RATATOUILLE

დღეს, ჩემი ქართულის მასწავლებლებიდან რომელიმემ რომ გაიგოს, მე პირად ბლოგებსაც ვწერ, სადოქტორო დისერტაციასაც ვეჭიდები და პარალელურად, პრიალა კულინარიული ჟურნალისთვის სტატიის მომზადებაზეც მყოფნის სითამამე, ნამდვილად გაოცდებიან, ისევე, როგორც მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც ალბათ ვერასდროს დაუშვებდა, თუ ოდესმე დისკრიმინანტის ფორმულაც კი დამავიწყდებოდა.

ცხოვრებაში უამრავი საინტერესო რამე ხდება და კულინარიით ჩემი გატაცებაც ერთ-ერთია, იმ საინტერესო ამბავთაგან, რომელიც ცხოვრების გზაზე შემომეყარა და ალბათ, მუდამ თან გამყვება. არადა, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უცხო ქვეყანაში გადაცხოვრება მომიხდა, ჯერ საკუთარ თავზე, უფრო სწორად – კუჭზე ზრუნვა დავიწყე, შემდეგ კი პატრიოტულმა გრძნობებმა შემიპყრო და როგორც ქართველებს გვჩვევია, დავიწყე უცხოელი მეგობრების გადმოპატიჟება და გოზინაყ-ხაჭაპურ-ნიგვზიანი ბადრიჯნებით გამოკვება, მერე ახსნა, როგორ მზადდება თითოეული მათგანი და.. მოკლედ, ამ ყველაფრისგან თავმობეზრებულმა ერთ შუაღამესაც პატარა ბლოგის გაკეთება გადავწყვიტე.
ბლოგის წერა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, ისეთი მარტივი სულაც არ აღმოჩნდა, მით უფრო – ჩემნაირი შემთხვევითი კულინარისთვის. ხან ინგრედიენტები მაკლდა, ხან კი- სიტყვათა მარაგი ამ ინგრედიენტების უცხო ენაზე ჩამოსათვლელად. მოკლედ, ჩემი ენთუზიაზმი ზუსტად იქამდე მიმყვა, სანამ ვირტუალურ სამყაროში ნინოს არ გადავეყარე. მაგრამ ნინოზე სხვა დროს მოგიყვებით…
დღეს ჩვენი ბლოგი უკვე 7 წლისაა და რამდენიმე ასეულ, დიდი სიყვარულით შექმნილ გემრიელ რეცეპტს იტევს.
ვამაყობთ, რომ გამოცდილი კულინარებიც და დამწყები მოყვარულებიც ჩვენ გვენდობიან რა თქმა უნდა, ძნელია შექმნა რამე ახალი, თითქმის ყველაფერი ხომ უკვე მოიგონეს, აქ თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც. მაგრამ ექსპერიმენტების გარეშე კულინარია, წარმოუდგენელია.
სწორედ ასე მოხვდა, არცთუ დიდი ხნის წინათ, ჩემს კექსში ტარხუნა.
ეს როგორ, ტარხუნას კექსში რა უნდაო, შეიცხადეს ჩემებმა, ზუსტად ისე, როგორც ოდესღაც მე გამაოცა სტაფილოს აღმოჩენამ ნამცხვარში. და რატომ? ტკბილ ლიმონათს თუ უხდება ტარხუნა, ჩაქაფულს კი – ტყემალი, რომელიც თავდაპირველად ხილად იყო ჩაფიქრებული და არა ბოსტნეულად, მე ვინ მიშლის, ნამცხვარი ტარხუნით გავაფერადო?
გასინჯეს და მოეწონათ.

7_issue_culinart38

ტარხუნის და სტაფილოს კექსი

   ინგრედიენტები:
კვერცხი – 3 ც.
ხორბლის ფქვილი – დაახლოებით 3 ჭიქა ან ცოტა მეტი
შაქარი – 3 ჩაის ჭიქა
მაწონი (ან რძე) – 100 გრ
კარაქი – 100 გრ
სტაფილო – 3 ცალი, პატარა
ტარხუნა – 1 კონა (მსხვილი ღერების გარეშე).
ფორთოხლის ცუკატები – 2 სუფრის კოვზი
ვანილი, მწიკვი მარილი
გამაფხვიერებელი – 1 ჩ/კ (ან ამდენივე სოდა ძმრით)

