ესმას ბლოგი

სუნრელოვანი რემინისცენციები 

ვაკური ყავა, ჭურჭელი „მადონა“ და სუნამო „კლიმა“ 

მოგონება ორნაირია – ერთი ექსკლუზიური, რომელიც ჩვენს პირად გრძნობებს ეხება და მეორე ჩვენი დროის, ჩვენი თაობის საერთო თავგადასავალი. პირველი – მხოლოდ ჩვენ გვახსოვს, მეორე – ყველას. ყველას, ანუ ადამიანებს, ვინც დროის ჩვენს რადიუსში ცხოვრობდა და ცხოვრობს. მეორე მოგონება საერთოა, საერთო დასკვნებით, ნივთებით და არომატებით.
ბოლო დროს ახალი ჰობი მაქვს: კოლექციასავით ვაგროვებ ყველაფერს, რაც ჩემს დროს მახსენებს, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს… ამ მოგონებებს თავისი არომატები ახლავს და რაც უფრო მძაფრად მახსოვს სურნელი, მით მჭახედ ვხედავ წარსულს. ეს ჩემი ჰობი ასეთია: ავიჩემებ საგანს ან ძველ ფრაზას და მერე ამ თემაზე მეგობრებთან ერთად ვხითხითებთ… დიახ ვხითხითებთ, რადგანაც ყველაზე სევდიან რემინისცენციასაც დროის გასვლის შემდეგ, რაღაცნაირი იუმორი ახლავს.

რემინისცენცია N1
ვაკეში ყავამ ამოხეთქა ;)))))

იყო ასეთი (ვითომ) სასაცილო გამოთქმა – ვაკელებს ეკითხებოდნენ – მართალია, რომ ვაკეში (ზოგჯერ მრგვალ ბაღში) ყავამ ამოხეთქა?
;)))) ეს იყო ჩემს ბავშვობაში, „ილუზიონის“ დროს, ხრიუშა და სტეპაშკას დროს, მულტპანორამის, ვია 75-ის და აბონ ციციაშვილის დროს…
მახსოვს, როცა ბავშვობაში დასასვენებლად მივდიოდი, მაგალითად, სოხუმში, ბათუმში, წყნეთში, ლიკანში, ქობულეთში, გაიგებდნენ თუ არა იქაურები რომ ვაკელი ვარ, მეკითხებოდნენ – მართალია, რომ ვაკეში ყავამ
ამოხეთქა? სოლოლაკზე, მთაწმინდაზე, საბურთალოზე ან ვერაზე არ კითხულობდნენ. მაინცდამაინც ვაკეზე. არადა ყავას ყველგან სვამდნენ.

7_issue_culinart68

ახლა თითქოს, ზუსტად მახსოვს როდის შეწყდა ეს შეკითხვა… 9 აპრილის შემდეგ. ეს ფრაზა, შემოსული ტანკისა და ჩემი თაობის არშემდგარი სტუდენტობის წელთაღრიცხვამდე არსებობდა… მერე და მერე ყველაფერი გაერთიანდა და ფრაზაც დაიკარგა.
ჩვენი მოგონების ყავას მომწარო გემო აქვს, ჩვენი სტუდენტობასავით. თუმცა ის ყავა სავსეა სილაღით და უნივერსიტეტის წინ, ოდესღაც არსებული კაფე „სტუდენტურის“, ფენოვანი ხაჭაპურის ოხშივარით გაჯერებული.
ვაკეში ნამდვილმა ყავამ, რა თქმა უნდა, არ ამოხეთქა. მრგვალ ბაღში „ამოხეთქა“ შადრევანმა – ეგზიუპერის პლანეტამ და ზედ დასკუპებულმა პატარა უფლისწულმა (სადაც ერთ დღეს ინტერვიუზე მივედი, მის ავტორ-მოქანდაკესთან, კაფეში ყავა დავლიეთ და დღემდე მასთან ვარ, ოჯახში, “ქუხნაში”…).
რუსულ ტანკსა და ევროპელ უფლისწულს შორის არჩევანი ჩემმა თაობამ მაშინვე გააკეთა.

