დალი ცატავას ბლოგი

გასტრონომიული ტურიზმი

გლობალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი და ქვეყნის იმიჯი

მოვლენა, რომელსაც დღეს, როგორც გასტრონომიულ ზოგჯერ კი, კულინარიულ ტურიზმს ისე განიხილავენ, შეიძლება ითქვას შორეული წარსულიდან მოდის, როდესაც ვაჭრები შორეულ მოგზაურობაში მიდიოდნენ სხვადასხვა სანელებლების, საკმაზების, სამკურნალო მცენარეების, ჩაროზების, ღვინისა და სასმელებისათვის.
გლობალიზაციამ თანამედროვე სამყაროში, ყველა ეს პრობლემა თითქმის უკვე გადაჭრა. სუპერმარკეტში შესაძლებელი გახდა ნებისმიერი მსოფლიო პროდუქტის ყიდვა. ტრაპეზი კი მაკდონალდიზაციის პროცესმა თითქმის ერთიანი და ერთნაირი გახადა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ გასტრონომიულ ტურებში მიემგზავრება იმ მიზნით, რომ დააგემოვნოს ნაციონალური სამზარეულო და გაიგოს ნაციის ავთენტური გემო ადგილზე, სადაც ესა თუ ის კერძი თუ ღვინო წარმოიშვა და დღესაც ძველი წესით მზადდება. ამიტომაც არის, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სულ უფრო და უფრო მზარდ ტენდენციად მიიჩნევს კულინარიულ ტურებს.
ბუნებრივია ნებისმიერი ტურისტი, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში ჩადის, მაინც ეჯახება ქვეყნის სამზარეულოს, მის გასტრონომიულ კულტურას, და ამით მნიშვნელოვან წარმოდგენას იქმნის ზოგადად, ქვეყნის შესახებ და საერთოდ ნაციის შესახებ.
კარგი და მაღალხარისხიანი ეროვნული სამზარეულო არის სწორედ, კულინარიული ტურიზმის ეფექტურობისა და პოპულარობის განმსაზღვრელი ფაქტორი.
ტერმინი „კულინარიული ტურიზმი“ პირველად შემოიტანა ამერიკის ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორმა ლუსი ლონგმა. დღეისათვის კი, ეს ტერმინი უკვე ტურისტული პროდუქტის მნიშვნელოვანი გამოხატულება გახდა მთელს მსოფლიოში. აქვე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ამ ტერმინის შემადგენელი ნაწილია, ასევე ღვინისა და ლუდის თემატური ტურები, რომლებიც ცხადად გვაცნობენ ამა თუ იმ ქვეყნის ვაზის, ღვინის და სხვადასხვა სასმელების კულტურას. როგორც ამ ბიზნესის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, ტურიზმის ეს ნიშა ბევრი რამის მიზეზი გახდება სამომავლოდ.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ნებიმიერი ტურისტისათვის კვება და სასმელი უპირველესი კომპონენტია
მოგზაურობის დროს, მით უმეტეს თუ ტური საერთოდ ეხება ნაციონალურ სამზარეულოს, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება შემდგომი მოტივაციისათვის, რომ ჩახვიდე იმ ქვეყანაში და ნაციონალურ სამზარეულოსთან ერთად კულტურა და სხვა ფასეულობებს გაეცნო.
კულინარიული ტურიზმი საშუალებას აძლევს ქვეყანას, რომ ტურისტს მთელი ეროვნული არამატერიალური თუ მატერიალური ფასეულობები, რიტუალები, ტრადიციები, ფოლკლორი, მუსიკა, ცხოვრების სტილი, სარეწაო საქმიანობა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება, ეროვნული განსაკუთრებული ტექნოლოგიური პროცესები ადგილზე ავთენტურ სიტუაციაში გააცნოს.
კიდევ უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ეროვნული სამზარეულო, ასევე შანსს აძლევს ტურისტს თვითონ მიიღოს ამა თუ იმ ეროვნული, ნაციისათვის განსაკუთრებული კერძის მომზადებაში მონაწილეობა. რისთვისაც ბევრი ტურ ოპერტორი ტურისტულ მარშრუტში დებს დეგუსტაციებს, კულინარიულ მასტერ კლასებს და ა.შ.
საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ ასეთ ტურებს ხშირად სეზონი არ აქვს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება
მოეწყოს. მნიშვნელოვანია ისიც, თუ კულინარიული ტური რამე ფესტივალს, ეროვნულ დღესასწაულს ან დიდ ზეიმს ემთხვევა.

