კატო & პაატა
მერვე წელი დაიწყო, რაც მსახიობები კატო კალატოზიშვილი და პაატა ინაური ერთად არიან. აგვისტოში ხელი მოაწერეს, დიდი ქორწილი არ სურდათ, ამიტომ ეს დღე მეგობრებთან ერთად ზღვის სანაპიროზე აღნიშნეს. ივნისის თვის ნომრისთვის, კერძის დასაგემოვნებლად სწორედ ამ წყვილს ვესტუმრეთ. არაჩვეულებრივი პასტა „ბოლონეზე“ ერთად მოგვიმზადეს. შეგიძლიათ რეცეპტიც ნახოთ და თავად მოამზადოთ. გვერწმუნეთ ძალიან გემრიელია…
რომელია პაატას საყვარელი კერძი?
კატო: ყველაზე მეტად ლობიო და ჩაქაფული უყვარს.
პაატა: კი, გამოიცნო, ლობიო ძალიან მიყვარს.
რომელია კატოს საყვარელი კერძი?
პაატა: პასტა „ბოლონეზე“, ასევე ძალიან უყვარს ვაშლის პაი
რომელ კერძს აკეთებს კატო ყველაზე ხშირად?
პაატა: პასტა „ბოლონეზეს“.
პაატა თუ ამზადებს კერძებს ან თუ გეხმარება?
კატო: კი, ნამდვილად მეხმარება, შევთანხმდით რომ ერთად უფრო ხალისიანად და სწრაფად ვამზადებთ, თან ეს პროცესი მოგვწონს. თუ ცალ-ცალკე ვამზადებთ, პაატა სულ მეუბნება რომ ძალიან ნელი ვარ.
რომელი დესერტი უყვარს პაატას?
კატო: არცერთს არ გვიყვარს დიდად ტკბილეული და ნამცხვრები.
პაატა: კი, არ ვართ მოყვარულები.
კატო: შოკოლადიც კი არ მიყვარს.
თქვენს ირგვლივ, ვის თვლით საუკეთესო კულინარად?
კატო: ჩემი მეგობარი ქეთა შათირიშვილი ძალიან გემრიელად ამზადებს. განსაკუთრებით მიყვარს მისი მომზადებული კერძი „გამომცხვარი ბოსტანი“, ეს სახელიც თავად შეურჩია. სხვადასხვა ბოსტნეულს აცხობს ღუმელში და უგემრიელესს სოუსს უკეთებს. მიყვარს მისი მომზადებული ჩინური კერძები და ლაზანია.
პაატა: დეიდაჩემია ჩემთვის საუკეთესო კულინარი. ძალიან გემრიელ კერძებს აკეთებს, განსაკუთრებით მიყვარს მისი მომზადებული ჩახოხბილი.
რომ არა თქვენი პროფესიები, შეიძლება თუ არა კულინარია აგერჩიათ როგორც პროფესია?
პაატა: ძალიან მომწონს კულინარია, მიყვარს მწვადის შეწვა, არის ამაში საოცარი ხიბლი, თუმცა პროფესიად არჩევაზე არ მიფიქრია. ასეთი არჩევანის წინაშე რომ აღმოვჩენილიყავი, შეიძლება უარი არ მეთქვა ამ პროფესიაზე.
კატო: რომ არა ჩემი პროფესია დიდი სიამოვნებით გავხდებოდი მზარეული. შეიძლება მზარეულებმა გამკიცხონ, მაგრამ რატომღაც მგონია რომ როდესაც შეფი ხარ, გუნდის წევრები ყველაფერს გიმზადებენ და შენ საბოლოო სახეს აძლევ კერძს. არ მიყვარს ინგრედიენტების გარეცხვა/დაჭრის პროცესი.
პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად არ გიყვართ?
კატო: ჭარხალი და ბოლოკი.
პაატა: თევზეულთან დიდად არ ვმეგობრობ.
პროდუქტი, რომლის გასინჯვის სურვილი არ გაქვთ?
კატო: გველი
პაატა: ჩინეთში ვიყავი და შამფურზე შემწვარი მორიელი შემოგვთავაზეს, ვერ გავსინჯე.
თბილისში სად გიყვართ სავახშმოდ სიარული?
