დიანა ანფიმიადის ბლოგი

წინასწარგამოცხადებული სიყვარულის (კულინარიული წიგნის) ქრონიკა 

ვთქვი, ერთ დღესაც ყველაფრისთვის მოვიცლი, რაც დავგეგმე, ყველა წიგნს დავწერ, რომლის დაწერაც გადავწყვიტე, ყველა ლექსს ვთარგმნი და ყველა ნამცხვარს გამოვაცხობ – მეთქი.
ჩემს თავს დავპირდი, უამრავი უინტერესო საქმის, წერა- კითხვების, დედლაინების და ათასი მოვალეობისგან იმ ჩაიდანს რომ დავემსგავსე, ბებიაჩემს, სპეციალურად ღუმელზე (ფეჩზე) შემოსადებად რომ იყენებდა. როგორი ჩაიდანი იყო? წვრილ-წვრილ ყვავილებიანი, მაგრამ ის ყვავილები აღარც ეტყობოდა, გამურული, გადაქექილი, სახელურიც გატეხილი ჰქონდა. მაგრამ ღუმელზე ჩაის მშვენივრად ადუღებდა, სხვა ახალი ჩაიდანი არ გაიმეტებოდა ამ საქმისთვის. დროა, ნამდვილად შესაფერისი დროა, იმ ჩაიდანს ძირი გავუხვრიტო და შიგნით ქრიზანტემები დავთესო.
როგორი ნაღვლიანი დასაწყისი გამომივიდა?
მალე ბებიაჩემის დაბადების დღე იქნება. ჩემი მზეთუნახავი, ლურჯთვალება, სპილენძისფერთმიანი, მაღალი და გრძელთითება ბებოსი – რა მარლენ დიტრიხი? რისი გრეტა გარბო?
უკვე ხუთი წელია აღარ მყავს, ჩემი ბავშვობის სინათლე და წინსაფრის ჯადოსნური სურნელება, ჩემი გემოვნებისა და კულინარიული ალქიმიის მაგისტრი.
ჰოდა, მას მინდა მივუძღვნა ეს წერილიც და წიგნიც, რომლის დაწერაც გადავწყვიტე.
ოდესმე მეც ხომ მოვიცლი დასაწერად? ოდესმე მეც ხომ შემოვირიგებ დედლაინების ღმერთს?
ჰოდა, მომინდა ამ წიგნის შესახებ თქვენთვის მეამბო, მოგეწონებათ თუ არა? კარგი იქნება თუ არა? მოკლედ,ჩვენი ბებიების მოყოლილი ზღაპრების, მათი ხელისგულებიდან გასინჯული აჯიკის, მათ წინსაფრის ჯიბეებში ნაპოვნი ხურმის ჩირის ამბები იქნება, ყველასთვის საერთო და გასაგები.
წიგნის ფაბულა ასეთია, პატარა გოგონა, მეხუთეკლასელი, ნახევრად ხუთოსანი, ნახევრად ისე რა, წიგნების
კითხვა რომ უყვარს და კიდევ რომელიმე დებილური პოპჯგუფი, ბებოსთან მიდის, საზაფხულო არდადეგებზე.
მმ, თავგადასავალს ელოდებით? ფანტასტიკის ან ფენტეზის სტილში? არა, აქ სხვანაირი თავგადასავალი იქნება. 10 დღე, 10 საუზმე, სადილი და ვახშამი – ბებია და შვილიშვილი ერთად მზარეულობენ. ოღონდ, უბრალოდ კერძები კი არ იქნება – სულ ქართული ეთნოგრაფიის, ფოლკლორის, ლიტერატურის, მითოლოგიის, ზეპირი ისტორიის სიღრმიდან ამოკენკილი რეცეპტებით შექმნილი, თავისი დიალექტური სანელებლებით, დავიწყებული, თუ ნახევრადდავიწყებული ლექსიკით.
მაგალითად, თენდება დილა, სოფელში მამლის ყივილი, ძაღლების ყეფა, ქათმების კრიახი ისმის, ბებომ უკვე მოასწრო შინაური ცხოველების დაპურება, ახლა შვილიშვილის გაღვიძებას ელოდება, რომ საუზმე ერთად მოამზადონ. დილით რას მიირთმევენ? რასაკვირველია ფაფას, ხორბლის ან ხავიწის, ან იქნებ სიმინდისაც. ჩიტიფაფა იცით რა არის ან ჩიტიფაფობა? ეს უძველესი, ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ქართული რიტუალია, ყველიერის  ორშაბათს ხარშავდნენ ფაფას ღობეებს უსვამდნენ, მინდვრებში დგამდნენ, რომ ჩიტებს ფაფა ეკმარათ და მოსავალი არ გაენადგურებინათ. ფუსფუსებენ ჩვენი ბებო და შვილიშვილი, ნახევრადმითოლოგიური სიტყვიერების საბურველში გახვეულნი. აქვე ბებოს ვაჟა-ფშაველას ლექსიც ახსენდება, ჰოდა, ამ ამბების თხრობაში, ეს ჩვენი უჭმელი გოგო ისე გადაყლაპავს ფაფას, რომ თვითონაც ვერ მიხვდება.
