ნიუ იორკული ვანილის ჩიზქეიქი მოცვით

5_issue_culinart71

მომზადების დრო – 1 საათი და 10 წთ + გაციების დრო

ინგრედიენტები ბრეტონული ფხვიერი ცომისათვის:
* 2 ც. კვერცხის გული
* 100 გრ. შაქარი
* 150 გრ. კარაქი
* 150 გრ. ფქვილი
* 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
* 2 მწიკვი მარილი
* დარიჩინი – გემოვნებით

ჩიზქეიქის მასისთვის:
* 115 გრ. შაქარი
* 3 ს.კ. სიმინდის სახამებელი (ან ფქვილი)
* 900 გრ. კრემ-ყველი „ფილადელფია“ – ოთახის ტემპერატურის (ან სხვა კრემ-ყველი)
* 2 ც. დიდი კვერცხი
* 115 მლ ცხიმიანი ნაღები
* 1 ვანილის ჩხირის მარცვლები ან 1/2 ჩ.კ. ვანილის ექსრტაქტი
* 1 ც. ლიმონის ცედრა

მოცვის სოუსი:
* 400 გრ. მოცვი
* 3 ს.კ. შაქარი

მომზადების წესი:
კვერცხის გული და შაქარი შევურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ რბილი კარაქი, შემდეგ მშრალი ინგრედიენტები. უცებ მოვზილოთ ცომი და გავაჩეროთ მაცივარში 2 საათით. ღუმელი გავაცხელოთ 180 С-მდე. მოვამზადოთ ნამცხვრის ფორმა, წავუსვათ კარაქი. გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან და გავაბრტყელოთ. გადავიტანოთ ფორმაში და ვაცხოთ 10 წთ. შემდეგ გავაციოთ ჩიზქეიქის ძირი.

ჩიზქეიქის მასა:
დავაყენოთ ღუმელი 200 С-ზე.
შაქარი და სახამებელი გადავურიოთ ერთმანეთში და დავუმატოთ კრემ-ყველი, მიქსერით მივიყვანოთ კრემისებურ კონსისტენციამდე. დავამატოთ კვერცხი და ავთქვიფოთ, ბოლოს ვუმატებთ ნაღებს, ლიმონის ცედრას, ვანილის მარცვლებს ან ექსტრაქტს და კარგად ვურევთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. ეს კრემისებური მასა დავასხათ ზემოდან მომზადებულ ჩიზქეიქის ძირს და შევდგათ ღუმელში. ვაცხოთ დაახლოებით 40-45 წთ. სანამ ჩიზქეიქის ზედაპირი ოდნავ ოქროსფერი გახდება. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ჩიზქეიქის ზედაპირის ძალიან გამუქება, შეგიძლიათ დააფაროთ ფოლგა. შემდეგ კარგად გააცივეთ და შედგით მაცივარში 3 საათით ან მთელი ღამით.

მოცვის სოუსი:
ჩაყარეთ მოცვი ჯამში, მოაყარეთ შაქარი, დაასხით ძალიან ცოტა წყალი იმისთვის, რომ შაქარი დასველდეს. დადგით საშუალო ცეცხლზე და ნაზად ურიეთ 10 წთ. გააცივეთ და მოასხით ჩიზქეიქს.

By: თამარ სორდია

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com