ვახო ბაბუნაშვილის ბლოგი

8_issue_culinArt111_Page_082

საქართველოს უახლესი ისტორიიდან ყველაზე მძიმე, დაუნდობელი და მშიერი ხანა, თუ არ ჩავთვლით გასაბჭოებისა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდებს, უდავოდ XX საუკუნის 90-იანი წლები იყო. ომი რუსეთთან, სამოქალაქო ომი, ტოტალური კორუფცია ყველა დონეზე, უფულობა, უშუქობა, უგაზობა, სიცივე, რამდენიმედღიანი პურის რიგები, ბენზინის რიგები, კრიმინალის ბატონობა ქუჩებში და სამართალდამცავების და სახელმწიფოს სრული პარალიზება – … ეს იყო მართლაც ბნელი 90-იანები, მაგრამ, ამ უბედურებაშიც იყო რაღაც სინათლის კვალი. ვიღაცეებს ერთმანეთი უყვარდებოდათ, წყვილდებოდნენ, ვიღაცეებს ბავშვები უჩნდებოდათ, იქმნებოდა ახალი მუსიკა, მხატვრობა, პოეზია, გამოჩნდა ახალი სიტყვის მქონე ხელოვანთა მთელი თაობა, ძველის მოწინააღმდეგე და ახლის მძებნელი. მოკლედ, ახალგაზრდები ვიყავით, ცხოვრებას ოპტიმისტურად ვუყურებდით და მაინც ვპოულობდით ნათელ წერტილებს. ამიტომაც მე ამ პერიოდს ირონიანარევი იუმორით „ნათელ 90-იანებს“ ვეძახი.
სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ჩემმა როკ-ჯგუფმა Soft Eject-მა პროფესიონალური მუსიკალური საქმიანობა და ზუსტად ამ დროს მივხვდი, რომ კულინარიაც ჩემი ინტერესის სფეროა და გავიაზრე, რომ ქვეყანა თავისთავად არ შენდება და მას ყოველი ჩვენგანისგან, უამრავი შრომა სჭირდება.
მახსოვს, 90-იანების დასაწყისში, მეგობრებს ერთი პატარა ერთოთახიანი ბინა გვქონდა თბილისის ერთ-ერთ უბანში, სადაც მხოლოდ ფეხით თუ მიხვიდოდი, რადგან ტრანსპორტი არ დადიოდა. რვასართულიან კორპუსში, რომელსაც „ხრუშჩოვკას“ ეძახდნენ, გენსეკ ნიკიტა ხრუშოვის პატივსაცემად, პირველ სართულზე, მინიმალური კომფორტით და მაქსიმალური თავისუფლებით სავსე ბინა იყო. ჭერს სიმაღლე 2,70 ჰქონდა. იყო ძალიან პატარა ერთი ოთახი, კიდევ უფრო პატარა სამზარეულო და ამ სამზარეულოზე პატარა აბაზანა-ტუალეტი, რა თქმა უნდა ცხელი წყლის გარეშე. სამზარეულოში ერთი ბეწო მაცივარი, მაგიდა და ძველი გაზქურა თუ ეტეოდა. მაგრამ ეს იყო ადგილი, სადაც თავს ვაფარებდით აგრესიული და ველური
გარემოსგან. ამიტომ ჩვენთვის სამოთხე იყო, ნამდვილი თავშესაფარი. ხშირად ვიკრიბებოდით დილიდან, საქმე მაინც არ გვქონდა, რეპეტიციებს თუ არ ჩავთვლით, და ხან რით ვირთობდით თავს და ხან რით…
ერთხელ ასე შეკრებილებს მოგვშივდა. არაფერი გვქონდა, მხოლოდ 2-3 კოვზი საეჭვო ხარისხის ზეთი, 2 საშუალო ზომის ხახვი და 4 დღის გამხმარი ერთი შოთი პური. ცოტა მარილიც. ფული არ გვქონდა და, შესაბამისად, რამის ყიდვის პერსპექტივაც. არ ვიცი, რამ წამომიარა, რადგან იმ დროს კულინარიისა არაფერი გამეგებოდა, მაგრამ გავაცხელე ტაფა, დავასხი ზეთი, დავჭერი ხახვი, დავყარე ტაფაზე და მოვშუშე. უკვე ნერწყვის მომგვრელი სუნი დადგა. პურის გამხმარი ნატეხები ცოტა დავალბე წყალში და მარილი მოვაყარე. მერე ეს ნაჭრები დავდე ტაფაზე და ეს ყველაფერი კარგად დავბრაწე. საკუთარი შემოქმედების ნაყოფმა გამაოცა და ეს სურათი დღესაც ცხადად მიდგას თვალწინ.
მახსოვს 90-იანების კრეატიული იდეები. პროდუქტები მწირი იყო და ხალხი მაინც ცდილობდა, ცხოვრება გემრიელი და საინტერესო კერძებით გაეხალისებინა.

