რთულია საკუთარ თავზე საუბარი, თუმცა მაინც შევეცდები და გეტყვით, რომ მხიარული ადამიანი ვარ. ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარს სიცოცხლე. ვფიქრობ, რომ იგი მეტისმეტად მოკლეა იმისთვის, რომ სევდიანად გაატარო, თუმცა მოწყენილობის და სევდის ეტაპები, ისევე როგორც ყველას, მეც ხშირად მქონია. მებრძოლი ადამიანი ვარ, ვიცი რა მინდა და დასახული მიზნის მისაღწევად ყოველთვის ყველანაირ სამართლიან გზას მივმართავ. მე ვარ ქალი, რომელსაც უზომოდ უყვარს მეგობრები, ოჯახის წევრები. მაქვს უნარი დავტკბე ცხოვრების ლამაზი წუთებით და ძალიან განვიცდი ახლობელი ადამიანის ტკივილს. ჩემი ცხოვრების პრინციპია – შრომა, მიზნისკენ სწრაფვა და სიკეთის კეთება, სწორედ ეს არის მთავარი „კრედო“, რომელსაც მივყვები. პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად ვესწრები საოპერო სპექტაკლებსა და სიმფონიურ კონცერტებს, ამიტომ, როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ანდაც მარტო ვრჩები საკუთარ თავთან, თითქმის არასდროს ვუსმენ კლასიკურ მუსიკას. ვერ გეტყვით, რომ კონკრეტულად ერთი მიმდინარეობის მუსიკა მომწონს, ფართო მუსიკალური გემოვნება მაქვს. გავიზარდე ოჯახში, სადაც როკს უსმენდნენ, ძალიან მომწონს Deep Purple, Led Zeppelin, ვუსმენ ყველაფერს, რაც ეტაპობრივია, რაც მომენტს შეესაბამება, ვუსმენ ასევე David Guetta-ს. დიდი თაყვანისმცემელი გახლავართ პორტუგალიური მუსიკის.
„აქცენტი“ ურთიერთობებზე
ვფიქრობ, რომ ბევრი მეგობარი არ უნდა გყავდეს, შესაძლოა, შენს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც გიყვარს, ახლობლები, რომლებთანაც დროს ატარებ, მათთანაც გარკვეული ტიპის ურთიერთობები გაკავშირებს, მაგრამ რაც შეეხება მეგობარს, ვფიქრობ, რომ ის ერთი ან ორია ცხოვრებაში. ადამიანი, ვისაც ენდობი და ვისთანაც მზად ხარ ნებისმიერ თემაზე ისაუბრო, რომელიც არ გაგკიცხავს, თუმცა გეტყვის სიმართლეს. სიმართლეს, რომელიც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. ცოტა ადამიანია ირგვლივ, ვისაც ვენდობი, ჩემი ნდობის მოპოვება არც ისე ადვილია. ყველაზე მეტად ვგმობ სიყალბეს და ტყუილს, ასეთ ადამიანთან ყველანაირ ურთიერთობას გამოვრიცხავ. ვაფასებ გულახდილობას და პირდაპირობას. ყველასგან სიმართლის თქმას არ ვითხოვ, მაგრამ მთავარია არ მომატყუონ, რადგან ძალიან პირდაპირი ვარ და ტყუილს მწარე სიმართლე მირჩევნია. პატივს ვცემ ადამიანს, ვინც მწარე სიმართლეს ამბობს. სამწუხაროდ, ასეთი ხალხი, ვინც სიმართლეს ყველანაირი შელამაზების გარეშე გეუბნება, ზოგადად ძალიან ცოტაა. თუმცა, ნათქვამი სიმართლე უნდა იყოს სწორად მიმართული, დელიკატურად და დიპლომატურად მოწოდებული, რადგან ბევრ ადამიანს, სიმართლე უზრდელობაში ერევა.
„აქცენტი“ „კომფორტზე“
ჩემთვის მთავარი „კომფორტი“ – სასიამოვნო და საინტერესო ადამიანების გარემოში ყოფნაა. მათთან საუბარი ცხოვრებაზე და ურთიერთობებზე, სწორედ ეს მიქმნის – „კომფორტს“. რაც შეეხება ფიზიკურ კომფორტს – მაგალითად, მოგზაურობისას – რაც ძალიან ხშირად მიწევს – მნიშვნელოვანია მეცვას მოხერხებული ტანსაცმელი და არანაირი გრიმი სახეზე. რეპეტიციის დროს „კომფორტისთვის“ მჭირდება სიჩუმე, სხვა ადამიანების კონცენტრაცია და დისციპლინა.
„აქცენტი“ „პრივილეგიაზე“
არ დავიწყებ „ბანალურ“ საუბარს იმის შესახებ, რომ თავს არ ვთვლი „პრივილეგირებულად“… მე ნამდვილად „პრივილეგირებული“ ადამიანი ვარ. ამას კი უსაზღვრო შრომის შედეგად მივაღწიე, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი ჩემს მშობლებს მიუძღვის. მათ მასწავლეს, რომ მთელი ცხოვრება უნდა იშრომო და თუკი ადამიანი გადაწყვეტს, რომ ცხოვრებაში უკვე ბევრს მიაღწია და შრომას თავს ანებებს, მისი შემოქმედებითი აღმასვლა მთავრდება და იწყება უკუსვლა. შესაბამისად, ჩემი წარმატება, პირველ რიგში, ჩემი მშობლების დამსახურებაა, შემდეგ კი – ჩემი თავდაუზოგავი შრომის. ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდე, რომ იქამდე მოვსულიყავი, სადაც დღეს ვარ და კვლავ ვშრომობ, რომ უფრო მეტი გავაკეთო… ის, რომ „პრივილეგირებული“ ვარ, მეორე პლანზე დგას ჩემთვის, უფრო მეტად კი ადამიანურ ღირებულებებს ვაფასებ. პირველ რიგში, ვარ ადამიანი და ყოველთვის ვცდილობ, სხვებთან ურთიერთობა სიყვარულით და პატივისცემით მქონდეს გამსჭვალული. დიდი იმედი მაქვს, ჩემს ირგვლივ საზოგადოება სწორედ ამ ადამიანს ხედავს ჩემში და არა მხოლოდ იმას, რომ მეცო-სოპრანო ვარ. წინსვლისკენ ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ ხალხის სიყვარულია.
