კამარას არტ კაფე, რომელსაც მოფერებით ჩიტოსნების კაფეს ვეძახით და ლოგოც შესაბამისი გვაქვს, კაცი, თავზე შესკუპული კეთილად მოჟღურტულე ჩიტით, ჩვეულებრივი კაფე არაა, ე.წ. სოციალური საწარმოა. დაფუძნდა შვეიცარული ორგანიზაციის, IOM-ის დახმარებით ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრის „კამარას“ თერაპიაგავლილი ადამიანების დასასაქმებლად.
მართალია, საქართველოს ამგვარი სოციალური პროგრამების არც ტრადიცია და არც კანონმდებლობა აქვს, მაგრამ ერთერთი პირველობის ტვირთს მხიარულად და ოპტიმისტურად ვეზიდებით. მერე რა, რომ ამგვარი საქმიანობა არც ფსიქოლოგების ფუნქციაში შედის და არც რაიმე გამოცდილება გვქონია. ვხელმძღვანელობთ პრინციპით, – თუ ნაბიჯს არ გადადგამ, გამოცდილება არასდროს გექნება.
ნაბიჯის გადადგმის მთავარი მოტივაცია საკუთარი შრომის შედეგის თვალნათლივ დანახვა იყო. კამარას დაცულ, თბილ და უსაფრთხო გარემოში ძალამოკრებილი ადამიანები, როგორ გადაინაცვლებდნენ სტრესებით სავსე, რეალურ ცხოვრებაში და გაუმკლავდებოდნენ ნებისმიერ სიტუაციას, ამის თვალის დევნება ერთი ბედნიერება ყოფილა. აქ დასაქმებულ ადამიანებს, არც თუ ისე დიდი ხნის წინ სხვადასხვა სულიერი ტკივილი ჰქონდათ და ხშირად სიცოცხლის სურვილსაც კი კარგავდნენ, დღეს კი, როგორც ხედავთ, საკუთარ თავს კი არა, სხვებსაც თვითონ უვლიან, სამსახურიდან მოსულ, დაღლილ ადამიანებს უღიმიან, სასიამოვნო ატმოსფეროს უქმნიან, გემრიელ რამეებს სთავაზობენ და მათზე ზრუნავენ.
ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი კამარა ექვსი წლის წინ დავაფუძნეთ. თერაპიას ვატარებთ ამერიკელი ვარსკვლავი ფსიქიატრის, ანათინა მიშერის მეთოდით, ვის კლინიკურ ასისტენტად მუშაობის გამოცდილება მაქსიმალურად უდანაკარგოდ მინდოდა გადმომეტანა საქართველოში.
„კამარას“ არსებობის ექვსი წლის მანძილზე ბევრი ადამიანი დავაყენეთ ფეხზე, შეიძლება ითქვას, რომ უშედეგოდ ჩვენგან არავინ წასულა. ასპროცენტიანი შედეგი სხვადასხვანაირად ითვლება, სასტარტო მდგომარეობის და
პრობლემის სირთულის მიხედვით. ჩვენთან მოდიოდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც, დროთა განმავლობაში, დეპრესიული ფონის მოხსნის და სიხარულის სულში აღმოცენების ფონზე, მათი მოტორიკაც, გარკვეულწილად მოძრაობის უნარიც კი გაუმჯობესდა. არაერთი ჩვენი პაციენტი, რომელიც წარსულში წამალზე დამოკიდებული იყო, ახლა ფხიზელია, მუშაობს და აქტიურ ცხოვრებაშია ჩართული. ჩვენ რომ სული თავიდან ჩავბერეთ, ის ადამიანები დღეს თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ – ამით ნამდვილად ვამაყობთ.
სულ მაწუხებდა, რომ ჩვენს სახელმწიფოში არ არის სწორად დაგეგმილი საფეხურები, სოციალური პროგრამები, რომელიც უკვე გამოცოცხლებულ, თერაპიაგავლილ ადამიანს სამუშაოს, რაიმე სახის აქტივობას შესთავაზებდა. ასეთი სოციალური პროგრამების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.
