აი, დადგა ბევრისთვის სანატრელი დრო და ხინკლის დაგემოვნება, თვით ამსტერდამშიც კი, გახდა შესაძლებელი. ქართული სამზარეულოს მზარდი პოპულარობის ფონზე გასაკვირია, რომ ევროპის ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყნის დედაქალაქში, აქამდე არ არსებობდა ამგვარი ადგილი.
უფრო დაწვრილებით რომ მივყვეთ – 6 ოქტომბერს, ამსტერდამის აღმოსავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე გაიხსნა „ბატონი ხინკალი”, ადგილი სადაც ქართული სამზარეულოს მოყვარულებს შეუძლიათ დააგემოვნონ ხარისხიანი და გემრიელი ქართული კერძები და სურვილის შემთხვევაში, სახლშიც გაიყოლონ. სახელიდან გამომდინარე, „ბატონი ხინკალი“ ძირითადად, მომხმარებელს ხინკალს სთავაზობს, თუმცა აქვე, ფხალეულის ნაირსახეობაც მოიპოვება და მომავალში მენიუს გამრავალფეროვნებაც იგეგმება.
„ბატონი ხინკალი“ სამი სახეობის ხინკლით იწონებს თავს – ხორცის კლასიკური, სოკოსი და ყველის, ოღონდ ყველის მცირეოდენი სახეცვლილებით, ყველი ცოცხალი პიტნით! ხინკალს, რომელიც უკვე საკმაოდ სახელგანთქმულია საქართველოს საზღვრებს გარეთ, ბევრი მოყვარული ჰყავს და მათი რიცხვი არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს, პოსტ საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებისგან. ხინკალი, როგორც ქართული სამზარეულოს თვალსაჩინო ნაწილი, ნელ-ნელა საკუთარ ადგილს და სახელს იმკვიდრებს დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. აღსანიშნავია, რომ სპეციფიკური გემო, რომელიც ქართულ ხინკალს გამოარჩევს სხვა ქვეყნებისა თუ კულტურების მსგავსი კონცეფციის საკვებისგან (Ravioli იტალიაში, Pierogi პოლონეთში, Vareniki – უკრაინაში, Manti ცენტრალური აზიიდან და ა.შ) არის ის სახასიათო და უნიკალური თვისება, რის გამოც მას ესეთი მზარდი ფანკლუბი ჰყავს.
თუკი ინტერნეტში Google-ის ან ნებისმიერ სხვა საძიებო პროგრამაში მიუთითებთ ხინკალს და შეეცდებით მოიპოვოთ ინფორმაცია მის შესახებ, დარწმუნდებით, რომ ხინკლის კეთებით არა მხოლოდ ქართველები არიან დაკავებულები. ეს, რასაკვირველია, სასიხარულო ფაქტია და იმაზე მიუთითებს, რომ ქართული სამზარეულოს
ზოგადად, და ამ შემთხვევაში ხინკლის, პოპულარობა მატულობს და იმედია მალე, ის ისეთივე პოპულარული და საყვარელი საკვები გახდება, (თუ უფრო მეტადა რა) როგორც დღეს, მსოფლიოში იტალიური, იაპონური
თუ სხვა სამზარეულოების კერძები, ამის პოტენციალი ხინკალს, ნამდვილად გააჩნია.
„ბატონი ხინკალი”-ს ამსტერდამულ ისტორიას რომ მივუბრუნდეთ – იდეა, რომელიც უკვე პრაქტიკულად განხორციელდა, ჰოლანდიაში მცხოვრებ სამ ადამიანს ეკუთვნის, აქედან ორი ქართველია, ერთი კი, – ჰოლანდიელი, მაგრამ სამივეს მინიმუმ ქართული სამზარეულოს სიყვარული აერთიანებს. იდეის ავტორები და განმახორციელებლები სრულიად სხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია თამამად ეტარებინათ არა ერთი კულინარული ექსპერიმენტი და რისკზეც წასულიყვნენ. სანამ „ბატონი ხინკალი”
დღის სინათლეს იხილავდა, იყო არა ერთი, ამსტერდამში აგრერიგად პოპულარული ღონისძიება – საკვების
გამოფენა-გაყიდვა (Food market), სადაც, ძირითადად, მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხე-კუნჭულის სამზარეულო თუ ზოგადად თანამედროვე კულინარიის მიღწევებია წარმოდგენილი. „ბატონიხინკალი”-ს დამფუძნებლებმა საკუთარი და ხინკლის შესაძლებლობები რამდენჯერმე სწორედ ამ გამოფენაზე მოსინჯეს.
შედეგი – დიდი მოწონება!
მოწონება იყო ყველასგან, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, წარმომავლობისა, სოციალური სტატუსისა და ა.შ. ამ იმედის მომცემმა გამოხმაურებებმა და ძალიან დადებითმა შეფასებებმა – ინიციატორებს ბიძგი მისცა ეფიქრათ კონკრეტული ადგილის გახსნაზე, სადაც ქართული სამზარეულოს უკვე ახლადმოზიდული თუ ძირძველი ფანები შესძლებდნენ შეუზღუდავად, ყოველდღე მისვლას და სიამოვნების მიღებას.
დაბოლოს, „ბატონი ხინკალი“ თამამად ეპატიჟება ყველას ამსტერდამში, მათ შორის ყველაზე პრეტენზიულ გურმანებს, მის მიერ შეთავაზებული ხინკლისა თუ სხვა ქართული კერძების დასაგემოვნებლად და იმედოვნებს, რომ დიდი ხანი მიანიჭებს სიხარულს და სიამოვნებას ქართული სამზარეულოს მოყვარულებს, ჰოლანდიაში.
ამსტერდამის მოსანახულებლად ჩამოსულ ქართველ თუ სხვა ტურისტებს კი შევახსენებთ, რომ „ბატონი ხინკალი”-ს დამსახურებით, მუზეუმებსა თუ შოპინგში გატარებული, გრძელი და დამღლელი დღეების შემდეგ, გემრიელი ქართული დაბოლოება უკვე შესაძლებელია.