HANGOVER
ნ ა ბ ა ხ უ ს ე ვ ი ს ტ რ ა დ ი ც ი ე ბ ი გ ა ს ტ რ ო ნ ო მ ი უ ლ კ უ ლ ტ უ რ ე ბ შ ი
ალბათ არ მოიძებნება ზრდასრული ადამიანი, ვინც ბახუსის მდგომარეობაში, ერთხელ მაინც არ ყოფილა და მისი შედეგები არ ეწვნია, ჩვენ რომ „პახმელიას“ ვეძახით, მაგრამ ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, რა სინდრომია
ეს და რატომ არის ყველას ნაბახუსევის მდგომარეობა ინდივიდუალური. ვინ იყო ბახუსი და რას ნიშნავს ე.წ. „პახმელია.“? როგორი ტრადიციები არსებობს სხვადასხვა კულტურებში? ნაბახუსევის სინდრომთან დაკავშირებით, ეს თემა განსაკუთრებით, შობა-ახალი წლის დღეებშია საინტერესო.
ახალი წლისთვის ყველა ოჯახი ემზადება, ეს აუცილებელი ტრადიციული რიტუალია, იმედი გვაქვს, რომ მომავალი წელი სიუხვის, ბარაქის და კარგი შედეგების მომტანი იქნება; აქ სხვადასხვა შინაარსს ვხვდებით, უზენაესისადმი პატივისცემას და კეთილდღეობისათვის ლოცვას, ძღვენით გამოვხატავთ, მთავარი შუამავალი ამ ყველაფერში, რა საკვირველია რიტუალური კერძებია და საკრალური დანიშნულების მატარებელი „ღმე- რთების სასმელი“ ღვინო. ქართული „სუფრა“ კი თავისი შინაარსით, ამ ყველაფრის გამოხატულებაა. ქართული სუფრა, საუბრის ცალკე თემაა, მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ის თავისი მიზეზით შეიძლება მრავალგვარი იყოს, მაგრამ მისი შინაარსი არ იცვლება, ეს არის თანაზიარობა, თანაზიარობა ლხინის, ჭირის, ბედნიერების, სიხარულის და სხვა მრავალი მდგომარეობის. მთავარი კომპონენტი სადღეგრძელო და დალევაა, ზოგჯერ გადამეტებული, რასაც სწორედ ნაბახუსევი მოჰყვება.
მითოლოგია მოგვითხრობს, მევენახეობის, მეღვინეობისა და დროსტარების მფარველ, დიონისეზე, იგივე ბახუსზე, რომელიც ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული, ძალიან პოპულარული იყო. ძველი ბერძნების რწმენით, დიონისეს კეთილგანწყობაზე გახლდათ დამოკიდებული თუ როგორი იქნებოდა რთველი. მას დიდ პატივს მიაგებდნენ, რთველის დაწყების წინ მის სახელზე დიდი ზეიმი იმართებოდა მსხვერპლშეწირვით და სხვადასხვა რიტუალებით. ეს იყო დროსტარებისა და გართობის პერიოდი, დიონისე თხისფეხა სატირებთან ერთად ატარებდა დროს და მხიარულობდა ხალხთან ერთად. ღვინის სმის კულტურას ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა, ამის შესახებ ბევრ ფილოსოფოსს აქვს დაწერილი თავის ტრაქტატებში.
