ქალთა სახეები მსოფლიო კულინარიაში ანუ იზაბელა ბიტონის ვიქტორიანული ხანა
ქალების მჯერა, მათი ძალის, ნიჭის, ხელების და გულის! მათი მჯერა-მეთქი.
რომ ერთ დღესაც ცომს ჰაერში აისვრიან და ჩამოვარდნისას სულ სხვა სამყარო შეიქმნება, რომ ვარსკვლავები – მათი გადაყრილი ქიშმიში და ფინიკია, ნისლი – მათი ადუღებული ვანილიანი რძის ორთქლი, წვიმა – კონიაკისა და ჟოლოს წვენის ნარევია, ტორტის დასანამად რომ მოამზადეს, თოვლი – მათი თხელი და ძლიერი თითებით ათქვეფილი ბეზეა, რომ ყველაზე ზუსტი საზომი – მათი მწიკვია, ყველაზე ზუსტი შემფასებელი – მათი თვალები და ყველაზე ზუსტი დამგემოვნებელი – მათი ენა. მოკლედ, ქალების მჯერა და ქალებს ვეძებ – კინოში, ლიტერატურაში, მუსიკაში, მხატვრობაში, არქიტექტურასა და დიზაინში და, რასაკვირველია, კულინარიაში!
ამას წინათ ნაგვიანევი საახალწლო საჩუქარი მივიღე, ძალიან კარგმა გოგომ, ნინამ ჩამომიტანა ცივი ტალინიდან. უზარმაზარ, ორსართულიან წიგნების მაღაზიაში სპეციალურად მირჩია კონსულტანტმა, რამე კულინარიული და საინტერესო რომ ვთხოვეო. წიგნს ვიქტორიანული ხანის ინგლისურ სამოსში გამოწყობილი ლამაზი ქალი ახატია საგულდაგულოდ დავარცხნილი თმით, მშვიდი და ოდნავ გოროზი გამომეტყველებით – ეს იზაბელა
ბიტონია – ცნობილი ინგლისელი კულინარი და მწერალი, ერთ-ერთი პირველი კულინარიის მწერალი, ინგლისელი ბარბარე, მისი წიგნიდან ამოკრებილი დესერტების რეცეპტები გემრიელ და საინტერესო წიგნად გაუერთიანებიათ, რომელმაც, ნინას წყალობით, ევროპიდან ჩემს სამზარეულოში დაიდო ბინა. ჰოდა, მეც სწორედ ამ საოცარ ქალზე უნდა მოგიყვეთ.
იზაბელა მეისონი (გათხოვების შემდეგ-ბიტონი) ლონდონში დაიბადა, წარმოიდგინეთ, ოდნავ პირქუში და ძალიან მოწესრიგებული ინგლისური ოჯახი, გოგონამ აუცილებლად უნდა იცოდეს ფორტეპიანოზე დაკვრა, ქარგვა, ოჯახის გაძღოლა, უყვარდეს რომანების კითხვა… მამა ადრე გარდაეცვალა, დედა მალევე გათხოვდა კლერკზე, შედეგად, იზაბელამ რამდენიმე წელი გერმანიაში ისწავლა, შემდეგ კი მამობილის ოჯახში დიასახლისობა დაევალა. სახლში სულ 21 ბავშვი იყო, ორი ოჯახის შეერთების შედეგი, ჰოდა, გოგონას გვარიანი შრომა უწევდა, გადასარევი მზარეული დადგა, განსაკუთრებით საუცხოო დესერტებს ამზადებდა. თანდათან რეცეპტების ჩაწერაც გადაწყვიტა, ჰოდა, ასე დაიწყო ყველაფერი…
მალე გათხოვდა, სემუელ ბიტონი, მისი მომხიბლავი ქმარი, ლამაზი პროფილითა და მგრძნობიარე ტუჩებით… თუმცა, მხოლოდ ამის გამო არ იყო სემუელი საუკეთესო საქმრო – მას თავისი გამომცემლობა ჰქონდა, სწორედ
ის გამომცემლობა, რომელმაც პირველად გამოსცა იზაბელა ბიტონის კულინარული წიგნი.
