და აი ისიც, ოქროსფერი შემოდგომა!
ვფიქრობ, შემოდგომა ყველაზე სამართლიანი წელიწადის დროა. ის არ გვაძლევს დაპირებებს, არ იმართლებს თავს წვიმიან და ქარიან ამინდზე, გვაჩვევს სიცივეს, მოკლე დღეებს, გრძელ ღამეებს, თანდათანობით კარგავს წითელ-ყვითელ ფერებს, ხეებზე ფოთლებს… თითქოს, შემოდგომა ზამთრისთვის გვამზადებს…
მაგრამ სანამ ზამთრამდე მივსულვართ, წინ კიდევ შემოდგომის სიურპრიზია, თუნდაც ერთი სიტყვა რად ღირს – რთველი! დამეთანხმებით, რომ ჩვენთან, წელიწადის განსაკუთრებული დრო – შემოდგომაა! თბილი, ლამაზი ფერთა გამა, და რაც მთავარია – ხვავიანი!
არ შეიძლება შემოდგომა ახსენო და თვალწინ არ წარმოგიდგეს – ყურძენი, მაჭარი, ჩურჩხელა, თათარა, ფელამუში, კაკალი, თხილი, გოგრა და რაც მთავარია, ახლადდაწურული ღვინის სურნელი..
ჩვენი აზრით, კულინArt-ის ახალი ნომერი, შემოდგომასავით ხვავიანია, ფერადია და თბილი!
ახალი ავტორები, რუბრიკები, ბლოგები, გასტრონომიული ტურიზმი, ჩიტოსანთა კაფე – მოციმციმეთვალება მიმტანებით, კახეთი – ჯადოსნური „მარლეტათი” და კიდევ სხვა „გემრიელი” ფურცლები გელით!
ორი წელია ათვალიერებთ, კითხულობთ…
მოგწონთ თუ არ მოგწონთ?
გვაკრიტიკებთ თუ გვაქებთ?
გიყვარვართ თუ არ გიყვარვართ?
გველოდებით? …
მიხარია, თუ გველოდებით… ☺
გადაფურცლეთ, წინ საინტერესო ნომერი გელოდებათ!