ზამთრის მოტკბო, სევდიანი სურნელი
სურნელი #1: დეიდა
– ნიგოზი სულ თეთრი უნდა იყოს, – ამბობს დეიდაჩემი და საცერს მაგიდაზე დებს, – არცერთი შავი ლებანი არ უნდა გააყოლო, თორემ ყველაფერს გააფუჭებ.
წლებია, ამ რიტუალს ვუყურებ – დეკემბრის ბოლოს დეიდა საგულდაგულოდ რეცხავს და ამშრალებს საცერს და საცივისთვის ნიგვზის ხეხვას იწყებს. შემიძლია, დიდხანს ვიჯდე და თვალი ვადევნო, როგორ მოძრაობს დეიდაჩემის ლამაზი, მუდმივად მოვლილი და ლაქწასმული თითები ბადეზე, როგორ ცვივა ნიგვზის უქათქათესი ფანტელი საცრის ქვეშ საგულდაგულოდ გაფენილ ქაღალზე, ვიგრძნო, როგორ შემოდის სახლში დღესასწაული და მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულები არ მიყვარს, ძარღვები ბედნიერების არაჩვეულებრივმა შეგრძნებამ ამივსოს.
დეიდაჩემი განსაკუთრებული ქალია, თავისი ცხოვრებით, მოგზაურობებით, თავგადასავლებით, ულამაზესი კაბებით და მარტოობით, არაჩვეულებრივი საცივით და მსოფლიოში საუკეთესო „ნაპოლეონით“, რომელსაც ოთხმოცდაათიანებში, უძველეს ელექტროღუმელში აცხობდა ჩემი მეგობრებისთვის. მისი კერძების გარეშე შობა და ახალი წელი არაფერია.
– ქალი პრეზიდენტიც რომ იყოს, საჭმლის მომზადება აუცილებლად უნდა შეეძლოს, – ხშირად იმეორებს ის. მეცინება. ერთმანეთს ბევრ რამეში ვეთანხმებით, მაგრამ პრეზიდენტობისა და კულინარობის პუნქტთან დაკავშირებით, შემიძლია, დაუსრულებლად ვეკამათო.
– შენ არ გცალია, მაგრამ რომ მოინდომო, ყველაფერი გამოგივა. გემრიელი ხელი გაქვს, – ბოლომდე ვერ მიმეტებს და შეტევის ახალ საფეხურზე გადადის – ვიცი, რომ ხორცს არ ჭამ, მაგრამ ჩემს გაკეთებულ საცივს ხომ მაინც გასინჯავ?
გარეთ მოღუშული ამინდია, მე კი ბავშვობის სამზარეულოში ვზივარ და ვუყურებ, როგორ ცვივა ნიგვზის მსუბუქი, სურნელოვანი ფანტელი საცრის ციდან.
სურნელი #2: აიშა
მე საკუთარი შობის ანგელოზი მყავს. მომღიმარი გოგო, თხლად ნაქსოვი კაბითა და გამჭვირვალე ფრთებით,
ტომეკმა ჩამომიყვანა ვარშავიდან იმ შობას, რომელიც ზუსტად ცხრა წლის წინ, ჩვენი მეგობრებისგან დაცლილ ვილნიუსში დადგა. მას აიშა ჰქვია, დიახ, აიშა და არა კაროლინა, კატარჟინა ან პოლონეთში გავრცელებული რომელიმე სახელი. მე და ტომეკმა დავარქვით.
მახსოვს, როცა მატარებელი ბაქანს მოუახლოვდა, თოვდა, თოვდა მსხვილად და რბილად, ისე, როგორც ზღაპრებში თოვს, თოვდა და ფანტელებს დედამიწაზე ჩამოჰქონდათ ყველა ადამიანური სიხარულის ჯადოსნური სურნელი. დავინახე, როგორ ჩამოვიდა კიბეზე ჩემი მეგობარი, ვარშავასა და ვილნიუსს შორის სიარულში გაზრდილი, ნახევრად ლიტველი და ნახევრად პოლონელი ბიჭი და თან უზარმაზარი
იმედი ჩამოიტანა, იმედი, რომ ვისაც ელი, ის აუცილებლად დაბრუნდება, რომ ვისთვისაც ძვირფასი ხარ, დღესასწაულზე მარტო არ დაგტოვებს, რომ ვისაც უყვარხარ, სწორედ ის არის შენი მფარველი ანგელოზი.
