კაპოტ-სუფრა

ვახო ბაბუნაშვილის ბლოგი

ქართველებს გვაქვს ანდაზა-გაფრთხილება „ნუ დასცინი სხვასაო, გადახდება თავსაო“. ანდაზა, მით უმეტეს გაფრთხილება, იმისთვისაა, რომ გაითვალისწინო, გაიაზრო და გაიადვილო ცხოვრება. მაგრამ ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ და არა ბრძენები. ზაფხული იყო, ძალიან ცხელი აგვისტო. თბილისში ვიყავი, ვერ მივდიოდი ვერსად და შუადღისას მომიწია რაღაც საქმეზე გასვლა. ისე ცხელოდა, რომ ტრანსპორტით მგზავრობას ისევ ფეხით მისვლა ვამჯობინე, თან დანიშნულების ადგილიც არ იყო შორს და ვიფიქრე, გავისეირნებ-მეთქი. გარეთ რომ გამოვედი, მივხვდი, ძალიან ცხელოდა. ასე იცის ხოლმე თბილისში, განსაკუთრებით ივლის-აგვისტოში, ისე დაცხება, სული გეხუთება. ქალაქი მტვრიანია და ბუღი დგას. მთავარ ქუჩებზე საერთოდ შეუძლებელია ყოფნა, ასფალტი გავარვარებულია და ზოგან იმდენად, რომ რბილიც კია და ნაფეხურს დატოვებ. რა თქმა უნდა, არის ადგილები, სადაც ამ სიცხის დროსაც კი სასიამოვნოა ყოფნა. უფრო შემაღლებულზე, ძველ უბნებში საკუთარი ეზო თუ გაქვს ხეებით დაჩრდილული, მაშინ ვერას დაგაკლებს ზაფხულის სიცხე. მაგრამ იმ დღეს მე ერთ პროსპექტზე მოვდიოდი, გავარვარებულსა და მტვრიანზე. ძალიან მცხელოდა და სულ ოფლად ვიყავი გაღვრილი. როგორც ამ დროს იცის ხოლმე, თავში არეულობა მქონდა, კარგად ვერ აღვიქვამდი რეალობას. ერთ კუთხეში რომ შევუხვიე, შორს შევამჩნიე ტროტუარზე შეყენებული მანქანა და რამდენიმე კაცი მის გარშემო. იქაურობას ისეთი ალმური ასდიოდა, როგორც უდაბნოში იცის ხოლმე. კიდევ დავაკვირდი და დავინახე, რომ მანქანის კაპოტზე სახელდახელო სუფრა ჰქონდათ გაშლილი. ვიფიქრე, ეს რა ხალხი ვართ-მეთქი. შე კაი ადამიანო, ისეთი რა გაგიჭირდა, რომ ამ სიცხესა და მტვერში, შუა ქალაქში მანქანაზე არ გაშალო სუფრა და იქეიფო, ეს რა უბედურებაა, რა უნდა მომცე, რომ ასეთ სიტუაციაში რამე შევჭამო ან დავლიო-მეთქი. მერე დავიწყე ტრადიციებზე ფიქრი, კულტურასაც გადავწვდი და სადღაც გულში კი მესიამოვნა, რომ მე ასეთი არა ვარ. ცოტა რომ მივუახლოვდი, უკვე გარკვევით დავინახე, რომ ღვინოს სვამდნენ. 10-ლიტრიანი ბოცა ედგათ მანქანზე. არა, ეს რა ველურობა და უკულტრობაა, არანაირი ტრადიცია არ არსებობს, რომ შუა ქალაქში, მანქანის კაპოტზე, პაპანაქება სიცხეში, ძუნძგლში და უბედურებაში დალიო… – მეთქი, ვფიქრობდი ისევ და თან თავს ვიქებდი, რომ „მე ასეთი არა ვარ“. უკვე ძალიან ახლოს მივედი. „რა სულელები არიან, ესენი ვინ არიან? არ არსებობს ამგვარ სიტუაციაში აღმოვჩნდე“, – ვთქვი გულში, როცა გვერდით ჩავუარე და ამ დროს … – ვახო! – მომესმა უკნიდან, – როგორ ხარ, შენ შემოგევლე? – ვაა, გოჩა? – გადავეხვიე მეც. ჩემი კლასელი, რომელიც, რამდენიმე წელი იყო, არ მენახა, სწორედ იმ ხალხში იდგა და იმ მანქანასთან სადაც „მე არასოდეს დავდგები“ ქეიფობდა. მანქანაზე პირდაპირ იყო გაშლილი გაზეთი და ზედ ყველი, პური, კიტრისა და პომიდვრის მარტივი სალათა, ცოტა დაჭრილი ძეხვი, ღვინო და ეგ არის. ზუსტად ერთ წუთში უკვე პირველი ჭიქა დალეული მქონდა და სწორედ „იქ“ ვიდექი ღვინით სავსე ჭიქით ხელში და ვუსმენდი გოჩას, რომელიც თავის მეგობრებს ჩემს თავს აცნობდა. რა თქმა უნდა, შეხვედრაზეც აღარ მივედი. „ნუ დასცინი სხვასაო – გადახდება თავსაო!“

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com