მაკო მჭედლიშვილი ტელეწამყვანი
კვების რაციონი – განათლებით იურისტი ვარ, თუმცა ამ პროფესიით არცერთი დღე არ მიმუშავია. სრულიად შემთხვევით მოვხვდი ტელევიზიაში და უკვე სამი წელია, რაც პირდაპირ ეთერში მიწევს მუშაობა. რთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ჩემი კვების რაციონი ყოველთვის არეულია. თითქმის ვერასდროს ვასწრებ, რომ ვისაუზმო.
ჯანსაღი კვება – ძალიან დატვირთული ვარ და სახლში იშვიათად მიწევს ყოფნა, ამიტომ, სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებ იმის კონტროლს, თუ რამდენად ჯასაღია საკვები, რომელსაც ვიღებ.
საყვარელი სამზარეულო – ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს და ბევრი რამ მარტივად მბეზრდება. შესაბამისად, მიჭირს ერთი კონკრეტული კერძის ან რომელიმე ერთი ქვეყნის სამზარეულოს გამორჩევა. თუმცა, მრავალფეროვნებიდან და გემოების სიმრავლიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად მაინც, ჩინური სამზარეულო მიყვარს.
საყვარელი კერძი – ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ცხოვრება იტალიური კერძების გარეშე.
კულინარია – მიუხედავად იმისა, რომ პროფესიის არჩევისას ტელევიზიაზე არასდროს მიფიქრია, კულინარიული გადაცემის წაყვანაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ეს სურვილი ნაწილობრივ ამიხდა კიდეც, კვირის ერთ-ერთ დღეს ჩვენს სატელევიზიო გადაცემაში სწორედ კულინარიას ვუთმობთ, შეფ-მზარეული ილია ბენაშვილი კი, – ჩვენი თანაწამყვანია. დაუსრულებლად შემიძლია ვუყურო კულინარიულ შოუებს. ზოგადად, სამზარეულო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. დედისერთა ვარ, ორი ბებია მყავს და ორივე ერთმანეთზე უკეთესი კულინარია. ამიტომ, სახლში კერძების მომზადება იშვიათად მიწევს, თუ ამას ვაკეთებ, მხოლოდ საკუთარი და სხვების სიამოვნებისთვის. სტუმრების მიღება, მასპინძლობა ძალიან მიყვარს. ხალხმრავლობაში ყოფნისას, როგორი პრობლემაც არ უნდა მქონდეს, მაინც კარგ ხასიათზე ვარ. სტუმრებისთვის მზადება ჩემთვის, კიდევ ცალკე სიამოვნებაა. ლამაზი ჭურჭელი და სუფრა, ეს ჩემი სუსტი წერტილია… ამაზე ფიქრი და ლაპარაკი არასდროს მბეზრდება.
ყველაზე განსხვავებული – რაც გამისინჯავს ალბათ თევზი ბარაკუდაა, სხავდასხვა ზღვის პროდუქტთან ერთად დავაგემოვნე. რაც შეეხება ჩემ მიერ მომზადებულ კერძებს, მეგობრებს ყველაზე მეტად ჩემი მომზადებული ქათამი უყვართ.
საყვარელი ინგრედიენტი – ჩემი საყვარელი ინგრედიენტია – სოიოს სოუსი. მგონი ყველაფერს უფრო გემრიელს ხდის.
სენდვიჩი ავოკადოთი და პესტოთი
ინგრედიენტები:
*ტარხუნა, შაშკლავი,პიტნა – 1 კონა
*ნიგოზი/ ნუში – 100 გრ
*ნიორი – 1 კბ
*პარმეზანი – 150 გრ
*ლიმონი – 1 ც
*ზეითუნის ზეთი – 2ს/კ
*მარილი
*პილპილი
*ავოკადო
*ფეტა
*ფორთოხალი
*რუკოლა
*ბაგეტი
მომზადების წესი:
პესტოს სოუსისთვის: აიღეთ ერთი კონა ტარხუნა ან შაშკლავი, შესაძლებელია პიტნაც. დაუმატეთ ნიგოზი ან ნუში, შემდეგ ნიორი, პარმეზანი, ერთი ლიმონის ცედრა და ნახევარი ლიმონის წვენი. მიღებულ მასას დაუმატეთ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი და დააბლენდერეთ. თუ მასა სქელი მოგეჩვენათ, დამატებით 1 ს/კ ზეითუნის ზეთის საშუალებით გაათხელეთ დაუმატეთ გემოვნებით მარილი და პილპილი. (პესტოს სოუსი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში) ავოკადო და ფეტა დაჭერით თხელ ნაჭრებად, გახუხეთ ბაგეტი, წაუსვით პესტოს სოუსი, ბაგეტში მოათავსეთ ფეტა, ავოკადო, ფორთოხლის რბილობი და რუკოლა ან სურვილისამებრ სხვა სალათის ფოთოლი. ერთი სენდვიჩის მომზადებისთვის გამოიყენეთ: ორი კოვზი პესტო, ¼ ავოკადო, 80 გრფეტა (ორი თხელი ნაჭერი), ფორთოხლის ორი ვეჯისი (ლებანი) ან გრეიფრუტის რბილობი, ერთი სალათის ფურცელი.
ფოტო: LIG Studio