ბაიას ღვინის საიდუმლო

_IG_4971

ზუსტად სამი საათი გაშორებს ობჩას – სოფელს ბაღდათის რაიონში, რომელიც დედაქალაქისკენ ახალგაზრდობის მიგრაციას ვერაფერს უხერხებს, მეღვინეობის ტრადიციას კი ერთგულად ინახავს. დანიშნულების ადგილზე ჩასულს ვენახების ვრცელი პეიზაჟი და ირიბად ატეხილი, ჯერ ისევ უფოთლო ტყეების ზანტი რწევა გამახსოვრებს თავს. 22 წლის ბაია აბულაძე ობჩაში, მშობლების სახლში, თბილისიდან მოგვყვება. ის მაგისტრატურაში საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით სწავლობს. „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდში“ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე მუშაობს და, რაც მთავარია, მეღვინეობის ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს.„ბაიას ღვინო“ გასული წლის დეკემბერში ჩამოისხა. ეს ახალგაზრდა მეღვინის პირველი სერიოზული წარმატებაა იმ სფეროში, რომელთანაც, როგორც თავადვე ამბობს, მთელი ცხოვრებითაა დაკავშირებული.

_IG_4954

ობჩა და უცნობი თბილისი

„მშობლები მასწავლებლები არიან, ჩვენი სოფლის სკოლაში მუშაობენ. 16 წლის ძმა და 20 წლის და მყავს. იმას, რომ შრომა უნდა დავინაწილოთ, ბავშვობიდან მივეჩვიეთ. ნებისმიერ საქმეში მთელი ოჯახი ვიყავით ჩართული. ასე იყო ყოველთვის. ეს იყო სრულიად ბუნებრივი და სასიამოვნო საოჯახო ვალდებულება, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა ტვირთთან და სიმძიმესთან, პირიქით! სოფელში შრომა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც ქალაქურ ყოველდღიურობაში – ტრანსპორტის გამოყენება ან მაღაზიიდან პურის ამოტანა.
სახლის საქმის კეთება ბავშვობიდან მიწევს და მიყვარს კიდეც. ღვინის კლიენტები რომ მოდიან, მშობლები სკოლაში ბავშვებს ვერ დატოვებენ და სახლში ვერ გამოცვივდებიან. ამიტომ ჩვენ გვებარა ყველაფერი. ჩამოგვიწერდნენ ხოლმე: ქათამი შეწვით, ცომი მოზილეთ, თონე დაანთეთ, ხაჭაპური გამოაცხვეთ, სახლი დაალაგეთ.
თბილისს სტუდენტობამდე, ფაქტობრივად, არ ვიცნობდი. მთელი ბავშვობა მეც და ჩემმა და-ძმამაც ობჩაში გავატარეთ. ან სახლში ვიყავით, ან ბიძასთან, რომელიც აქვე ცხოვრობს. ქალაქში თუ მივდიოდით, მაშინაც მშობლებს მივყავდით მანქანით. საზოგადოებრივ ტრანსპრტთანაც არ გვქონია შეხება. ამდენად, იქ ჩასვლისას ყველაფერი სიახლე იყო ჩემთვის. უკვე ამდენი დრო გავიდა და მოძრაობა, შუქნიშნები დღემდე მაფრთხობს. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ქუჩებს ვერ ვცნობდი, ვერ ვაგნებდი ვერაფერს, წვალებ-წვალებით და კითხვა-კითხვით მაქვს ნაპოვნი ყველა ქუჩა. ახლა ღიმილით მახსენდება ის პერიოდიც და ის კეთილგანწყობაც, რომელსაც გამვლელებისგან ვგრძნობდი.
სად უფრო რთულია ცხოვრება? თბილისში. ერთმნიშვნელოვნად! ბედნიერება ძნელია ურბანულ სივრცეში. თავისუფლების შეგრძნება არ გაქვს, მთელ დღეს სიჩქარეში, ხმაურსა და სტრესში ატარებ. ძალიან მდიდარი რომ ხარ, მაშინაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ყველა სიამოვნებასთან ახლოს ხარ, ყოველდღიურობა ამ სიამოვნების აღქმის დროს არ გიტოვებს.
ის, რაც თბილისში სულ მაკლია და მენატრება, აქაური სიმშვიდე, სიმწვანეა. დღემდე, სოფელში რომ ჩამოვდივარ,ვდგავარ და გავყურებ ხოლმე სახლს მიღმა შეფენილ ტყეს და ვგრძნობ რომ ვერასდროს, ვერასდროს მოვწყდები აქაურობას!“