რემინისცეცია N2
სუნამო „კლიმა“

7_issue_culinart69
გახსოვთ „კლიმა“? თავისი
განუმეორებელი „მჩხვლეტავი“,
გრილი სუნით. ამასწინათ მეგობრებმა
ვიხითხითეთ – „კლიმას“ ქრთამის
სუნი აქვს… (ოხ, ოხ, ოხ, ოხ რამდენი მასწავლებელისთვის, ლექტორისთვის თუ დირექტორისთვის გაგზავნილა კოხტად შეფუთული „კლიმა“ – კომუნისტური ეპოქის კორუფციის სურნელოვანი ლიდერი).
Lancome-ს შედევრი სუნამო „კლიმა“ საბჭოთა ქალების გემოვნების ლიდერი იყო. სად იყო მაშინ ამხელა არჩევანი, რაის „ნარცისო“ და რაის „აგენტ- პროვოკატორი“. „კლიმა“ 1967 წელს შეიქმნა და „ბურჟუაზიულად მოწამლა“ საბჭოთა „უსექსო ქალების“ უმანკო სული. ახლა კი მართლა მაინტერესებს, როგორ მოახერხა – Lancome-მ ჩაკეტილი კავშირის დაპყრობა? „კლიმა“ ოყო ტროას ცხენი ბრეჟნევის იმპერიაში. რა თბილია ეს ყველაფერი: ამასწინათ ბებიაჩემის ბატისტის ცხვირსახოვი ვიპოვე. ღრმად დავყნოსე და თითქოს (თითქოს მომეჩვენა, რომ) ისევ ასდიოდა „კლიმის“ სუნი… იის, ჟასმინის, ვარდის, ნარცისის, ბერგამოტის, ბამბუკის, ვეტივერის, ტუბეროზას და როზმარის სურნელი – ჩვენი ბებიების და დედების, მასწავლებლების და ლექტორების გაუცვეთელი სურნელია.
„კლიმა“ პირველი ხიდი იყო ევროპასთან. მისი მძაფრი სურნელი საბჭოთა მოქალაქეებში „ბურჟუაზიის მოკრძალებულ ხიბლს“ შლიდა და მის ერთ წვეთში ეტეოდა აკრძალული ზმანებები. „კლიმა“ ელჩი იყო, ნამდვილი ელჩი თავისუფლების ქვეყნიდან მოვლენილი.

რემინისცენცია N3
ქალბატონი მადონა ;))))

ყველა ეპოქას თავისი მზითვი აქვს. საბჭოთა ეპოქის მზითვია – ჭურჭელი „მადონა“.
ნეოლითელ ადამიანს თიხის თეფში ერჩია, შუა საუკუნეების ჩინელს – ფარფატა პორცელანის, „ფრანციცულ“ მეფეებს – ოქროსი და ვერცხლის… საბჭოთა (გვიანი ეპოქის) ოჯახებს -„მადონას“ თეფშები.
„მადონამ“ ჩაანაცვლა მზითვებში – „ვეფხისტყაოსნი“. პლათფორმიან, ბაბეტიან, „ბითლზებიან“, კრებ-ჟორჟეტიან ლამაზ გოგოებს სწორედ, ბრჭყვიალა მადონას ატანდენ მზითვებში. (ჩემს თაობაში, ასე აღარ იყო – ჩვენს დრო მადონა აღარ მადონობდა – ტუსაღად ეწყო კარადაში).
ეს ჭურჭელი ორად გახლეჩილი გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილის სარფიანი ბიზნესი გახლდათ. Kahla-ს ფაბრიკიდან, ეშელონებით უშვებდნენ საბჭოთა სვეტსკი ოჯახებისთვის მართლაც, უმაღლესი ხარისხის ფაიფურს.
ჰოდა, იყიდებოდა და იყიდებოდა. ჯერ მხოლოდ ცეკას მდივნებისთვის, მათი ცოლებისთვის, სიდედრებისთვის, შვილებისთვის… მერე, მათი მძღოლების ცოლებისთვის, მეზობლებისთვის, მეგობრებისთვის. მაშინდელმა სპეკულიანტებმა ბევრი იშოვეს ამ ბიზნესში. მერე ცეხებში პატენტებიც
გაჩნდა… ორიგინალს ჰგავდა, მაგრამ უფრო მძიმე ფაიფურისგან მზადდებოდა და იაფი ღირდა.
ბევრ ოჯახში გაუცვეთლად დაბერდა „მადონა“, საბჭოთა სერვანტებში – დაიმტვერა. თითქოს, აუცილებელი იყო, უნდა გქონოდა, მაგრამ თითქმის, არავინ ხმარობდა.
ჩემს თაობაში – უმურაბოდ, უშაქროდ, უბზაროდ, უნაოჭოდ დაგვიბერდა ქალბატონი “მადონა”.
ამას წინათ გამოვალაგე. ჰოდა, ვიფიქრე – უნდა გავშალო, გავაწყო, გავაცოცხლო და „კულინარტი“ პირველივე “მადონობაზე” დავპატიჟო.

7_issue_culinart70

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com