ნადიკვარზე ვდგავარ და სწრაფ-სწრაფად ვისუნთქავ ჭრელი ფოთლების მოტკბო სურნელს, ნიავმა უკითხავად რომ მოიტანა, როგორც კი გომბორს შევუყევით. შემოდგომის კახეთის პოეტურობა და და ერთმანეთში აღმოსავლურად აჭრილი ფერები ახლა არაფერ შუაშია, თუმცა ამით დაიწყო ყველაფერი…
მამაჩემი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ საპენსიო ასაკიდან რაჭაში გადასახლება უნდა. მარტო მამაჩემმა კი არა, ბიძაჩემმა და ჩემი მეგობრების მამებმაც მსგავსი მომავალი დასახეს: ბუნებასა და სიმშვიდეში გატარებული იდილიური წლები! როცა ძირითადი გასაკეთებელი-გაკეთებულია, შვილები – გაზრდილი, კარიერისტული ვნებები-დამცხრალი… რატომაც არა!
მსგავსი გეგმა თუ ოცნება ბევრი მომისმენია და,მაგალითიც არაერთი მინახავს, მაგრამ ის, რომ სრულიად ახალგაზრდა, აქტიური, ურბანულ გარემოს პრაქტიკულად შეზრდილი ადგე და სოფელში საცხოვრებლად წახვიდე, მაინც ძნელი წარმოსადგენია.
აი, ასე, ადგე და წახვიდე!
ზუსტად 2 წლის წინ, შემოდგომაზე, თელავში კაფე „მარლეტას“ გახსნა გავაშუქე. მაშინ გავიცანი მისი ავტორებიც: სოფო გორგაძე და ლევან ცაგურია – სოფო და ლეო, როგორც მათ თელავში იცნობენ.
ეს ის ხალხია, რომელიც ადგა და კახეთში წავიდა! რომელმაც სოფელ შალაურში სახლი ააშენა და საკუთარი მეურნეობა შექმნა; რომელმაც თელავს კაფე „მარლეტა“ აჩუქა და რომელიც უყვარს ყველას – მათი გულღია ხასიათისა და უკლებლივ ყველას მიმართ კეთილგანწყობის გამო.
ამ ხალხმა შემაყვარა თელავი!
თუ მათ დაუმეგობრდებით, ვეღარასდროს მოშორდებით. მათთან ისწავლება სიცოცხლის ჟინი, კარგი მეგობრობა და ის, რომ უნდა უბრალოდ ადგე და ზედმეტი ფიქრის გარეშე გაქანდე იქ, სადაც მიგიხარია!
… მათ სახლში ვზივარ, რომელიც ლეომ, პროფესიით არქიტექტორმა, თავად დააპროექტა. ყოვლად უსაქციელო ძაღნამდვილილებს მონოპოლია აქვთ მეპატრონეებზე და პირდაპირი მნიშვნელობით თავზე გადაგვდიან. მაინც ვსვამთ ყავას და სოფოს კიდევ ერთხელ ვაყოლებ იტალიასა და ამერიკაში გატარებულ წლებს, როგორ მოჰყვა კახეთი.
და ვგრძნობ, შემიძლია უსასრულოდ ვუსმინო ამ წყვილს; უსასრულოდ ვუყურო, როგორ უყვართ ერთმანეთი; როგორ „გამოიგონეს“ ცხოვრების ასეთი სტილი! ვათვალიერო სახლი, სადაც ყველა ნივთი მომწონს; სადაც თავისუფლად სუნთქავ და გეჩვენება, რომ თანამედროვე მსოფლიოს გულს მიაგენი…
ოღონდ ეს სახლი არ დგას ცივილიზაციის ეპიცენტრში; დგას თელავის მიმდებარე სოფელში, შალაურში, სადაც ზუსტად ისეთი პოეტური შემოდგომა იცის, ყველაფერს რომ უყოყმანოდ მიგატოვებინებს…
გაფრენილი ოცნებასავით
კახეთი, „მარლეტა” და, ზოგადად, ახალი ცხოვრება სოფოსა და ლეოსთვის დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო.
