სალომე დადუნაშვილის ბლოგი

8_issue_culinArt43

CALCUTTA 

I N D I A

არ ვიცი მითქვამს თუ არა ოდესმე, როგორ მიყვარს თბილისი აგვისტოში. მისი ხეების თითქმის გამხმარი ფოთლების შრიალი მიყუჩებულ ქუჩებში. სიმშვიდის დრო, როცა ქალაქი ისვენებს ჩვენგან, მისი მარავალრიცხოვანი და უხეში ბინადრებისგან. როგორ ვაბეზრებთ ერთმანეთს თავს, როგორ არ შეგვიძლია ერთმანეთის გარეშე.
მე მიყვარს თბილისი. ისე არა მაისურებზე გული რომ ახატია “I”-ის შემდეგ. ნამდვილი, ჭეშმარიტი და ნაზი სიყვარულით. ამიტომაც მინდა დავიმარტოვო ეს, ჯერ კიდევ ჩვენი გაუთავებელი მცდელობების მიუხედავად, მშვენიერი ქალქი და ღამღამობით, ვუაიერისტული ჟინით შეპყრობილმა, ვუთვალთვალო მის განათებულ ფანჯრებს.

8_issue_culinArt44
ქალს, რომელიც ღამეული ქალაქის ფანჯრებში უზარმაზარი ობიექტივით აღჭურვილი კამერით იყურებოდა, კალკუტაში შევხვდი.
დავიკარგე, ტაქსის მძღოლმა, რომელსაც ერთი საათის გამავლობაში ხელი არ აუღია სიგნალიდან, კალკუტასთვის უჩვეულოდ წყნარ მოედანზე გადმომსვა. მე, გაუთავებელი ხმაურით გაოგნებული, სიხარულით დავემშვიდობე და პირველად აღმოვჩნდი მარტო ქალაქში, რომელშიც სიმარტოვე აბაზანაშიც კი არ მიგრძვნია.
ამ უკვე უჩვეულო შეგრძნებით გაოგნებული 5 წუთი ვიდექი და შემდეგ დავინახე — ის. დავინახე ქალაქი, რომლის დანახვაშიც აქამდე ათასობით კონკურენტი მიშლიდა ხელს. დავრჩით მე და კალკუტა მარტო და ეს იყო შესანიშნავი წუთები.
მესმოდა ქვაბების ჩხაკუნი და ჭურჭლის წკრიალი ბინებიდან. სადღაც კატა კნაოდა, ბავშვების თამაშის ხმა გამოდიოდა გრილი ბინების წიაღიდან და არემარეს სახლის სიმყუდროვისა და რაღაც საოცრად მშობლიურის შეგრძნებით, ფარავდა მოხრაკული ხახვის სუნი.
სადღაც აქ, ამ სახლებში, სადილს აკეთებდნენ. თავისთვის, ან იქნებ დიდი ოჯახისთვის, დიასახლისი ან მოსამსახურე, მაგრამ ეს იყო სახლში გაკეთებული სადილის სუნი. ახლად დაჭრილი ქინძის და შემწვარი ხახვის სუნი. ისეთი სწორედ, თბილისურ ეზოებში რომ დგება ხოლმე, თითქმის ყოველდღე.

დაიანიტა სინქხის სახლი მხოლოდ განგების ნებით ვიპოვე. მინიატურული ქალი, რომელსაც მსოფლიო იცნობს, როგორც ინდური ფოტოგრაფიის ფემინურ სახეს, ტერასაზე რაღაცას უტრიალებდა. სამფეხა შტატივზე ამხედრებული ფოტოაპარატი მეზობელი ფანჯრებისთვის დაემიზნებინა და დაბინდებას ელოდა.
„მიყვარს, როცა ღამეულ ფანჯრებში ვიყურები. თითქოს ფოტოზე არაფერი კონკრეტული არ ჩანს, მაგრამ ეს არის ის, რაც ქალაქის სითბოს შეგრძნებას მანიჭებს. მინდა ასეთი დაინახონ კალკუტა.“
მან ერთხელ უკვე დაანახა კალკუტა მსოფლიოს, ოღონდ მისი უცხოთათვის ჩარაზული სახლების წიაღიდან. დაიანიტა სინქხის ოჯახური პორტრეტები, რომლებიც კალკუტას უძველესი და მრავალრიცხოვანი გვარების დღევანდელობას ასახავდა, უფრო მარკესისეული პერსონაჟების გალერეას ჰგავდა. სწორედ ამ პორტრეტებმა მიმიყვანა დაიანიტასთან და სწორედ მარკესის ხსენებამ გამიღო მისი გულის კარი. „მატროობის ასმა წელმა“, რომელიც თურმე სასთუმალთან ედო, იმ დღეს ჩვენი სიახლოვე განსაზღვრა.
ახლა დაიანიტა თავის ქალაქს, რომელიც უყვარს და სტკივა, გარედან უყურებდა. სურდა განათებულ ფანჯრებში დაენახა მისი მომავალი.
რა გრჩება, როცა სახლებს გარედან აკვირდები. მხოლოდ ფანტაზია, ოცნება. სუნი, ხმაური ის, რაც მისი ბინადრების მყიფე პორტრეტებს გიხატავს.
ინდოეთში, ისევე როგორც საქართველოში ჯერ კიდევ აკეთებენ სახლში სადილს. თავიდან ბოლომდე. მწვანილის გარჩევით დაწყებული და ადუღებული ქვაბის ცეცხლიდან გადმოდგმით დასრულებული, ეს საკრალური პროცესი, რომლისთვისაც მსოფლიოს სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, ჯერ ცოცხალია ჩვენს ქალაქში.
ამიტომ სანამ დროა წავიდეთ სასეირნოდ. სანამ ისევ გავსებულა ქუჩა აუარებელი მანქანის გამონაბოლქვით. სანამ კლაქსონების ხმას ჩიტების ჭიკჭიკი ჩაუხშვიათ. შეველიოთ მანქანებს, წავიდეთ ფეხით და ვიყუროთ ზევით
ფანჯრებისკენ. დავძლიოთ ორმოში ჩავარდნის შიში და მოვაშოროთ თვალი ასფალტს. ავხედოთ განათებულ
ფანჯრებს და შევეცადოთ გამოვიცნოთ, რას ამზადებენ იქ სადილად.
სანამ დროა თორემ, შუშის ყუთებიდან შემწვარი ხახვის სუნი არ გამოდის.

8_issue_culinArt45

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com