თასზე გაადნეთ კარაქი, თბილშივე შეურიეთ შაქარი, შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხი მიქსერით ან ხელის სათქვეფით. დაუმატეთ მწიკვი მარილი, მაწონი, ვანილი, ფორთოხლის ცუკატები. შემდეგ ნაზად შეურიეთ მსხვილ სახეხზე დახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი ტარხუნა (ტარხუნის უხეში ღერები გადაყარეთ, მხოლოდ რბილი და ფოთლოვანი ნაწილი გამოიყენეთ). ბოლოს დაამატეთ გამაფხვიერებელი, ან სოდა ძმრით და ნაზი მორევით შეურიეთ ახალგაცრილი ხორბლის ფქვილი. გაითვალისწინეთ, რომ მიღებული ცომი უნდა იყოს არაჟანზე ოდნავ სქელი, ამიტომ ფქვილის რაოდენობა შეგიძლიათ თავად დააკორექტიროთ. ცომი გადაიტანეთ სასურველ ფორმაში და გამოაცხვეთ ღუმელში, 200 გრადუსზე. 30 წუთის მერე გასინჯეთ ჩხირით, თუ გულიდან ჩხირი მშრალი ამოვიდა, ესე იგი კექსი მზადაა.
მიირთვით ჩაისთან ერთად.

რჩევა: მზა კექსი რომ არ გამოგიშრეთ, ცხელივე გაახვიეთ ჩაის ტილოში, გარედან კი საკონდიტრო ან ჩვეულებრივი ცელოფანი შემოახვიეთ და ისე გააგრილეთ. ეს მეთოდი თქვენს კექსს არომატთან ერთად, სინოტივეს და სირბილეს შეუნარჩუნებს

7_issue_culinart39

მერხელი – სვანური ჭინჭრის სუპი

არცთუ კარგი ამბავი გვჭირს ქართველებს: სუპების და ტკბილეულის არჩევანი გვაქვს ძალიან მწირი. ისტორიულმა ბატალიებმა თუ სამხრეთულმა ტემპერამენტმა ასე განაპირობა, რომ ჩვენი სამზარეულოს გენიალურობა მის სწრაფად მომზადებასა და სიმარტივეშია და არა კრეატიულობაში. თუმცა გამონაკლისები არის და კარგად დამალული რეცეპტები, სოფელ-სოფელ მოსაძებნი და გასაცოცხლებელი უამრავია.
ერთ-ერთი ასეთია სვანური ჭინჭრის სუპი – მერხელი. ეს არის ვიტამინებით გაჯერებული, კრემ-სუპის კონსისტენციის კერძი, რომელსაც ჭინჭრის გარდა, ჩემთვის ბავშვობის გემოც აქვს. ბებიას განსაკუთრებულად უყვარდა. მოხარშული ჭინჭრის სუნი ბავშვობის მოგონებებთან ასოცირდება.
მერხელის გაკეთება რთული არ არის, თუმცა საკმაოდ ბევრი ინგრედიენტი დაგჭირდებათ და არცერთი არ უნდა დაგაკლდეთ:

ჭინჭარი – 800 გრამი (ახალდაკრეფილი, ნაზი ფოთლები)
იის ფოთოლი, ღეროებიანად – 10-15 ცალი
მწვანე ხახვი – 1 კონა
ნივრის მწვანე ფოთლები – 1 ძირი (თუ არ გაქვთ, ჩაანაცვლეთ 2 კბილი ნივრით)
მწვანე წიწაკა – 1 ცალი
ნედლი პიტნა- 50-60 გრამი (მხოლოდ ფოთლები)
ქერი ან შვრია – 1,5 ჭიქა
მარილი – გემოვნებით

7_issue_culinart40

მომზადება საკმაოდ მარტივია. ჭინჭრის ფოთლებს კარგად გარეცხავთ, გადაიტანთ ქვაბში და ასხამთ მდუღარე წყალს, ისე, რომ დაიფაროს. ადუღებთ, სანამ არ მოიხარშება, შემდეგ კარგად გაქნით ხის მოსარევით. ამატებთ წვრილად დაჭრილ მწვანე ხახვს, ნიორს, წიწაკას, იის ფოთოლს, პიტნას და ფრთხილად ურევთ დაფქულ ქერს ან შვრიას. კიდევ ადუღებთ 5 წუთი და კიდევ ერთხელ გაქნით. როცა შეგრილდება, შეაზავებთ მარილით.
შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხლად, ისე ცივად, შოთის პურთან ან მჭადთან ერთად. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ნაღებიც.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com