FOODLIFE გიორგი ბახუტაშვილი

_LIG6918

„მიყვარს იმდენად, რამდენადაც საჭიროა. აბსოლუტურად უპრეტენზიო მჭამელი ვარ“ – ასე აფასებს კვების საკითხის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი.
როგორც თავად აღნიშნავს, ზოგადად, სიახლეებს არ უფრთხის, თუმცა სამზარეულოსთან მიმართებაში კონსერვატიულია და არც კულინარიული ექსპერიმენტები იზიდავს: „ახალი გემოების მაძიებლად ვერ ჩავითვლები. არ ვეტანები, საერთოდ არ ვეძებ, თუ რაიმე განსხვავებულის დაგემოვნების შანსი მაქვს, როგორც წესი, უარს ვამბობ.
მეტიც – ყოველთვის ვერიდები უცხო საკვებს. უცხოეთშიც კი სულ ვცდილობ ის მივირთვა, რაც მაქსიმალურად მიმსგავსებულია ქართულ, ჩემთვის კარგად ნაცნობ და აპრობირებულ სამზარეულოსთან.“
კვების მიმართ არაექსპერიმენტული მიდგომის მიუხედავად, მთავარი „გემო“ მაინც აღმოაჩინა, რვა თვის წინ. და კიდევ – გურმანად ვერ ჩათვლი, თუმცა მისი გასტრონომიული ასოციაციებიც ემოციური და არტისტულია!

მთავარი გემო 

„უკვე რვა თვეა მთავარი კერძიც, დესერტიც, სასუსნავიც და, საერთოდ, ყველაფერი, ჩემი შვილია – ბეა. სახელიდან და პლუს, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან გემრიელი და მსუყე ვინმეა, ბეკონსა და ბეკონატორს ვეძახი. საკუთარისგან განსხვავებით, მისი კვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის; ერთ-ერთი მთავარი საკითხია ჩემს ცხოვრებაში ბოლო თვეებია. ვცდილობ, მაქსიმალურად ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტით იკვებოს. მეორე მხრივ, იმასაც ვფიქრობ, რადგან მაინც ამ გარემოში უნდა გაიზარდოს, მერე რომ სიურპრიზი არ აღმოჩნდეს მისი კუჭისთვის ეს სამყარო, ხომ არ ჯობია ყველაფერს თავიდანვე შეეჩვიოს-მეთქი. მაგრამ მაინც ის აზრი იმარჯვებს საბოლოოდ, რომ სანამ შემიძლია ვაკონტროლო, მაინც ჯობია ჯანსაღი საკვები მიირთვას.“

_LIG6832

საუზმე 

„საუზმე, როგორც წესი, ბავშვობასა და ფაფასთან ასოცირდება ხოლმე. თუმცა მე არანაირი ფაფა არ მიყვარს და არც პატარაობისას მყვარებია. ერთადერთი, რასაც ის მახსენებს, „ფიფქია და შვიდი ჯუჯაა.“
ყველაზე სასურველი საუზმე ჩემთვის – ყიყლიყოა. ყოველთვის სამეგრელოს მახსენებს, სადაც მეორე კურსზე ჩემი მეგობრის ბებიასთან ვისვენებდით. ყოველ დილით „ყიყლიყოს“ გვახვედრებდა. ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ იმ ზაფხულის მერე „ყიყლიყო,“ მისი სურნელი ყოველთვის სამეგრელოს, მაშინდელ განწყობას მიბრუნებს. ზოგადადაც, გემრიელი საჭმელია. უმარტივესად მოსამზადებელი და დილისთვის ძალიან მოსახერხებელი.
„ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩემი გმირი, ცოტნეც კვერცხით საუზმობს. ომლეტი უყვარს და თვითონაც ამზადებს. უფრო ზუსტად, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულმა, ერთხელ სატელევიზიო სიუჟეტისთვის მოამზადა. ეს ალბათ მისი პოლიტიკური ფარისევლობის ნაწილი უფრო იყო, ვიდრე კულინარიით გატაცება. ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტს უთხრა, რომ დასვენების დღეებს ოჯახში ატარებს და შვილთან, ლიზისთან ერთად ამზადებს საუზმეს.“

