თვის შეფი – ალექსანდრე ტატიშვილი

Culinart_11_PRINT16

ალექსანდრე  ტატიშვილი / შეფ მზარეული

ამ კულინარიული შედევრებისთვის კომპლიმენტებს, „შატო მუხრანის“ მთავარი შეფ-მზარეული – ალექსანდრე ტატიშვილი, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ნუკრი იმსახურებს. ბებიის რეცეპტებით, ქართული სამზარეულოს სიყვარულით, დიდი გამოცდილებით და არაჩვეულებრივი გუნდით, სამეფო მარანს სახელი უკვე გაუთქვა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე მადის ცდუნებებში ტრიალებს, თავად დიეტურად იკვებება. სამაგიეროდ, სტუმრებს „მუხრანში“ მოყვანილი პროდუქტებით დამზადებულ კულინArt-ს სთავაზობს.

ბებიის რეცეპტებს არ მალავთ?

არა, არ ვმალავ. თქვენც გაგანდეთ ბებოს ქადების მომზადების საიდუმლო. ქართული ქადა მაწვნის სოუსით. განსაკუთრებით მოსწონთ უცხოელებს და მათ, ვისაც ძველი ქართული ქადის გემო ახსოვს.

რისი სურნელით იწყება თქვენი დღე?

ყავა, პირველ რიგში. შუადღის მერე ყველი და პური. ყოველთვის ვცდილობ მსუბუქად წავიხემსო. ჩემი ძირითადი საკვები დიეტურია. დიდი ხანი მიწევს ფეხზე დგომა და ვცდილობს წონა ვაკონტროლო. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საკვები ჯანსაღი პროდუქტისგან მომზადდეს. იმ პროდუქტებს, რასაც აქ – რესტორანში მოვიხმართ, მუხრანშივე ვიღებთ. ხორცით დაწყებული, ყველაფერი ადგილობრივია, თევზიც კი. გამორიცხულია, რომ ჩემს სამზარეულოში შემთხვევითი პროდუქტი მოხვდეს. ამას მკაცრად ვაკონტროლებთ.

დღეში დაახლოებით რამდენი განსხვავებული კერძის მომზადება გიწევთ?

დაახლოებით 15-16 სახეობის კერძს ვამზადებთ ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, პორციების რაოდენობა გაცილებით დიდია. ჩემთვის მთავარი კერძის სიმარტივეა. ქართული კერძები სწორედ სიმარტივით და სწრაფი მოზადების წესით გამოირჩევა. არ მიყვარს კერძები, რომლებშიც ხორცს ხორცის არომატი ეკარგება და ზედმეტი ინგრედიენტები შედის. ჭამა სიამოვნება უნდა იყოს და არა თავსატეხი.

რა არის იმისთვის საჭირო, რომ ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო იყოს?

მზარეულს უნდა მოსწონდეს თავისი საქმე და ტვინთან ერთად მზადებაში გულიც უნდა ჩართოს. დანარჩენი მონდომება, მარჯვე ხელები და გამოცდილებაა.

მართალია, რომ კარგი მზარეული კერძს მომზადებამდე არ უსინჯავს გემოს?

სიმართლე გითხრათ, მე მზადების პროცესში ვსინჯავ ხოლმე. მარტო ინტუიციას ვერ დაეყრდნობი. უნდა იყო დარწმუნებული იმაში, რომ მომხმარებელი საკადრის პროდუქტს იღებს. მზა კერძი მზარეულის შვილივითაა, რომლის შესახებაც მან ყველა დეტალი ზეპირად იცის.

ხშირად გიზიარებენ მოსაზრებას სტუმრები?

რა თქმა უნდა ყველა სტუმარს ვერ ვეკითხები აზრს, მაგრამ ძირითადად ვცდილობ მათი შეფასებები მოვისმინო, გავიზიარო, დავეთანხმო ან არ დავეთანხმო და ჩემი არგუმენტები ვუთხრა. ხან ტაშს უკრავენ, ხან უბრალოდ მადლობას გვიხდიან. ალბათ ამაშია ყველაფრის აზრი.

შეფ მზარეული რას მიირთმევს ყველაზე გემრიელად?

განსაკუთრებით მიყვარს ზღვის პროდუქტები. დასაგემოვნებლადაც და მოსამზადებლადაც. საერთოდ სამზარეულო ამოუწურავი თემაა, მაგრამ ზღვის პროდუქტებით კიდევ უფრო ამოუწურავი ხდება. ასევე ძალიან მიყვარს ჩვენებური – გლეხური ფხალი. მეთვითონ ვაგროვებ ჩვენთან მინდორში. დღესაც ჩვენი შეგროვებული ფხალი გვაქვს მომზადებული. სწორედ ესაა ჩვენი სახე და ვფიქრობ მუხრანული ხაზი უნდა ეტყობოდეს ჩვენს სამზარეულოს.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com