სალომე დადუნაშვილის ბლოგი

გამთენიისას, ცივ, ნისლიან ჰაერში გახვეულები, დგანან და ელიან.
საწვიმარებში, ხელში ფოცხებითა და კალათებით. გამძლეები ოკეანიდან წამონაბერ ცივ ქარს არ უფრთხიან. მოხუცები და ბავშვები მანქანებში იყუჟებიან.
დრო გადის, ნისლი ნელ-ნელა იფანტება და ჰორიზონტზე კუნძული ნოარმუტიეს ბნელი კონტური ჩნდება.
გამთენიისას, ცივ ნისლიან ჰაერში თოლიები ჭყივიან და ატლანტიკის ოკეანე ნელ-ნელა გაყოფას იწყებს. წყალი ჯერ ქაფდება, ბუყბუყებს მერე კი, ფეხაკრეფით იპარება. მიდის და ქრება. ჰორიზონტამდე არაფერია ყვითელი ქვიშის გარდა, რომელზეც წყლის ლივლივის ანაბეჭდიღაა დარჩენილი. მთვარის მიზიდულობა ხილულ სასწაულს ამ მაშტაბით, თვეში მხოლოდ რამდენჯერმე ახდენს. ეს დღეები სანაპიროზე მაცხოვრებელი ყველა ფრანგის კალენდარში წითელი მარკერითაა შემოხაზული.
დიდი მიქცევის დღე. დღე, როცა ქვიშაში ჩაფლული კოკიაჟი ანუ მოლუსკები, წყლის საფარის დაცვას კარგავენ და მსუნაგი, ფოცხებით შეიარაღებული ფრანგების საკბილონი გახდებიან.
მარჯვნივ და მარცხნივ მარილიანი წყლის გუბეები, მიტოვებული წყალმცენარეები და მოულოდნელად მიუსაფრად დარჩენილი პაწია კიბორჩხალები, შუაში კი- სამანქანო გზა.
გზა, რომელიც კუნძულთან მიგიყვანს. სანამ ნოარმუტიეზე გადასასვლელ უზარმაზარ ხიდს ააგებდნენ, ეს ხავსმოკიდებული სლიპინა გზა, ერთადერთი იყო საფრანგეთში ყველაზე გემრიელი კარტოფილის სამშობლოდ აღიარებული კუნძულისკენ.
თუ მოასწრებდი გადასვლას, უკან დაბრუნებას ალბათ, მაინც ვერა. გზის გასწვრივ კოშკებია აგებული, ოკეანე ძალიან სწრაფად ბრუნდება. როგორც ეჭვიანი სატრფო ცოტა ხნით მიტოვებულ საყვარელს, წყალი ისე წამიერად იბრუნებს დაკაგულ დროს და სივრცეს. თუ მიხვდი, რომ ვეღარ მიასწრებ ნაპირამდე, სასწრაფოდ კოშკის ზედა პლატფორმაზე უნდა აცოცდე და დაელოდო, როდის მოცურდება მაშველი ნავი და გადაგარჩენს.
ნისლი იფანტება, ქარიც ისე მძალვრად აღარ უბერავს და მზის სხივებით გამთბარ ქვებზე, კმაყოფილი თოლიები დასეირნობენ. გაშიშვლებული ფსკერი ჯერ კიდევ ყინულივით ცივია, მაგრამ მალე პაწია გუბეები მზეზე თბება და სიცოცხლის ოაზისებად იქცევა.
ქვიშა მკვრივია, როგორც სველი თიხა. შიშველი ფეხი მხოლოდ, მცირე ანაბეჭდს ტოვებს, მაგრამ სულ მალე არემარე დაისერება ასობით დიდი თუ პატარა ნაფეხურით. ადამიანები, დროებით დაშვებულნი იმ სივრცეში, რომელიც მათ არ ეკთვნით, დროს არ კარგავენ.
ჯერ ადგილი უნდა შეარჩიო.
