პოლიტMENU

IMG_1731

არჩილ თალაკვაძე

რომელია თქვენი საყვარელი სამზარეულო?
ჩემი საყვარელი სამზარეულო არის ქართული სამზარეულო, რომელიც ყოველწლიურად არაერთ უცხოელ სტუმარს აოცებს.

რომელია თქვენი საყვარელი კერძი?
ჩემი საყვარელი კერძი არის გურული საშობაო ღვეზელი, რომელსაც შობის წინა ღამეს ბებიაჩემი ნაკვერჩხლებში აცხობდა და თბილ ნაცარში გვინახავდა შვილიშვილებს საშობაოდ.

რომელია ყველაზე ეგზოტიკური ინგრედიენტი, რაც გაგისინჯავთ? სად დააგემოვნეთ?
ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და უამრავი კერძი გამისინჯავს, თუმცა ყველაზე ეგზოტიკურ ინგრედიენტებად მაინც მეგრულ სუნელებს დავასახელებდი, რომელსაც ერთი კილომეტრის რადიუსშიც კი მაგიური სურნელი აქვს და მართლაც მაგიურია, რადგან საქართველოს სხვა კუთხეში არავინ იცის როგორ მზადდება.

რომელია თქვენთვის საუკეთესო სასმელი? რატომ?
საუკეთესო სასმელი ჩემი აზრით არის ღვინო, ღვინოშია ჭეშმარიტება. ამ სასმელს შეუძლია შექმნას ხასიათი, თავის თავში შეინახოს და გადასცეს ამბავი, რომელიც მზით დაფერილი ვენახებიდან იწყება, ყურძნის მარცვლებში გროვდება, საწნახელში იწურება და ქვევრში ელოდება თავის მსმელსა თუ მსმენელს.

გიყვართ თუ არა კერძების მომზადება?
იმდენი კერძის მომზადება ვიცი, რამდენიც კაცს სჭირდება, თუ შემთხვევით სახლში მარტო დარჩა. სხვებს ჯერ არ ჰქონიათ ბედნიერება, ჩემი მომზადებული კერძი გაესინჯათ.

რამდენად ჯანსაღად იკვებებით?
ჯანსაღი კვება დროს და ნებისყოფას მოითხოვს, რაც, ჩემი საქმიანობის გამო ისედაც ცოტა მრჩება. ჯანსაღად ვიკვებები, ოღონდ იშვიათად – აი ასეთ პასუხს გავცემდი ამ შეკითხვას.

თვლით თუ არა, რომ კულინარია ხელოვნებაა?
შეიძლება ითქვას, რომ ასეა. კულინარიის როლი წარმოუდგენლად დიდია როგორც ყოველი ადამიანის ცხოვრებაში, ასევე ეკონომიკაში, ტურიზმში თუ დიპლომატიაში.

გაქვთ თუ არა ოჯახური კულინარიული ტრადიციები?
დიახ, ჩვენი ოჯახი მდიდარია კულინარიული ტრადიციებით. თუ რას მოიცავს ეს ტრადიცია, აუცილებლად გაჩვენებთ, როდესაც გვესტუმრებით.

შესაძლებელია, თუ არა რომ საქმიან ვახშამზე ან სადილზე გემრიელად მიირთვათ, თუ ამ შეხვედრას მხოლოდ ფორმალურად შეიძლება ვუწოდოთ სადილი ან ვახშამი?
მგონია, რომ თუ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდები, – საქმიან ვახშამზე ან სადილზე გემრიელად ვერასდროს მიირთმევ. თუმცა, საქმიანი სადილის დროს შენი მიზანია, რომ მან მიირთვას გემრიელად, ვისაც ხვდები.

რომელია თქვენთვის ყველაზე კულინარიული ქალაქი?
ყველაზე კულინარიული ქალაქები ალბათ ბარსელონა და ლონდონია. ლონდონი იმიტომ, რომ მასში მსოფლიოს ყველა სამზარეულო ჭარბი დოზით იყრის თავს.

ის, რაც ერთმანეთს ძალიან უხდება…
ხამანწკები და შუშხუნა ღვინო (ხამანწკებს გორული მწვანეც უხდება ძალიან). ასევე, ძალიან კარგი კომბინაციაა ახალციხეში, სუნელებით მომზადებული ლოკოკინები და თუთის არაყი.

ვის დაასახელებდით საუკეთესო კულინარად?
დედაჩემს.

გიყვართ თუ არა სახლში სტუმრების მიღება?
დიახ, ძალიან გვიყვარს სტუმრების მიღება. ჩვენი სახლი მეგობრების საყვარელი ადგილია.

არსებობს თუ არა ინგრედიენტი, რომელსაც პრინციპულად არ გასინჯავთ?
არ მახსენდება ასეთი.

თბილისში, ყველაზე გემრიელად კერძებს სად ამზადებენ?
თბილისში ყველაზე გემრიელ კერძებს ამზადებენ რესტორან „კახელებში“, ასევე „შავ ლომში“. თუ ცხრა წუთით
მეტი დრო გაქვთ რესტორანში მისასვლელად – ყველაზე გემრიელ კერძებს მცხეთაში, რესტორან „გუჯარში“ დააგემოვნებთ.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com