8_issue_culinArt111_Page_083

კრეატივი ჩანდა, როგორც რეცეპტებში, ასევე კერძების სახელებშიც. როცა გაჭირვებაში იუმორს არ კარგავ, მაშინ გადარჩენილი ხარ და ეს ასეც იყო, მაგალითად:
„სიგუას ნამცხვარი“ (თენგიზ სიგუა – იმ პერიოდის პრემიერ- მინისტრი, როცა ყველაფერი გაქრა მაღაზიებიდან), 2-3 ინგრედიენტისგან შედგებოდა, მაგრამ დელიკატესად ითვლებოდა და დაბადების დღეებს იხდიდნენ ამ ნამცხვრით, ზევიდან ზოგჯერ სანთლის ძველ ნარჩენებს არჭობდნენ და ასე ზეიმობდნენ. ნამცხვარი „გამსახურდია“ (ზვიად გამსახურდია — საქართველოს პრეზიდენტი 90-ანების დასაწყისში), კარტოფილი „ა ლა ჯაბა“ (ჯაბა იოსელიანი — გასამხედროებულ-კრიმინალური გავლენიანი ჯგუფის ხელმძღვანელი, სახელმწიფო საბჭოს წევრი), აჯიკა „არძინბა“ წიწაკის და ნიგვზის გარეშე (ვლადისლავ არძინბა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იმდროინდელი მმართველი, სეპარატისტების ლიდერი), პურის ჰოთდოგი „მხედრიონი“ („მხედრიონი“ — გასამხედროებულ-კრიმინალური დაჯგუფება),
ამერიკიდან და ევროპიდან ქვეყანაში შემოდიოდა ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის კვერცხის ფხვნილი, რძის ფხვნილი, სხვადასხვა კონცენტრატები და კონსერვები. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძველ საქაღალდეში იმდროინდელი ჩანაწერი ვიპოვე. შეიძლება დაულაგებელია, ბევრი კითხვა გაგიჩინოს ფორმასა და ენასთან დაკავშირებით, მაგრამ რომ გადავიკითხე, ნამდვილად კარგად გვიჩვენებს 90-იანების ვითარებას. ეს ჩანაწერი ცოტა გვიანდელია, როცა სიტუაცია უკვე მეტნაკლებად დალაგებული იყო, რაღაც პროდუქტები უკვე იშოვებოდა, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, იგრძნობ იმ დროის არომატებს და ნათელი 90-იანების ქართულ გემოს.

