DINING TABLE by ქეთი ბაქრაძე

Culinart_11_PRINT1

ჟურნალ „კულინArt“-ის ახალი ნომრისთვის, სამი სოკოს წვნიანს და ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის, ჯოაკინო როსინის რეცეპტით მომზადებულ, საქონლის მედალიონებს შემოგთავაზებთ. ვფიქრობ, რომ სოკოს „ჩვეულებრივი კრემ-სუპი“ ცოტა მოსაბეზრებელი გახდა, თითქმის ყველა რესტორნის მენიუში ნახავთ, ამიტომ განსხვავებული რეცეპტით მოვამზადებთ და სოკოს სამ სახეობას გამოვიყენებთ. თუ გსურთ, სოკოს წვნიანს საინტერესო და განსხვავებული ელფერი შესძინოთ, რძე ისე ათქვიფეთ, რომ ქაფად იქცეს და წვნიანს მოასხით, ერთგვარი „სოკოს კაპუჩინოს სუპი“ გამოგივათ.

ჯერ კიდევ ცივა და ზამთარია, ვფიქრობ ამ პერიოდს, ჩვენი მთავარი კერძი განსაკუთრებით უხდება. ძალიან საინტერესო სტეიკს მოვამზადებთ, რომელიც რესტორან The Dining Room-ში შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

XIX საუკუნის ცნობილ იტალიელ კომპოზიტორს ჯოაკინო როსინის დღეს სულ სხვა მხრიდან გაიცნობთ. გარდა მუსიკალური შედევრების შექმნისა, თავისი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი კულინარიას მიუძღვნა.

„ყველა მზარეულს შეიძლება უწოდო კომპოზიტორი და დირიჟორი. იქ – ალუბალი, აქ – კრემი და იბადება სიმფონია.“ – ამბობდა როსინი.

კულინარიაში, მის მიერ შექმნილი რეცეპტების მიხედვით, უამრავი კერძი არსებობს, რომლებსაც მრავალი ქვეყნის საუკეთესო რესტორნებში ამზადებენ. ასევე, ცნობილია როსინის კოქტეილის რეცეპტები.

ვფიქრობ, ჟურნალის მკითხველისთვის საინტერესო იქნება ამ ისტორიული კერძის მომზადება – შემწვარი ხორცი ფუაგრით და წითელი ღვინის სოუსით.

Culinart_11_PRINT2

სამი სოკოს წვნიანი (4 ადამიანისთვის)

ინგრედიენტები:
•ქამა სოკო – 250 გრ.
•პორჩინი – 150 გრ.
•ტრიუფელი – 30 გრ.
•ბულიონი – 200 გრ.
•ნაღები – 100 გრ.
•მუსკატი – ½ ჩ/კ
•პილპილი – გემოვნებით
•მარილი – გემოვნებით
•ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:
წვრილად დაჭერით ქამა სოკო და ტაფაზე ზეითუნის ზეთში მოთუშეთ. მოთუშვის პროცესში დაუმატეთ: პორჩინი და ტრიუფელი 15 გრ., შემდეგ დაუმატეთ ცოტა ბულიონი და დააბლენდერეთ. დაბლენდერებული მასა მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ ნაღები, დარჩენილი 15გრ. ტრიუფელი, შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე. ნაღები და ბულიონი ისეთი ოდენობით დაამატეთ, რომ „კრემ-სუპის“ კონსისტენცია მიიღოთ. წამოადუღეთ და მიირთვით.

Culinart_11_PRINT3

როსინის საქონლის მედალიონები (4 ადამიანისთვის)

ინგრედიენტები:
•საქონლის სუკი – 500 გრ.
•ხახვი – 1 ც.
•იხვის ღვიძლი (ფუა-გრა) – 4 ც. (200 გრ.)
•მარილი/პილპილი – გემოვნებით
•წითელი ღვინო (ტკბილი) – 70 გრ.
•წითელი ღვინო (მშრალი) – 70 გრ.
•შაქარი – 3 ს/კ

მომზადების წესი:
საქონლის სუკის ყველა მხარე მოწვით ძალიან ცხელ ტაფაზე, შემდეგ ჩადეთ ფორმაში და მოთავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში (შეწვით გემოვნებით). ტაფაზე დაყარეთ შაქარი, ურიეთ სანამ არ დადნება, დამდნარ მასას დაუმატეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, დაასხით ღვინო და აადუღეთ. სხვა ცხელ ტაფაზე მოათავსეთ ფუა-გრა, 5-5 წუთის განმავლობაში შეწვით თითოეული მხარე. შემწვარი სუკი გამოიღეთ ღუმელიდან, დაჭერით მედალიონების ფორმის ნაჭრები, ზემოდან დაადეთ ფუა-გრა და მოასხით წითელი ღვინის მასა.

ფოტო: ირა კურმაევა

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com