მაქსიმე ჩარკვიანი
კულინარია არის…
ჩემი აზრით, მომზადების პროცესში – ჩემი შინაგანი სამყაროს მატერიალიზებული მდგომარეობა. კერძის გემო,
ფორმა, მომზადების სირთულე და ფერიც კი, დამოკიდებულია ჩემს მსოფლმხედველობაზე, იმ მომენტისთვის.
ჩემს მაცივარში აუცილებლად ნახავთ…
ყოველთვის არის სხვადასხვა სახეობის ყველი, უბრალო, ჩვეულებრივიც და სპეციფიური გემოს მქონეც. აუცილებლად არის ხორცი ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს ლორი, მოსკოვური ძეხვი თუ, სტეიკი. ბოსტნეულის გარეშე ხომ ვერ წარმომიდგენია. რძე და ბევრი რძის პროდუქტი, საუზმეზე მიყვარს ფაფები, სიმინდის ბურბუშელა რძით, ან უბრალოდ იოგურტი, მიუსლით ან ერთი ჭიქა კეფირი.
არასდროს არ გამისინჯავს…
ბევრი ეგზოტიკური კერძი…უფრო სწორად არ გამისინჯავს და ალბათ, ვერც გავსინჯავ – ეს არის იხვის ლაყე კვერცხისგან მომზადებული ჩინური დელიკატესი. წერენ, რომ ის არც ისე საშინლად გამოიყურება, მაგრამ მე მაინც ვფრთხილობ.
ყველას უყვარს, მაგრამ მე არ მიყვარს… (რომელი პროდუქტი ან კერძი)
ვერ ვიტყვი, რომ ყველას უყვარს, მაგრამ მე ნამდვილად ვერ ვმეგობრობ თევზთან, განსაკუთრებით კი, ქაშაყთან.
არ მიყვარდა და ახლა შემიყვარდა… (რა პროდუქტი ან რომელი კერძი)
არათუ არ მიყვარდა, ვერ ვიტანდი ბანანს. ბავშვობაში ამაზე საშინელი არაფერი არ მეგონა და არ ვჭამდი. ახლა კი, ის ძალიან მიყვარს, სწრაფად წაიხემსებ გზაში.
ყველაზე ლამაზი ხილია…და ყველაზე ლამაზი ბოსტნეულია…
დიდ ყურადღებას ვაქცევ ფერთა შეხამებას. მომწონს საზამთროს მწვანე და წითელი და ბადრიჯნის, იისფერი და მწვანე ფერები.
არ გავა დღე, რომ არ ვჭამო…
ჩემდა სამწუხაროდ, კვებასთან დაკავშირებით საშინელი ხასიათი მაქვს,და ნამდვილად ვერ შევჭამ ყოველდღე ერთი და იგივე საჭმელს, დიდი ხნის განმავლობაში.
გემრიელად ვამზადებ…
ჩემთვის, სწრაფად და პრაქტიკულად ვამზადებ, თუ გემრიელი არ არის, არ შევჭამ, ისევ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ამიტომ ჩემთვის ყოველთვის საშუალო დონეზე ვამზადებ, ხოლო სადღესასწაულოდ მეგობრებისთვის ან გოგონებისთვის ვცდილობ გავაკეთო რაიმე ორიგინალური. ასეთად ითვლება პასტა, ხორცით და პომიდვრის სოუსით, რადგან ამ კერძს ყველაზე ხშირად ვამზადებ.
თბილისში ყველაზე გემრიელად მივირთმევ…
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თბილისის რესტორნებში ნაკლებად დავდივარ, ძირითადად სახლში ვიკვებები, სადაც ძალიან გემრიელად ამზადებენ. ბათუმში კი, არის ადგილი, რომელმაც ძალიან მომხიბლა…
ეს არის ფან ფანი. აქ ამზადებენ ისეთ გემრიელ მიდიებს ყველის სოუსში, რომ თითებს ჩაიკვნეტთ…
ჩემთვის გასტრონომიული დედაქალაქია…
მართალია, მოსკოვში არ არის მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანი, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა: იმ ქალაქებიდან, სადაც კი ვყოფილვარ, მოსკოვი გამორჩეულია რესტორნების მრავალფეროვნებით.