ცნობილი ათენელი სახელმწიფო მოღვაწე ეუბულუსი ძვ.წ. 375 წელს წერდა: “უნდა დაილიოს სამი ჭიქა – ერთი ჯანმრთელობისთვის, მეორე სიყვარულისთვის, მესამე – სიამოვნებისთვის და კარგი ძილისთვის. სამი ჭიქის დალევის მერე ჭკვიანი სტუმარი სახლში მიდის. მეოთხე ჭიქა ღვინო ჩვენი არ არის, ის ძალადობას ეკუთვნის, მეხუთე – ხმაურს, მეექვსე – ალიაქოთს და ტაკიმასხრობას, მეშვიდე – ჩალურჯებულ და დაბრმავებულ თვალებს, მერვე- არეულობას და უწესრიგობას, მეცხრე – წამებას და ტანჯვას, მეათე კი – სიგიჟეს.“
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ძველ საბერძნეთში ვაზს და ღვინის სმის კულტურას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ასევე იყო ძველ საქართველოში, როცა სიმთვრალე და ფეხის არევა დიდ სირცხვილად ითვლებოდა, მაგრამ დღეს სულ სხვა სურათს ვხვდებით. სად გაგიგიათ, სამი ჭიქით მთავრდებოდეს დროსტარება, რომელსაც ნაბა- ხუსევი მოჰყვება მისი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მოვლენებით, როგორებიცაა, გაღიზიანებულობა, თავის ტკივილი, ღებინება, პირის სიმშრალე, ოფლიანობა, ძვლ-რბილში მტვრევის და დაღლილობის შეგრძნება.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს საკითხი ხშირად გენეტიკურ მემკვიდრეობაზეც არის დამოკიდებული. არიან ადამიანები, რომლებსაც მიუხედავად დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებისა, არ აქვთ ნაბახუსევის სინდრომი.
ნაბახუსევის წამალი ჯერ არ გამოუგონიათ, მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან რა იწვევს ნაბახუსევს. ლონდონის
უნივერსიტეტ-კოლეჯის დოქტორის, მაიკლ ბლუმფილდის თქმით, „მეტად მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს მარტივ შეკითხვას: – როგორ ავიცილოთ თავიდან ნაბახუსევი“? სანამ ამის შემდგომი კვლევები ჩატარდება, მანამ ეს ახალი კვლევა გვეუბნება, რომ პასუხი მარტივია: „დალიეთ ნაკლები“, – ამბობს ბლუმფილდი.
მაგრამ რა ვქნათ, როდესაც „პახმელიისგან“ თავი გვისკდება?
ათადან და ბაბადან ადამიანები სხვადასხვა კულტურებში ნაბახუსევს ხალხური მეთოდებით ებრძოდნენ. აზიის მომთაბარე ტომები და მწყემსები ნაბახუსევზე როგორც ცნობილია, აირანს და კუმისს მიირთმევდნენ, მას ცხენის, ცხვრის ან თხის რძისგან ამზადებდნენ. კავკასიის მწყემსები კი – უფრო კეფირს და მაწონს ანიჭებდნენ უპირატესობას. ასეთი ტომები როგორც წესი ნაკლებად არიან მიდრეკილი ლოთობისკენ.
ჩინგიზ ხანს თურმე, ძალიან უყვარდა დალევა და ტომატის წვენი, ნაბახუსევზე კი, მონღოლთა ტომები მათ ბელადთან ერთად ცხვრის დამარინადებულ თვალს – ტომატის წვენს ასხამდნენ და იმას მიირთმევდნენ.
ყველასათვის ცნობილია, რომაული დროსტარება და ლუკულუსის ნადიმების გასაოცარი ამბები. ნაბახუსევზე, ძველ რომში ლოკოკინებს სრესდნენ და შუბლზე იცხებდნენ; პლინიუს უფროსი წერს, რომ თავის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები უმალვე ქრებოდა, რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელ იტალიელებზე, რომლებიც ნაბახუსევზე ყავით გამოდიან.
ბერძნულ კულტურაში პახმელიაზე გამოსასვლელად დღემდე პოპულარული კერძია „ძაძიკი,“ რომელიც ბერძნული იოგურტის საფუძველზეა დამზადებული, მას ემატება, მწვანილები, ნიორი, ხახვი, პიტნა და რასაკვირველია, ზეითუნის ზეთი.
ბრიტანელებისთვის საშობაო დღეების შემდგომ აუცილებელ კოქტეილად ითვლება შოტლანდიური წარმოშობის ეგ-ნოგი: ერთ ჭიქა რძეს ემატება ერთი ცალი კვერცხი ათქვეფილი 1 ს. კ შაქართან, ემატება დანის წვერით დარიჩინი და მუსკატის კაკალი, ზოგიერთი მას ჩაის კოვზ რომსაც უმატებს.
სხვა ევროპელები, მაგალითად ფრანგები, ნივრის და ხახვის წვნიანს ამჯობინებენ. გერმანიაში კი, ნაბახუსევზე გავრცელებული კერძია – როლმოპსი, ეს არის გამოყვანილი ქაშაყის ფილე ზეთისხილთან, ხახვთან და კიტრის მწნილთან ერთად.