9_Issue_CulinArt34

რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დაიხვეწოს, და პოპულარული გახდეს კულინარიული ტურიზმი?
შეიძლება ზოგერთი მოსაზრების განხილვა:
შესწავლილი უნდა იქნეს, ქყვეყნის სარესტორნო ბიზნესი, მათი მენიუები, განსაკუთრებით კი ნაციონალური კერძების მიწოდების ფორმები და ნედლეულის ხარისხი.
ასეთი ტიპის რესტორნებისადმი მოთხოვნები და სტან-დარტები უნდა იყოს ძალიან მკაცრი და მაღალი ხარისხის, რომ ტუროპერატორმა სწორად შეარჩიოს მისი ტურისტებისათვის ობიექტი.
შესწავლილი უნდა იქნეს ასევე, ქვეყნის ისეთი დაწესებულებები, სადაც ტარდება კულინარიული მასტერკლასები, მათი ნორმები, შინაარსი და ხარისხი. შეფ-მზარეულების დონე და სერტიფიცირებულობა. მიწოდებული ნედლეულის ხარისხი და ავთენტურობა, რადგან სწორედ ასეთი დაწესებულებები არიან კულინარიული გიდები, ისტორიის, ანთროპოლოგიის, კულტურის, მიმწოდებლები, რომელიც მრავალმხრივ განათლებასა და ცოდნას მოითხოვს.
ტუროპერატორი, რომელიც კულინარიულ მარშრუტს გეგმავს, კარგად უნდა იცნობდეს საკვები დაწესებულების მთელ შინაარსს, და პერსონალს, უნდა იცოდეს რომ იქ მას „კულინარიული ექკურსიათმძღოლი“ დახვდება, რომელსაც სათანადო ცოდნა აქვს, რადგან სწორედ, ეს რეფლექსური ნაწილი განსაზღვრავს წარმატების დიდ ნაწილს.
რეფლექსიური ნაწილი მნიშვნელოვანია ქვეყნის გასტრონომიული კულტურის იმიჯისათვის. უკვე ძალიან ბევრ ადამიანს აქვს თავისი კულინარიული ბლოგი, სახელმწიფო დაწესებულებებმა კი ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი ასეთ ბლოგებს, სატელვიზიო გადაცემებს, ინტერნეტ გამოცემებს, მასტერ-კლასებს, რადიო თუ პრესის ინფორმაციებს, რომლებიც ნაციონალურ სამზარეულოს უწევენ პოპულარიზაციას, და ეცადონ რომ სახელმწიფოს მხრიდან მხარი დაუჭირონ მათ ინიციატივებს.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ კულინარიული ტურისტი უკვე გამოცდილი გურმანია ან მოყვარული დეგუსტატორი, ამიტომაც კლიენტების ამ კატეგორიას, განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება, რადგან მათი მოტყუების მცდელობაც კი, თავშივე უკვე განწირულია. ასეთი ადამიანები ბევრი ქვეყნის სამზარეულოს იცნობენ და სწორედ ამიტომაც ირჩევენ კულინარიულ ტურებს. ისინი გამოცდილები არიან და კარგად იციან, რომ ინტერნეტში ვერ იგრძნობ სუნს და გემოს, ამიტომაც დებენ ინვესტიციას, რომელსაც ტუროპერატორისთვის შემოსავალი მოაქვს, ქვეყნისთვის კი იმიჯი და ეკონომიკური სიძლერე. 

საინტერესო შემოთავაზება იქნებოდა ტურისტისთვის ასევე ტური, რომელსაც რომელიმე საწარმო ან დიდი კორპორაცია შესთავაზებდა, ისეთი საწარმო ან გაერთიანება, რომელსაც ქვეყნის ბაზარზე იმიჯი აქვს და სოფლის მეურნეობასთან საკვების ინდუსტრიაში მოღვაწეობს. რასაკვირველია, ასეთ საწარმოებს შეუძლიათ
ტუროპერატორებთან ერთად კულინარიული ტურების მოწყობა და ქვეყნის, როგორც ნაციონალური სამზარეულოს, ასევე კულტურის სხვა სფეროების გაპიარება. ამ ნიშას ძალიან დიდი მომავალი აქვს, ამიტომაც ბევრმა ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს ეს პერსპექტივა და ჩაერთოს სამომავლოდ ყველაზე პოპულარულ ბიზნესში.
მთელს მსოფლიოში მაკდონალდიზაციის პროცესმა, რომელიც გლობალიზაციასთან ასოცირდება, კიდევ უფრო
გაამძაფრა გლოკალიზაცია. პირიქით, ადამიანები სულ უფრო და უფრო ეძებენ ახალს, განსაკუთრებულს და ეგზოტიურს, რომელიც მათთვის ნაცნობს არ ჰგავს. კვების საკითხიც ხომ ინდივიდუალურია, ვიღაცეები ვისაც შემწვარი კარტოფილი უყვარს, მისურის შტატში დაგემოვნებულ ჭრიჭინებს, შემწვარ კარტოფილს ადარებს, ქათმის ხორცის მოყვარულები კი, სიამოვნებით აგემოვნებენ კამბოჯაში ტარანტულებს, ვიღაცეები ღამურას – საქონლის ხორცის გემოს ადარებენ და ა.შ. ასეთი ტურის მოწყობით, შეიძლება ქვეყნის სხვა მიმართულებების განვითარება და წინ წამოწევა, რადგან, მაგალითად საფრანგეთში ტურისტი, როგორი გურმანიც არ უნდა იყოს ის, მხოლოდ ბაყაყის თათების გასასინჯად არ ჩავა, ან კამბოჯაში გველის სუპის და გველის სისხლის დასაგემოვნებლად ან კიდევ საქართველოში ხაჭაპურის გასასინჯად.
საქართველოს გასტრონომიული კულტურა კი ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ გასტრონომიული ტურიზმი ქვეყნის იმიჯად იქცეს.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com