სოფო: „მე და ჩემმა მეგობრებმა შაბათ-კვირას ბავშვები კახეთის დასათვალიერებლად წამოვიყვანეთ. იყალთოში, პატარა სასტუმროში დავრჩით, რომელიც შემაღლებულზე იდგა, გორაზე. შემოდგომა იწყებოდა. დილით რომ გავიღვიძე და აივნიდან გადმოვიხედე, ფანტასტიკური ხედი გადაიშალა: ვენახები, ალაზნის ველი, დათოვლილი მთები, ტყის პირას შეფენილი ცხვარი – სასწაული პანორამა! საუზმეზე რომ ჩავედით, იქ ჩემი მეგობრებისთვის მითქვამს, მე აქ უნდა ვიცხოვრო-მეთქი! რა თქმა უნდა, იმ ეტაპზე ეს ყოველგვარ რეალურ საფუძველს მოკლებული ნათქვამი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, იყო რაღაც წინასწარმეტყველური მასში… იმ დღის შემდეგ იმდენად მოვიხიბლე კახეთით, ფაქტობრივად, ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვდიოდი – ხან ბავშვებით, ხან მეგობრებთან ერთად. ძნელი ასახსნელია ეს უცნაური აჩემება – მე გურული ვარ, ლეო – მეგრელი და კახეთზე ისე გადავირიეთ, სამუდამოდ აქ ცხოვრება მოგვინდა.
რომელი რომელს აჰყვა? ლეო – მე! მისი დამსახურებაა ის, რომ ჩემი გიჟური იდეა ერთი წამით არ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და ასე წამოვედით.
“ლეო: „მე ამაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ დავფიქრდი და მომეწონა. ალბათ სიმშვიდის მოთხოვნილება გახდა საფუძველი ამ ყველაფრის. სანამ სოფოს შევხვდებოდი, სახლში არასდროს ვიყავი ხოლმე, მარტო ღამით შევდიოდი. ვიღვიძებდი თბილისური კითხვით – დღეს რა ვქნათ? ეს ყველაფერი მშვიდი არა, მაგრამ ერთფეროვანი იყო და მომბეზრდა. აქ სულ სხვა სიახლეა, რომელიც ძალიან მომწონს და მგონია, რომ სულ ასე იქნება.
“ სოფო: „მახსოვს, რომ ეს აზრი ნელ-ნელა მწიფდებოდა ჩემში, მეც სიმშვიდე და განსხვავებული ასპარეზი თუ სივრცე მინდოდა. ამ ხედმა, ამ უსაზღვროების შეგრძნებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინ. საერთოდ, ბუნებასთან შეხება ბავშვობაშიც სულ მქონდა. ბინაში არასდროს მიცხოვრია, ეზოიანი სახლი გვქონდა. სულ მყავდა მწყერი, კატა… მერე ვეტერინარობა მინდოდა, მაგრამ უშედეგოდ, ოცნებად დარჩა. თუმცა ბუნების მიმართ ამ არაგულგრილმა დამოკიდებულებამ, როგორც ჩანს, თავისი ქნა. არის კატეგორია, რომელსაც ეს არ შეუძლია. მე უფრო მქონდა შინაგანი ლტოლვა განმარტოებისკენ. ეს არ გულისხმობს, რა თქმა უნდა, იზოლაციას. უბრალოდ, ნაცნობ- მეგობრებთან აქტიური კომუნიკაცია შედარებით შეზღუდულია. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ასე მოგვწონს!“