ყველაზე გემრიელად ამზადებს…
ჩემი ოჯახის ყველა წევრს აქვს თავისი გამორჩეული კერძი,- გელა ბაბუას მომზადებული სალათი და სოუსები, ბებიას -საცივი, დედას- ლობიო და ბადრიჯანი. არავის არ გამოვყოფ, რადგან მიყვარს გემრიელად ჭამა.
ნამდვილი გურმანია…
ალბათ დედა, რადგან ხშირად ვხედავ , რას და როგორ მიირთმევს…
ჩემი საყვარელი დესერტია…
ტკბილეული ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ფახლავას, ქობულეთში გატარებულ ბავშვობას მახსენებს, ასევე შოკოლადის ცხელ მაფინს ნაყინით, რომელიც კაფე ”ჟანჟაკში” იყიდება და დედას მომზადებულ ნაპოლეონს.
როცა მშიერი ვარ…
ადამიანსაც შევჭამ. არაადეკვატურად ბოროტი ვხდები))))) ეს ყველამ კარგად იცის და ამიტომ ,როდესაც ვამბობ“ წავიდეთ ვჭამოთ“, უპრობლემოდ მომყვებიან)))
როცა კარგად დანაყრებული ვარ…
ყველაფერზე შეგიძლია დამიყოლიო, რადგან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, ცოტა მაკლია ხოლმე ნირვანამდე.
ჩემი საყვარელი კოქტეილია…
მე, როგორც ბარის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ყველა კლასიკური კოქტეილი მაქვს გასინჯული, თუმცა გამორჩეულად არცერთი არ მიყვარს. ალბათ გააჩნია დღის და წლის რა დროა. სიცხეში სასიამოვნოა დალიოთ PIMMs ან Bellini. საღამოს უფრო მიყვარს White Russian ან Negroni.
როცა მთვრალი ვარ…
ყველაზე მხიარული ადამიანი ვარ მსოფლიოში, როგორც ფილმში „Mask“. უსაზღვროდ რომანტიკული ვხდები და ბევრს ვცეკვავ. ეს საოცარი სანახაობაა, რომელსაც დილაობით ხშირად უხერხულობით ვიხსენებ)))
ყველაზე უცნაური კერძი, რაც გამისინჯავს…
შემწვარი მწერები, თუმცა ამას კერძსაც ვერ დავარქმევდი)))
დიეტის დროსაც უარს ვერ ვამბობ…
არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე, მაგრამ ეხლა ჩემი მეგობარი გოგონა მიბიძგებს, რომ კვების რაციონიდან ამოვიღო ხორცი, რძე, შაქარი, მარილი, მაღაზიის წვენები და წყალი, ჩაი, ყავა, ყველა ტკბილეული და პური. ერთი თვის მერე მკითხეთ და გიპასუხებთ, შემიძლია თუ არა რომელმეზე უარის თქმა)))
მადა ჭამაში მოდის?
მე გამონაკლისი ვარ, რადგან ბავშვობიდან სპორტს მივსდევდი და მივეჩვიე ,რომ ბევრი არ უნდა ვჭამო. ჯობია ცოტ-ცოტა და ხშირად. სანამ ტვინი რამეს მოიფიქრებს, მე უკვე დამთავრებული მაქვს ჭამა.
რა პროდუქტი ხარ შენ?
ალბათ თევზის რომელიმე სახეობა, ამიტომაც ვერ ვჭამ ჩემს მსაგვსს არსებებს.
სადილს უხდება… მუსიკა
მე, სადილზე ფილმს რომ ვიღებდე, ალბათ გამოვიყენებდი პროკოფიევის მონტეკი და კაპულეტის მუსიკას, ან მეცოდინებოდა მაინც , თუ როგორ მეჩვენებინა ყველაფერი ამ მუსიკის თანხლებით
რისი ფობიაა სიტოფობია?
ფობია, როდესაც არ გესმის დასმული კითხვის აზრი?
გასინჯეთ…
თავის დროზე, ჩემთვის აღმოჩენა იყო შემწვარი ყველი თაფლით და ნიგვზით. ისე კი გასინჯეთ , გასინჯეთ ყველაფერი. მხოლოდ ცნობისმოყვარეობით შეიძლება აღმოაჩინოთ ახალი ფერები, როგორც კერძებში, ისე ცხოვრებაშიც.