რამდენიმე შვილის გარდაცვალება, საოჯახო საქმეები და სირთულეები… მიუხედავად ამისა, იზაბელა აგრძელებდა თავისი კულინარიული ნიჭისა და ცოდნის სრულყოფას და ძალიან ხშირად აქვეყნებდა წერილებს კულინარიისა და სხვა საოჯახო საქმეების შესახებ იმდროინდელ პერიოდიკაში, მაგალითად, გამოდიოდა ასეთი – „ინგლისელი დიასახლისების საოჯახო ჟურნალი“… მისის ბიტონის წერილები დიდი წარმატებით სარგებლობდა, მას კითხულობდნენ, პატივს სცემდნენ, მის წერილებს ელოდნენ…
სტატიები და სვეტები პატარა წიგნების სერიით გაგრძელდა, ბოლოს კი დიდი და მნიშვნელოვანი შრომის ნაყოფიც დამწიფდა და 1861 წელს მრავლისმომცველი და დიდტანიანი საოჯახო წიგნი გამოიცა იზაბელა ბიტონის ავტორობით:– The Book of Household Management, (Comprising information for the Mistress, Housekeeper, Cook, Kitchen-Maid, Butler, Footman, Coachman, Valet, Upper and Under House-Maids, Lady's-Maid, Maid-of-all-Work, Laundry-Maid, Nurse and Nurse-Maid, Monthly Wet and Sick Nurses, etc. etc. -also Sanitary, Medical, & Legal Memoranda: with a History of the Origin, Properties, and Uses of all Things Connected with Home Life and Comfort.)
ამ წიგნში ყველაფერი იყო, რაც დიასახლისს შეიძლებოდა დასჭირვებოდა – სახლის დალაგების, სამოსის თუ თეთრეულის მოვლის, სამზარეულოს საქმის, ბავშვების აღზრდის, მოდის, და რაც მთავარია, კულინარიის შესახებ – შესანიშნავი რეცეპტები, შესანიშნავი წიგნი, რომელიც, ფაქტობრივად აღადგენს ვიქტორიანული ეპოქის ინგლისის სულს – მკაცრს, წესების დამცველს, სულ ოდნავ პირქუშს, ინახავს და ჩვენამდე მოაქვს ბრიტანული კულინარია.
იზაბელა ბიტონი
წიგნის გამოცემიდან სულ რამდენიმე წელში იზაბელა გარდაიცვალა, ძალიან ახალგაზრდა, ჯერ კიდევ თავისი ცხოვრების გზის დასაწყისში, მეოთხე შვილზე მშობიარობას გადაჰყვა, თუმცა ისტორიას და განსაკუთრებით, კულინარიის ისტორიას შემორჩა სახელი ამ საოცარი ქალისა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა, სისტემური სახით ჩამოთვალა ინგრედიენტები, რომელიც კონკრეტული კერძის მოსამზადებლად იყო საჭირო, ერთ-ერთმა პირველმა შექმნა თანამედროვე, ფერადად ილუსტრირებული და ადვილად გამოსაყენებელი კულინარიული წიგნი…. (მოგვიანებით, იზაბელა პლაგიატში დაადანაშაულეს და დააბრალეს, რომ მისი რეცეპტები ორიგინალური არ იყო, თუმცა ამის დამტკიცება საბოლოოდ ვერავინ მოახერხა. ერთი კია, არსად, ამ შესანიშნავ წიგნში არ არის მითითებული, რომ რეცეპტები მხოლოდ მისი ავტორის გამოგონებულია, წიგნი უფრო მასალების დახარისხების, სისტემატიზირების და სრული, ერთგვარად, ენციკლოპედიური ნაშრომის შექმნის მაგალითს წარმოადგენს, რომელიც ისევე კარგად ინახავს ბრიტანულ კულტურას, როგორც ბარბარე ჯორჯაძის „სრული სამზარეულო“ – ქართულს).
რას არ შეხვდებით აქ – დედოფალ ვიქტორიას იუბილისათვის შექმნილ ალუბლის საოცარ დესერტს, კორნუოლურ თუ საქსონიურ ხორცის კერძებს, ლონდონურ პუდინგებს, სხვადასხვა ხილის სორბეებსა და ლიმონათებს, ნაყინებს – ხილის, ღვინის და წარმოიდგინეთ, რუხი პურისაც კი, ბევრ შოკოლადსა და მუსს, ცხელ და ცივ სუფლეებს, უამრავ ინგლისურ კერძს და არა მხოლოდ – აქ შვედური, ბერძნული, იტალიური და თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკის ინდიელების კერძთა რეცეპტებიც შეგხვდებათ…. მოკლედ, ეს წიგნი აუცილებლად უნდა ნახოთ და კიდევ ერთხელ აღფრთოვანდეთ – რამდენი გასაოცარი რამ იქმნება ქალის ხელიდან!