ჩემი ხევსურული ფანტაზია

nKhevsur_man_cloth_(perangi)

დიანა ანფიმიადის ბლოგი

(გამოგონილი ისტორია)

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტები შოთა არაბულის ხელნაწერი წიგნიდან „ხევსურული საჭმელ-სასმელი“

თუ რამე არსებობს ჩვენთან ხელშეუხებელი, წარმართულ-ქრისტიანული, ღრმა, საუკუნეების წიაღებით ფესვებგამაგრებული, საინტერესო და გამოუცნობი – ეს ხევსურეთია, ასეთია იგი ჩემს ცხადსა და სიზმრებში, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კარგად ვიცნობ მის ხეობებსა და მთებს, მის ადამიანებს, ლექსებს და ციხე- კოშკებს…

ჰოდა, როდესაც ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა, გიორგი არაბულმა მამამისის, ეთნოგრაფისა და მხატვრის, შოთა არაბულის ხელნაწერი ხევსურული კულინარიული რეცეპტები მანახა, ჩემი ბავშვობისა და თუ დიდობის ყველა სათავგადასავლო, ისტორიული და ფენტეზის ჟანრის წიგნი ერთად გაცოცხლდა, ზოგჯერ პატარა ხელნაწერ წიგნში უფრო მეტი ჯადოსნური ძალაა, ვიდრე კონკიას ნათლიის პატარა ჯოხში.

ჰოდა, გადავწყვიტე ვითამაშო გემოებით, წარმოსახვებითა და ფანტაზიებით!

თქვენც წამომყევით….

გოტფრიდ ტულუზელი სიკვდილს სულ შემთხვევით გადაურჩა. მეგობრებისგან ფარულად, იერუსალიმის ერთ-ერთ დუქანში წასახემსებლად შესულს უკან დაბრუნებისას არც ერთი თანამებრძოლი ცოცხალი არ დახვდა. სწორედ იმ უკანასკნელ, სინდისის ქენჯნის გარეშე მირთმეულ სადილს იგონებდა ახლაც, ამ უცნაური ქვეყნის მთა-ღრეებში დაკარგული. ციოდა… როგორ გაათბობდა ელზასური ღვინო და თავისი ცოლის, სიბილას მიერ შეპიწკინებული ბატის ღვეზელები…

ფეხსაცმელი მთლად დახეოდა, თავის დროზეც არ იყო მთლად უნაკლო, ბევრს სცოდავდა მეზობელი მეწაღე, ძირითადად, ბახუსთან ახლო, ძალიან ახლო მეგობრობის გამო.

სამოსიც შელანძღული ჰქონდა, ბოლო ალყის ბრძოლის კვალი ტილოს ნაჭერში ღრმად ჩამჯდარი შემხმარი სისხლი – ახლაც ეტყობოდა… მუზარადი გაბზარული იყო და წყალსაც ვერ იჭერდა, როცა ამ წყალუხვ მხარეში კიდევ ერთი, ანკარა, გემრიელი და ყინულივით ცივი წყლის დალევას ცდილობდა გვიმრებს შორის მიმალული წყაროდან…

გზად უცნაური, ქვის სალოცავები ხვდებოდა, ფერად-ფერადი, მთის მზეზე გახუნებული ყვავილები, იშვიათად დასახლებები, ქვით ნაშენი სახლები, პატარა სარკმლები, დაბრაწულლოყებიანი, ჭღალ და ოქროსთმიანი ბავშვები….

დაღლილმა და შიმშილისაგან გასავათებულმა ჯვაროსანმა ჩქარი და ცივი მდინარის პირას ჩამოისვენა… ძილმა ისე უცებ წაართვა თავი, რომ გაფიქრებაც კი ვერ მოასწრო და ღრმად დაეძინა…

… როცა მასპინძლებმა დათვისგან დატორილ ფრანგ ჯვაროსანს ბალახების მალამო დაადეს და ცხელი არყით
მოასულიერეს, პირველი, რაც მან იგრძნო, საკვების მძაფრი სუნი იყო… ერთი შეხედვით პირქუში და მკაცრი ადამიანების ხელით მოწვდილი ნოყიერი და მაწიერი საკვები დაქანცული ჯვაროსნისთვის ახალი სიცოცხლის დასაწყისი იყო…

„შიგაურიან ქადისკვრები

საქონის ნაწლევებს გავრეცხავთ, ჩავყრით წყალში და ცოტაად წამოვადუღებთ. ამოვიღებთ და წვრილად ჩავჭრით, ჩაჭრილს კიდევ გავრეცხავთ თბილ წყალში. დავაყრით მარილს, სანელებლებს და შევინახავთ. ან მაშინვე გამოვახობთ ქადისკვრებს, თუ გვაქვს სისხლი, იმასაც გავურევთ გულში, ჩავაწებთ ერბოში და ვჭამთ.“

აი, კიდევ ერთი რეცეპტი – „მაჭკატების“ მოსამზადებლად:

„ბაკანში ჩავასხმათ ცომ ზისცვარს და, შიგ ფქვილს ჩავყრით და მოვურევთ. ტაფაზე (წინათ ზედგარზე დადებულ სიპზე ასხამდნენ, რომელსაც დუმას წაუსვამდნენ). წავუსვამთ დუმას, დავასხამთ ერთმანეთში არეულ ფქვილსა და ზისცვარს და გამოვაცხობთ თხელ მაჭკატებს. გამოცდობიდგე ჩავაწყობთ ბაკანში, დავასხამთ ერბოს და ვჭამთ. ერბო-კალტში ამოწებული მაჭკატიც გემრიელია….“

და კიდევ ერთი, სწორედ ამ მაჭკატების ჩასაწობად…

„კარაქისძირი

ერბოს რომ გადასწურავენ, დარჩენილ ფაფისებრ მასას ტაფაში გადმოიღებენ, უზამენ მწვანე ხახვს, ან მოდაღულ ხახვს, წააცხელებენ ცეცხლზე და პურთან ერთად ჭამენ…“

იჯდა ფრანგი ჯვაროსანი შორეული ქვეყნის უშორეს მხარეში, პატარა, ქვით ნაგები სახლის კერიასთან, ახალგამომცხვარ ხმიადებს თბილ ერბოში აწობდა, მისთვის უცხო და ცოტა უხეშ ენას უსმენდა, მასპინძლების ღიმილიან, ოდნავ ეჭვიან თვალებს უცქერდა და თავს ომში ახალგარდაცვლილი მეომარივით გრძნობდა, ვინც ჯერ არ იცის, სამოთხეში მოხვდა თუ ჯოჯოხეთში, მაგრამ რაღაც მაინც ამშვიდებს, თუნდაც ის, რომ კიდევ ერთი, დიდი გზა დამთავრა, როგორც იქნა…

„შარმანაულო შავარდენო, მთიბელნი გიხარიანღაეო. მთიბელ-მამკლისა სანაყროდაო დუმას ზისცვარში ხარშავღაეო.“

– ღიღინებდა შემთვრალი ხევსური…

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com