ჩვენებური Marco Polo

10_Issue_CulinArt_Page_076

სიდნეიში ახლა დაახლოებით +40ºჩ გრადუსია. აუტანელი სიცხეა, მაგრამ ადგილობრივები მიჩვეულები არიან. აქ 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და კიდევ 7 მილიონზე მეტი ტურისტი ჩადის ყოველწლიურად. ეს არის ქვეყანა, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ 250 ენაზე საუბრობენ. მოსახლეობის 40% საზღვარგარეთიდან არის ჩამოსული. ეს არის ადგილი, სადაც კულტურულ, რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას გამორჩეულად აფასებენ. ჭრელი და შერეული გარემოს პატივსაცემად ქალაქში ყოველწლიური ფესტივალი – Living harmony იმართება, რომელიც მთელ ერთ თვეს გრძელდება. აქაურ ცხოვრებას ყველაფერში ეტყობა განსხვავებული კულტურების გავლენა, მათ შორის კულინარიაში. ავსტრალიურ სამზარეულოში იგრძნობთ ბრიტანეთის, ადგილობრივი აბორიგენების, ხმელთაშუა ზღვისა და შორეული აღმოსავლეთის გავლენას.

10_Issue_CulinArt59

ამ შორეულ ქალაქში ცხოვრობს 24 წლის ქართველი – პაატა ხუციშვილი. ბევრს მისი სახელი ჯერ არ გაუგია, თუმცა, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მას უკვე დიდი წარმატებები აქვს. დარწმუნებული ვარ მომავალში მას
ბევრი თქვენგანი გაიცნობს.
პაატა უკვე წლებია არის შეფ-მზარეული. ავსტრალიის ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში მუშაობს. მანამდე რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიის რესტორნებში მუშაობდა. სულ ბოლოს კი, სიდნეიში საკმაოდ ცნობილი კაფეს – Ubran Cat Cafe-ს შეფი იყო.
პაატა 14 წლამდე თბილისში იზრდებოდა. სენტ-ეგზუპერის ფრანგულ-ქართულ კოლეჯში სწავლობდა. ამბობს, რომ აქ საფუძვლიანი და ხარისხიანი განათლება მიიღო, რისთვისაც მადლობელია.
შემდეგ იყო მისი პირველი მიგრაცია. მშობლებთან ერთად რუსეთში გადასახლდა, რაც მისი აზრით იმ დროისთვის, სწორი გადაწყვეტილება იყო. ამის შემდეგ მან არაერთ ქვეყანაში მოასწრო მოგზაურობა და მუშაობა. საქართველოში უკვე 4 წელია არ ყოფილა, თუმცა ამბობს საშობაოდ აუცილებლად ჩამოვალო.
მანამდე კი ცხელი ავსტრალიიდან მწერს და სპეციალურად კულინArt-ისთვის პასუხობს ჩემს შეკითხვებს.
ჩემზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ 100 გრამი Jack Daniels ალბათ დამეხმარება.“ – მწერს პაატა და ინტერვიუზე მთანხმდება. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ქართულად 3 წინადადებაზე მეტი არ დამიწერია, ჩემდა სამარცხვინოდ, მაგრამ რას იზამ – C'est la vie.
– პაატა, როდის ან რატომ გაგიჩნდა კულინარიის მიმართ ინტერესი?
– არ ვიცი კონკრეტულად როდის, მაგრამ ვიცი რატომ. ლადო – ვიღაცისთვის ეს უბრალოდ სახელია, ჩემთვის, ალბათ მთავარი სახელი და მთავარი ადამიანი – ბაბუაჩემი იყო. რომელმაც მასწავლა მეტი ვიდრე anybody else.
მე არ ვამბობ, რომ ლადო მასწავლიდა კულინარიას. არა, სულაც არა. ჩვენ უბრალოდ ძალიან ბევრ დროს ვატარებდით ერთად. ის იყო ნამდვილი გურმანი. 4-5 საათს ბაზარში დამატარებდა. მოივლიდა ყველაფერს, მაგრამ საუკეთესოს ამოარჩევდა. იქიდან ავიდოდა თბილისის ზღვაზე, სადაც რაღაც ბუჩქს ეძებდა სალათისთვის. მერე დავბრუნდებოდით სახლში და ბოლოს და ბოლოს ვიწყებდით მომზადებას. მახსოვს, რომ წარმოუდგენლად მშიერი ვიყავი ხოლმე.
დღემდე ვიყენებ ამ tip-ს. თუ რამე მინდა მოვამზადო, ვცდილობ მშიერი ვიყო. მეცნიერულად ვერ ავხსნი ამ
ფაქტს, მაგრამ ყველაფერი 10-ჯერ უკეთესად გამოდის.
ამაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ აჯობებს შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ.
სხვათაშორის, ლადოს ეგონა, რომ არქიტექტორი გამოვიდოდი.
Пожалуй это единственное в чём он ошибся.