8_issue_culinArt111_Page_084


* * *
„ბოლო სამი დღეა, რაც ძალიან აცივდა. ნამდვილად მოთოვს. როგორ მეზარება ლოგინიდან გაყინულ ოთახში გამოძრომა. ეს ნავთქურა კიდევ არაფრად ვარგა, მხოლოდ სალონს ათბობს, მთელ ბინას არ ჰყოფნის, მაგრამ, კიდევ კარგი, გაზი მაინც არის.
გუშინ მთელი დღის განმავლობაში გათიშული იყო დენი და მერე ისეთი ძალით მოვარდა, რომ წყლის ელექტროგამაცხელებელი გადაწვა. ასე რომ, შხაპსაც ვერ მივიღებ. ისე, გაყინული წყლით პირის დაბანა, ცუდი არ არის, გამომაფხიზლა.
უუუ! ცხელმა ჩაიმაც გაასწორა, უშაქროა, მაგრამ ცხელი.
უკვე თორმეტის ნახევარი ყოფილა. მოიცა, რაღაცა უნდა გამეკეთებინა…
აა! სანდროს უნდა დავურეკო. კიდევ კარგი, ტელეფონი მაინც მუშაობს…
— ალო! რას შვები?… ჩემთანაც ეგრეა, დილიდან არ არის შუქი. შენ რას აპირებ? გოგისთან ხო ვიკრიბებით?… ხო, რა ვიცი, გველოდება… ეგრე არ შევთანხმდით?… რაა? ვერ გავიგე… მე კარტოფილის მეტი არაფერი მაქვს და წამოვიღებ. შენ რა მოგაქვს? ხო და თუ გყოფნის ფული, მაგ ბადრიჯანს ბარემ პამიდორიც დაამატე რა…
არა, არა, ხახვი, მწვანილი მაქვსო, იმედია, მარილი და წიწაკაც ექნება )))…
ნიკოც მოდის, აბა როგორ? ეგ მოდის თუ მოდის! ძლივს სადღაც ბატკნის ხორცი უშოვია ჰა, ნუ ნერვიულობ, არ
შემოეჭმება, უჩემოდ მაინც ვერ მოამზადებს. ისე უხორცო ჩანახიც არ არის ურიგო, მაგრამ მაინც… მომისმინე! გამომიარე, რა! კაპიკი არ მაქვს და ამ ქარში, კარტოფილით ხელში ნუ მატარებ, ხო?… ვის დაკრძალვაზე?… კაი რა, რისგან მოკვდა? საწყალი? ვაა, არ ვიცოდი ეგეც თუ კაიფობდა… ხოო? საწყალი… ეტყობა, ძმა რო დაუბრიდეს, მერე დაიწყო. ვაა, მაგრა გატეხა… კი, კაცო. მიდი სასაფლაოზე, ბაზარშიც გაიარე, მორჩი ყველაფერს და მერე… მე ჯერ, მაინც ჩაის ვსვამ… კარგი, ერთ საათში მზად ვარ და გელოდები… რაა? საიდან? არა, ქუჩის მხრიდან არა. შემოდი ეზოში და დაასიგნალე… კარგი.
… აჰააა! ძაღლებმაც გაგვაჩერეს: პრაკოლები არ გვაქვს, ფაქტი არ გვიგდია და ეხლა მანქანას შმონავენ, იარაღს ეძებენ. მიდით, მიდით. რა იყო, გაგიტყდათ, რო ვერაფერი ნახეთ? მანდ? კარტოფილი, ბადრიჯანი და პომიდორია…
არა პოვრები არა ვართ. ბიჭები ვიკრიბებით, ჩანახი უნდა გავაკეთოთ.
შეხედე რა, გადაქექეს ყველაფერი, ვერაფერი ნახეს და გამწარდნენ. ფულს ჩვენგან ვერ აიღებენ და ეხლა გვეკაიფებიან: ეს სამი კოლოფი სიგარეტიც ჩანახს უნდა უქნათო? ღადაობენ? აგერ ბატონო, ჩვენგან… გამომართვით. ჩვენ ორიც გვეყოფა… აბა, გემრიელად მოგეწიოთ…
აუუ, აქაც მაგრად ცივა. აქაც ვერ ქაჩავს ნავთქურა. კაია რა, როგორც იქნა, შევიკრიბეთ. ვა! რა უცნაურია; კამათის
და ყაყანის გარეშე, ერთხმად ავიტაცეთ ის აზრი, რომ დიდ ოთახში, ელექტროქურაზე მოვამზადოთ. ტელევიზორიც აქვე დგას და ფილმებს შევხედავთ. დენი თუ შეწყდება, თუმცა რა „თუ“, უკვე წლებია, რაც დენი დღეში ორჯერ- სამჯერ მიდი-მოდის. ასე რომ, აუცილებლად შეწყდება. მაშინ ქვაბს სამზარეულოში, გაზქურაზე გადავიტანთ და ეგ არის. თუ გაზიც წავიდა… არა ძალიან გავრეკე, გაზი ასე თუ ისე სულ არის ამ ბოლო დროს.
— რააა? წყალი შეწყდა?… შეენიი დედას… ახლა რა ვქნათ?…