კატო: ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, უმეტეს დროს თეატრში ვატარებთ და გვიან ღამით გამოვდივართ. ამიტომ ჩვენთვის პრაქტიკულია ის საკვები ობიექტები, რაც 24 საათი მუშაობს.
პაატა: მიჭირს გამოვარჩიო, თუმცა ყოველთვის გემრიელი კერძები აქვთ მუხა ცაკატუხაში.
პირველად ერთად რა მიირთვით?
პაატა: ალბათ ლობიანი ან ხაჭაპური თეატრალურ ინსტიტუტში.
კატო: ჯგუფელები ვიყავით, პირველ კურსზე ალბათ მართლაც ხაჭაპურს ვჭამდით ერთად. საშინლად ვიკვებებოდით იმ პერიოდში.
ჩაი თუ ყავა?
კატო: ყავა
პაატა: ჩაი
რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვართ ყველაზე მეტად?
პაატა: ქართული.
კატო: ქართული და იტალიური.
რა არის პაატასთვის იდეალური საუზმე?
კატო: პაატასთვის იდეალური მგონი არც საუზმე და არც კერძი არსებობს, სულ პრეტენზიები აქვს. დილით ჩვეულებრივად საუზმობს, შემწვარი კვერცხი, სტაფილოს ფრეში.
პაატა: კი, შემწვარი კვერცხი, ყველი, ჩაი, სტაფილოს ფრეში.
რომელია კატოს იდეალური საუზმე?
პაატა: არაფერი განსაკუთრებული, მიუსლი, კვერცხი, ყველაზე მეტად სულგუნი უყვარს.
Pasta Bolognese
ინგრედიენტები:
• მაკარონი – ბავეტი
• ტომატის პასტა – 250 გრ.
• პომიდორი – 5-6 ც.
• ხახვი – 4-5 ც.
• ნიორი – 5-6 კბ.
• ქინძი – გემოვნებით
• რეჰანი – გემოვნებით
• მარილი – გემოვნებით
• სტაფილო – 1-1.5 ც.
• კარაქი – 100 გრ.
• ღვინო (თეთრი მშრალი) – 250-300 გრ.
• საქონლის ფარში – 500 გრ.
მომზადების წესი:
გახეხეთ კანგაცლილი პომიდორი, დააბლენდერეთ ან ძალიან წვრილად დაჭერით ხახვი, წვრილად გახეხეთ ნიორი და სტაფილო. ასევე წვრილად დაჭერით რეჰანი და ქინძი. მოზრდილ, ღრმა ტაფაზე დადეთ კარაქი (50 გრ.), მოათავსეთ ფარში (დაბალ ცეცხლზე) და დაელოდეთ ფერის შეცვლას. დაუმატეთ ½ ჭიქა ღვინო, გააჩერეთ 2-3 წუთი, შემდეგ კი დაუმატეთ დაბლენდერებული ხახვის 2/3 ნაწილი. აიღეთ საშუალო ზომის ქვაბი, მოათავსეთ მასში ტომატის პასტა, გახეხილი პომიდორი, დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ, რომ წამოდუღდება დაუმატეთ 50 გრ. კარაქი და 50 მლ. ღვინო. 10-15 წთ. ხარშვის შემდეგ ტომატისა და პომიდვრის მასაში დაუმატეთ დარჩენილი ხახვი, გახეხილი სტაფილო და ნიორი. დარჩენილი ღვინო პერიოდულად დაუმატეთ ფარშს, რომ არ გამოშრეს. საჭიროების შემთხვევაში ღვინოს შეგიძლიათ შეურიოთ 50-70 მლ. წყალი. 15-20 წთ. ხარშვისა და პარალელური მოთუშვის შემდეგ ტომატის მასა დაუმატეთ ფარშს და გააჩერეთ 10 წთ.-ის განმავლობაში. მომზადებამდე ორი წუთით ადრე დაუმატეთ წვრილად დაჭრილი რეჰანი და ქინძი. მოხარშეთ მაკარონი, გაავლეთ ცივი წყალი და ქვაბში მოათავსეთ 10-15 გრ. კარაქთან ერთად.
წინასწარ მოამზადეთ გახეხილი პარმეზანი ან ქარხნის ყველი და მოაყარეთ კერძს.
გემრიელად მიირთვით!
ფოტო: LIG STUDIO