ინგრედიენტები:
* 200 გრ. სუკის ხორცი (აუცილებლად ახალი)
* 1 ხახვი „შალოტი“
* ცოტა ოხრახუში
* მწვანე ხახვი
* 1 მუჭა „კაპერსი“ (მსხვილად დაჭრილი)
* „დიჟონის“ მდოგვი
(ან დიჟონეზი – მაიონეზიანი მდოგვი)
* 1 ჩ.კ. „ვუსტერის“ საწებელი
* 4 წვეთი „ტაბასკო“
* 1 კვერცხის გული
* მარილი, პილპილი გემოვნებით
* ბალზამიკოს „გლეიზი“ მოსართავად
5 წუთის მანძილზე ორი დანით წვრილად ბეგვეთ ხორცი, რის შემდეგაც უნდა მიიღოს ფარშის „კონსისტენცია“. შედგით მაცივარში 5 წუთით. შემდეგ აურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი „შალოტი“, მწვანილი და „კაპერსი“, დაამატეთ საწებლები, „დიჟონის“ მდოგვი და სუნელები. კარგად აურიეთ. თეფშზე მოათავსეთ მეტალის ფორმა (იგივე, რაც გამოიყენეთ ორაგულის „ტარტარისთვის“) და კოვზით ჩადეთ მასში მომზადებული მასა. ზედაპირი მოასწორეთ და მოხსენით ფორმა. გატეხეთ 1 კვერცხი და განაცალკევეთ გული ცილისგან ისე, რომ გული მთლიანად შენარჩუნდეს. დაადეთ იგი ზემოდან „სტეიკ ტარტარს“. მოსართავად კი მოასხით ბალზამიკოს „გლეიზი“. მირთმევის წინ, კვერცხი და ხორცი ერთმანეთს გადაურიეთ და მიატანეთ გაფიცხებული პური.
ტკბილი კარტოფილის „ფრი“ – „ჩიფსები“: 1-2 ტკბილი კარტოფილი დაჭერით თხელ რგოლებად და წინასწარ გაცხელებულ ზეთში შებრაწეთ. თეფშზე დადებამდე მოათავსეთ ქაღალდზე, რომ ზედმეტი ზეთი მოშორდეს. მარილი მოაყარეთ თეფზე დადების წინ, ჩიფსები რომ არ დარბილდეს.
By: ქეთუნა ყრუაშვილი და სეზარი