ბროწეულის სოუსში შებრაწული ორაგული – კუსკუსის გარნირით

5_issue_culinart68

ორაგული:
• ორაგულის გაწმენდილი ფილე – 4 ც.
• ყავისფერი შაქარი – 2 ჩ.კ.
• მარილი -1/2 ჩ.კ.
• სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი -1/2 ჩ.კ.
• შავი პილპილი – გემოვნებით
• ნაშარაფი – 50 მლ. (ნაშარაფის რეცეპტი იხილეთ ქვემოთ)
• ბროწეულის მარცვლები

ორაგულის ფილე გავრეცხოთ და ქაღალდით კარგად გავაშროთ. ერთად ავურიოთ შაქარი, მარილი და სახამებელი. ეს მიქსი მოვაყაროთ თევზს ხორცის მხარეს. კანის მხარეს არ გვინდა (სახამებელი და შაქარი
 ბროწეულის სოუსის „მიწეპებაში“ დაეხმარება თევზს). კარგად გავახუროთ ტაფა და ორაგული ტაფაზე დავაწყოთ ისე, რომ კანის მხარე მაღლა მოექცეს. 2-3 წუთი მოვბრაწოთ. რომ გაოქროსფერდება, გადმოვაბრუნოთ და მეორე მხარეც 2 წუთი მოვუბრაწოთ. პარალელურად გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. ტაფიდან თევზი ღუმელში გადავიტანოთ, კარგად გადავუსვათ ბროწეულის ნაშარაფი და 8-10 წუთი შევწვათ ღუმელში. ამ მეთოდით მომზადებული თევზი არ გამოშრება. თევზი დავაწყოთ კუსკუსის ბალიშზე და მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.

• ნაშარაფი
• ბროწეულის წვენი – 400 მლ.
• შაქარი – 50 გრ.
• ლიმონის წვენი – 50 მლ.

ბროწეულის წვენი, ლიმონის წვენი და შაქარი ერთად ავურიოთ, შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და 20 წუთი ვშუშოთ. პერიოდულად ვურიოთ. სოუსმა უნდა დაიწიოს და შესქელდეს თხელი სიროფის კონსისტენციამდე.
ფრთხილად ვიყოთ, ზედმეტი დუღილი არ მოგვივიდეს. გაცივებისას სოუსი კიდევ უფრო სქელდება.

კუსკუსი:
• კუსკუსი – 200 გრ.
• პომიდორი, წვრილ კუბებად დაჭრილი – 200 გრ.
• კიტრი, წვრილ კუბებად დაჭრილი – 2 ც.
• 1 ც. ლიმონის წვენი
• 1 ც. ლიმონის ცედრა
• წვრილად დაჭრილი პიტნა – 100 გრ.
• წვრილად დაჭრილი ოხრახუში – 100 გრ.
• დაჭრილი მწვანე ხახვი – 2-3 ც.
• ზეითუნის ზეთი – 50 მლ.
• მარილი – 2 ჩ.კ.
• წითელი წიწაკა – გემოვნებით
• მდუღარე წყალი – 2 ჭ.

ერთად ავურიოთ პომიდორი, კიტრი, ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. მარილი და გადავდოთ. დავასხათ კუსკუსს ადუღებული წყალი, ლიმონის ცედრა, 25 მლ ზეითუნის ზეთი, 1 ჩ.კ. მარილი, წიწაკა. მოვურიოთ, დავაფაროთ თავზე და გადავდოთ 5 წუთი. კუსკუსი რომ დარბილდება შევურიოთ პომიდორი და კიტრი, დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი, მოვასხათ დარჩენილი ზეითუნის ზეთი, კარგად ავურიოთ და მზადაა.

By: მერიკო გუბელაძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com