რადგან არ იყო, გავაჩინეთ. გავიგეთ, რომ შვეიცარლებს ჰქონდათ სოციალური პროექტების დაფინანსების იდეა
და ჩვენც შევიტანეთ ბიზნესგეგმა. ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რა სტილის პროექტი გაგვეკეთებინა. თავიდან სანერგე ან აგრიკულტურული პროექტის შექმნის იდეა გამიჩნდა. თვითონ მიყვარს მიწასთან მუშაობა, პამიდვრის ღეროების და ყვავილოვანი ქინძის სურნელი. მოვიწევდით მოსავალს, ეს თავისთავად, ძალიან თერაპიული იქნებოდა, მაგრამ კარგად რომ დავფიქრდი, გადავწყვიტე უფრო რთულ თემას შევჭიდებოდი. სირთულეში რას ვგულისხმობ, – მიწის ნაკვეთზე მუშაობა გარკვეულწილად აუტისტურია, საზოგადოებას მოწყვეტილი ხარ და ისევ „კამარას“ პაციენტების მეგობრულ, ერთმანეთთან შეთამაშებულ ჯგუფს კვლავ ერთად მოუწევდა გარესამყაროსთან ზედმეტი კონტაქტის გარეშე ყოფნა.
მზარეულები კარგები გვყავს, 22 წლის გოგო და ბიჭი. მათაც შემოქმედებით თავისუფლებას დავპირდი და იმედი მაქვს, თანდათან გაშლიან და გაიძლიერებენ ფრთებს და პროექტის დასრულების შემდეგ კმაყოფილი იქნებიან საკუთარი კვალიფიკაციის ზრდითაც და ჩვენთან დამეგობრებითაც.
კაფეს მენეჯერად მოვიწვიეთ თათა ქარსელაძე, რომელიც „კამარას“ ოჯახიდან არ არის, პროექტის რაციონალურ ნაწილს ხელმძღვანელობს. ჩვენ მოგვწონს, კარგი გოგოა და მგონი მასაც მოვწონვართ.
კაფეს გახსნის შემდეგ უკვე ერთი თვე გავიდა, ნელნელა ატმოსფეროს ვქმნით, ირგვლივ ყველაფერს ვხატავთ და
ვაფერადებთ. ძალიან მოვწონვართ უცხოელებს, დიდი ყურადღებით გვექცევიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებმაც სოციალური ქსელების საშუალებით შეიტყვეს კაფეს არსებობის შესახებ. ამ მხარდაჭერას სულ ვგრძნობთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ქვეყანას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ეწოდოს ცივილიზებული, თუ ნებისმიერი ადამიანის პოტენციალის გამოყენება ხდება სწორად და შესაძლებლობები არსებობს ყველასთვის.
კულინარიული თერაპია…
კულინარიული თერაპიას „კამარაში“ ხშირად ვიყენებთ, სეზონურად „პიკნიკებსაც“ კი ვაწყობთ. სულიერი პრობლემების მკურნალობა ხომ ერთგვარად ცხოვრების თერაპიაა, შესაბამისად, ნებისმიერი რამ, რამაც გარემო პოზიტივად შეიძლება გარდაქმნას, ძალიანაც გამართლებულია, რომ გამოიყენო.
დასავლური სტანდარტის ფსიქოთერაპიის სქემის კვალდაკვალ, „კამარას” ეზოში, პატარა მიწის ნაკუწზე ვახარებთ ყვავილებს, შარშან პამიდვრის გვიანი მოსავალიც გვქონდა, დამწიფება ვერ მოასწრო, მაგრამ სამწნილედ გამოგვადგა და თვეში ერთხელ მაინც ვაწყობთ კულინარიის დღეს. ერთერთ პაციენტს მოაქვს რეცეპტი, დანარჩენები კი გემრიელი კერძის მომზადებაში ეხმარებიან. ამ დღეებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ადამიანი სიცოცხლეს პირველ რიგში, ორალური, გემოს გასინჯვის გზით ეცნობა, პატარა ბავშვი ხომ ყველაფერს სინჯავს, ღეჭავს და ყნოსავს. საკვები, მისი არომატი, ვიზუალი და გემო, არის სამყაროსთან ზიარების უმნიშვნელოვანესი, საწყისი ეტაპი.
