როდესმე შეგიკვეთავთ რესტორანში „რამე ცუდი სალათი“, ან „არაფრის გემო რომ არ აქვს, ისეთი სტეიკი?“… რა თქმა უნდა, არა!
ამიტომ, როგორც არ უნდა ამტკიცებდეს ადამიანი, რომ საჭმლის მომზადება არ უყვარს, ვერაფრით დამაჯერებს, რომ არ უყვარს გემრიელი საჭმელი. გემრიელი კერძის დაგემოვნება – ეს ხომ სიამოვნების მიღებას ნიშნავს და მოდით, სიამოვნება არა მარტო საკვების მიღებისგან, მომზადებისგანაც მივიღოთ!
მე შევეცდები რეცეპტი ზუსტად მოგაწოდოთ და გარკვევით აღვწერო მომზადების ტექნოლოგია. თქვენ კი მოემზადეთ, დაპატიჟეთ მეგობრები, გაახარეთ ოჯახის წევრები და გააკვირვეთ ყველა. საკუთარი თავიც კი! დარწმუნებული ვარ, კერძი ძალიან გემრიელი გამოგივათ და პირველი, რასაც სტუმრებისგან მოისმენთ იქნება – „აუ რა გემრიელიაა!“; „მერე-?“ „ძნელია ამის მომზადება?“; დაბოლოს – „მასწავლი?“
ამის მომზადება არ არის ძნელი და თქვენც აუცილებლად უნდა ასწავლოთ ყველას. საჭირო ინგრედიენტები შეგიძლიათ უახლოეს მარკეტში შეიძინოთ და მათ მოსაგროვებლად ნახევარი ევროპის შემოვლა არ დაგჭირდეთ.
მაშ ასე, ვიწყებთ გემრიელობების მომზადებას!
ამისათვის დაგვჭირდება:
• მოხარშული ჭარხალი – 3 თავი
• მოხარშული სტაფილო – 2 ცალი
• მოწალული წითელი ბულგარული
წიწაკა – 1 ცალი (მოწალული ნიშნავს არამოხარშულს, ანუ ვამყოფებთ ადუღებულ წყალში, ოდნავ დარბილებამდე)
• მოწალული ცუკინი – 2 ცალი (თუ არ გაქვთ შეგიძლიათ კიტრით შეცვალოთ)
• ჟელატინი – 60 მლ. (200 მლ. ცხელ წყალში გახსნილი)
შიგთავსი:
ერთმანეთში აურიეთ:
• ყველი ბრინზა – 300 გ.
• არაჟანი – 200 გ.
• ნიორი – 2 კბილი
• კამა თქვენი გემოვნებით (თუ არ გაქვთ ან დაგავიწყდათ არა უშავს, ვითომ არ გიყვართ კამის გემო საჭმელში)
• წითელი დაღერღილი წიწაკა (ცოტა)
• მარილი თქვენი, ან თქვენ ვისაც ენდობით მისი გემოვნებით
მომზადების ტექნოლოგია:
ჭარხალს და სტაფილოს ვჭრით ფირფიტებად. შუაზე გავჭრით ბულგარულ წიწაკას, ხოლო ცუკინებს სათლელით თხელ ფირფიტებად სიგრძეზე დავჭრით. დაგვჭირდება გრძელი და ვიწრო საცხობი ფორმა, რომელშიც უნდა ჩავაფინოთ ცელოფანი და შემდეგ ცუკინების თხელი ნაჭრები ისე, რომ ბოლოს თავზე გადაეფაროს მთელ მასას და შეიკრას. შიგნით ფენა-ფენა ვალაგებთ ჩვენს ინგრედიენტებს. რითიც გინდათ იმით დაიწყეთ, სულ ერთია. ბოლოს მაინც ძალიან ლამაზი გამოდის. ყოველ ფენას ვუსმევთ ცალკე მომზადებულ შიგთავსს და თან კოვზით ვასხამთ წყალში გახსნილ ჟელატინს. ბოლოს ვხურავთ ცუკინებით. გადავახვევთ ცელოფანს და დავადებთ რამე მძიმეს (მე წყლით სავსე ბოთლი დავადე) და შევდგამთ მაცივარში მთელი ღამის განმავლობაში..
კერძი იმდენად გემრიელი და ამასთანავე ლამაზია, შეგიძლიათ კარგ კულინართან ერთად მას ფოტოებიც გადაუღოთ კარგი: ფოტოგრაფის სახელიც შეგრჩებათ!
გადავიდეთ კანაპეებზე…
რატომ კანაპეები?… აი რატომ! როდესაც სამზარეულოში ფუსფუსებთ, მეგობრები ათას კითხვას გაყრიან და ცოტათი ხელსაც გიშლიან. კანაპე და ღვინო არის შველა! კანაპე შეგიძლია ყველანაირი გააკეთოთ. ამისთვის მართლაც არ არის საჭირო განსაკუთრებული მზადება. მე მიყვარს შემწვარი ლორით და კიტრით. მოკლედ,
კანაპეები თქვენთვის მომინდია. მე უბრალოდ აწყობის იდეას მოგაწოდებთ. რეცეპტის დაწერასაც არ გაკადრებთ.
დესერტი!
ფორთოხლის ჩისქეიქი მოხალული ნიგვზებით.
რაც არ უნდა გემრიელი საჭმელი გქონდეს მირთმეული და ფიქრობდე, რომ უკვე აღარაფრის გასინჯვა არ გინდა, ტკბილისთვის ყოველთვის მოიძებნება განსაკუთრებული კუთხე თქვენს კუჭში! აუცილებელიცაა!
ცხოვრება სიტკბოს გარეშე ხომ წარმოუდგენელია?!
სიტკბო გემრიელობისთვის კი დაგვჭირდება!..
• ხაჭო – 500 გ.
• არაჟანი – 400 გ.
• შედედებული რძე – 200 გ.
• მოხალული ნიგოზი (რაც უფრო ბევრია, გემრიელია)
• ფორთოხალი – 1 ცალი, დაჭრილი
• მურაბა- 2 ს/კ (მე ალუბლის მქონდა და ძალიან მოუხდა)
• ვანილი – 2 შეკვრა
• კვერცხის გული – 4 ცალი
• შაქარი – 200 გ.
• ჟელატინი – 90 გ. (150 მლ. ცხელ წყალში გახსნილი) ზედა ფენისთვის (ლამაზად რომ გამოიყურებოდეს)
• 200 გ. ფორთოხლის წვენი,
• ფორთოხლის ცედრა და ჟელატინი 30 გ. (50 მლ. ცხელ წყალში გახსნილი)
მომზადების ტექნოლოგია უმარტივესი.. შედეგი უგემრიელესი!!
მიქსერით ავურიოთ ერთმანეთში ყველა ინგრედიენტი და ცალკე მომზადებული გოგლიმოგლი. ბოლოს დავამატოთ ჟელატინი, ჩავასხათ ფორმაში და შევდგათ მაცივარში. ცოტათი რომ გამაგრდება, გამოვიღოთ და დავასხათ ფორთოხლის წვენი.
საიდუმლოდ გეტყვით, რომ გაცილებით რთული აღმოჩნდა ამ ყველაფრის დაწერა, ვიდრე მომზადება.
მიირთვით გემრიელად და გაიღიმეთ!
წინ კიდევ უამრავი საინტერესო და ახალი გემო გველოდება!
ფოტო: ანა ბოკო