KIDS MENU

Culinart_11_PRINT42

ქორფა ბალახში მიმობნეულ გვირილებს მოაქვს გაზაფხული და სითბო. ყვავილების ფესვებს მიღმა კი ისეთი ფერადოვნებაა, როგორიც არსად გინახავთ, არასდროს. არადა, სულ ადვილია, საკუთარი ხელებით, სტაფილოთი, კარტოფილითა და ჭარხლით ააწყოთ მადისაღმძვრელი, ვიტამინებით სავსე მდელო.

დღემდე არ ვიცი, როგორ დგება ხეებში წყალი ზამთრის მიწურულს, თუმცა თებერვალი წელსაც მოახლოებული გაზაფხულის ალერსიან, უხმაურო ქროლვას მოიყოლებს. შეგრძნება, რომ სულ მალე აიქოჩრებიან ხეები, გაყოყოჩდება მოძლიერებული მზე და ყოველ დილით გაგვიპატიჟებს სასეირნოდ, წელსაც უცვლელ სიხარულს იწვევს. თუმცა სანამ ნაქსოვ ტანსაცმელს შემოვიგლეჯთ, ნაზამთრალ დაქანცულ ელფერს ჩამოვიშორებთ და გავილაღებთ, სანამ მაისი ჩამოდგება და შხაპუნა წვიმების სეზონი დაიწყება, ზამთრის მიწურულს ბოლო მზიან დღეებსაც აქვს თავისი ხიბლი.
მაინც რით შეიძლება დაკავდე თებერვლის შაბათ დღეს, როცა ორი ბიჭი – ერთი პატარა და ერთიც მოზრდილი – იმის იმედით შემოგცქერის, რომ რამე საინტერესოს მოიგონებ? მაგალითად, შაბათი პროდუქტების მოსამარაგებლად საუკეთესო დღეა. ფეხით სეირნობისთვისაც იდეალური ამინდი დგას. რაიმე გემრიელის მომზადებაც შეიძლებოდა… მოკლედ, საყიდლები, სეირნობა, ან კულინარია, ან სულაც სამივე ერთად. თბილი დღეა და სეირნობას მოგანდომებს.
ჰაერში ძლივძლივობით, მაგრამ მაინც ვიჭერ ნაცნობ სურნელს,რომელიც სხვას არაფერს მოაქვს, თუ არა მოახლოებულ გაზაფხულს.
ბავშვობაში ეს სუნი ცხვირში პირველად რომ შემომიძვრებოდა, უკვე ვიცოდი, რომ გაზაფხული კარს უკან იდგა.
ახლაც ვიცი და მიხარია. ისიც ვიცი, რომ დღეს, სეირნობის დასასრულს, ჩემი ბიჭების თეფშზე ბოსტნეულის სალათი მინდა მოხვდეს. რატომ? იმიტომ, რომ ბოსტნეული ზედმეტი არასდროსაა და, მით უმეტეს, ზამთრის მიწურულს, როცა ორგანიზმი პირდაპირ იხვეწება ვიტამინებს. თუმცა სანამ საჭირო ინგრედიენტებით მოვმარაგდებით, ჯერ ჩამჭრელი შეკითხვების საპასუხოდ უნდა მოვემზადოთ და არგუმენტებითაც აღვიჭურვოთ. დანამდვილებით ვიცი, ვერაფრით ავცდები აზრთა რადიკალურ სხვადასხვაობას. ამიტომ გადამწყვეტია წინასწარ მქონდეს მოფიქრებული პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ უნდა ვჭამოთ მაინცდამაინც ბოსტნეულის სალათი? იმიტომ, რომ საყიდლებზე ერთად გავილაშქრებთ; ერთად ავარჩევთ სტაფილოებსა და კარტოფილებს; იმიტომ, რომ ფერადი და მხიარული ბოსტნეულისგან ათასგვარი ლამაზი კერძის მოფიქრება შეიძლება; კიდევ იმიტომ, რომ ყველაზე მეტი ვიტამინი ბოსტნეულშია, ვიტამინების დახმარებით კი ენერგია გვემატება და ელვის სისწრაფით გვიმოკლდება შარვლები.
