინაურ ცხოველს ერჩია.

საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ოსკარსა და მარტინას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, უბრალოდ, ყოველთვის, როცა გამოთბებოდა, ოსკარს ხეტიალის ჟინი მოუვლიდა, თავს დაადებდა და კაი ხნით გადაიკარგებოდა ხოლმე სახლიდან. მერე ბრუნდებოდა, მარტინა პატიობდა და ისევ ისე უყვარდათ ერთმანეთი. თუმცა მათ არ ჰყავდათ შვილი და ყოველთვის ოცნებობდნენ სწორთმიანი ბიჭის მშობლები გამხდარიყვნენ.

„სწორთმიანი ბიჭი, ან არავინ“ – სწორედ ასე უთხრა მარტინამ. ის მოეხვია ბიჭს და კალთაში ჩაისვა. არავინ მოხვევია რასმუსს მას შემდეგ, რაც ყურის ანთება ჰქონდა და ფრეკენ ხიოკის კალთაში იჯდა.

… ოსკარი და მარტინა არც მდიდრები იყვნენ და არც ლამაზები. მარტინას არ ჰქონდა ბუმბულებიანი ცისფერი შლიაპა. მაგრამ ეს სრულიად არაფერს ნიშნავდა. რასმუსს აქ უნდოდა ცხოვრება. მას უნდოდა ოსკართან და მარტინასთან ცხოვრება ამ პატარა ნაცრისფერ სახლში, ტბის პირას.

რასმუსი მხოლოდ 9 წლის იყო, მაგრამ სრულყოფილად შეიგრძნობდა თავსდამტყდარ ბედნიერებას. ნეტარებამდე გრძნობდა – შეიძლება უსასრულოდ გაიწელოს წამი, როცა ჩამოჯდები საღამოს მზის ქვეშ და ხელს ალერსით გადაუსვამ შენი საკუთარი სახლის დირეს.

რასმუსის სხოდენები

სხოდენი-ტრადიციული შვედური გრძელი ბუტერბროდია. ის სხვადასხვა კომბინაციით მზადდება. სხოდენი, რომლითაც ოსკარი რასმუსს გაცნობის დღეს გაუმასპინძლდა, სურნელოვან ჭვავის პურზე დალაგებული ღორის ქონის ნაჭრებით იყო დამზადებული.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com