ევროპელები ბახუსის სინდრომის მოსახსნელად ასპირინის ტაბლეტების გვერდის ავლით, დღესაც აქტიურად ხმარობენ ნაყენებს. ცნობილია ჯანჯაფილის (კოჭა) ჩაი: ორ ჭიქა წყალს დაუმატეთ 2-3 სმ. ჯანჯაფილი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში, როდესაც ნახარში გაგრილდება, დაამატეთ ერთი ფორთოხლის და მეოთხედი ლიმონისგან გამოწურული წვენი, 2 სუფრის კოვზი თაფლი; დალიეთ ყოველ 20-25 წუთში ნახევარი ჭიქა, რაოდენობა 500 მილიგრამი მაინც უნდა იყოს.
ამერიკელები ადრე ბახუსის სინდრომს კოკა – კოლით შველოდნენ, მაგრამ როგორც ისინი ამბობენ, პირვანდელი კოკა-კოლასგან მხოლოდ „შაქრიანი წყალი“ დარჩა, მათი საყვარელი „წამალი“ კი ლოს – ანჯელესური კლასიკა გახდა, რომელიც ბრიტანელებმა ჩამოიტანეს, ეს არის ეგ- ნოგი, თუმცა ისინი ევროპელებისგან განსხვავებით, ლუდს უმატებენ.
ნამიბიაში უპირატესობას, კამეჩის რძეში გარეულ რომს ანიჭებენ ნაბახუსევისგან თავის დასაღწევად. პერუში
კი – თევზის ცხელ ბულიონს მიირთმევენ ლაიმის წვენით, ნივრით და ჯანჯაფილით. ბანგლადეშის მცხოვრებლები გვირჩევენ ქოქოსის წყალი დავლიოთ, რადგან მასში დიდი რაოდენობით კალიუმია, რომელსაც
ორგანიზმი ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ კარგავს, ამიტომაც ხელს უწყობს მთელს სხეულში სხვადასხვა საჭირო ნივთიერებების აღდგენას.
პამირის მთებში მცხოვრებ ტომებს ოდითგანვე საინტერესო მეთოდი ჰქონდათ – ნახევარ ლიტრ წყალში ისინი ერთ ცალ ცხარე წიწაკას დაბალ ცეცხლზე 20-25 წუთი ხარშავდნენ და გაგრილებულ ნაყენს ყლუპ-ყლუპად სვამდნენ, ერთ ჯერზე 40-50 მილიგრამს.
უკრაინულ გასტრონომიულ კულტურაში „პახმელიას“ ეგრეთ წოდებული ვზვარით მკურნალობდნენ, ეს კომპოტისმაგვარი ნაყენია, სხვადასხვა ბალახეულით ან კენკროვნებით, მას ემატება თაფლი და ერთი დღე-ღამე ჩერდება, თუმცა ვზვარი „პახმელიისთვის“ შეიძლება დამზადებულიყო ბურახზე, რომელსაც ემატებოდა მოდაღული ხახვი, ანუ ეს ცნება შეიძლება უკრაინულ კულტურაში მოიაზრებოდეს როგორც ნახარში.
რუსულ კულტურაში „პახმელიას“ კომბოსტოს მწნილის მარინადით და მჟავე ცივი წვნიანით მკურნალობდნენ, მარინადის ან ბურახის დალევა ერთბაშად არ ხდებოდა, არამედ დროგამოშვებით ყოველ 15-20 წუთში, 150 დან 200 გრამამდე.
ლეგენდა იმის შესახებ, რომ რუსული აბანო საუკეთესო საშუალება იყო, სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან
სლოვაკური წარმოშობის ე.წ. “ზნახარები“ (ექიმბაშები) ურჩევდნენ, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რომელიც ამ დროს ისედაც ავრალურ სიტუაციაში მუშაობს, ვერ გადაიტანს თერმულ დარტყმებს, ამიტომ სჯობს ტოქსინები ბევრი სითხის მიღებით გამოვდევნოთ ორგანიზმიდან და არავითარ შემთხვევაში ისევ და ისევ ალკოჰოლის მიღებით. ერთი საინტერესო მეთოდი ჰქონდათ ასევე რუსულ კულტურაში, ეს იყო ვაშლის, მსხლის და ყურძნის წვენი ერთად მოხარშული, ოღონდ უშაქროდ; სამ, ოთხ დღეში ის იწყებს დუღილს, სწორედ ეს ნაყენი იყო „პახმელიის“ უებარი საშუალება, რადგან მას ძლიერი საფაღარათე მოქმედება აქვს და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის უწყობს ხელს.