შეგრძნებით ნაპოვნი შალოვანი
სოფო: „კახეთში სახლს დიდხანს ვეძებდით, აქაურობას განწყობისა და აურის მიხედვით მოვაგენით. წინ დათოვლილ კავკასიონს რომ უყურებ, სადღაც სხვა განზომილებში ხვდები! დავდიოდი და რა სახლებიც ვნახე, მთები ყველგან ზურგს უკან მქონდა, ქურდულად უნდა გაგეხედა, რომ დაგენახა, მე კი მინდოდა წინ გადაშლილიყო და ლაღად მეყურებინა!“
თბილისური აქტიური ცხოვრების წესის რადიკალური ტრანსფორმაციის იდეას ყველა სკეპტიკურად შეხვდა –
ოჯახის წევრებიც და მეგობრებიც. ლეო იხსენებს, რომ ამ ყველაფერს სერიოზულად არავინ აღიქვამდა: „მშობლები აქაურობის სანახავად რომ ჩამოვიყვანეთ, ამ სახლის ადგილას მხოლოდ კედლები იყო, მეტი არაფერი და კიდევ, ეკალ-ბარდით დაფარული დიდი ეზო. მახსოვს, როგორი უნუგეშო გამომეტყველებით გვიყურებდნენ. გულ- დამძიმებულები წავიდნენ, სახეზე ეწერათ, რასაც ფიქრობდნენ – რომ რაღაც სისულელეს ვაკეთებდით. მეგობრებიდანაც ბოლომდე არავინ დაიჯერა, ფიქრობდნენ, წავლენ და ერთ თვეში უკან ჩამოვლენო. ახლა ბევრი ამბობს, რა მაგარია, ჩვენც იგივეზე ვფიქრობთო. მაგარია, მაგრამ არაა ადვილი – თავს არ ვიქებ იმის გამო, რომ ჩვენ ეს შევძელით, უბრალოდ ასე მარტივად არ ხდება – ადგე და ახალ სივრცეში ახალი ცხოვრება დაიწყო! შეიძლება ბევრს უნდა ჩვენი მაგალითის გამეორება, მაგრამ არაა იოლი, უამრავი ადამიანია თბილისზე დამოკიდებული – მატერიალურად, ვალდებულებებით…“
სოფო: ახლა დიდი ამბავია აქ ჩამოსვლაზე – წინასწარ ვგეგმავთ ვინ ჩამოვა, როდის და რამდენი ხნით. ყოველ
შაბათ-კვირას ვიღაცაა ჩვენთან, ზაფხულში ხომ თავისთავად! თუმცა ასე მარტივად არ მომხდარა ყველაფერი ზღაპარივით – ავდექით და მორჩა! სირთულეც ბევრი იყო, თუმცა გადაულახავი – არაფერი. ობიექტურად, ეს ხომ არაა საფრანგეთის სამხრეთ პროვინცია? – ესაა ბევრ რამეში შეზღუდული და პრობლემური ქვეყნის ერთ ერთი რეგიონი.“
კახეთამდე ნაპოვნი ერთმანეთი
სოფო: „მე და ლეო ტოლები ვართ, თან უზარმაზარი საერთო სამეგობრო და სანაცნობო გვყავს, მაგრამ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, 35 წლის განმავლობაში ჩვენი გზები არ გადაკვეთილა. არც გუდაურში, არც ბაკურიანში, დაბადების დღეებზე, სადაც ვიკრიბებოდით ხოლმე. შემთხვევით, ქუჩაშიც კი არ შევხვედრივართ ერთმანეთს. აი, ბოლოს ჩემი უახლოესი მეგობრის დაბადების დღეზე მოვხვდით ერთად, შემოდგომაზე. მეორედ 24 მაისს შარდენზე გადავეყარე და ზუსტად ორ თვეში, 24 ივლისს ხელი მოვაწერეთ. 2008 წელი იყო.