სადილი 

„მთელი ცხოვრება ვგიჟდები ოჯახურ სადილებზე, მაგრამ ჩვენთან ვერასდროს ხერხდებოდა, რომ ყველანი ერთად შევკრებილიყავით მაგიდის გარშემო. ვიღაც უცებ შემოვარდებოდა, რაღაცას შეჭამდა და ეგ იყო. ამიტომ აღზრის დროს კვების მიმართ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულაება არ ჩაიდო ჩემში. აბსოლუტურად უპრეტენზიო მჭამელი ვარ. ისეთი მარტივი და ბანალური კერძები მიყვარს, ვიღაცას შეიძლება გაეცინოს კიდეც. მაგალითად, კარტოფილის პიურე და კატლეტი ბევრ საჭმელს მირჩევნია. ამ მხრივ გამიმართლა, გადაღებების დროს ძირითადად, სწორედ პიურეს და კატლეტს გვაჭმევენ, რაც ჩემთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი და სასიხარულოა. სადილად წვნიანიც მიყვარს, მაგრამ სახლში მომზადებული ნაკლებად. ხახვის გემო რომ იგრძნობა, არ მომწონს. „კრემსუფები“ მირჩევნია. მაგალითად, სოკოს „კრემ-სუფი,“ რომელსაც სახლში არ ვამზადებთ, გარეთ თუ შევუკვეთავ ხოლმე. წვნიანთან დაკავშირებით სულ მახსენდება ერთი საღამო. ახალი დაოჯახებული ვიყავი, ძალიან დაღლილი ვბრუნდებოდი სახლში, საშინლად მშიერი. თან ვფიქრობდი, რა მივიყოლო, რომ უცებ შევჭამო-მეთქი. შევედი სახლში და დამხვდა საოცარი სუნი! ჩემს ცოლს მოუმზადებია გუფთა, რომელიც იმდენად მომეწონა, სოციალურ ქსელში სტატუსიც კი მივუძღვენი. სალათებს რაც შეეხება, დიდი მოყვარული არ ვარ. თუ გარეთ მიწევს ჭამა და მეუღლესთან ერთად ვარ, როგორც
წესი, „ცეზარს“ ვუკვეთავთ ხოლმე. ეს კერძი უკავშირდება ჩვენს პირველ პაემანსაც. თაკო მეგობართან ერთად ჩემს სპექტაკლზე დავპატიჟე, მერე კი სამივე ერთად კაფეში წავედით. ძალიან მშიოდა, „ცეზარი“ შევუკვეთეთ, რომელსაც მათ პირი არ დააკარეს და მე მარტომ ვჭამე თავიდან ბოლომდე, სრულიად უსირცხვილოდ.“

_LIG6805

სასმელი 

„არაალკოჰოლური სასმელებიდან- ყავა! ხსნადი და, თუ შესაძლებლობაა, ამერიკანო. ყავა ინტიმთან
ასოცირდება ჩემთვის, თავისი ვიზუალით, ქაფით და სურნელითა და განწყობით, რომელიც მოაქვს.
სიტყვა „სასმელზე“ ყოველთვის მახსენდება ინდოეთიც, სადაც ადრე ვიყავი და უამრავი ეგზოტიკური ხილის ფრეში გავსინჯე. სახელები არც კი ვიცი, მაგრამ რამდენიმე დაუვიწყარი და შეუდარებელი გემო დღემდე მახსოვს.
ალკოჰოლი როგორც სასმელი არასდროს მომინდება, ის სიტუაცია, სადაც ის ისმევა – კი. ზოგადად, ღვინო მირჩევნია სხვა სასმელს. ის უფრო რბილია. არაყსა და მსგავს სასმელებს ვერიდები, არ მიყვარს სიტუაციები, როცა თავს ვერ ვაკონტროლებ.
ღვინო განსაკუთრებულად მიყვარს წითელი. ერთ შემთხვევას მახსენებს. მე და ჩემს მომავალ მეუღლეს ახალი გაცნობილი გვყავდა ერთმანეთი. მოთოვა, ფუნიკულიორზე ავედით საგუნდაოდ. თან შავი ღვინო გვქონდა წაღებული. ცოტა დაგვეღვარა, ფოტოკადრივით მახსოვს ის დაწინწკლული თოვლი.
ბაბუაჩემი აყენებს კახეთში ღვინოს, ოღონდ თეთრს. მინახავს, როგორ უვლის და ყოველთვის, როცა ამ პროცესს
თვალს ვადევნებ, პატივისცემა მიჩნდება ღვინის კულტურის მიმართ. ვაზს აგდებულად რომ ექცევიან, გული მწყდება. ბაბუაჩემთან რომ ვრჩებოდი, ყველა დეტალს ვაკვირდებოდი ხოლმე. ღვინოს რომ დაწურავდა, მახსოვს, ღამე ხუთჯერ დგებოდა მოსარევად. მინდა მეც ვისწავლო ეს ყველაფერი, რომ არ დაიკარგოს,
მაგრამ არ ვიცი როგორ გამომივა, შევძლებ თუ არა ასე მოვუარო.“

დესერტი 

„ყველანაირი ტკბილეული მიყვარს! განსაკუთრებით, შოკოლადი და ყველაფერი, რაც მისგან მზადდება. ცხელ შოკოლადზეც ვგიჟდები. ახალი წლის დღეებთან, სახლის განწყობასთან, ოჯახურ სიმყუდროვესთანაა ასოცირებული მისი გემო და სურნელი. ტკბილეულთან დაკავშირებით მაქსიმალურად გამახვილებული
მაქვს ესთეტიკური მომენტი. ვიზუალს დიდ ყურადღებას ვაქცევ, ხშირად ნამცხვარი იქნება თუ სხვა რამ, ამ პრინციპით ვარჩევ ხოლმე. ბავშვობიდან ვგიჟდები, ისე მიყვარს ჩინური ტორტი. ტრადიციასავით გვქონდა, რომ ყოველ პარასკევს საღამოს ვამზადებდით ხოლმე. მეც ვიღებდი მონაწილეობას, დედაჩემს ორცხობილების დალბობაში ვეხმარებოდი. დედა მეუბნებოდა, დილამდე უნდა დავაცადოთ, რომ დალბეს და გემო კარგად გაუჯდესო. მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული მქონდა, როდის დავაგემოვნებდი, ვითმენდი. იმდენად მეჩქარებოდა, დასაძინებლად ადრე ვწვებოდი, რომ მალე გათენებულიყო და გამესინჯა.“

_LIG7021

ფოტო: LIG Studio

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com