“შეიმკო თოვლი ფაფითა,vვით პატარძალი ხალებით.vჩიტთაც ღმერთს მადლი შესწირესvცად აპყრობილის ბრჭყალებით. სუნი ტრიალებს ფაფისა თავის ფაფურის ძალებით.”
სადილისთვის პურის ცხობაც, ხომ მთელი ამბავია? ეხუმრებით? ადგებოდნენ ეს ჩვენი გოგო და ბებიამისი, გაცრიდნენ ფქვილს, მოემზადებოდნენ ამ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმისთვის:
“დოლის პურს ჯერ გავრეცხამდით და გავახმობდით ცხრილში. გავაკეთებდით, მერე დავარკვევდით ტაბაკითა, ხონჩით. რაც კარგი პური იყო, საკუთარი დოლის პური, იმას დავფქვამდით, მერე გამტკიცამდით სამტკიცში, იარდალს ვეძახდით თეფშს, ჩავდებდით, ისე ვხეხამდით, რომ ხელის შემოკვრით ვერ იცრებოდა, ისეთი სქელი იყო. დღეში ერთ ჩანახს ძლივ გავცრიდით. ჩანახი ოცი გირვანქა არის. ვარცლი იყო, ვარცლში ჩავყრიდით. პურის ცომი მოდედებული გვქონდა, იმას მოვზელამდით ერბოთი და კვერცხით, თითქმის ნახევარ ფუთ ერბოს უზამდით, კვერცხიც ასე ორმოცი ცალი მოუნდებოდა. ერბოს გაათბობდნენ და ისე მოზელამდნენ. ძალიან მაგარი უნდა. “
თქვენ გგონიათ, ჩვენი წინაპრები პურს მხოლოდ სადილისთვის აცხობდნენ? არა, სულაც არა, უამრავი რიტუალის შემადგენელი ნაწილი, სწორედ სხვადასხვაგვარი პურის ცხობა იყო, ჰოდა, სანამ თონიდან გამტკიცულ შოთებს ამოყრის, ჩვენი ბებო ამ ამბებს აუცილებლად მოუყვება თავის შვილიშვილს, ხვნა-თესვის დაწყების წინ გამოსაცხობ ხმიადებზე, საახალწლო ბასილებზე, საშობაო მუცლის სალოცავზე, სააღდგომო კვერებზე, საქორწილო პურზე და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრ რამეზე. მოკლედ, მთელი წიგნი ასეთი ამბებით და რეცეპტებით იქნება სავსე, პერსონაჟები კი მე და ჩემი ბებო ვიქნებით – რეალური თუ გამოგონილი, გახსენებული თუ დავიწყებული ამბების მონაწილეები.
პს. უკვე ხუთი წელია ბებო აღარ მყავს და აღარც ასეთი ამბები ხდება ჩემს არდადეგებზე. ქურასთან ვდგავარ და ბებიაჩემზე ვფიქრობ. დიდი ქვაბით ღომი ჩავადგი. გიჟდებოდა ჩემი ბებო ზინაიდა ღომზე, როდესაც მზადდებოდა, თავისთვის დიდი, თავმოდგმული თეფშით დაიდგამდა -” მე ბევრი” – ამბობდა. ჰოდა, არ ვიცი, რა გზას გადის კერძი ჩვენი სუფრიდან მიცვალებულების ტრაპეზამდე, მარა მაინც ჩავარჭობ ერთ დიდ ღომიან
თეფშში სანთელს, რა ვიცი, რა ხდება – ეს პატარა, ნახევრადხუთოსანი გოგოს და ბებიამისის რიტუალია. აუცილებლად უნდა დავწერო ეს წიგნი.

7_issue_culinart66

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com