მარინა ბერიძე
ალბათ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მარინა ბერიძეს დრო კულინარიისთვისაც ჰქონდა. პირველი კითხვაც, სწორედ ეს დავუსვი და პასუხიც ასეთი მივიღე: „მე დიდი ოჯახის თავი ვიყავი და შესაბამისად, ჩემი მოვალეობა იყო ყოველთვის მქონოდა პირველი, მეორე და მესამე. ვაკეთებდი ფუნდამენტურ საჭმელს, იმას, რაც დიდ ოჯახს აპურებს. ფანტაზია კარგად მაქვს განვითარებული. ამიტომ ხშირად ვიგონებდი კიდეც, იმიტომ რომ ერთი და იგივე მბეზრდებოდა.“
დღეს მარტო ცხოვრობს და შესაბამისად, სამზარეულოში ტრიალი ხშირად არ უწევს. იმ შემთხვევაში, თუ მეგობრები გემრიელი სადილის მომზადებას სთხოვენ, მაშინ აკეთებს. მის მეგობრებს და ოჯახის წევრებს განსაკუთრებით უყვართ მარინას მომზადებული ხორციანი სადილი – „ხორცს ვაკეთებ საინტერესოდ, კომშებით და ფორთოხლებით. არ ვიცი ამ კერძს რა ჰქვია, მე ვიგონებ. შვილიშვილებს განსაკუთრებით უყვართ ბულგარულ წიწაკაში, ბადრიჯანში და პომიდორში ჩატენილი ფარში. აი ამას ვაკეთებ გემრიელად.
ასევე, ჩემი ზაფხულის ქათამია ცნობილი. მისი მომზადება ძალიან ადვილია. როგორც წესი, ყველაფერზე მიყვარს გახეხილი პომიდორი, ბევრი ქინძი, ტარხუნა, ნიორი. აი, ამ ყველაფერს ერთმანეთში ვურევ და ხორცს ვასხამ.“
საყვარელი კერძი ბევრი აქვს, განსაკუთრებით კი, ხორცის და თევზის მოყვარულია. არ უყვარს სალათები და გაგიკვირდებათ, არც სუში. მიუხედავად იმისა, რომ მუდამ კარგ ფორმაშია, ჯანსაღად არ იკვებება – „ყველაფერი მიყვარს არაჯანსაღი. დიეტა ჩემთვის დიდი ტანჯვაა. ერთადერთი, რასაც არასდროს ვჭამ, ეს არის მაკარონი. ვიცი, რომ ძალიან ბევრი კალორია აქვს. ხორცს და თევზს შეგნებულად მივირთმევ და ვიცი, რომ დაბალკალორიულია. შეიძლება ამიტომაც მიყვარს. არა, მაკარონიც მიყვარს, ბევრნაირად ვამზადებ, მაგრამ ჭამისგან თავს ვიკავებ.“
თუ მარინა ბერიძის გაწყობილ სუფრაზე მოხვდებით, ნახავთ, რომ ის უპირატესობას სილამაზეს არ ანიჭებს. მისთვის მთავარია სუფრა ბარაქიანი იყოს – „დედა კახელი მყავდა და კახურად მიყვარს სუფრის გაწყობა“.
კითხვაზე – რას შეადარებდი კულინარიას? – ალბათ,
ყველაზე საინტერესო პასუხი მოვისმინე: „- ოოო, ბობოქარ
მუსიკალურ ნაწარმოებს, დიდ სიყვარულსა და სტიქიურ უბედურებას, იმიტომ, რომ თუ გშია, ე.ი. იმ დონეზე ხარ, რომ გგონია სტიქიური უბედურება შენს გარშემო ხდება”.
ჩვენი სტუმრობისთვის მარინა ბერიძემ, თავისი განთქმული საზაფხულო ქათამი მოამზადა, რომლის რეცეპტი ექსკლუზიურად „კულინArt“-ის მკითხველს გაუზიარა.
მაშ ასე, თუ ზაფხულში მსუბუქად და ამავდროულად გემრიელად გსურთ კვება, ყურადღებით წაიკითხეთ საზაფხულო ქათმის მომზადების წესი.
საზაფხულო ქათამი: ვწვავთ ქათამს (სასურველია იყოს, წიწილა).
ვიღებთ რამდენიმე პომიდორს და ვჭყლეტთ. ბლომად ქინძს და ტარხუნას წვრილად ვჭრით, ხახვს კი – ალყა-
ალყა. ვამატებთ დაჭრილ ბულგარულ წიწაკას, ნიორს და მარილს. ყველაფერს ერთად ვურევთ და შემწვარ ქათამს (წიწილას) ვასხამთ.
გემრიელი და მსუბუქი კერძი მზად არის!
საზაფხულო ქათამი
ფოტო: LIG Studio