რუსული ისტორიის ლეგენდას პოტიომკინს თავისი საკუთარი „ანტიპახმელინი“ ჰქონდა, რომელსაც „ამოითხარე თვალი“ დაარქვა – ეს იყო საქონლის ცხიმიანი ხორცისგან მოხარშული ბულიონი, რომელსაც
ემატებოდა წითელი და შავი წიწაკა, ჯანჯაფილი, ნიახური, კამა და პირშუშხა (ხრენი), გრიგორი ალექსეევიჩი ამ ბულიონს ქაფქაფად მიირთმევდა და ნახევარ საათში მზად იყო ემუშავა მთელი დატვირთვით.
აქ – მისტერ ვოლადის ერთი რჩევა მახსენდება ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტადან“ – „თქვენი მდგომარეობა ითხოვს ერთ ჭიქა არაყს, ცხარე და ცხელი საჭმლით.“
ქართული გასტრონომიული კულტურისთვის სწორედ ცხარე და ცხელი საჭმლით ნაბახუსევის მკურნალობაა
დამახასიათებელი: ხაში, ხინკალი, „სუპ-ხარჩო“, თათარიახნი – ცივად მოხარშული ხორცის წვენი, ხაშლამა
და მისი ბულიონი, ჩიხირთმა, ქართული ბულიონი და იმერული კამის წყალი – მოხარშული წიწილა კამით და სხვადასხვა მწვანილებით.
ძველ სამეგრელოში ძალიან საინტერესო რეცეპტით მკურნალობდნენ ამ სინდრომს, ეს იყო „ქონდარამ ტიბუ,“
„ტიბუ მეგრულად“ თბილს ნიშნავს. უკვე ადუღებულ ღომს ქაფთან ერთად მოხსნიდნენ, ეგრეთ წოდებულ, ღომის რძეს და მასში მარილთან, ცხარე წიწაკასთან ერთად ყრიდნენ ქონდარს, აუცილებლად ქაფქაფად უნდა მიირთვათ, თან თავზე წითელი ნაჭრის წაკვრაც ერთ-ერთი წამალი იყო „პახმელიისგან“ თავის დასაღწევად.
ბავშვობაში ხშირად მინახავს, მამაჩემი და მთელი სამეზობლო, ქორწილის მერე როგორ გამოდიოდნენ „პახმელიიდან“. მეგრულ ცხარე აჯიკაში ამოვლებული, შამფურზე აცმული საქონლის ელენთა, ენა და ღვიძლი ნაკვერჩხლებზე იბრაწებოდა, მათ გვერდით „სვართილი“, ანუ სწორად დაჭრილი ღომი, იყო დალაგებული გასაფიცხინებლად, რომელსაც ზედ ღომის სიგრძეზე დაჭრილი სულუგუნი ედო, ანუ როგორც მეგრელები ეძახიან „ხალირი ჸვალ დო ღუმუ,“ სანამ ეს დელიკატესი მოვიდოდა ბულიონით იწყებოდა „მკურნალობა.“ „სუპი“ წინა დღის საკლავისგან იყო მომზადებული ყველანაირი მწვანილით და მეგრული გიჟმაჟი ცხარე წიწაკით, ჰაერი კი გაჟღენთილი იყო სიყვარულის, სითბოს, შიშხინა სუბპროდუქტების, მეგრული სუნელების და რძიანი სულუგუნის არომატებით. ადამიანებს ბევრი რამ აქვთ საერთო, როგორც მათ გასტრონომიულ კულტურას, მაგრამ ასევე მათი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე განსხვავებულობა და ორიგინალურობაც თავისებური და მრავალფეროვნად საინტერესოა. ამიტომაც უპრიანია მათი გაცნობა, და შესაძლებელია ჩვენი კულტურისთვის მორგება, კულტურაზე ხომ ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას.