ძველი-ახალი წელი გახსოვს, ფერადი ლენტებითა და ბრჭყვიალა გირლიანდებით მორთული საახალწლო ნაძვის ხე, რომლის კენწეროს განათებული ვარსკვლავი აგვირგვინებს?
გახსოვს, როგორი სასაცილოა ვერცხლის ან ოქროსფერ შუშის ბურთზე არეკლილი შენი გაბუშტული და გამოწეული დრუნჩი? როგორ ტრიალებენ ნაძვის ტოტზე, ძაფით ჩამოკიდული სათამაშოები: ხის ბალერინები და მეომრები, შუშის ირმები, დელფინები და ბუები, მუყაოს მამლები, ციგები, თვითმფრინავები? გახსოვს, ბამბისწვერებიანი თოვლის ბაბუა, თავის ფიფქიასთან ერთად?
გახსოვს, ანთებული შუშხუნით ხელში როგორ აფრქვევ ნაპერწკლებს, როგორ დარბიხარ ოთახიდან ოთახში და ანათებ არემარეს?
სატკაცუნოდან გადმოყრილი ფანტელებით მოფენილი იატაკი და დენთის სუნი, რომელიც გასროლისას ჩნდება, ხომ გახსოვს? ის დიდი მაგიდა, რომელზეც საახალწლო სუფრაა გაშლილი?
გახსოვს, ხელიდან ხელში როგორ გადადის ინდაურის საცივით სავსე თასი? რა თხელ ნაჭრებად არის დაჭრილი მოხარშული ბურვაკის ხორცი? რამდენ პირშუშხას უსვამენ ლაბას? როგორ კნაწუნებს კბილებში შემწვარი გოჭის ყური? გახსოვს, ლიმონათის და ბორჯომის გაზი რა სასიამოვნოდ წვავს პირს? როგორ ასხამენ ღვინოს ბოციდან დოქებში, და შემდეგ ჭიქებში? იქვე დაღვრილი ღვინის სუნი? გახსოვს, საათი თორმეტს რომ დაჰკრავს, ეზოში სანადირო თოფების სროლა ატყდება, თითქოს ომი დაიწყოო? გახსოვს, როგორ უნდა აიცდინო შამპანურის ბოთლიდან ამოვარდნილი საცობი? გახსოვს, როგორ კოცნის და ულოცავს ყველა ერთმანეთს? ჩურჩხელებით და ჩირებით სავსე ლარნაკიც ხომ გახსოვს? და გოზინაყის გემო, რომლის მიწოდებისას რომ გისურვებენ, ასე ტკბილად დამიბერდიო? ის საახალწლო კონცერტებიც გემახსოვრება ტელევიზორით რომ გადმოსცემენ და აუცილებლად – კახური მრავალჟამიერი. გაიხსენე, ახალი წლის ღამეს როგორ ებრძვი მორეულ ძილს. როგორ არ გინდა, ის ჯადოსნური მომენტი გამოგრჩეს, როდესაც თოვლის ბაბუა შენს საძინებელში შემოდის და რომელიღაც კუნჭულში საჩუქარს გიტოვებს. ძილი როგორ გძლევს, ალბათ, არ გახსოვს, მაგრამ ახალი წლის დილა ნამდვილად გემახსოვრება. გემახსოვრება, როგორ გიფეთქავს გული, სანამ თვალს გაახელ და ლამაზად შეფუთულ ყუთს დაინახავ, რომელშიც სახანძრო მანქანა, მწვანე ჯარისკაცები, პლასტმასის პისტოლეტი ან ასაწყობი თვითმფრინავი დევს. გახსოვს, პირველი იანვარი და ვინ იყო მეკვლე? სპორტის სასახლეში ბავშვებისთვის გამართული თეატრალური დადგმა „საახალწლო ნაძვის ხე“ გახსოვს? ან ის როხროხა, ხელოვნურწვერიანი თოვლის ბაბუა, მიკროფონით ხელში რომ მოგვმართავს ბავშვებს? გახსოვს, მშობლებთან ერთად სახლში რომ ბრუნდები და თან ჩაბღუჯული გაქვს მანდარინებით, კანფეტებით და სიმინდის ფანტელებით სავსე პაკეტი, რომელიც ზეიმზე დაგვირიგეს? ციგაობა, გუნდაობა? რა ნელა ეშვებიან ციდან დიდი თეთრი ფიფქები ან ის თოვლის კაცი, ფანჯრიდან რომ ჩანს? გახსოვს, ის უდარდელი, ბედნიერი არდადეგები?… გახსოვს, ვიცი, რომ გახსოვს!..
ჰოდა არაფერი შეცვლილა. ახალი წელი ისეთივე მისტიკურია დღესაც! გარეთ სანადირო თოფს აღარ ისვრიან, ფეიერვერკებმა ჩაანაცვლეს ისინი. სუფრა იგივე, შეიძლება ისეთი გადატვირთული არა, როგორც ადრე, მაგრამ აუცილებლად საცივით, ან დღეს უფრო პოპულარული ქათმით ბაჟეში, სალათა „ოლოვიეთი”, თონის პურით;
ყოველ წელს რაღაც ახალი, ჩინური კალენდრის მიხედვით ამ წლის შესაბამისი ცხოველის საყვარელი ან ამ ცხოველთან ასოცირებული კერძით თუ პროდუქტით, მანდარინებით, ლიმონათით, მინერალური წყლით, აუცილებლად გოზინაყით და ჩურჩხელებით და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი საქართველოში 2-ჯერ
ხდება. გვიყვარს ზეიმები, პურ-მარილი, კარგი სუფრა და ამისთვის ნებისმიერ მიზეზს ვეძებთ. ჩვენი ნება რომ
იყოს, ახალ წელს წელიწადში რამდენჯერმე ვიზეიმებდით: მართლმადიდებლური, კათოლიკური, ჩინური, შუმერული, ინკას… კალენდრების მიხედვით და კიდევ ერთსაც ჩვენსას, საკუთარი გამოგონებული კალენდრის მიხედვით. თუ დავუფიქრდები, ყოველი ახალი წელი თითო წელს მაკლებს, რაც სულაც არ არის ჩემთვის სასიხარულო, მაგრამ ის ბავშვი, რომელიც ჩემს მეხსიერებაში ცხოვრობს და რომელსაც შეუძლია, უბრალოდ უხაროდეს, დაფიქრების საშუალებას არ მაძლევს. მე ყოველი ახალი წელი მაინც მიხარია. ახლაც კი, როცა მაქვს საშუალება, შვილთან ერთად სიამოვნებით ვრთავ ნაძვის ხეს და ვშლი საახალწლო სუფრას, რადგან ამ კერძებს განსაკუთრებული გემო აქვთ – ახალი წლის, ახალი თავგადასავლების გემო.