დადგა ზაფხული, სიმწვანის ფერების პერიოდი.
ბოსტნეულმა თუ ხილმაც, საოცარი სურნელი და ფერი შეიძინა.
ზაფხულის პირველი თვის ბლოგისთვის, მინდა ისეთი სადილის თუ ვახშმის მენიუ შემოგთავაზოთ, სადაც სიმწვანე ჭარბობს.
რესტორან “The Dinig Room”-ში უკვე შეგიძლიათ ეს კერძები დააგემოვნოთ: სტარტერი – ისპანახის და პრასის წვნიანი, მთავარი კერძი – ტალიატელე სატაცურით და კრევეტით, ლიმნის და ნაღების სოუსში და რა თქმა უნდა დესერტი – ნუგა გლიასე.
ისპანახის წვნიანი ყოველთვის მიყვარდა, თუმცა სულ ვფიქრობდი, რომ მის გემოს გარკვეული ელემენტი აკლდა, გადავწყვიტე წვნიანში პრასი დამემატებინა, რაც ვფიქრობ ძალიან მოუხდა, – ჯანმრთელი, გემრიელი, მწვანე ფერის წვნიანი გამოვიდა. საინტერესო არომატი აქვს პრასს, ცოტა ნივრის და ისპანახის გემოების ნაზავი, თან მსუყეა, თან გემრიელი, თან ეს მწვანე ფერი თითქოს თვალს უხარია…
მეორე კერძს რაც შეეხება, ძალიან მიყვარს სატაცური.
სამწუხაროდ, მთელი წლის განმავლობაში სატაცურით კერძების მომზადების ფუფუნება არ არის. ზაფხულის პერიოდისთვის შემოვიდა და მეც რა თქმა უნდა, რესტორნის მენიუში დავამატე. მოვამზადე ტალიატელე კრევეტით, სატაცურით, ლიმნის და ნაღების სოუსით, დავუმატე სხვადასხვა მწვანილი, რომელმაც საოცარი გემო და სურნელი შექმნა. საკმაოდ განსხვავებული კერძია.
მრავალი დესერტი სეზონის მიხედვით იცვლება მენიუში, თუმცა ნუგა-გლიასე რესტორნის ერთ-ერთი პირველი, საფირმო დესერტია, რომელიც ჩვენი რესტორნის გახსნის დღიდან, უცვლელად მენიუშია და მასზე მოთხოვნა არ წყდება.
საკმაოდ რთული მოსამზადებელია, თუმცა, რომ დააგემოვნებთ, – ეს სიცივე, ნაყინის ეფექტი, შოკოლადის და ვანილის ნაწილები, ნიგოზი, – მიხვდებით, რომ საოცარი
ისპანახის და პრასის წვნიანი
ინგრედიენტები:
• ისპანახი – 4 კონა
• პრასი – 1 კონა
• ნაღები – 150 გრ.
• ბოსტნეულის ბულიონი – 1 კუბი
• მარილი – გემოვნებით
• პილპილი – გემოვნებით
მომზადების წესი:
მოწალეთ ისპანახი, დაჭერით პრასი და მოთუშეთ ღრმა ტაფაში, დაამატეთ მოწალული ისპანახი. გახსენით ერთი კუბი ბოსტნეულის ბულიონი და წამოადუღეთ. შემდეგ დაასხით მოთუშულ პრასსა და ისპანახს, იმის მიხედვით თუ როგორი სისქის წვნიანი გსურთ და დააბლენდერეთ. უკვე დაბლენდერებულ მასას დაუმატეთ ნაღები, მარილი, პილპილი გემოვნებით და განმავლობაში კვლავ წამოადუღეთ 1-2 წუთი.
ტალიატელე კრევეტითა და სატაცურით, ნაღებისა და ლიმნის სოუსით
ინგრედიენტები:
• ტალიატელე -1შეკვრა
• კრევეტი- 1შეკვრა
• სატაცური -1შეკვრა
• ნაღები – 300გრ.
• პიტნა/ტარხუნა/შაშკვლავი – 1კონა
• ლიმონი – 1ც.
მომზადების წესი:
ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი, დაყარეთ კრევეტი და შეწვით. როცა კრევეტი შევარდისფერდება, მოასხით ლიმნის წვენი და დააყარეთ დაჭრილი სატაცური. სანამ კრევეტი იწვება, დააბლენდერეთ მწვანილი, დაუმატეთ ნაღები და წამოადუღეთ. მოხარშეთ ტალიატელე და გადაურიეთ ნაღების და მწვანილის მასაში.
ნუგა გლიასე
ინგრედიენტები:
• კვერცხი – 6ც.
• თეთრი შოკოლადი -100გრ.
• შავი შოკოლადი – 100გრ.
• კარაქი- 200გრ.
• შაქარი – 300გრ.
• ბეილისი – 50გრ.
• კვანტრო – 50 გრ
• თხილი – 100გრ.
მომზადების წესი:
დაადნეთ 100 გრ. თეთრი შოკოლადი 100 გრ. კარაქთან ერთად. შემდეგ ათქვიფეთ 3ც. კვერცხის ცილა + 150 გრ. შაქარი + დამდნარი შოკოლადი კარაქით +50 გრ. ბეილისი +100 გრ. წვრილად დაჭრილი თხილი. ამავე თანმიმდევრობით მზადდება შოკოლადის ნაწილი, უბრალოდ, თეთრის ნაცვლად იყენებთ შავ შოკოლადს, ბეილისის ნაცვლად კი, უმატებთ 50 გრ. კვანტროს. მიღებულ ორივე მასას ჩაასხამთ ფორმებში და 12 სთ-ის განმავლობაში გააჩერებთ საყინულეში.