ობჩას ვენახები

„ჩვენი სოფელი, ზოგადად, მეღვინეობისთვის ძალიან კარგი ზონაა, როგორც მიხეილ ჯავახიშვილი წერს, „ფერდობის მზისა და ტყეების გამო.“ ნალექიც შესაბამისია, ზომიერი.
სამი სახის ღვინოს ვაწარმოებთ: ცოლიკოურს, რომელსაც ობჩურას სახელითაც მოიხსენიებენ; ციცქა-ცოლიკოურს და ციცქა-ცოლიკოურ-კრახუნას.
ციცქა ოდნავ მომჟავოა, მას ცქრიალა ღვინისთვისაც იყენებენ. ცოლიკოურს ატმისა და ყვავილების მოტკბო სურნელი დაჰკრავს. კრახუნა კი უგემრიელესი, საოცრად არომატულია!
წელს 13 ტონა ყურძენი მოგვივიდა. მთელი დღის განმავლობაში დაკრეფილ ყურძენს საღამოს ვწურავთ. თუ იმ დღესვე არ დაწურე, დუღილი დაიწყება. დაწურულ ყურძენს დღეში სამჯერ უნდა დარევა – ასე ვეძახით – რომ დუღილი თანაბარი იყოს. ზამთარში, აციებისას, მაჭარი დუღილს აჩერებს. ამ დროს უნდა მას გადაღება. როგორც წესი, უჟანგავი ლითონის ან მინის ჭურჭელში გადაგვაქვს. ჭური აქამდე არაპოპულარული იყო ჩვენთან, – მომხამარებელს არ მოსწონდა მისი გემო და თავს ვიკავებდით. მაგრამ ახლა გვინდა სწორედ ჭურის განსხვავებულ, სპეციფიკურ არომატს გავუკეთოთ პოპულარიზაცია.
ვენახთან დაკავშირებულ საქმეშიც სამივენი 6-7 წლიდან ჩავებით. იქნებოდა ეს ყურძნის კრეფაში მონაწილეობა, ლერწმის გაბოჭვა, ახვევა, აკვრა, თავის გადაჭრა თუ ნებისმიერი სხვა რამ. ძირებს გათოხნა და გაბარვა უნდა. თუ ვენახში ბალახი ბევრია, ვჭრით და საქონლისთვის გაგვაქვს. გაზაფხულიდან რომ იწყება ლერწმის გასხვლა, აქიმობა ანუ შეწამვლა, 12-13-ჯერაა საჭირო სეზონის განმავლობაში. აგვისტოს ბოლო ორი კვირა და მთელი სექტემბერი უკვე თავისუფალი ხარ და სანამ რთველი დაიწყება, ვენახიც ისვენებს. ფოთოლი გამკვრივებულია, გაძლიერებული. ყურძენიც მწიფობაშია შესული. აღარც იმის საშიშროებაა, რომ რაიმე დაავადება გაუჩნდეს.
რთველი ჩვენთან რომ მთავრდება, მერე ბაბუასთან და ბიძასთან იწყება. ბაბუა – ბონდო აბულაძე – მეღვინეა. ბიძაჩემიც მის კვალს გაჰყვა. მათი სახლი და ვენახები მთისკენაა, სადაც ნაკლები მზეა. ამიტომ ბაბუასთან უფრო გვიანაა რთველი და ჩვენც, ჩვენი ვენახების გაკრეფის შემდეგ, მათ ვეხმარებით.
ობჩაში, ზოგადად, ყველა სეზონი ძალიან ლამაზია, მაგრამ გაზაფხული – განსაკუთრებით! ბევრი ტყემლისა და ატმის ხე გვაქვს, მათი ყვავილობა რომ იწყება,
ეზო მთლიანად გადათეთრდება ხოლმე. ჩვენს სოფელზე აჯამეთის ნაკრძალის საზღვარი გადის. ტყე რომ გამწვანგამწვანდება, სახლიდან გავყურებ ხოლმე ხეების შრიალს და არასდროს მბეზრდება ეს პეიზაჟი. ჰაერი სუფთაა, ტყე რომ ირხევა, გრძნობ, რომ შენც სუნთქავ. აპრილის ბოლოს – მაისში ვენახის ყვავილობისას – ირგვლივ ისეთი მათრობელა სუნი დგას, უფრო გემრიელი არომატი საერთოდ არ მეგულება დედამიწაზე!“

