კულინარიული კრახი

7_issue_culinart79

რობი კუხიანიძე

რობის კულინარიული აკორდები… 

„სცენაზე გამათბობელი დავდგით, ტაფაზე ხახვი დავჭერით, იქვე პურიც იყო, სასმელიც, ჩაიდანში წყალი დუღდა… პროცესში სრულიად უცნობი ადამიანები ჩავრთეთ. მიკროფონი დავდეთ და მთელ კონცერტს ფონად სრულიად განსხვავებული ბგერები მიჰყვებოდა…“ კულინარიას გლობალურად აღიქვამს. ამბობს – ამ სფეროს ბუნება მართავსო… ყველა კუთხისთვის ის არის სახასიათო, რაც იქ ხარობს. ზოგადად, კავკასიური კერძები უყვარს. ფიქრობს, რომ ქვეყნის ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი სამზარეულო ქართულ კულტურას გამორჩეულს ხდის.
„ქუთაისელი ვარ და სულ ვაკვირდები – იმერეთში როგორი ხალხიც ცხოვრობს, სუფრასაც ისეთს შლიან, ძალიან ლამაზს და მრავალფეროვანს… ქათამს ისეთ “პოზაში” ათავსებენ, რომ მარტო ჭამა კი არა, შეიძლება სხვა რაღაცაც მოგინდეს მასთან. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. კახეთში სუფრაზე ხორცეული ჭარბობს. სვანეთი კუბდარით გამოირჩევა, სამეგრელო – სულგუნით…“
არასოდესაა რობის კონცერტები ერთმანეთის მსგავსი…

უყვარს ცვლილებები და სპონტანურობა როგორც საკუთარ საქმეში, ასევე კულინარიაში. ყოველ ჯერზე კერძს განსხვავებულად აკეთებს. მიაჩნია, რომ მზადების დროს აუცილებელია კარგი მუსიკა, დადებითი განწყობა, ცოტა ღვინო და მარტო ყოფნა. ეს იდეალური გარემოა… ხშირად უბრალო და მარტივი ინგრედიენტებისგანაც კი ძალიან გემრიელ საკვებს ამზადებს. ასეთი შემთხვევა ბევრი ჰქონია სამზარეულოში. „როდესაც საქართველოს გარეთ მქონია კონცერტები, მუსიკოსები დავივლიდით ხოლმე ბაზარს და მერე ვიწყებდით ექსპერიმენტებს. მაგალითად, პრასს ვჭრიდი და ზეთში ვწვავდი, კალორიულიც იყო და გემრიელიც. ბახუსიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალებაა.
კეთების პროცესში იმდენჯერ ვსინჯავ, რომ საბოლოოდ გამზადებულს არასოდეს ვაგემოვნებ. ზოგი ყველაფერს ერთად ყრის ტაფაზე, მე კი მიყვარს ბოსტნეულის ჯერ ცალკე მოთუშვა, შემდეგ სართულებად დალაგება და დაბალ ცეცხლზე დადგმა. იმდენ ხანს ვაჩერებ, სანამ ოთახში მყოფ რომელიმე ადამიანს ნერვები არ უმტყუნებს. ბოლოს, უცებ ავხდი ხოლმე თავს კერძს და გამაქვს სტუმრებთან. ამ დროს მოშიებულ სტუმრებს ისე უხარიათ, პრეტენზიები აღარ აქვთ, არც კერძის სახელს კითხულობენ. სამზარეულოში ტრიალისას დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას. აურა ყოველთვის მოქმედებს საკვებზე და შედეგიც შესაბამისა.
არატრადიციული და ეგზოტიკური საკვებიც გამისინჯავს, მაგალითად ზღარბი. ჯარში ყოფნისას 2 წლის ლეკვის მწვადიც დავაგემოვნე.“
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო თემაზე, კულინარიულ კრახზე რომ გადავედით, მუსიკოსმა იხუმრა – იმ დანით არავინ გამომკიდებია, რომლითაც კერძს ვამზადებდი და ალბათ გრანდიოზული კრახიც არ მქონიაო. მაგრამ სამზარეულოში მაინც განუცდია მცირე კრახი, რომელსაც მცირე ხანძარიც მოჰყვა.
„ერთხელ ძალიან მშიერი ვიყავი და ძალიან გავერთე მზადების პროცესით. აჯაფსანდალს ვაკეთებდი. ჯერ ბადრიჯანი მოვათავსე მარილში, გავაჩერე რაღაც დროის განმავლობაში, შემდეგ კი გადავწურე. ამასობაში, ეზოში ჩემი მეგობრები სვამდნენ. ბადრიჯანი ტაფაზე დავტოვე და ცოტა ხნით ეზოში გავედი, სმას შევუერთდი. შევყევი ლაპარაკს და ერთი საათი გავიდა. უცებ ვხედავთ – სახლი სადაცაა დაიწვება. სამზარეულო ფაქტიურად განადგურებული იყო, ქვაბები ჩამწვარი… ამიტომ ჯობია ფხიზელმა აკეთო კერძები..

7_issue_culinart80

მაგრამ არა! ნასვამზე უკეთესად გამოდის რა!“ რობის, აზრით საქართელოში კულინარიული ეთიკის ნორმებია დასაცავი. მას არ მიაჩნია სწორად, დილით სხვადასხვა არხზე კერძების კეთების ტრანსლირება პირდაპირ ეთერში. ამბობს, რომ გაჭირვებულ ადამიანებზე უნდა იფიქრონ და გარკვეულ ჩარჩოებში ჩასვან ასეთი პროექტები. „ ერთხელ ჩემ მეგობართან დავრჩი, დილით მისი შვილი, რომელსაც მხოლოდ ჩაი და პური ჰქონდა, უყურებდა გადაცემას, სადაც ათასგვარ საკვებს ამზადებდნენ და აგემოვნებდნენ. ტელევიზორი დორბლიანი იყო, საწყალი ბავშვი ლამის შიგნით შეძვრა.“
მუსიკოსი კულინარიას ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე რთულ და გამორჩეულ სფეროდ მიიჩნევს. როგორც თვითონ ამბობს, ამაში ძალიან დიდი „კაიფია“ და ყველას უსურვებს ეს გრძნობა გამოსცადოს. „დანის ალესვასაც კი თავის მუღამი და საინტერესო ბგერა აქვს. თუ დავაკვირდებით ტაფაზე დასხმული ზეთიც სასიამოვნო ჟღერადობის არის…“ რობი კუხიანიძეს მუსიკალურ-კულინარიული გეგმაც აქვს. აპრებს , სამზარეულოს ხმებისგან სინთეზური მუსიკა ააწყოს და საკუთარ კონცერტს ფონად დაადოს.

ფოტო: LIG Studio

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com