10_Issue_CulinArt60

– რომელ პროფესიონალურ სამზარეულოში შედგა შენი დებიუტი?
– რესტორანში პირველად 15 წლის ასაკში მოვხვდი, ოფიციანტად. მალევე დამაინტერესა რა ხდებოდა „კულისებს“ მიღმა. 16 წლის რომ ვიყავი შეფის დამხმარედ მიმიღეს ახლადგახსნილ ლიტვურ კაფე-რესტორანში.
პირველ ინტერვიუზე, აურიმასმა (შეფ-მზარეული) მითხრა: რატომ იღუპავ თავს? რატომ გინდა იყო ფრონტის უჩინარი მეომარი? მარწმუნებდა, გადამეფიქრებინა სანამ გვიან არ იყო. როგორც ჩანს, მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო დამაინტრიგა.
– საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ახლა ავსტრალია. როგორ აისახება ქართული ფესვებისა და ასეთი დიდი საერთაშორისო გამოცდილების ერთობლიობა შენს კერძებზე?
– არა, სულაც არ მაქვს დიდი გამოცდილება. ეს უბრალოდ ჩემი ავანტიურიზმის ბრალია. ვთანხმდები ყველა შეთავაზებას და ვცდი ჩემს თავს. აქედან გამომდინარე ადვილად ვიცვლი გარემოს, ვცდილობ ჩავწვდე უცხო კულტურას, გავუგო გემო თეორიულადაც და პრაქტიკულადაც.
რა თქმა უნდა, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი თავი „თან დამაქვს“. ქართული ფესვები ყველგან თავს იჩენს, განსაკუთრებით ტემპერამენტი. სად უნდა გავექცე არ ვიცი.
კონკრეტულად, როგორ აისახა საერთაშორისო გამოცდილება არ ვიცი.
ასოებით როგორ გადმოვცე კერძების გემო. ალბათ ფრანგულ ესთეტიკაში, გერმანულ პედანტურობაში.
ალბათ, რუსეთში რომ მუშაობ მზად უნდა იყო ნებისმიერი არასტანდარტული სიტუაციისთვის. რუსეთმა გამომწვრთნა სირთულეებისთვის. ავსტრალია მასწავლის დიპლომატიასა და ტოლერანტობას.
საქართველო – ახლობლის სიყვარულს – რისთვისაც ვაკეთებ ყველაფერს. პირადი თვისებები დიდ გავლენას ახდენს ყველაფერზე რასაც ადამიანი აკეთებს,განსაკუთრებით კულინარიაში. ამ სფეროში გამოცდილება,
ცუდიც და კარგიც, მომავალში უდრის ნაყოფიერ მუშაობას.
10_Issue_CulinArt62