პროფესია – მეღვინე

„მეღვინეობით რაც სტუდენტი გავხდი, სერიოზულად იმის მერე დავინტერესდი. ჯერ ერთი, თბილისში ძალიან მენატრებოდა ყველაფერი, რაც ღვინოსთანაა დაკავშირებული. თან ვხვდებოდი, რომ ჩემების მოტივაცია ნელ-ნელა სუსტდებოდა ამ სფეროში. როცა ერთდროულად უამრავი საქმე გაქვს, ძნელია ერთი მიმართულებით კონცენტრირდე. აქ რომ ჩამოვედი, მიზნად დავისახე მეღვინეობის შესახებ მაქსიმალურად მეტი გამეგო, რომ ჩემებს ინფორმაციულად მაინც დავხმარებოდი.
„ღვინის კლუბი‚“ – ესაა ორგანიზაცია, რომელიც 2 კვირაში ერთხელ აწყობს ლექციებს მეღვინეობის თემაზე. ამ კლუბში გავწევრიანდი. დაახლოებით სამი წელია დავდივარ, სერიოზული თეორიული განათლება მომცა. „ღვინის ფესტივალს“ ყოველ წელს სწორედ „ღვინის კლუბი“ ატარებს. ორივე ოჯახი ჩართული ვართ, სწორედ ამ კლუბმა აღმოგვაჩინა. ბიძასთან ჩამოვიდნენ და მისი ღვინო – „ზურაბ ღვალაძის ციცქა-ცოლიკოურის“ სახელით – ბოთლებში ჩამოასხეს. ეს დიდი მიღწევაა! ჯერ ერთი ტონა წაიღეს, მერე კიდევ ნახევარი ტონა დაამატეს, იდენად კარგად გაიყიდა.
ჩვენ დეკემბრიდან დავიწყეთ ჩამოსხმა. „ბაიას ღვინო“ – ასე ჰქვია ჩვენს ციცქა-ცოლიკოურს. წარმოებისა და რეალიზაციის პროცესშიც თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ. ჩემს მოსახელე ღვინოს ვინც სინჯავს, ყველას ძალიან მოსწონს.
ჩვენი ოჯახური მეურნეობის შესახებ ინფორმაციის გაჟღერებაში გადამწყვეტი როლი „საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ“ და მისმა ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ ითამაშეს. ქალბატონ ნინოს ფერმა აქვს სამცხე- ჯავახეთში. მას უვლის და პარალელურად ქართველი ფერმერების დახმარებაზე, მათი ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნავს. მას მივწერე, ასოციაციის წევრობა მინდა-მეთქი. ძალიან გაუხარდა ჩემი ინიციატივა, დეტალურად გამომკითხა ყველაფერი და სოციალურ ქსელში როგორც პირად, ისე „ფერმერთა ასოციაციის გვერდზე“ დადო ინფორმაცია. მას შემდეგ 1500- ზე მეტმა ადამიანმა გამომიგზავნა მეგობრობის თხოვნა. მომწერეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ზოგმა – უცხოეთიდან. ჟურნალისტებიც დამიკავშირდნენ.“

