კულინარიული კრახი

DSC_2323

აჩი არველაძე, შოთი არველაძე

არც ისე ბევრი, მაგრამ მნიშვნელოვანი ინგრედიენტით, ცხოვრებაში მთავარ რეცეპტს მიაგნეს. შემდეგ იყო ბევრი გოლი, აპლოდისმენტები, გულშემატკივრები, გამარჯვება, აღიარება და ცოტა დრო კულინარიისთვის…

ტრადიციული იუმორით, ამჯერად კულინარიაზე გვესაუბრებიან. მანამდე, ფოტოსესიაზე ცოტა უკმაყოფილო სახეებით გვთანხმდებიან… „ჰმ… ყუფარაძეს რომ არ დაერეკა, არ დავთანხმდებოდით…

“მათი კულინარიული ისტორია მხოლოდ შემწვარი კარტოფილით, პელმენებით, პამიდვრიანი კვერცხითა და სოსისით შემოიფარგლება. თუმცა, როგორც გურმან ადამიანებს, ფანტაზია ბევრად მდიდარი აქვთ.

აჩი: „უცხოეთში ყოფნისას, ვარკვევთ სად შეიძლება განსაკუთრებით გემრიელად ვივახშმოთ და მთელი დღე არ ვჭამთ, ვემზადებით რაიმე გამორჩეულის დასაგემოვნებლად. ჩინური, იტალიური, იაპონური, ესპანური, ბერძნული, რუსული და ცოტა აზიური სამზარეულოც გვიყვარს.

ფეხბურთელს კულინარიის ცოდნა არ სჭირდება, თუ ცარიელ-ტარიელი არ არის. საზღვარგარეთ, მარტო ცხოვრებისას, ძირითადად კაფეებში და რესტორნებში იკვებებიან.

მარტივად მოსამზადებელ კერძებს ვაკეთებთ ხოლმე, მაგრამ ხორცს და მსგავსს რთულ საკვებს არ შევჭიდებივრთ.

ოჯახის კულინარი წევრები

დედა, მამა, მეუღლეები, მამიდა… კარგი კულინარებით განებივრებულ ფეხბურთელებს, საფიქრალი მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომელი კერძი მიირთვან. ოჯახში მენიუ განაწილებულია: მამიდას ბლინები გამოსდის საუკეთესოდ, მამა – ხორცის მომზადების ოსტატია და ა.შ.

აჩი: „საქართველოში კულინარია ქალებთან ასოცირდება. ჩვენს ოჯახში ყველა ამზადებს… დედაჩემი ნამცხვარს, რომ აცხობდა, კრემში თითის ჩაყოფა მიყვარდა. ყველაზე გემრიელად ვჭამდი და მეჩხუბებოდა ხოლმე, ცოტა ხანიდამაცადეო… მამაჩვენი ისეთი კარგი კულინარია, პროდუქტის ყიდვის პროცესიც კი ძალიან სიამოვნებს.

ჩემს მეგობრებსაც ეხერხებათ კერძების მომზადება. წყნეთში, კიკეთში და სხვადასხვა აგარაკზე ვიკრიბებით ხოლმე, მწვადს ვწვავთ და ვაგემოვნებთ…

შოთი: „მამიდა აცხობს წარმოუდგენლად გემრიელ და თხელ ალადებს. მსგავსი სიგემრიელის არაფერი გამისინჯავს! ზოგჯერ გამზადებულს გვატანს, უბრალოდ ტაფაზე დასხმა სჭირდება ხოლმე, მაგრამ ჩვენ მაინც არ გამოგვდის ისეთი კარგი. საქართველოში როცა ჩამოვდივართ, ალადებს გვახვედრებს. იცის, რომ ყველაზე მეტად გვენატრება“

ტყუპების კრახი

კრახი… ამ თემაზე ძალიან ბევრი იფიქრეს… იცინეს… ბოლოს, ის ისტორიები აარჩიეს, რომლებიც ყველაზე მეტად ჯდება საზოგადოებრივი ეთიკის ნორმებში. ეს ხუმრობით, უფრო სერიოზულად კი…

შოთი: „ყველაზე ხშირად, ცხელი ჩაის დალევისას ხახას ვიწვავთ…

პაუზა…

აჩი: ყოფილა შემთხვევა, რომ კარტოფილი ვერ შევწვი. ზოგჯერ, ცოტა უმი გამომდის, ან – პირიქით. სახლში სუხარს წვავენ ხოლმე, ავიწყდებათ და იწვება. მერე მთელ ბინაში ბოლი დგება… ყველა ოჯახში ხდება მსგავსი ინციდენტები. ერთხელ, ჭამის დროს შოთიმ დანა დამარტყა… სულ ეს არის ჩვენი კრახი.

კულინარიია, როგორც ხელოვნება

აჩი: „ამ სფეროში კონკურენციაა. მზარეულები კატეგორიებად იყოფიან, რესტორნებს ხარისხი ენიჭებათ, ინსტიტუტებში კულინარიის სასწავლო კურსებია. ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ ეს დარგი აქტუალურია.

კარგი კულინარი უნდა იყოს დისციპლინირებული, მყარი ნერვების პატრონი. ფანტაზიის უნარი და გემოების შეგრძნება უნდა ჰქონდეს. განწყობა მნიშვნელოვანია… შეიძლება რაღაცას აცხობდე და ცომი არ ამოვიდეს, ჩაგივარდეს, მაგრამ მაინც გემრიელი გამოვიდეს. ხშირად, ხაჭაპურს ერთი და იგივე რეცეპტით ამზადებენ და სრულიად განსხვავებულს აკეთებენ. ახალ წელს ყველა ოჯახში არის საცივი, მაგრამ ერთგან თუ ნახავ გამორჩეულად გემრიელს.

მათი თქმით, ხელოვნებაა ყველაფერი, რასაც ადამიანი საკუთარი ხელით ქმნის, მათ შორის – კულინარიაც. გემრიელი, ესთეტიური და სრულყოფილი კერძი შემოქმედების ნაწილია.

DSC_2344

DSC_2336

ფოტო: ირა კურმაევა

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com