დიდებული რამ არის „კულინარტობა“. „დამოგზაურობ“ კულინარიულ თემებთან დაკავშირებით სხვადასხვა საიტებზე, წიგნებში, რეცეპტების კრებულში. იგებ როგორ გინდა გამოიყურებოდე და იღებ გადაწყვეტილებას
რა მიირთვა. ბუნებრივია, ყოველ ორგანიზმს ინდივიდუალური მოთხოვნილება აქვს ამა თუ იმ საკვები პროდუქტის მიმართ, თუმცა ზოგადი ხასიათის რჩევები ყველასთვის საერთოა.
დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი ჩვენგანი საჭიროებს კვების სწორ გრაფიკს და კალორიულობის კონტროლს, თუ გვსურს ახალგაზრდული იერ-სახის შენარჩუნება. ცოტ-ცოტა რომ უნდა ვჭამოთ და ხშირ-ხშირად, ბევრჯერ გვსმენია, მაგრამ ყველა როდი ითვალისწინებს ამ წესს. მრავალფეროვან კვებით რაციონში რომ ჯანსაღი პროდუქტები უნდა ჭარბობდეს, ესეც არ ახალია, ძველია. გვიან საათებში მირთმევაც არაა მაინცდამაინც
მიზანშეწონილი. მოკლედ, ვიცით ეს ყოველივე და მაინც… ზამთრის ცივ დღეებს მსუყე დანაყრებით გადავაგორებთ ხოლმე. მერე შედეგიც სახეზეა და გაზაფხულის მოსვლამდე ვიწყებთ აქტიურად დიეტების ძებნას, ვარჯიშს და სინანულს – თურმე რამდენი ზედმეტი ცხიმი დაგვიგროვებია ჩვენდა უნებურად. ☺
ბოლო ჟამს დანანების სანაცვლოდ, აჯობებს, შევამციროთ პორციის სიდიდე, გავზარდოთ ვიტამინებით მდიდარ საკვებზე მოთხოვნილება და პერიოდულად განვიტვირთოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი წლის პერიოდში, როცა ტრადიციული ჩვენი სუფრა ესოდენ უხვადაა გაჯერებული ნიგვზიან- ცხიმიანი კერძებითა თუ ტკბილეულობით.მკაცრი შეზღუდვები რომ არ დავუწესოთ ჩვენს თავს, შეგვიძლია მივირთვათ, რაც გვნებავს და ზედმეტი კილოგრამების დასაწვავად ჯანჯაფილის ჩაი მოვიშველიოთ. მეც ახლახან შევუდექი მის დალევას, როცა აღმოვაჩინე, რომ სასარგებლო თვისებების გამო ჯანჯაფილი იგივე კოჭა ოდითგანვე გამოიყენება არა მარტო კულინარიაში, არამედ სახალხო მედიცინაში. ვიპოვნე მარტივი რეცეპტები საოჯახო
ლიმონათისა და ჩაის დასამზადებლად, გახდომასაც უწყობს ხელს და გაჯანსაღებას – მითუმეტეს. მასში არსებული კალციუმ-ალუმინ, ასპარაგინ-ქრომი, რკინა-ფოსფორი და სხვა. ასევე სპეციფიკური არომატის მქონე ეთერზეთები ბევრ „კარგ საქმეს“ აკეთებს ორგანიზმის განსაკურნებლად და ჯანის მოსამატებლად.
სუსხიან ზამთარში გაციებასა და გრიპთან შებრძოლებაში C ვიტამინით მდიდარ ფეიხოას ვემადლიერები. მარწყვისა და ანანასის არომატის მქონე მისი უნიკალური გემო კომპოტადაც მიყვარს და მურაბის სახითაც. ნედლად გახეხილს, უფრო სწორად ხორცაკეპ მანქანაში გატარებულს კიდევ უფრო მეტი ძალა აქვს. ერთგვარი ანტიდეპრესანტია და ძალიან მშველის გადაღლილობისგან მოდუნების დასაძლევად.
და ბოლოს, ჯანსაღი კვების შესახებ ერთ პატარა ამბავს გიამბობთ: ამასწინათ, ჩემმა ერთ-ერთმა პიარ აკადემიელმა მეგობარმა ნამდვილი ფურორი მოახდინა თავისი ხელნაკეთი შოკოლადებით. რა იყო ასეთიო, დაინტერესდებით და მართალია 100-ჯერ ნაამბობს, ერთხელ გასინჯული ჯობია, მაინც გეტყვით, რა ორიგინალური იყო ვიზუალურად, რა გემრიელი მისართმევად და რამდენად ჯანსაღი. ვარსკვლავებისა თუ გულის ფორმის ყალიბში ჩამოსხმული შავი შოკოლადი საკუთარი ხელით მორთო ბროწეულის მარცვლებით, ნიგვზის ლებნებით, ნაირგვარი ცუკატით. ასე სახელდახელოდ გამზადებული გემრიელობა შვილებისთვის სასკოლო ზეიმზე წარადგინა და ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ წესით შეკვეთები უნდა აიღოს. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ საახალწლო სუფრას დაამშვენებს.
აი, რატომ მიზიდავს კულინარტული სამყაროს მრავალფეროვნება. რაც უფრო კრეატიული ხარ, გაცილებით მეტ ორიგინალურ პროცესში ერთვები. იმდენ საინტერესო და სასარგებლო რამეს აღმოაჩენ, რომ ჯერ ცქერით იხიბლები და მერე მირთმევო.
ბედნიერი ახალი წელი მისურვებია! ახალ-ახალი მიგნებებით, შემოქმედებითი მიდგომებით და გამარჯვებით, რა თქმა უნდა. სპეციალურად „კულინარტისთვის,“