კულინარიული კრახი

9_Issue_CulinArt101

რატი  ამაღლობელი

ლიტერატურული კაფე სავსეა ხალხით, წიგნებით, ნამცხვრებით… ფოტოგრაფი რაკურსს არჩევს. ჯობია წიგნების ფონზე გადავიღოთ, ან იქნებ – ტკბილეულის. შეიძლება არ უყვარს ფოტოების გადაღება… ვინ იცის, უკვე რამდენი სურათი აქვს წიგნებთან და ახლა, ნამცხვრებთან ურჩევნია… ბლოკნოტში ჩამოწერილ კითხვებს გადავავლე თვალი და საწერი კალმით ზოგიერთი მათგანი წავშალე… პერიოდულად, იქ ჩართული მუსიკა ფიქრებში გამიტაცებს, მაგრამ ყოველ ჯერზე, მისი ლექსი გონებაში მიტრიალებს და რეალობაში მაბრუნებს…
„წერ, ნიშნავს უკვე რაღაცას ბედავ. უმჯობესია მეტს რომ ბედავდე. შენ გამუდმებით წერ – რასაც ხედავ, მე იმას, რასაც გინდა ხედავდე…“

კულტურული კულინარია
ვფიქრობს, რომ კულინარია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სფეროა. უყვარს, როცა სტუმრებს უმასპინძლდება, კერძს უმზადებს, ღვინოს ჩამოუსხამს… პოეტის აზრით, ეს დადებით ენერგიას და განწყობას მოითხოვს.
„ნიჭიერი ადამიანის გაკეთებული კერძი შემოქმედებაა და უფრო სხვა გემო აქვს. რომ ამბობენ კარგი ხელი აქვსო… მხოლოდ ეს არ არის მნიშვნელოვანი… კარგი ტიპია თუ გემრიელად აკეთებს. ცუდი ადამიანი კარგად ვერ მოამზადებს. ამ პროცესში ენერგია უნდა ჩადო… ბებიაჩემი გოზინაყის კეთების დროს, სურვილებს, ტკბილ ფრაზებს ამბობდა და იმ გოზინაყს სულ სხვა გემო ჰქონდა. მე მჯერა ესეთი რაღაცეების… სამწუხაროდ, 25 წლის ვიყავი დედა რომ გარდამეცვალა. ჩემი კვება ამ ასაკამდე, სრულიად განსხვავებული იყო. მერე, რას ვჭამდი და სად – კაცმა არ იცის. ახლა უკვე, მეც ვამზადებ კერძებს.“
ამბობს, რომ სწორი კვება არა ეგოიზმი, არამედ – პასუხისმგებლობა და გარშემომყოფების სიყვარულია. ადამიანმა ჭამისთვის არ უნდა იცხოვროს, პირიქით – იმიტომ უნდა იკვებოს, რომ იცხოვროს. მისი აზრით, კულინარიასთან კულტურული დამოკიდებულება საკვების დოზებს ამცირებს. კვების კულტურის გამო, შეიძლება ადამიანი შიმშილობამდეც მივიდეს.

კულინარია მწერლობაში
„მწერლებიდან ჭამა ყველაზე მეტად ალბათ ალექსანდრე დიუმას უყვარდა. საქართველოში, რომ ჩამოვიდა ყველა ქართველზე მეტი მიირთვა და დალია. კარგ ლიტერატორებს ხშირად უჭირდათ და საკვები ფუფუნება იყო. გალაკტიონის წერილებს თუ წავიკითხავთ, ვნახავთ რომ სიგარეტს ნატრობდა და ზამთარში ქურთუკი არ ჰქონდა. სერვანტესთან კულინარიული ელემენტები აქტიურად გვხვდება, მაგრამ რაღა შორს წავიდე… „კაცია ადამიანი?!“-ს ყველაზე მსუყე ნაწილი კულინარიაზე და ლუარსაბის მადაზეა აგებული… ეს გმირი ვეფხისტყაოსანსაც კი ესესხება ნაწარმოებშივე: „სმა – ჭამა დიდად შესარგი“. ამ შემთხვევაში, შინაგანი კულტურა დაკარგულია და ადამიანი მხოლოდ კვებაზეა გადასილი“.

კომუნისტური კულინარიის მსხვერპლი
ხალისით იხსენებს ბავშვობის წლებს, როცა კომუნისტური წყობა კვებაზეც აისახებოდა. არა მარტო ტერიტორიული, არამედ კულინარიული ჩაკეტილობაც იყო. ყვება, რომ იმ დროს ტორტსა თუ სხვადასხვა ნამცხვარს სახელმწიფო აწარმოებდა. თუმცა მანამდე, როგორც ტკბილეულის მოყვარული ადამიანი, საკუთარი ხელით აცხობდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი ერთ-ერთი კრახი.
„ჩვენ ვიყავით დამშეული თაობა. რაღაც გემოები არ ვიცოდით. პირველად რომ ნუტელა გავსინჯე, ეს იყო შოკი. ჩემი ცხოვრება იყოფა ნუტელამდე და ნუტელას შემდეგ… სპეციალური ფორმები მქონდა, რომელშიც ვასხამდი ცომს. ამას ვამზადებდი რეცეპტის მიხედვით და საბოლოოდ გამოდიოდა საბჭოთა მაფინი. მოხარშული რძე იყო მაშინ დელიკატესი და აუცილებლად უნდა ჰქონოდა ნამცხვარს. კვერცხი, კარაქი, ფქვილი და მსგავსი რთულად მოსაპოვებელი ინგრედიენტები მიმოვფანტე ტყუილად… ჩავარდა ნამცხვარი, დაიწვა მთლიანად და ძალიან ცუდ ხასიეთზე ვიყავი.“
ფიქრობს, რომ ქართული კულინარია ძალიან საინტერესო და მიმზიდველია. მისი აზრით, ადგილობრივი ნაწარმი ნატურალურობით გამოირჩევა მსოფლიო ბაზარზე და სწორად გამოყენება სჭირდება. მოსწონს ისიც, რომ ქართული სუფრა არ არის ეგოისტური. რესტორანში მისული სტუმრები არ უკვეთავენ ინდივიდუალურად, საერთო პორციებს ინაწილებენ.
„საკვები ადამიანის ბუნებაზე მეტყველებს…. ფერადოვანია ჩვენი კერძები… მთაში უფრო შავ-თეთრია და შესაბამისად – გულწრფელობაზე მიგვანიშნებს. ჩემმა მეგობარმა მითხრა – ნოსტალგია სხვა არაფერია, თუ არა – შენი მიწიდან ამოსული საკვების მონატრებაო… ამ მოსაზრებაში სიმართლის მარცვალს ნამდვილად ვხედავ.“

9_Issue_CulinArt_Page_105

ფოტო: საბა შენგელია

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com