გოგრის ქვაბი
კულინარიის აკადემია რომ იხსნებოდა, მასწავლებლების შერჩევა კონკურსის წესით გადაწყდა. პირველ ეტაპზე ყველა მსურველს ქათმის ჩახოხბილი უნდა მოგვემზადებინა.
ბევრი მონაწილე იყო და დარწმუნებული ვარ ყველამ თავისებური და გემრიელი ჩახოხბილი მოამზადა, მაგრამ პირველ ადგილზე გასული განსაკუთრებით დამამახსოვრდა.
ჩახოხბილი გოგრაში იყო მოთავსებული. გოგრის ქვაბი არაერთხელ მინახავს, უფრო ხშირად ტკბილ, ბრინჯის კერძებთან, მაგრამ აქ ყველაზე უფრო დამაინტრიგა გოგრის და პომიდვრის ტანდემმა. მოუხდებოდა თუ არა ქათმის ჩახოხბილს გოგრა, რადგან მხოლოდ ქვაბის ფუნქციისთვის გოგრა შემეცოდა, ვიზუალიც დიდი არაფერი, გაცვეთილი თემაა. აი, გოგრა მობრაწულ და შემდეგ პომიდორში ჩაშუშულ ქათამთან ერთად, ნერყვისმომგვრელი მეჩვენა. არ შევმცდარვარ. მოამზადეთ და თვითონვე დარწმუნდებით.
ინგრედიენტები:
1 გოგრა
1 ქათამი
200 გრ პომიდვრის პიურე
200 გრ მოხალული თხილი
1 მოზრდილი თავი ხახვი
3-4 კბილი ნიორი
5-6 ღერი რეჰანი
5-6 ღერი ქინძი
5-6 ღერი ოხრახუში
10ც ჩერი პომიდორი
200 გრ წყალი
მარილი
წითელი პილპილი
ზეთი
გოგრას თავი მოვჭრათ, გავასუფთაოთ გოგრის თესლისგან, ისევ დავაფაროთ თავი და შევაცხოთ ღუმელში. 180 გრადუსსზე 45 წუთი, (დრო დამოკიდებულია გოგრის ზომაზე) ისე, რომ ბოლომდე არ დარბილდეს.
გავახუროთ ქვაბი, დავასხათ ზეთი და მოვშუშოთ ხახვი, რომ გაოქროსფერდება დავამატოთ სასურველ ნაჭრებათ დაჭრილი ქათმის ხორცი და ორივე მხრიდან კარგად მოვბრაწოთ. დავუმატოთ გახეხილი ნიორი, პომიდვრის პიურე, 200 გრ წყალი, ქვაბს თავსახური დავაფაროთ და გავაგრძელოთ შუშვა ნელ ცეცხლზე. დაახლოებით 20 წუთში კერძი გოგრაში გადავიტანოთ, დავაყაროთ დაჭრილი თხილი, მწვანილი, ჩერი პომიდორი, მარილი, პილპილი და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე, 20-25 წუთი. მივირთვათ გოგრასთან ერთად.