ქეთუნა ყრუაშვილი
პორტუგალია, ბოლო დროს, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქვეყანა გახდა და უკიდურესი დასავლეთ ევროპის ამ ქვეყნის მონახულება დღეს, ძალიან პოპულარულია. მეგობრები, ნაცნობები ხშირად მეკითხებიან ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების შესახებ. ერთგვარი "Guide"-იც კი შევადგინე, სადაც სხვადასხვა სანახაობები, რესტორნები თუ კაფეები ჩამოვწერე.
2009 წელს, მეგობართან ერთად, პირველად ჩავედი ლისაბონში. ჩემთვის ეს, ერთგვარი ოცნების ახდენა იყო, გაოგნებული დავრჩი… ალბათ ყველას გვაქვს ბავშვობიდან აკვიატებული ქალაქი, რომლის მონახულებაც შორეულ ოცნებას ჰგავს, ჩემთვის ასეთი ქალაქი იყო პორტუგალია. ის არაფერს ჰგავს, ძალიან თავისებურია… სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით, მოუვლელი, ბევრი მიტოვებული სახლიც შეგხვდებათ, თუმცა ეს ყველაფერი, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მას, – სინათლით სავსე ქალაქია… დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ამ ქვეყანაზე, მაგრამ ამჯერად მის გასტრონომიულ მხარეზე მოგიყვებით. პორტუგალიის ერთ-ერთი მომხიბვლელობა სწორედ – "Food Tourism"-ია. ზოგადად, აქ ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოა, თუმცა გარკვეული ინდივიდუალურობა გააჩნია. დაბალანსებული გემოების და ჯანსაღი საკვების საოცარი სინთეზი. თუ ზღვის პროდუქტების მოყვარული ხართ, თქვენ სწორ ადგილას მოხვდით. პორტუგალია ის ქვეყანაა, სადაც ორშაბათობით ადგილობრივი მოსახლეობა თევზს არ მიირთმევს, რადგან მეთევზეები კვირას ისვენებენ და მოსახლეობის აზრით, ორშაბათს – შაბათს დაჭერილი თევზი იყიდება. ოკეანისპირა ქალაქებში თუ დასახლებებში, განსაკუთრებით, მეთევზეების სოფლებში (ასე ეძახიან), თევზეულის დაუჯერებელი ფესტივალი გელით. ტრადიციული კერძებიდან გამოვარჩევდი "Arroz de marisco" (ზღვის პროდუქტების ბრინჯი, Seafood Rice) და ზღვის პროდუქტების Cataplana. კატაპლანა სპილენძის სპეციალურ ჭურჭელს ჰქვია, რომელშიც კერძი მზადდება, ეს არის თევზეულის ან ზღვის პროდუქტების კომბინაცია, სუნელებით და ცოცხალი მწვანილით შეკმაზული. გარწმუნებთ, დაუვიწყარ სიამოვნებას მიიღებთ!…
ლისაბონში ცნობილი შეაფოოდ რესტორანი არის "Ramiro", თუმცა ადგილობრივებს, ლისაბონიდან 20-30 წუთის მოშორებით, დასახლება "Ericeira"-ს სანაპიროზე არსებული რესტორნები მიაჩნიათ საუკეთესოდ. ერთ-ერთი არის "Furnas da Ericeira", 25 ევროს გადაიხდით და განუსაზღვრელი რაოდენობის, საუკეთესო ხარისხის ზღვის პროდუქტები შეგიძლიათ მიირთვათ.
ქალაქ პორტოში, ოკეანის სანაპიროსთან არის უბანი Matosinhos, აქ ერთმანეთის მიყოლებით არის ჩამწკრივებული თევზის და Seafood-ის საუკეთესო რესტორნები. თითოეული მათგანის წინ ნახშირის მაყალი დგას და გრილზე მზადდება კერძები. მთელ ქუჩაზე წარმოუდგენელი სუნი ტრიალებს.
თევზის რესტორნებიდან გამოვარჩევდი "O Valentim"-ს. სასიამოვნო გარემოა, ბოლო სართულზე კი ტერასა აქვს და საოცარი ხედი იშლება პორტზე, შეგიძლიათ მზის ჩასვლას ამ ადგილიდან ადევნოთ თვალი. თევზეულიდან გამორჩეული კერძია "Polvo a lagareiro". ეს არის უზარმაზარი რვაფეხა, რომლის გემოც სულ მოგენატრებათ.
თუ თევზეულის მოყვარული არ ბრძანდებით, ეს სულ არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში გასტრონომიულ სიამოვნებას ვერ მიიღებთ. პორტუგალიური საქონლის ხორცი ერთ- ერთი საუკეთესოა ევროპაში. სტეიკი, თუ ტრადიციული ხორცეული – აქ ყველაფერი გემრიელია. ბატკნის ხორცის მოყვარულებს, ასევე აქვთ საოცარი კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა. გოჭის გემო თუ გამაკვირვებდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. აუცილებლად, უპირობოდ, უნდა მიირთვათ პორტუგალიური გოჭი, ადგილობრივები ამისთვის სპეციალურ ქალაქში დადიან, Mealhada და Bairrada, ამ ორ ადგილს – გოჭების სამეფოს ეძახიან. გარნირად, როგორც წესი, ზეითუნის ზეთში მომზადებული კარტოფილის თხელი ჩიფსები მოაქვთ. გოჭს სპეციალური სოუსი მოყვება (შემადგენლობა დღემდე არ ვიცი), რომელიც კერძს საოცარ გემოს აძლევს.