ემიგრანტებისგან ხშირად გვსმენია, როგორ აღნიშნავენ, რომ მათი ქვეყნის ბოსტნეულს, საკვებს, მთას, მდინარეს,
მცენარეს სულ სხვა სურნელი და გემო აქვს. ბოლოსდაბოლოს, კარგი საკვები იწვევს, სიმშვიდეს, ქმნის ოჯახური სითბოს ატმოსფეროს.
ცალკე სიამოვნებაა, მორთმეული საკვები. ძალიან სასიამოვნოა, სამსახურიდან დაბრუნებულს, დაღლილს სახლში რამე გემრიელი რომ გეგულება, ან სულაც, შედიხარ კაფეში, სადაც გამზადებულ, გემრიელ კერძს მოგართმევენ. ალბათ ყველა ბავშვს გამოუცდია, რა სასიამოვნოა მეზობელთან ან მეგობართან სტუმრად კერძის დაგემოვნება. მასპინძლის როლიც მშვენიერია, სტუმრისთვის კერძს რომ ამზადებ და გაფაციცებული ელი მის აღტაცებულ შეფასებას. ამ დროს თუ ის გიპასუხებს, რომ დიეტაზეა და მირთმეულ საკვებს ვერ მიირთმევს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გულდასაწყვეტია, უფრო ევროპულად, – აღმაშფოთებელი. მოკლედ, კულინარიას მრავალი კუთხით აქვს თერაპიული ეფექტი…
დიეტა…
ის, რომ დღეს ქალიც და კაციც, ხშირად ცდილობს შეზღუდოს კვება, აიხსნება ერთი მხრივ იმით, რომ ქალაქის მცხოვრებთა უმეტესობის ცხოვრების წესი ძალიან პასიურია და ზედმეტი კილოგრამების დაგროვება იოლად ხდება, მეორე მხრივ კი ქალებში ზედმეტად, შეიძლება ითქვას, არაჯანსაღად გამხდარი სხეულის კულტის არსებობით, რომელიც მოდელებმა დაამკვიდრეს.
ამ გემრიელ ინტერვიუში, კვებითი აშლილობების, ბულიმიის და ანორექსიის აღწერით კი თავს არ შეგაწყენთ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, დიეტა, აკრძალვა, იწვევს ტრავმირებას, დამშევის, რაღაცის დაკლების სტრესს იღებს ადამიანი და ყოველი დიეტა აუცილებლად სრულდება „დეფიციტის” არანორმალური ანაზღაურებით. ჯანმრთელი წონისთვის აუცილებელია ადამიანმა ჩვილივით სამ საათში ერთხელ ჭამოს და ჭამა ძილამდე სამი საათით ადრე შეწყვიტოს. ეს თუ ცხოვრების წესად იქცა, ჭარბი კილოგრამები და უხასიათობა, ცუდი სიზმრებიც კი, აღარ შეგაწუხებთ.
ფსიქიკისთვის აუცილებელია დაჯილდოვება და სიამოვნების ჰორმონების გამოყოფა, ამიტომ საკვებზე უარის თქმა, აღკვეთა და თვითგვემა არასწორი გზაა.
დამოკიდებულება კვების მიმართ…
ჩემი დამოკიდებულება კვების მიმართ ერთობ კეთილია… მიყვარს სიცოცხლე, მისი ყველა გამოვლინებით, გემოთი, სუნით, შეხებით, ხედვით, სმენით, გამომდინარე აქედან, ვერ წარმომიდგენია უარის თქმა გემრიელ საკვებზე. თუკი სადმე მიმოგზაურია, განსაკუთრებით მიყვარს და დამამახსოვრდა, გემრიელი სამზარეულოს მქონე ქვეყნები. უნდა გაუსინჯო გემო ადგილობრივ კულტურას, ეს არის კულტურის გემო. კულინარია ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელია ქვეყნის შესახებ, რადგან გემო ბევრს გიყვება ადგილობრივ გეოგრაფიაზე, კლიმატზე, დიდ ინფორმაციას გაწვდის თუნდაც არაცნობიერ დონეზე.. ინდოელებს გამოთქმაც აქვთ – „შენ ხარ ის, რასაც ჭამ“. ამ გამოთქმის ათასნაირად გააზრება შეიძლება, ამ შემთხვევაში, სადაც იმყოფები, იქაური ქუდის უკეთესად დახურვად ვიგულისხმე.