აქ მალევე წამოვედით ბავშვებთან ერთად. უფროსი გოგო, ანკა, იმ დროს ამერიკაში სწავლობდა, ახლა 24 წლისაა, გათხოვდა და მალე ბებია გავხდები. ტყუპები – ლიზა და მარიამი – მაშინ 10 წლის გახდნენ. თელავის პირველ სკოლაში შევიყვანე. თავიდანვე მოეწონათ. ვფიქრობ, რომ აქ ცხოვრებამ ბევრი კარგი მისცა ბავშვებს. ჯერ ერთი, დიდი ფუფუნებაა, როცა დედა სულ ახლოს გყავს. თბილისში თუ მუშაობ, მთელ დღეს ტელეფონზე ხარ ჩამოკდებული, რომ შვილებს ეკონტაქტო, გვიან მიდიხარ, აღარც ბავშვების თავი გაქვს… აქ ერთ სივრცეში, მშვიდ გარემოში ვართ. თვითონაც გაწონასწორებულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. ახლა 17 წლის არიან. ლიბერალურად ვზრდი. მთავარია, მშვიდები იყვნენ, თავს ბედნიერად გრძნობდნენ, ნაკლები სტრესი ჰქონდეთ, რაც აქ ბევრად ადვილი მისაღწევია. მათ ნებისმიერ დროს ექნებათ ალტერნატივა – ცხოვრების სასურველი წესის არჩევის საშუალება. მე და ლეომ ის შევქმენით, რაც გვინდოდა და ის ბავშვებსაც შევთავაზეთ, დანარჩენი – რა ენდომებათ მათ სამომავლოდ, ჩვენზე აღარაა დამოკიდებული, მათ არჩევანის აბსოლუტური თავისუფლება ექნებათ.“
კითხვას, ჰგვანან თუ არა ერთმანეთს, სოფო დაუფიქრებლად პასუხობს: „დავემსგავსეთ! გადამიბირა, დამადინჯა. საერთოდ, ძალიან განსხვავებულები ვართ, მაგრამ სრული ჰარმონია გვაქვს. ლეო ჩემთვის ყველაფერია – რაც მე მიყვარს, მომწონს და მაკლია, ყველაფერია მასში. აბსოლუტურად სანდოა ნებისმიერი თვალსაზრისით, ჩემი ასპროცენტიანი ნდობით სარგებლობს! ლეო რომ ასეთი არ ყოფილიყო, მეოთხედსაც ვერ შევძლებდი. ბოლომდე მინდობილი ვარ მასზე, ერთი მთლიანი ვართ! ამისმა განცდამ ბევრი რამ შეცვალა ჩემში: ბევრად რბილი, მოთმენილი, გაწონასწორებული გავხდი.“
ლეო: „ჩემთვისაც ყველაფერია სოფო. ისაა ყველა იდეის გენერატორი. ალბათ შევავსეთ ერთმანეთი.“
ახალი ფურცელი
სოფო: „ბევრი რამ, მაგალითად, ის, რომ ყველის კეთებას დავიწყებდით, აბსოლუტურად არ იყო გეგმაში. ვფიქრობდით, რომ პირველი ნაბიჯი უნდა გადაგვედგა და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებდა. გვინდოდა სასურველი და ჩვენს ხასიათს მორგებული გარემო შეგვექმნა, რომელიც სამომავლო საქმიანობის პერსპექტივას შექმნიდა.
ზოგადად, ბევრი რამის კეთება ვცადე ცხოვრებაში. პროფესიით თეატრის მხატვარი ვარ, თუმცა სხვადასხვა სფეროში ვიმუშავე და ერთს მივხვდი, რომ კოლექტიური თანაარსებობა არ მომწონს. მირჩევნია, თავად შევქმნა და გავცე, ვიდრე მიმღების როლში ვიყო; თუ ხმამაღლა არ ჟღერს, ავტორის როლში უკეთესად ვგრძნობ თავს. იმ მდგომარეობამდე, რომ აი, ესაა ის, რისი კეთებაც მართლა მინდა და ძალიან მსიამოვნებს, დიდხანს ვერ მივედი. საერთოდ, თუ ძიებას არ უფრთხი, მერე ის გაჩვენებს გამოვა თუ არა; ისაა, რაც გინდოდა თუ არა. მეორე ვარიანტია, როცა შეგუებული ხარ რაღაც მდგომარეობას და სულ უკმაყოფილო ხარ. მე მომხრე ვარ ყოველთვის ეცადო იმის შეცვლა, რაც არ მოგწონს ან არ გაკმაყოფილებს. გარანტიები არასდროს არსებობს იმის, რომ ესა თუ ის ნაბიჯი აუცილებლად გაამართლებს.