„აქცენტი“ კულინარიაზე
ყველაზე მეტად ქართული სამზარეულო მიყვარს. მსოფლიო მოვიარე და ყველი ვერ მომაწონეს, ვერც ფრანგებმა, ვერც იტალიელებმა. სულგუნის და იმერული ყველის გემო ვერაფერმა შემიცვალა. ვერ ვიტყვი, რომ უცხოური ყველი არ მომწონს, მაგრამ ქართული სულ მენატრება. რაც შეეხება მსოფლიო სამზარეულოს, ძალიან მიყვარს იტალიური. ზღვის პროდუქტების მოყვარული ვარ ზოგადად და ეს იტალიაში აღმოვაჩინე. ჩვენთან ზღვის პროდუქტები ახლა იკიდებს ფეხს, ბავშვობაში კი საერთოდ არ არსებობდა. არც ვიცოდით, რა იყო „მიდიები“. როდესაც პირველად იტალიაში მოვხვდი, „რისკიანი ექსპერიმენტი“ ჩავატარე საკვებთან დაკავშირებით – გადავწყვიტე, მიდიები და რვაფეხა გამესინჯა. ახალი გემოს აფეთქების მსგავსი რამ დამემერთა! მოულოდნელიც იყო, რადგან კულინარიის მხრივ თავი ყოველთვის კონსერვატორად მიმაჩნდა. თურმე ძალიან ვცდებოდი და ახლა არასდროს ვერიდები განსხვავებული და უცხო კერძების გასინჯვას. კერძი, რომლის მომზადებაც განსაკუთრებით მიყვარს და ჩემი მეგობრებიც ხშირად მიკვეთავენ, არის ჩემი საკუთარი რეცეპტით შეთხზული იტალიური „პასტა“ ზღვის პროდუქტებით. ამ ძალიან მარტივ კერძს, რომელსაც იტალიის თითქმის ყველა რესტორანში შეხვდებით, ვუმატებ პატარა „საიდუმლოს“ და ჩემი მეგობრები ვერასდროს ხსნიან, თუ რატომ აქვს ასეთი განსხვავებული და საოცარი გემო. აღნიშნულ კერძს, მცირე რაოდენობით, ქართულ სუნელებს ვუმატებ და ისინი ზღვის პროდუქტებთან შეზავებისას სრულიად განსხვავებულ გემოს ქმნიან. კიდევ ერთი ასეთი კერძი მაქვს – „ნიუ-იორკული პიცა-ხაჭაპური“. „კულინარტის“ მკითხველი პირველია, ვინც მისი გამოგონების ამბავს მოისმენს. ნიუ-იორკში ცხოვრებისას, ჩემთან გამართული ერთ-ერთი წვეულების შემდეგ ბევრი სოსისი და სხვადასხვანაირი ძეხვეული მომრჩა. მეორე დღესაც სტუმრებს ველოდი და გადავწყვიტე, ხაჭაპური გამომეცხო. თუმცა, არ მინდოდა ტრადიციული ხაჭაპურის გაკეთება, ამიტომ ავიღე სოსისები და ძეხვეული, წვრილად დავჭერი, ხახვთან ერთად მოვთუშე, დავამატე სუნელები. შემდეგ ეს ყველაფერი ყველში ავურიე და ფენოვან ცომში მოვათავსე. მას შემდეგ, როდესაც ნიუ-იორკში ჩავდივარ, მეგობრები დაჟინებით მთხოვენ „პიცა-ხაჭაპურის“ გამოცხობას.
სალათი „კარმენი” ანიტა რაჭველიშვილისგან
სურსათის სარგო:
* ქათმის „ფილე“
* მოხარშული კვერცხი
* კამა
* პომიდორი „ჩერი“
* სალათის ფურცლები
* ლიმონი
* ზეთი
* შავი წიწაკა
* მარილი
მომზადების წესი:
გამოწურეთ ნახევარი ლიმონი, დაამატეთ ორი სუფრის კოვზი ზეთი, მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით, ასევე წვრილად დაკეპილი კამა. ჩააწყვეთ მასში მოხარშული და პატარა ნაჭრებად დაჭრილი ქათმის „ფილე“. ამის შემდეგ ალყა-ალყა დაჭერით პომიდორი „ჩერი“, შეურიეთ ორი ცალი დაჭრილი მოხარშული კვერცხი, სალათის ფურცლები და საწებელში ჩაწყობილი ქათმის „ფილე“. სულ ბოლოს კი მოაყარეთ დაკეპილი კამა და მოასხით ცოტა ზეთი. გადაიტანეთ თეფშზე და ირგვლივ შემოუწყვეთ მთლიანი სალათის ფურცლები.
ფოტო: LIG Studio