საშობაო ღვეზელები პირველად სწორედ იმ დღეს გამოვაცხვე. ათასნაირი ყველი შევურიე ერთმანეთს, რომ არ
შევრცხვენილიყავი და ვახშმად მხოლოდ ფუმფულა ცომი და გამქრალი ყველის ნაკვალევი არ შეგვრჩენოდა ხელთ. როგორც მახსოვს, ექსპერიმენტმა გაამართლა.
მაშინ ტომეკმა მითხრა, რომ პოლონელები და ლიტველები ყოველთვის დებენ ერთ ზედმეტ თეფშს საზეიმო სუფრაზე – მისთვის, ვინც გზაშია, მისთვის, ვინც ენატრებათ, მისთვის, ვისაც უჭირს, მისთვის, ვინც უყვართ და შორსაა, მისთვის, ვინც მოულოდნელად მოვა და თან მთელი წლის სამყოფ ბედნიერებას მოიტანს.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ისეთი ფანტელები, ბაქანზე რომ ცვიოდა, აღარსად მინახავს. ჩემი და ტომეკის გზებიც გაიყარა, მაგრამ რაც მთავარია, მე საკუთარი ანგელოზი მყავს, აიშა, რომელიც ყოველთვის მახსენებს ზედმეტი თეფშის დადგმას სადღესასწაულო სუფრაზე, ყველაზე ძვირფასი ადამიანების დასაბრუნებლად.
სურნელი #3: მარიამი, ნანუკა, ანკა, ქეთი და სხვები
ზამთარი სევდაა. ზამთარი ქარის ანაბარა დარჩენილი ხეების მარტოობაა და დილით სახლთან მომლოდინე სუსხის აუტანლად სუფთა სუნი. ხშირად მიფიქრია, რომ ახალი წელი ზამთარში ზუსტად იმიტომაა, რომ ადამიანებმა ნაცრისფერი სეზონის გადაგორება შევძლოთ, ერთად ყოფნა შევძლოთ, საკუთარ თავს კარგად გახდომის მიზეზი მივცეთ.
– ვფიქრობ, რა შემოგთავაზოთ, – ამბობს ანკა და თითებს იმტვრევს. წლევანდელი ზამთარი თითქოს არ დაიწყო ცუდად – ანკამ და ქეთიმ ახალი, საინტერესო ბარი გახსნეს, რომელიც პარასკევს და შაბათს ბერლინს მაგონებს, დანარჩენ დღეებში კი უფრო თბილისია. ჩვენ აქ ხშირად მოვდივართ, არა მარტო იმიტომ, რომ მეგობრები გავამხნევოთ, არამედ იმიტომაც, რომ აქაურობა მოგვწონს.
მე, მარიამი და ნანუკა თეთრ ღვინოს ვწრუპავთ და ანკას რჩევას ველოდებით. მარიამის დაბადების დღე განსაკუთრებული თარიღია, უბრალოდ ვერ ჩაივლის. ცოტა ხანში ანკას ერთი შეხედვით, უცნაური სალათი მოაქვს – არაჩვეულებრივად, პიკანტურად შეზავებული კიტრი, ანანასი და სალათის ფოთლები. ასეთი კომბინაცია აქამდე არ გაგვისინჯავს. ინტერესით ვაგემოვნებთ და სანელებლების გამოცნობას ვცდილობთ. მოტკბო-მომჟავო გემოები ერთმანეთში ირევა. ანკას შერჩეულ სალათში ზამთრისა და ზაფხულის არომატებია შერწყმული. თვალები მიწვრილდება და ვიღიმები. გარეთ ცივი, მაგრამ ხალხით სავსე, თბილისური დეკემბერია, მე კი ვცდილობ, გამოვიცნო, ანანასს თაფლის გემო მართლა დაჰკრავს თუ არა. თან ვფიქრობ, რომ ასეთი დღეებისთვის მართლა ღირს ცხოვრებაც და ზამთრის დადგომაც, საღამოებისთვის, რომლებსაც მეგობრებთან ერთად ატარებ თბილ ოთახში, ძვირფასი ადამიანების სიცილისთვის, მათი ისტორიების
მოსმენისთვის, უცხო გემოების გასინჯვისთვის, ახალი სიყვარულის მოლოდინისათვის, ნამდვილად ღირს ძველი ტკივილების დავიწყება.
– რა კარგია, რომ შევიკრიბეთ, გოგოებო. – ამბობს ნანუკა. ღამდება. თეთრი ღვინის ჭიქის მიღმა მკრთალად ჩანს ჩემი მეგობრების ღიმილის ანარეკლი. 2016 წელი კარგი წელი იქნება! შეუძლებელია, არ მჯეროდეს!