— ხოო? კიდევ კარგი. ალბათ დედაშენმა მოიფიქრა, თორე შენ ვერ მიხვდებოდი, რო დაგეგროვებინა…
— კაი, კაი, ხო… ვღადაობ. მართალი ხარ, ვერც ერთი ჩვენგანი მოიფიქრებდა. მოკლედ, საკმარისი წყალი გვაქვს,
ხო?…
— ნუ, ძალიან კარგი. ერთი პლედი მეც მომახურეთ რა, გავიყინე.
მაგრად გაასწორა. ამ ფილმს ყოველთვის შემიძლია ვუყურო. თანაც შუქი რო შეწყდება, არ გამიტყდება, მაინც ნანახი მაქვს. აი, ამასწინათ კი, რაღაც საკაიფო ფილმი გაიჩითა და უკვე ფინალისკენ, ყველაზე საინტერესო მომენტში გაგვითიშეს. იქ მე, მეცხრე ბლოკის დისპეტჩერიდან დაწყებული, ენერგეტიკის მინისტრის, მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების ჩათვლით და პრეზიდენტით დამთავრებული, ყველას ისე ვაგინე, რომ თვითონ გამიკვირდა საკუთარი თავისგან. საერთოდ აღარ მაქვს ხოლმე ასეთი რეაქცია, უკვე მივეჩვიე.
— კარგი რა, ვეღარაფერს ვხედავ, თვალები ამეწვა. ყველა ერთდროულად ნუ ვეწევით რა…
— კაი ბატონო, მე პირველი ჩავაქრობ. აუ, ნიკო, ფანჯარა ოდნავ გამოაღე რა…
— არ გავიყინებით. ცოტა ხნით გამოაღეთ, რა დაგემართათ?თორე დავიხრჩობით…
— ვინმემ პამიდორი დაჭერით რა…
— ოოო, კაია. მოიცა, ბარემ ხახვს და მწვანილსაც ჩავყრი.
თავსახური სად დევს?… ეი, თავსახურიიი…
— ეგ არი რა. ეხლა ერთი ორმოცი წუთი უნდა…
— ვაა, მეც მაგრად მშია, მაგრამ რა ვქნა. სანამ მზად იქნება, ფილმს ვუყუროთ.
— ხო, ხო ეს მაგარი მომენტია მოიცა…
— ბიჭო, დაურეკეთ რა ლადოს, სად არის ამდენ ხანს?…
— ყურმილს არ იღებს? ეტყობა, გამოვიდა უკვე…
ვაახ, ვაახ, აი უკვე მაგარი სუნი დადგა. რა კარგი ქვაბი გამოდგა, დიდია და არ იწვავს. მგონი, ყველაფერი კარგად იშუშება. ისე, ჩანახი ქოთანში მზადდება, მაგრამ ეგრე სად არის? ამაზეც მადლობელი. ზუსტად ისეთი გამოდის, როგორსაც ბებიაჩემი აკეთებს. მახსოვს ერთხელ… ფუუ, შეენი დედა… ისევ წავიდა დენი.
— ოხ! მე ამათი დედა მ ო * * * * *…
— დროზე დამეხმარეთ რა, გადამატანინეთ ეს ქვაბი სამზარეულოში…
_ ვახ შენი… კინაღამ ცხვირპირი დავიმტვრიე… რით ვერ გააკეთე ეს ამოვარდნილი პარკეტი…
— სანთელი არ გაქვთ ამ ოჯახში? გადავირიე, ვერაფერს ვხედავ..
კიდევ კარგი, გაზი მაინც გვაქვს. სანთლის შუქზე კარგად ვერ ვხედავ, მაგრამ სუნის მიხედვით ერთი ათი წუთიც
უნდა და ეგ არი რა. აჰა, აგუგუნდა მეზობლის დიზელის გენერატორი. რა ბედნიერია, ფილმს ჩაამთავრებს. ისე, ახლა რო ვფიქრობ; არც ერთ ჩვენგანს არა აქვს ეს „სასწაულმოქმედი“ აგრეგატი. რა უუნარო ხალხი ვართ… ჰმ! … ეხლა კი მორჩა, ნაღდად მზადაა. უჰ, რა სუნი დადგა…
— აბა მიდით, დააწყვეთ თეფშები, ჩანგლები, ჭიქები… მაგიდა გაამზადეთ, გაშალეთ სუფრა, მომაქვს…
— ვაა, ლადო? კაი დროს მოხვედი…
— ხოო? ეგრეც ვიცოდი, რომ წვიმა წამოვიდოდა. წამოიღე არაყი?
— კი კაცო. სამი ბოთლი, გადაგვივა თავზე…
— მოიცა, დამაცადეთ, მე გადმოგიღებთ, დაწყნარდით…
— მმმმ, აღიარეთ, ხომ არის ოლიმპოს ღმერთების საჭმელი? ჰა?…
— ვინმემ, არაყი ჩამოასხით რა…
— აბა გაგვიმარჯოს!
— ვაააააა! სინათლეც მოვიდაა!

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com