ნუ მკითხავთ როგორ, ეს მე ვერ დავისწავლე. დღემდე ინტუიციას ვენდობი. მერე დაჰკრავ ფოცხს და ნახავ, ხომ არ ამოჰყვა მოლუსკი. ორსადგულიანი ნიჟარა, რომელსაც იტალიანი ვონგოლეს,საფრანგეთში კი- პალურდს ეძახიან. თუ-კი, ესე იგი კიდევ უნდა მოჩიჩქნო ფსკერი. მოლუსკებს ერთად უყვარს დასახლება. სადაც ერთი, იქ მეორეც აღმოჩნდება. აგრძელებ ასე, სანამ მთელი სანათესაო შენს კალათში არ ამოყოფს თავს. როცა მოსავალი შემცირდება, გზას გააგრძელებ და სხვა ადგილს იპოვი.
რას არ ნახავ ოკეანის ფსკერზე. ათობით სხვა მოლუსკს, რომელსაც არ ვაგროვებთ ( არ ვიცი რატომ) პაწია, სულ პაწაწინა კიბორჩხალებს, რომელებიც ფეხზე აგაცოცდებიან., წყალმცენარეებს და სხვა უცნაურ ქმნილებებს, რომლებიც კარგა ხანი თოკები მეგონა და ზღვის ბინადარი ყოფილა. არც კი მინდა მის არსებას ჩავუღრმადე და მასთან წყალში შეხვედრის პერსპექტივაც, მაინცდამაინც დიდი სიამეს არ მგვრის. ვაღიარებ, ეს შესანიშნავი გასართობია. რაღაც საშუალო კროსსა და იოგას შორის. რეზულტატი ყოველთვის ერთია: სულიერი სიმშვიდე, მუცლის მაძღრობა და წელის ტკივილი.
ფრანგული „სპორტის“ ამ სახეობას თავისი წესებიც აქვს .
არ გამოიყენო დიდი ფოცხი, უკან დააბრუნე ყველა მოლუსკი, რომელიც 2 სანტიმეტრზე პატარაა და არ შეაგროვო 5 კილოზე მეტი. თუ წესების დაცვა, თქვენი საყვარელი საქმიანობა არ არის, საზღვაო პოლიცია სიამოვნებით დაგეხმარებათ და სოლიდური ჯარიმის მეშვეობით, შეგაყვარებთ წესრიგს.
და მერე უცებ, რაღაც უხილავი სიგნალით, ყველა ისევ ნაპირისკენ იძვრება. ოკეანე ბრუნდება და სიამოვნებით ჩამოგართმევთ ნაქურდალს თუ შეყოვნდებით.
როცა დაღლილ დაქანცული ფეხებიდან წებოვან ქვშას ჩამოიბან და შინისაკენ მიმავალ გზაზე, მოხდილი ვალის შეგრძნებით, სრულიად ლეგიტიმურად მიეცემი მშვიდ ძილს, არ გეგონოს, რომ ეს ისტორიის დასასრულია.
სახლში მისულს დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გელის. მოლუსკების მომზადება და ვახშამი. განსხვავება ახალსა და ძალიან ახალ ზღვის პროდუქტებს შორის (მესამე კატეგორია არ არსებობს) იმდენად დიდია, რომ …. ძალიან დიდია.
მიუხედავად დიდი სიყვარულისა ამ პროდუქტის მიმართ, მე უმ მოლუსკებს ვერ გეახლებით. სამაგიეროდ, ძალიან მიყვარს ღუმელში გამომცხვარი საფანელით, კარაქითა და ნივრით ან ცოტა ქინძით. საფრანგეთში ამ ყველაფერს, ახლად გამომცხვარ ბაგეტთან და მარილიან კარაქთან ერთად შეექცევიან.
იტალიაში ვონგოლეს პასტასთან ერთად მოგართმევენ და იქ მისი ნაზი, მოტკბო გემო, პომიდვრისა და ნივრის არომატით იქნება გაჯერებული.
ეს ვახშამი დღის ბოლოს, რომელიც ოკეანის ფსკერზე გასეირნებით დაიწყო, განსაკუთრებულია.
შეგიძლია მშვიდი სინდისით თქვა, რომ შენ, თავად მოიპოვე მოლუსკი შენი არსობისა და თავისუფალი ხარ ხვალ დილამდე, სანამ წელის ტკივილი გაგაღვიძებს.

7_issue_culinart100

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com