ოცნებებიდან – გეგმებამდე

„დედაჩემი ძალიან ორგანიზებულია, ყოველთვის იმდენი საქმე აქვს, ყველა დეტალს იწერს ხოლმე. მე აქამდე ასეთი დაკავებული არ ვყოფილვარ, მაგრამ ბოლო დროს მეც იმდენი საქმე გამომიჩნდა, დედას მივბაძე. ჩემს ტელეფონს რომ ჩახედოთ და ნახოთ, ვისი ნომერი რა სახელით მაქვს შენახული, ბევრს იცინებთ. მაგალითად: კობა, რომელმაც ეტიკეტებზე უნდა დარეკოს; გია, რომელსაც ხვალ ვხვდები „ციცქასთან“ დაკავშირებით და ა.შ.
რაც შეეხება ჩემს მეოცნებე ბუნებას, კითხვის შედეგი მგონია. კითხვაზე ვგიჟდები, ის კი ფიქრისა და ოცნების უნარს ყველაზე კარგად ავითარებს. თან სახლში უამრავი წიგნი გვაქვს, მშობლები მათ, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან, თავიანთი სტიპენდიებით ყიდულობდნენ.
მიზანიც ბევრი მაქვს. ამ ეტაპზე მინდა ენები ვისწავლო სრულყოფილად. გერმანულსა და რუსულს სკოლაში ვსწავლობდი, ინგლისურის სწავლა სტუდენტობისას დავიწყე. საკმაოდ კარგ შედეგამდე მივედი.
ვოცნებობ იმაზეც, რომ ჩვენი და ბიძაჩემის ოჯახები სამომავლოდ იტალიელი მეღვინეების ოჯახებს ჰგავდეს. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია ღვინო იმ ხარისხითა და რაოდენობით შევინარჩუნოთ, როგორიც ახლა გვაქვს. რამდენადაც ეს ოჯახური მეურნეობაა, არ გვინდა ქარხნად ვაქციოთ და ამის ხარჯზე გავიდეთ უფრო დიდ მასშტაბზე.
კიდევ იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემი მშობლები სამოგზაუროდ გავუშვა სადმე. მათ მთელი ცხოვრება შრომაში გაატარეს. არ მახსოვს მამა 5-6 საათზე გვიან ამდგარიყოს.
22 წლის ასაკისთვის მთავარი მიღწევა სწორედ ის მგონია, რომ ჩემი მშობლები, ბებია-ბაბუა უსაზღვროდ გახარებულები არიან. მე მათ ტრადიციას ვაგრძელებ, მალე ჩემი ძმაც შემომიერთდება. ბაბუას ეუბნებიან, ეს რა მაგარი შვილიშვილი გყოლიაო და მის სიხარულს საზღვარი არ აქვს.
ღვინო როგორც სასმელიც ძალიან მიყვარს და მასთან პროფესიული მომენტიც მაკავშირებს. როცა ვაგემოვნებ, არომატსაც ვაკვირდები და იმასაც, როგორ ხასიათზე გაყენებს. მას თავისი საიდუმლო აქვს და ამ საიდუმლოს ამოცნობად ღირს ეს შრომა!
ჩემი აზრით, ბედნიერებას რაც განიჭებს, რაც შეგიძლია და კარგად გამოგდის, ის უნდა აკეთო. ნელ-ნელა უნდა მიჰყვე მიზანს და თუ ის მიზანი კეთილშობილურია, გზად აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გადამწყვეტ მომენტში ხელს შეგაშველებენ. ვერ გეტყვით, რა იქნება სამომავლოდ – თბილისში ვიცხოვრებ თუ ობჩაში დავბრუნდები, მაგრამ ერთი ვიცი დანამდვილებით – ვგრძნობ, მარტო კი არ ვიცი – რომ მეღვინეობასთან ვარ დაკავშირებული მთელი ცხოვრებით!“

_IG_4958

ფოტო: LIG Studio

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com