მე ცვლილება არ მაშინებს, მძიმედ და კრიტიკულად არ ვუდგები მას. ვაი და არ გაამართლოს – ამაზე არ ვფიქრობ. თუ არ მომეწონა, არა უშავს, იმის შეცვლაც შეიძლება- ყოველთვის ასე ვფიქრობ. აქ მინდოდა ის სივრცე შემექმნა, სადაც ვიცხოვრებდი, რაღაცას შევქმნიდი, ჩემი ავტონომია მექნებოდა. საერთოდ, ჩემი კუთხისა და კერის მოყვარული ვარ, ღამით სხვაგან დარჩენა არ მიყვარს, ჩემს პირად სივრცეზე ვგიჟდები! აქ ყველაფერი, პირველივე ლურსმნიდან, ჩემი და ლეოს შექმნილია და წარმოუდგენელ მყუდროებას მიქმნის. თუმცა ეს სიმშვიდე და იდილიურობა არანაირად არ გამორიცხავს არც ხალხმრავლობას და არც დროსტარებას, მაგრამ ჩვენი პირობებით – როცა გვინდა!
თბილისში მარტო საქმეზე თუ ჩავალთ. ისიც თუ რამე მნიშვნელოვანი საქმე გამოგვიჩნდა. ისე, რომ მოგვენატროს და თბილისში გავიქცეთ, არ ხდება. თუ მივდივართ, როგორც წესი, ერთად მივდივართ ხოლმე. ძალიან იშვიათად გვიწევს ცალ-ცალკე წასვლა და მაშინაც სულ ტელეფონებზე ვართ ჩამოკიდებულები. მე, თბილისში უკვე ტურისტივით ჩავდივარ. სულ სხვა თვალით ვუყურებ მას. ფეხით ვსეირნობ… ამას თუ გადავაჭარბებ, როგორც წესი, სევდიან რეალობას ვეჯახები. ტურისტული თვალით კი ეკლექტური საგიჟეთია და საოცარ სიამოვნებას განიჭებს.“
ლეო: „ქალაქის ან იქაური ცხოვრების სტილის ნოსტალგია საერთოდ არ მაქვს, ხანდახან მენატრება ხოლმე თბილისის დილა, ქუჩები… რომ თენდება და მარტო მეეზოვეებს ღვიძავთ.“
ოჯახური კულინArt
სოფოს და ლეოს ოჯახში პროდუქტის არჩევისას მთავარი პრიორიტეტი – ნატურალურობაა. კახეთში დასახლების შემდეგ კვების ჯანსაღი რეჟიმის დაცვა გაცილებით გაიოლდა: ძირითადი პროდუქტები სამზარეულოში მათი საკუთარი მეურნეობიდან ხვდება და მთავარი – ეკოლოგიურობის მოთხოვნაც
– უმაღლეს სტანდარტამდეა დაცული. ნებისმიერი პროდუქტი და კერძი მათ სამზარეულოში თავისებურ, სრულიად განსხვავებულ ესთეტიკას იძენს – არც განსაკუთრებულად გაფორმებულია, არც გადაპრანჭული,
მაგრამ ეშხიანია, თეფზე სწორედ ასე, ეშხიანად დევს- ყველი, იქნება ეს, სალათი თუ ტოლმა, – ზედმიწევნით ნატურალისტურ ნატურმორტს ჰგავს.
ამზადებს ყველა – ვისაც როდის და როგორ გაუხარდება. საყვარელი „ჟანრებიც” მეტ-ნაკლებად განსაზღვრული აქვთ: ხორციანი კერძები, ყველაზე გემრიელად ლეოს გამოსდის, სოფო გამომგონებელია და ცომეული ლიზას აბარია, რომელიც 17 წლისაა და მომავალი კულინარია.