Fine Dining-ის მოყვარულებისთვის, ლისაბონის გამორჩეული რესტორანია – ორი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი "Belcanto". ცნობილი პორტუგალიელი შეფი, ჟოზე ავილეში, დაუვიწყარ კერძებს შემოგთავაზებთ. ტრადიციული პორტუგალიური კულინარია აყვანილია ე.წ. „მაღალი სამზარეულოს“ სიმაღლეზე, ნამდვილი ფოიერვერკია. გირჩევთ, სადეგუსტაციო მენიუ შეუკვეთოთ, რომელიც მრავალი კერძისგან შედგება. არ ინანებთ, თუ ღვინის სადეგუსტაციო მენიუსაც დაამატებთ! პორტუგალიური ღვინო ხომ ცალკე რუბრიკას იმსახურებს!… რესტორანი შედარებით მაღალბიუჯეტიანია, ორი ვარსკვლავი „თავისას შვება“.
პორტოში ჩემი საყვარელი რესტორანი არის "Casa de cha – Boa Nova". ოკეანის პირას მდებარე შენობა ცნობილ პორტუგალიელ არქიტექტორს, ალვარო სიზას ეკუთვნის, ამიტომ ეს რესტორანი ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო ადგილია. ავილეშის პორტოელი შეფი რუი პაოლაც, ბელკანტოს მსგავსად, ტრადიციული კერძების ახალ, დახვეწილ ვერსიებს გვთავაზობს, მოლეკულარული სამზარეულოს ელემენტებით. ისევ სადეგუსტაციო მენიუ აირჩიეთ, ღვინის მენიუს თანხლებით. ორივე რესტორანში ახალი გემოების აღმოჩენა, გაანალიზება და მოწონება- დაწუნება გელით.
პორტუგალიური დესერტები, ღვინის მსგავსად, ცალკე ისტორიაა. მაგრამ არ შემიძლია ერთი ტკბილეულის შესახებ არ გითხრათ ეს არის "Pasteis de Belem", რომელიც ლისაბონში, ბელემის (ბეთლემის) უბანში არსებულ, იგივე სახელწოდების კაფეში იყიდება. ტკბილეულს გარედან აქვს ხრაშუნა, ფენოვანი ცომის ხვეულა ტარტი, ხოლო შიგნით ამოვსებულია კრემით, რომლის რეცეპტი მხოლოდ მფლობელმა იცის და 1837 წლიდან შთამომავლობით გადაეცემათ. კაფეს შესასვლელთან ტროტუარზე, ალბათ 20-30 მეტრიანი რიგია, მაგრამ არ შეშინდეთ, ნამდვილად ღირს წვალებად. კრემი ოდნავ თბილია და ლავასავითაა. პირში ჩადებისას ხრაშუნა ცომთან კომბინაციაში ისეთი გემრიელია, რომ სიამოვნებას ვერ დაფარავთ. იმდენი სხვადასხვა რესტორანი და კერძი მახსენდება, რომ ყველას შესახებ თუ მოგიყვებით, მეშინია მოსაწყენი არ გახდეს.
ჩემს ერთ შთაბეჭდილებას კიდევ გაგიზიარებთ, – Bussaco palace Hotel , 30 წელი რომ შემისრულდა, მე და ჩემი მეუღლე ამ საოცარ ადგილას წავედით. მე-17 საუკუნის სასახლე, სადაც კარმელიტების ორდენის დედათა მონასტერი მდებარეობდა, მე-19 საუკუნიდან სასტუმროდ გადააქციეს. ულამაზესი არქიტექტურის და რომანტიული ბაღების გარდა, სასტუმრო თავისი რესტორნითაც ცნობილია. იანვარი იყო, რაც როგორც ჩანს ნაკლებად აქტიური სეზონია ამ ადგილისთვის (Bussaco Palace Hotel – ცენტრალური პორტუგალიის მთაში მდებარეობს), რადგან სასტუმროში მხოლოდ ჩვენ ვიყავით. ნისლში და ცვარში ჩაფლული სასახლე მისტიურ განწყობას ქმნიდა. სავარაუდოდ, ტურისტად ჩასული ადამიანი აქ არ მოხვდება, მაგრამ თუ რომანტიული და განმარტოებული დღეების გატარება გსურთ, ნამდვილად ესტუმრეთ ბუსაკოს. საღამოს გამოვეწყვეთ და სასტუმროს რესტორანში ჩავედით. ულამაზეს დარბაზში მხოლოდ ჩვენ ვიყავით. დახვეწილი ოფიციანტები თავს გვეხვეოდნენ, ზომიერად 5 Course Menu შევუკვეთეთ: სტარტერი, თევზის კერძი, ხორცის კერძი, იხვის კერძი და დესერტი. სტარტერი იყო გრილზე მომზადებული Scallops, მწვანე მუხუდოს პიურეს გარნირით. ამ კერძის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ პირველად რომ გავსინჯე, ტექსტურამ და გემომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემი თევზის კერძი – ტუნას ფილესგან იყო, სეზარის კი – რვაფეხა. რთული ასაღწერია ორივე კერძის კომპლექსურობა და დახვეწილობა. ხორცის კერძი – სტეიკი, კარაქივით რბილი, პირში რომ დნება. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა, მაგრამ დღემდე არ მავიწყდება იხვის მკერდის გემო. ნახევრად უმი, მოვარდისფრო ფერის ელეგანტური ნაჭრები, წითელი კენკრის სოუსით. მისი ფაქტურით და გემოთი განსაკუთრებული კერძია. ამ დღის შემდეგ, იხვის მკერდი ჩემი საყვარელი არჩევანია!…