– Urban Cat CAfe ავსტრალიაში, იყო ადგილი, სადაც აკეთებდი ექსპერიმენტულ და ტრადიციულ ქართულ კერძებს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხშირად არც კი სმენიათ შენი სამშობლოს შესახებ. კმაყოფილი ხარ თუ არა შედეგებით? საინტერესო იყო აქ მუშაობა?
– ავსტალია. 37-საათიანი გადაფრენის შემდეგ, გავიარე ყველაზე ადვილი გასაუბრება ჩემს ცხოვრებაში. მითხრეს:
– აი კაფე, აი გასაღები, იმუშავე 16:00-დან 22:00 საათამდე და გააკეთე რაც შეგიძლია. იშოვი ფულს – გექნება ხელფასი, ვერ იშოვი – არ გექნება.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ავსტრალიაში ჩამოსასვლელად დავხარჯე ყველაფერი, რაც მქონდა და არ
მქონდა, ეს იყო იდეალური შემოთავაზება. ერთი წლის განმავლობაში მარტომ გავაკეთე ყველაფერი. მჭირდებოდა თანხა ინგლისური სკოლისთვის, საცხოვრებლად, საჭმელად. ამიტომ ძალას არ ვიშურებდი.
Urban cat Cafeიყო ქართული სამზარეულოს იდეალური ადაპტაცია იმასთან, რაც სურთ ავსტრალიელებს. მე ვერ გავაკეთებდი აუთენტურ ქართულ კერძებს სიდნეის ყველაზე ჰიპსტერულ რაიონში, მაგრამ შემეძლო გამეკეთებინა ის, რაც ავსტრალიელებს მოეწონებოდათ. ამას დავუმატე საქართველო და ცოტა შეფ პაატა ხუციშვილი. ეს რჩევა ალან დუკასის ინტერვიუდან დამამახსოვრდა.
Urban Cat Cafe ყოველდღე მჩუქნიდა სასიამოვნო დაღლილობას. ეს ის მომენტია, როდესაც ფეხებს ვერ გრძნობ, მაგრამ სახეზე კმაყოფილების ყველა ნიშანი გემჩნევა.
– დღეს North gregory Hotel-ის Executive Chef ხარ. რა შედის შენს მოვალეობებში? როგორია შენი სამსახური?
– ადგილი, სადაც კონსერვატიზმის პიკია! აქ უნდათ ყველაფერი ის, რაც უნდოდათ 10-20-50 წლის წინ. მიჭირს ავხსნა ის, თუ რამდენად რთულია ამ გარემოში ახლის შემოტანა.
სასტუმრო ორიენტირებულია ავსტრალიელ ტურისტებზე, რომლებიც მანქანით მოგზაურობენ ქვეყნის გარშემო. ეს არის ავსტრალიური კულტურის ნაწილი. ჩემი პასუხისმგებლობაზეა ყველაფერი, რაც ხდება სამზარეულოში. დილის 6-დან საღამოს 9-მდე. საუზმე, ლანჩი და სადილი.
ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი პირველ ჯერზე გამომდის. მუშაობა არასდროს ყოფილა ადვილი, მაგრამ როგორც
ჩანს, სირთულეების გადალახვა მხოლოდ დროის ამბავია. სხვათაშორის, მივაღწიე იმას, რომ ამ კონსერვატიულ გარემოში, მენიუში შევიტანე Georgian Chicken, ანუ ჩვენებური წიწილა. ადაპტირებული, მაგრამ მაინც Georgian. მე ვმუშაობ ავსტრალიის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში. ზამთარში, დღისით, ტემპერატურა +27-30ºჩ-ია, ზაფხულში კი +48ºჩ-მდე ადის.

10_Issue_CulinArt63  10_Issue_CulinArt64

10_Issue_CulinArt65

This place is the biggest challenge in my life. 

– რას გეგმავ მომავალში? რამდენ ხანს ფიქრობ ავსტრალიაში დარჩენას? შედის თუ არა შენს გეგმებში სამშობლოში დაბრუნება?
– სანამ საქართველოს დავტოვებდი, ლადომ, ბაბუაჩემმა, მითხრა: აითვისე პროფესია, რომლითაც შეძლებ  მუშაობას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, განსაკუთრებით კი საქართველოშიო.
მითხრა: იყავი მარკო პოლო! მიიღე განათლება, პროფესია, გამოცდილება და დაბრუნდი შენს ქვეყანაშიო. დღეს მე აქ ვარ. რაც დავიწყე უნდა დავამთავრო. ამ ეტაპზე აქ უფრო მეტს გავაკეთებ საქართველოსთვის ვიდრე საქართველოში, თუმცა რა თქმა უნდა დავბრუნდები!
– როგორ შეაფასებდით თანამედროვე ქართულ კულინარიას და რას ურჩევდით დამწყებ ქართველ მზარეულებს?
– არ მგონია ვინმეს შეფასების სტატუსი მქონდეს. ჯერ ერთი, 4 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ და მეორე, მეც ქართული კულინარიის ნაწილი ვარ. ჩვენი მთავარი მსაჯი – ჩვენი სტუმარია. ხალხი შეგვაფასებს, საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც! დამწყებ მზარეულებს კი მე რჩევას მივცემდი, რაც ჩემმა
მასწავლებელმა მომცა: თავს ნუ დაიღუპავთ და აითვისეთ სხვა პროფესია, თუ მაინც დაეუფლებით ამ საქმეს,
გახსოვდეთ, რომ სირთულეები გაივლის. მთავარია გქონდეთ მიზანი. საერთოდ, შენი თავის საუკეთესო მრჩეველი – შენ თვითონ ხარ.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com