სოფო: „ვახშამი რიტუალია ჩვენთან. 8 საათზე ერთად ვსხდებით. ლიზა თითქმის ყოველდღე რაღაცას აცხობს. „დღეს რა გაგვიხარდება?” – ვკითხულობთ და ყველა თავისი პატარა ვერსიით გამოდის. მე, შემოქმედებითად ვუდგები ამ სფეროს, ხელოვნებად აღვიქვამ. მაქვს საყვარელი კულინარიული ლიტერატურა, ტელეარხები.“
„მარლეტა“
სოფო იხსენებს, რომ „მარლეტა” დამატებითი შემოსავლის წყაროს ძიება იყო – „ცოტა უცხოა თელავისთვის. ესაა
ტიპიური საოჯახო პატარა რესტორანი. უფრო პრივატული საფირმო რეცეპტებში არ შედის, მაგრამ ისე არ წამოხვიდეთ, რომ ვაზის ფოთოლში გახვეული პატარ-პატარა ტოლმები არ გასინჯოთ. თუ ტოლმა გიყვართ, ენით აუწერელ სიამოვნებას განიცდით და თუ არ გიყვართ, აუცილებლად შეგიყვარდებათ!
ევროპულ გარემოში კახური სამზარეულოს უნივერსალურობაც თუ გინდათ შეიგრძნოთ, ჩიხირთმა დააგემოვნეთ. მით უფრო, თუ „მარლეტას“ ამ სეზონზევე ესტუმრებით, შეციებულს, ქაფქაფა წვნიანი თავს სამუდამოდ დაგამახსოვრებთ.
და კიდევ – აუცილებლად უნდა გაიგოთ, როგორია ბადრიჯანი ნადუღით. მახსოვს, ზუსტად ორი წლის წინ „მარლეტას“ გახსნაზე ვიღაცამ ამ კერძს „ქალღმერთის ამბორი“ უწოდა. გამიჭირდება უფრო ზუსტად შევაფასო, რა არომატს ქმნის თხლად დაჭრილი ბადრიჯნის, ნადუღის, პიტნისა და ახალი პომიდვრის სინთეზი.
P.S. – ის მაგივრად
სოფო სულ აღნიშნავს, რომ ოპტიმისტია, ან რა აღნიშვნა უნდა! თან იმასაც ამატებს ხოლმე, რეალობის შეგრძნების ბოლომდე დაკარგვას მაინც ვერიდებიო. „ყველა აღმართს დაღმართი მოჰყვება და პირიქით, ამიტომ მომავალს იმედის თვალით უნდა უყურო. თუ განწყობა მღალატობს, გამოსავალს ისევ და ისევ ყოველდღიურობაში ვხედავ- ბოლომდე უნდა დაიხარჯო, იმ კონკრეტულ დღეს რაც შეგიძლია, რაც გამოგდის და შენი მოვალეობაა, მაქსიმუმი უნდა გააკეთო. ბევრი ადამიანია დამოკიდებული ჩემზე, ჩემს განწყობასა და მაგალითზე. ამიტომ წამოვგორდე და ყველაფრისგან დავისვენო – ასე არ ხდება. ვცდილობ არასდროს დავიღალო, თუმცა ეს მაცდური განცდა, როგორც ყველას, მეც მეუფლება ხოლმე. ახლა, ზამთარი რომ დადგება, ბუნებასთან ერთად ჩვენც დავისვენებთ. წიგნების, ფიქრის სეზონი მოდის, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის… ბევრი ღირებულება გადაფასდა, მაგრამ ეს არ ეხება თავისუფლებას – ისაა უმთავრესი და უცვლელი… ყველა ერთობა სწორედ ნებისმიერი ჩვენგანის ინდივიდუალურ თავისფულებაზე დგას.“
ფოტო: LIG Studio