თბილა და ქუდებიც აღარ გვჭირდება. სანამ სტაფილო და ჭარხალი სალათად იქცევა, ჯერ მათ ასარჩევად მივემართებით. ხის კალათი, რომელიც თან მიგვაქვს, საყიდლებზე წასვლას ზღაპრულ ელფერს სძენს. ამ დროს ვხვდები და მეცინება – ყველაფრის რომანტიზება შეუძლია ადამიანს, თუ მოინდომებს. ბოსტნეულის არჩევაც თავისუფლად შეიძლება მხიარულ რიტუალად იქცეს. პირველ რიგში, უცნაური ფორმის კარტოფილებსა და სტაფილოებს ვარჩევთ, გიგანტურ ჭარხალს, ხასხასა კამას; სახლში ამ ყველაფერს კალათიდან ამოვალაგებთ და ერთად ვრეცხავთ, სანდროს სკამზე ვაყენებთ და უფლებას ვაძლევთ თავიდან ფეხებამდე გაგვწუწოს. მერე ვაცხადებთ კონკურსს: ვინ იცინებს ყველაზე დიდხანს და გიჟურად გვიხარია ერთად ყოფნა!
ძნელი სათქმელია, როგორ აღიქვამს ამ ყოველდღიურ სიხარულს ორი ბიჭი – ერთი პატარა და ერთიც მოზრდილი. ორი ბიჭი, რომელთა ირგვლივ დაუღალავად ბრუნავს ჩემი წილი დედამიწა. მინდა მჯეროდეს, რომ ისინიც იჭერენ და ინახავენ ერთად ყოფნის წამებს; რომ მათაც ავიწყდებათ ზოგჯერ ყველაფერი – უდარდელი სიცილისა და სამზარეულოს მაგიდაზე დახვავებული ბოსტნეულის გარდა. მინდა მჯეროდეს, იმიტომ, რომ წამისა და კადრის მთელი ეს ფერადოვნება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საყიდლებზე წასვლა და მერე სადილის მომზადება.
ჯერ კარტოფილს ვხეხავთ, მერე ჭარხალს, მერე სტაფილოს, ცოტა ზეითუნის ზეთს ვასხამთ და თავიდან ვიწყებთ: კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო. მერე დაჭყლეტილ ნიორს ვაყრით. ცოტა მძაფრი სუნი აქვს, სამაგიეროდ ვამპირებს ვამარცხებთ!
ხის ფიცარზე მწვანე ხახვისა და კამის მთელი ზვინი გვაქვს მომზადებული, სალათს მთლიანად ვფარავთ. ბოლოს მოხარშული კვერცხით ვერთობით: ვჭრით და ვჭრით გვირილებს, სალათზე ვალაგებთ და ველოდებით, როგორ ააყვავილებს გაზაფხული ბოსტნეულის მდელოს. და მტკიცედ მჯერა: სასარგებლოა ის, რაც ლამაზი და გემრიელია. ჩვენი სალათი ლამაზიცაა და გემრიელიც, ანუ სასარგებლოც.
ამაზე ფიქრი მახარებს.
კიდევ რა მახარებს?
ახლა რომ ჩამოთბება, ხეტიალის სეზონი რომ დაიწყება და წამითაც რომ არ დამტოვებენ აქეთ-იქიდან ჩაბღაუჭებული პატარა თითუკები.
გაბუტულებივით რომ დაიბერებიან კვირტები ხეებზე. ნამდვილი გვირილების ყვავილობა რომ დაიწყება… რომ მოვა აპრილი და ნაზამთრალ ფარდებზე ათამაშდება მზე გაზაფხულის.

ბოსტნეულის მდელო

Culinart_11_PRINT43

ინგრედიენტები:
•კარტოფილი: 2-3 საშუალო ზომის
•ჭარხალი: 1 მოზრდილი
•სტაფილო: 2 საშუალო
•მწვანე ხახვი: 5-6 ღერი
•კამა: 1 კონა
•ზეითუნის ზეთი: 2 ჩ.კ.
•კვერცხი: 3 ცალი
•მარილი: გემოვნებით

მომზადების წესი:
ფენებად ვხეხავთ მოხარშულ კარტოფილს, მოხარშულ ჭარხალსა და უმ სტაფილოს. მოვასხამთ 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთს. ვაყრით მარილს. მეორე ფენად ისევ ვანაწილებთ კარტოფილს, ჭარხალსა და სტაფილოს. ვასხამთ კიდევ 1 ჩ. კ. ზეთს. ზემოდან წვრილად დაჭრილ მწვანე ხახვსა და კამას ისე ვაყრით, რომ სალათი მთლიანად დაიფაროს. მოხარშული კვერცხისგან გვირილებს ვჭრით და ბოსტნეულის მდელოზე ვანაწილებთ.

ფოტო: LIG Studio

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com